საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს 2023 წელს, თანასწორობის მიმართულებით უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას.
2023 წელი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის კვლავ უსაფრთხოების და უფლებრივ მძიმე გამოწვევებთან იყო დაკავშირებული. საოკუპაციო ხაზთან რუსი ჯარისკაცების მიერ თამაზ გინტურის შემზარავი მკვლელობის საქმემ, ისევე როგორც ამ ადგილებში დაკავებების ტენდენციამ, კიდევ ერთხელ აჩვენა, ოკუპაციიდან მომდინარე ზიანი და დაუცველობა.
უკრაინის ომის შემდეგ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ახალი ტენდენციევი გაჩნდა. რუსეთთან ურთიერთობების დათმობამ (რბილი რიტორიკა, ფრენების აღდგენა, უვიზო მიმოსვლა, რუსეთთან ვაჭრობის გაძლიერება, მზარდი მიგრაცია რუსეთიდან და ა.შ.), უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ გაკეთებულმა ნეგატიურმა განცხადებებმა, ჩინეთთან სტრატეგიულმა თანამშრომლობამ და მზარდმა ანტიდავლურმა რიტორიკამ, საგარეო პოლიტიკაში ერთგვარი „კონცეპტუალური ბუნდოვანობა“
შექმნა. იმ ფონზე, როდესაც რუსეთსა და დასავლეთს შორის კონფლიქტი გაღრმავდა, საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ნორმატიული პოლიტიკიდან პრაგმატული პოლიტიკისკენ შებრუნებამ მის გრძლევადიან მიზანშეწონილობაზე სერიოზული კითხვის ნიშნები გააჩინა. ევროკავშირთან დაახლოების ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) საქართველოს შესაბამისობა არსებითად დაბალია (43%), განსხვავებით მოლდოვისა (78 %) და უკრაინისგან (89 % ).
რეგიონალურ კონტექსტში დრამატული ცვლილებების მიუხედავად (უკრაინის ომი, ყარაბაღის მეორე ომი და შემდგომი განვითარება), რომელმაც კონფლიქტის რეგიონებში ანექსიური პოლიტიკის ფორსირების პარალელურად, აფხაზურ საზოგადოებაში მომავლის შიშები და უკმაყოფილებები გააჩინა, კონფლიქტების ტრანსფორმაციის და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით ხელისუფლებას ახალი მიდგომები არ დაუნერგავს. მთავრობას არ განუახლებია მუშაობა ერთის მხრივ დეოკუპაციის და მეორეს მხრივ, სამშვიდობო პოლიტიკის ახალ სტრატეგიულ დოკუმენტებზე. არ ჩანს რაიმე სიახლეები არც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დინამიკაში. გალის მიმართულებით ისევ არ აღდგა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (IPRM) მექანიზმი.
ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ხელისუფლება თითქმის 40% შემთხვევებში არ აკმაყოფილებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონიდან მომართვებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით. მაშინ როცა ეს მექანიზმი შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მშვიდობის მშენებლობის პროცესში და განსაკუთრების უკრაინის ომის ფონზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემდეგ ამ რეგიონების მაღალი იზოლაციის პირობებში, მათთვის ახალი ალტერნატივების ძიების გზაც. ნეიტრალური პირადობის დოკუმენტები ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის არ უკავშირდება მთელ რიგ სოციალურ ბენეფიტებს და შეღავათებს, რაც 2023 წელს აფხაზეთიდან შშმ პირის პენსიის საქმეზე სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია და სახელმწიფოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებზე ზრუნვის და სოციალური დაცვის პოზიტიური ვალდებულება დააკისრა.
სახელმწიფოს მიერ პოზიტიური ვალდებულებების შესრულება გალის და ახალგორის მოსახლეობასთან მიმართებაში ასევე პრობლემურია, რადგან აქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები კვლავ მძიმე გამოწვევების პირისპირ არიან, მათ შორის ესაა ხარისხიან და დროულ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა და განათლების უფლება მშობლიურ ენაზე, რომელიც 2022 წლიდან სრულად შეიზღუდა.
ამ პოლიტიკურ ფონზე, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა კვლავ უსაფრთხოების მძიმე რისკების წინაშე იყო. 2023 წელს გრძელდებოდა დაკავებების და ბორდერიზაციის პროცესი, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სოფელ ჭვრინისში მევლუდ ხარაზიშვილის და მისი მეუღლის გატაცების მცდელობის ფაქტი, რა დროსაც საქართველოს მოქალაქე რუსმა „მესაზღვრეებმა“ გაკოჭეს და იარაღის კონდახით მძიმე დაზიანებები მიაყენეს, ასევე გაისროლეს მათი მიმართულებით. 2023 წლის ნოემბერში კი სოფელ კირბალში რუსმა „მესაზღვრეებმა“ საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, და მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს. უფლებების დარღვევის ეს უმძიმესი შემთხვევები იმ თითქმის 10 წლიანი პრაქტიკის გაგრძელებაა, რომელიც ბორდერიზაციის, უკანონო დაკავევების, მკვლელობების და უფლების დარღვევის სხვა ასეულობით საქმეს მოიცავს. 2016 წლიდან 2022 წლის ჩათვლით ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 624 ადამიანი დააკავეს, ხოლოდ აფხაზეთის მიმართულებით 337. ადრეული გაფრთხილების სისტემის არარსებობა, გამყოფ ხაზთან მაფრთხიელბელი ნიშნების სიმცირე, სათვალთვალო კამერების არარსებობა, პატრულის არასაკმარისი მუშაობა გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის ყოველდღიურობას მუდმივი საფრთხის ქვეშ აგდებს. ცხინვალის მიმართულებით სოფლების 63%-ში არ არის პოლიციის შენობა, და 39% არ ხდება რეგულარული პატრულირებს.
კვლავ პატიმრობაში რჩება 2020 წელს უკანონოდ დაპატიმრებული ირაკლი ბებუა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა აფხაზეთის დე ფაქტო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სერიოზული რისკების ქვეშაა. ასევე პატიმრობაში რჩებიან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ქალები ქრისტინე თალაკანძე და ასმათ თავაძე.
სამწუხაროდ, 2023 წელს გაგრძელდა საკანონმდებლო დონეზე რელიგიური დისკრიმინაციის ნორმალიზების ტენდენცია. 2020 წელს ტყის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, რომლითაც ექსლუზიურად საპატრიარქოსთვის დიდი რაოდენობით ტყის მასივის საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებდა, ხელისუფლებამ ახლად მიღებულ თავდაცვის კოდექსში სხვა რელიგიური ორგანიზაციების სასულიერო პირების გაწვევის განსხვავებული და გაუარესებული წესი დაადგინა. ახალი თავდაცვის კოდექსით, სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების წინაპირობად მღვდელთმსახურებისა და სასულიერო სასწავლებელში სწავლის მიზეზი აღარ იქნა გათვალისწინებული და მათ შესაბამისად, მოუწევთ სამხედრო ან ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე მართლმადიდებელი სასულიერო პირები ამ ვალდებულებისაგან სრულად თავისულდებიან და ახალი თავდაცვის კოდექსის ამოქმედებამდე არსებული მოწესრიგება, გადავადების მექანიზმით სხვა რელიგიური ორგანიზაციების მდგომარეობის ფაქტობრივ გათანასწორებას ახდენდა.
როგორც ჩანს ეს ტენდენცია მომავალ წლებშიც გაგრძელდება. საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ 3 წლიან ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმაში მითითებულია, რომ მომავალ წლებში საკანონმდებლო ცვლილება/დამატებები განხორციელდებდა რელიგიური ნაგებობების მშენებლობის მარეგულირებელი ნორმებსა და რელიგიური გაერთიანების რეგისტრაციის წესში. გეგმაში ასევე მითითებულია, რომ დაინიცირდება სპეციალური კანონი "რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფის შესახებ." ამ ტიპის საკანონმდებლო ცვლილებებს დიდი ხანია ლობირებენ ცალკეული ჯგუფები და ამგვარი ინიციატივები, როგორც წესი მშენებლობისა და რელიგილური ორგანიზაციების რეგისტრაციის არსებული ლიბერალური მოწესრიგების გართულებისკენ, ასევე სპეციალური კანონით რელიგიური ორგანიზაციების განსაზღვრისა და მათ თავისუფლებაში ჩარევისკენ არის მიმართული. აღსანიშნავია, რომ ამავე დოკუმენტით განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის N117 დადგენილებაში ცვლილების განხორციელება და ოთხ რელიგიურ გაერთიანებასთან ერთად, საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის სიმბოლური და ნაწილობრივი ანაზღაურება სხვა რელიგიური გაერთიანებებისთვისაც. იმ ფონზე როდესაც დაფინანსების ეს პრაქტიკა სინამდვილეში სუბსიდირების ფორმას ატარებს და ჩნდება განცდა, რომ მას ხელისუფლება რელიგიური ორგანიზაციების კონტროლისთვის უფრო იყენებს, ეს ინიციატივა რელიგიური ორგანიზაციების კონტროლის კიდევ უფრო გაზრდის იარაღი უფრო ჩანს.
რელიგიის საკითხებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საქმეებზე მიმდინარე გამოძიება კვლავ ხარვეზიანი იყო და მეტწილად ფორმალურ ხასიათს ატარებდა. მიმდინარე წელსაც პრობლემად რჩებოდა რელიგიური ორგანიზაციებისა და ლიდერების პირადი ცხოვრებისა და კომუნიკაციის უსაფრთხოების დარღვევის ფაქტებზე ეფექტიანი გამოძიება. 2021 წლის 13-14 სექტემბერს გასაჯაროებული ე.წ. სუს-ის კრებსების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არა ერთ სასულიერო პირს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა, თუმცა ამ დრომდე საქართველოს პროკურატურა არ უზრუნველყოფს დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირებას და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას. მიმდინარე გამოძიება აშკარად ხარვეზიანია, რადგან: 1. დაზარლებულად ცნობილ პირებს პროკურატურა არ გადაცემს სისხლის სამართლის საქმის მასალებს; 2. სუს-ის თანამშრომლების გამოკითხვა ფორმალურ ხასიათს ატარებდა და ისინი ხშირად სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელით გამოძიების ფუნდამენტურ კითხვებს პასუხს არ სცემდნენ; 3. მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები (მაგალითად, ტელეფონებისა და სამსახურეობრივი კომპიუტერების ჩხრეკა და ამოღება) დაგვიანებით ჩატარდა, როცა მტკიცებულებებზე გარეშე ზემოქმედება უკვე შესაძლებელი იყო. ამასთან გამოძიების ფარგლებში ამ დრომდე არ არის განსაზღვრული ის სამართლებრივი საფუძვლები, რომლის საფუძველზეც ხორციელდებოდა სასულიერო პირებისა და სხვა ადამიანების მასობრივი მოსმენა.
ამ წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ ასევე არ უზრუნველყვეს ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთა უფლების სისტემური დარღვევის ფაქტების გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. საქმეზე ამ დროისათვის ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები და მედიაში არაერთი პანსიონატის ყოფილი აღსაზრდელის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია მძიმე დანაშაულზე მიუთითებს. აღსაზრდელების მიმართ სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ფიზიკური დასჯის მეთოდებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ძალადობას და ეს ქმედებები ცალკეულ შემთხვევაში ინტენსივობით არასათანადო მოპყრობასაც კი უტოლდებოდა. მიუხედავად ამისა, პროკურატურა პანსიონატის არა ერთ ყოფილ ბენეფიციარს არ ანიჭებს დაზარალებულის სტატუსს, დროულად არ უზრუნველყოფს საქმეზე საპროცესო მოქმედებების ჩატარებას და განზრახ აჭიანურებს გამოძიებას.
სამწუხაროდ, მომავალ წელს დაფიქსირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მხრიდან რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის საკითხებზე მკვეთრად ნეგატიური სამართლებრივი განმარტებები, რომელიც ამ მიმართულებით უფლებრივ სტანდარტებს აუარესებს. მიმდინარე წელს საგანგაშო იყო ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის (პირველი ეტაპის) გაცემაზე მერიის უარი უკანონოდ და დისკრიმინაციულად მიიჩნია, სადავო გახდა და საქმე სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დააბრუნა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია, რადგან ბათუმის მერიას ,,საცხოვრებელ ზონა 6-ში” (ზონა, რომელშიც მდებარეობს ახალი მეჩეთის მიწის ნაკვეთი) მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობის ნებართვა არ გაუცია, არამედ ისინი უნებართვოდ არის აშენებული” და შესაბამისად, ეს ორი ურთიერთობა შედარებად შემთხვევებს არ წარმოადგენს. უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს სადავო ინტერპრეტაციას მნიშვნელოვან უფლებრივ საკითხებზე და ამკვიდრებს დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ მანკიერ პრაქტიკას, რომელსაც იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარებს და დაიცავს მის მიერ მანამდე მიღებული გადაწყვეტილების სულისკვეთებას.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აგრეთვე არ მიიღო სათანადო გადაწყვეტილება მარნეულის ბიუჯეტის დისკრიმინაციული გადანაწილების საქმეზე და ერთ-ერთი რელიგიური ორგანიზაციის საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა. აღნიშნულ საქმეზე 2022 წლის პირველ ივლისს ბოლნისის სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ ბათილად სცნო მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების ის ნორმა, რომლის თანახმად რელიგიური საქმიანობის დაფინანსებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა (400 000 ლარი) სრულად გადაეცემოდა მხოლოდ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას. თუმცა, 2022 წლის 8 დეკემბერს ბოლნისის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ 1 სხდომის ფარგლებში ჩატარებული განხილვით გააუქმა. საქმის განხილვის დროს მოსამართლის მხრიდან დაფიქსირდა პრობლემური განმარტებები და რეპლიკები მოსარჩელეების რელიგიურ და ეთნიკურ კუთვნილებაზე. სოციალური სამართლიანობის ცენტრი იმედოვნებდა, რომ უზენაესი სასამართლო გაიაზრებდა ამ საქმეზე პრეცედენტული გადაწყვეტილების მნიშვნელობას და თანასწორობის უფლების უზრუნველყოფის მიზნით გააუქმებდა სააპელაციო სასამართლოს უკიდურესად პრობლემურ გადაწყვეტილებას, თუმცა უზენაესმა სასამართლომ საერთოდ უარი თქვა საქმის საკასაციო განხილვაზე. ბოლნისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნინო გიორგაძე, რომელმაც ამ საქმეზე პროგრესული გადაწყვეტილება მიიღო, მომავალში მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ არ განამწესეს, რასაც წინ უძღვოდა მის შესახებ გაკეთებული მკვეთრად ნეგატიური განცხადებები ადგილობრივი ეპოსკოპოსის მხრიდან.
რელიგიის თავისუფლების კუთხით 2023 წლის მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების მიხედვით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 (პირადი ცხოვრების უფლება) და მე-9 მუხლების (აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება) დარღვევა, მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთობლიობაში, რამდენადაც მიიჩნია, რომ პოლიციამ არ შეაჩერა კერძო პირების დისკრიმინაციული ქმედებები რელიგიური პანსიონატის წინააღმდეგ და ამასთან ერთად, რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული შევიწროების აქტზე, არ უზრუნველყო ეფექტიანი გამოძიების ჩატარება. ა. ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადგინა კონვენციის 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ლ მუხლის საკუთრების უფლება) დარღვევა, პანსიონატის შენობით განგრძობადი სარგებლობის შეუძლებლობის გამო პანსიონატის ადმინისტრაციის მხრიდან. სოციალური სამართლიანობის ცენტრი იმედოვნებს, რომ აღნიშნული საქმე სხვა მსგავს შემთხვევებში რელიგიური შეუწყნარებლობის პრევენციას შეუწყობს ხელს და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიანი ზოგადი ხასიათის ღონისძიებების გატარების საფუძველი გახდება.
2023 წელსაც ხელისუფლებამ გააქტიურა ბილინგვური განათლების პროგრამების დანერგვის საკითხი და წარმოადგინა დაპირება, რომ შემდეგ წლებში ამ პროგრამებით პრაქტიკულად სრულად მოიცავს უმცირესობების ენებზე მოქმედი სკოლამდელი და სასკოლო განათლების დაწესებულებებს. აღნიშნული მიზანი მნიშვნელოვანია, თუმცა იმ პირობებში, როდესაც რეფორმის იდეა, სამოქმედო გეგმა არ არის გაწერილი და არც საკმარისი ადამიანური და სასწავლო რესურსები არსებობს ქვეყანაში, ჩნდება შიში, რომ ამბიციური რეფორმის ეს იდეა შეიძლება ნაკლოვანად წარიმართოს. მთავრობა და სხვა უწყებები ასევე გასცემდნენ დაპირებებს უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში საბავშვო ბაღების და სკოლების მშენებლობის შესახებ, თუმცა სამოქმედო გეგმაში წარმოდგენილი მონაცემები ამ ძალისხმევის მასშტაბის გაზომვის და პროგნოზირების შესაძლებლობას არ იძლევა.
მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს რამდენიმე უწყებამ დაიწყო უმცირესობების ენაზე სერვისების და საკომუნიკაციო არხების თარგმნა (მათ შორის, სოციალური ზრუნვის სააგენტო, საკანონმდებლო მაცნე, დმანისის მუნიციპალიტეტი). სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობისა და საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობისთვის ამ მიდგომას დიდი ხანი ითხოვდა. თუმცა, ეს ცვლილება სამწუხაროდ არ არის სისტემური და სრულად არ მოიცავს ყველა სერვისების მიმწოდებელი და თვითმმართველი ორგანოების პოლიტიკას.
აღნიშნული საკითხების მიღმა, მიმდინარე წელს არ დაფიქსირებული მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკა არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების უფლებების დაცვის, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით. მთავრობისა თუ პარლამენტის დონეზე ისევ არ არსებობს ეთნიკური უმცირესობებისთვის მუდმივმოქმედი საკონსულტაციო პლატფორმები, სადაც თემის ლიდერები და აქტივისტები გადაწყვეტილებების მიმღები პირების წინაშე დააყენებდნენ მათ წინაშე მდგარ გამოწვევებს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომუნიკაცია სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოსთან, არ შეიძლება ასეთად იყოს განხილული. მით უფრო, რომ ჩვენ წლებია ვითხოვთ მთავრობასთან და პარლამენტთან მაღალ დონეზე ასეთი ინკლუზიური და დემოკრატიული პლატფორმების შექმნას, რომელიც ღიაა სხვებისთვისაც, ვინც ზემოთ ნახსენები საბჭოს წევრები შეიძლება არც იყვნენ.
ამავდროულად მოსალოდნელი არჩევნებისა და პარლამენტში ეთნიკური უმცირესობების რეპრეზენტაციის გაურსების პირობებშიც არ დამდგარა სპეციალური მიდგომების და მექანიზმების (მაგალითად, პარტიების ფინანსური მხარდაჭერის მიდგომა, კვოტირება ან სხვა) შემუშავების საკითხი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებსა და წარმომადგენლობით ორგანოებში უმცირესობების რეპრეზენტაციის გაზრდას შეუწყობდა ხელს.
2023 წელს გამოქვეყნდა რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევის დოკუმენტი, რომელიც არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წინაშე მდგარ სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებს წარმოაჩენს. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ეთნიკურ უმცირესობების ხელმისაწვდომობა სკოლამდელ განათლებაზე 2.7-ჯერ, სრულ საშუალო განათლებაზე 2-ჯერ, უმაღლესი და ტექნიკური განათლება კი ასევე 2-ჯერ დაბალია. საშუალოზე დაბალი შემოსავალი საქართველოს მოსახლეობის 53%-ს აქვს, ხოლო ეთნიკურ უმცირესობებში ეს მაჩვენებელი 68%-ს უტოლდება. ეთნიკური უმცირესობების 21%-ის ძირითადი შემოსავალი მომდინარეობს სოფლის მეურნეობიდან, მთელს საქართველოში კი ეს მაჩვენებელი 7%-ია. თუმცა, სამწუხაროდ, სოფლის მეურნეობის პროგრამები ეთნიკური უმცირესობების ფერმერების დიდი ნაწილისთვის არსებითად ხელმიუწვდომელი რჩება. ამ ასიმეტრიის მიუხედავად, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის არსებული სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტები არ ითვალისწინებს ისეთ ღონისძიებებს (ბაღებისა და სკოლების, სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურის პრიორიტეტული და დაჩქარებული განვითარება, თვითმმართველობის დონეზე, ასევე იუსტიციის, ფსიქო-სოციალური, ჯანდაცვის სერვისების მიწოდების პროცესში უმცირესობების ენაზე თარგმანის რესურსების მასობრივი დანერგვა და ა.შ.), რომელიც ამ ჯგუფების სოციალურ ინკლუზიას და თანასწორობას გაზრდიდა.
ეთნიკური უმცირესობების თემში შშმ პირების მდგომარეობა ორმაგად რთულია. საერთაშორისო სტანდარტების ცალსახა მოთხოვნებისა, სახელმწიფო შშმ პირთა სტატისტიკურ მონაცემებს ეთნიკური კუთვნილების მიხედვით არ აწარმოებს. შშმ პირთა რაოდენობა საქართველოს ყველა რეგიონში არაადეკვატურად დაბალია, თუმცა ქვეყანაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლის რეგიონშია. ეს მიუთითებს შშმ პირის სტატუსის მინიჭების მექანიზმებზე ქვემო ქართლის მოსახლეობის წვდომის პრობლემებზე. სერვისების მიწოდების პროცესში სერიოზული გამოწვევაა ისიც, რომ სახელმწიფოს არ ყავს უმცირესობების ენებზე მოსაუბრე პროფესიონალები. ამასთან, ქვემო ქართლის რეგიონში სერვისების მიმწოდებელი ადგილებისა და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვების რაოდენობის შეფარდება მკვეთრად დისპროპორციულია და არსებული მაჩვენებლები მნიშვნელოვნად ჩამორჩება საქართველოს სხვა რეგიონებს. ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტიდან 4-ში (გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები) საერთოდ შეუძლებელია წვდომა ადრეული განვითარებისა და დღის ცენტრების ქვეპროგრამებით გათვალისწინებულ მომსახურებებზე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 2023 წელს ასევე ჩაატარა კვლევები მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების საჭიროებებზე. ყვრალისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკურად უდიების, ავარების და აზერბაიჯანელების (რომლებიც ოფიცილაური სტატისტიკით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის 30% წარმოადგენენ) საჭიროებები ხშირად ადგილობრივი თვითმმართველობის ყურადღების მიღმა რჩება და ამ სოფლებში მნიშვნელოვანი სოციალური გამოწვევები დგას. ამავდროულად, მუნიციპალურ დონეზე არ არსებობს მულტიკულტურული პოლიტიკა, რომელიც სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის თანამშრომლობასა და დიალოგს გააძლიერებდა. საინტერესოა, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზებსა და ოსებს ასევე აქვთ მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელსაც სათანადოდ არ ხედავს სახელმწიფო. აჭარაში აფხაზები ითხოვენ კულტურის ცენტრს, რომელიც ამ მცირერიცხოვანი თემის იდენტობის, ენის და კულტურის შენარჩუნებას შეუწყობდა ხელს. ეთნიკური ოსი მოსახლეობისთვის კი მნიშვნელოვანია სოფლებში მიწების უსამართლო გადანაწილებისა და უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ასევე, მათი კულტურის აღიარება და პატივისცემა, რასაც 90-იანი წლების ტრავმატული მეხსიერების ფონზე, ორმაგი მნიშვნელობა აქვს. აღნიშნული თემის წარმომადგენლები ასევე სუსტად არიან ჩართულები სამშვიდობო პროცესში და ამ პროცესში მათი მონაწილეობის მნიშვნელობა სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ დანახული არ არის.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ 2023 წლის 19 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლების) დარღვევა პროცედურულ ნაწილში და მიიჩნია, რომ ეროვნულ დონეზე ჩატარებული გამოძიება არ აკმაყოფილებდა დამოუკიდებლობის, ეფექტიანობისა და ჯეროვანობის საბაზისო პრინციპებს. სამწუხაროდ, ამ საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საქმის ხელახალ გამოძიებას, რომელიც გადაწყვეტილების აღსრულებისა და მაჩალიკაშვილების ოჯახის დარღვეული უფლებების აღდგენის ერთადერთი გზაა, სახელმწიფო ამ დრომდე უსაფუძვლოდ აჭიანურებს.
ხელისუფლების მხრიდან ლგბტ(ქ)ი უფლებების პოლიტიკური აღიარების სირთულე და პოლიტიკური ჰომოფობია, ლგბტ(ქ)ი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებას შეუძლებელს ხდის. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს მმართველი გუნდის რიტორიკა ღიად ჰომოფობიური შინაარსით გამოირჩეოდა. 2023 წლის მარტში „უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონის“ წინააღმდეგ ორგანიზებული მასობრივი პროტესტების მონაწილეთა მიმართ, ხელისუფლებამ ჰომოფობიური ლექსიკა არაერთხელ გამოიყენა. ქვეყნის მაღალჩინოსნების მხრიდან დემონსტრაციის მონაწილე ახალგაზრდების დემონიზების ფონზე, აქციის ერთ-ერთი მონაწილის - ლაზარე გროგორიადისის დაკავების შემდეგ, მის წინააღმდეგ სახელისუფლებო პროპაგანდა ღიად ამუშავდა. მმართველი პარტიის ლიდერმა ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას ბრალი დასდო ‘ლგბტ პროპაგანდასა’ და ეკლესიის რეპუტაციის შელახვაში. საგულისმოა, რომ ამ პერიოდში, პროსამთავრობო მედიები ანტილგბტ, ანტიდასავლური შინაარსის პროპაგანდისტული სიუჟეტების ტირეჟირებით გამოირჩეოდნენ. ამასთან, 2023 წლის მაისში, პრემიერი საერთაშორისო კონსერვატიულ კონფერენციაზე გამოვიდა, სადაც მისი წარმოთქმული სიტყვა მკაფიოდ ულტრაკონსერვატიულ, ანტიგენდერულ შინაარსს ატარებდა.
პოლიტიკური ჰომოფობიის ეს მძლავრი ტალღა ერთი მხრივ მნიშვნელოვნად აფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ხოლო მეორე მხრივ, ლგბტ(ქ)ი ადამიანებისთვის, მათი ფიზიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით რეალურ რისკებს წარმოქმნის.
ხაზგასასმელია, რომ 2023 წლის მარტში მთავრობის მიერ დაგვიანებით მიღებული 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია არ მოიცავს სექსუალური უმცირესობების საკითხებს და ლგბტ(ქ)ი ადამიანების უფლებები დოკუმენტში საერთოდ არ არის ნახსენები, ხოლო გენდერთან დაკავშირებულ საკითხებად, მხოლოდ ქალთა უფლებები მოიზრება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მარტში დისკრიმინაციული ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის მიღების შემდეგ, 2023 წლის ოქტომბერში, მთავრობის მიერ ინიცირებული 2024-2026 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმა,ლგბტქ თემის წევრებს გამორიცხავს, რაც წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებების და ევროკომისიის რეკომენდაციებთან.
აქვე ცალკე აღსანიშნია ანტი-ლგბტ საკანონმდებლო ინიციატივები. პროსამთავრობო პარტიამ - „ევროპელი სოციალისტები“ 2023 წლის მარტში საკანონმდებლო ინიციატივით, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით უარი თქვეს კანონპროექტის მიღებაზე, თავდაპირველად „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მას მხარი დაუჭირეს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის პროსამთავრობო პოლიტიკური პარტიის - „კონსერვატიული მოძრაობის“ და ტელეკომპანია „ალტ-ინფოს" მიერ წარდგენილი კანონპროექტთა პაკეტი პარლამენტში დარეგისტრირებულია. კანონპროექტების მიხედვით „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი შესწორებით, „სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა“ იკრძალება“.
ლგბტ(ქ)ი ადამიანებისთვის დღემდე მთავარი გამოწვევა ძალადობაა. სახელმწიფოს კვლავ არ აქვს შემუშავებული სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი პრევენციისა და რეაგირების ერთიანი სტრატეგია, რაც სამართალდამცავი, სოციალური, განათლების და პენიტენციალური სფეროებისა და უწყებების კოორდინირებულ მუშაობას უნდა გულისხმობდეს და სისტემურად უზრუნველყოფდეს ლგბტ(ქ)ი ადამიანების უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვას.
ძალადობის მსხვერპლებისთვის კრიტიკულად მწვავეა სათანადო ფსიქო-სოციალური და ჯანდაცვის სერვისების მიღება. სახელმწიფოს კვლავ არ აქვს ძალადობის მსხვერპლების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის პოლიტიკა. კრიზისული ცენტრების ხანმოკლე სერვისი კი ვერ უზრუნველყოფს ლგბტ(ქ)ი ადამიანების გრძელვადიან უსაფრთხოებას და მხარდაჭერას. ხაზგასასმელია სერვისების მიღების დროს გამოვლენილი ინკლუზიურობის პრობლემა. ხშირია შემთხვევები, როდესაც ლგბტ პირებისთვის თავშესაფარში მტრული გარემოა სხვა ბენეფიციარების მხრიდან. ამ მიზეზით, ლგბტქ ჯგუფის ბევრი წევრი თავად ამბობს უარს სახელმწიფო თავშესაფრით სარგებლობაზე.
2023 წელს სახელმწიფოს რეაგირება და პოლიტიკა ფემიციდის, იძულებითი ქროწინებისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრაქტიკაზე კვლავ არასაკმარისი, არაეფექტიანი და ორმაგად სუსტი იყო ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. ფემიციდის უმძიმეს ფაქტს ჰქონდა ადგილი 2023 წლის 6 ოქტომბერს, როდესაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 27 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლით მოკლა 14 წლის აითაჯ შახმიროვა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აითაჯი 13 წლის ასაკში დანიშნეს და ნიშნობის შემდგომ ბრალდებულმა ქორწინების მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა, რის შემდგომაც 13 წლის აითაჯს ქორწინება აიძულეს. აითაჯის ნიშნობისა და ქორწინების შესახებ სავარაუდოდ ინფორმაცია ჰქონდა სკოლის, თუმცა ადმინისტრაციამ არ აამოქმედა რეფერირების პროცედურა და ნიშნობის/ქორწინების თაობაზე ინფორმაცია არ მიაწოდა შესაბამის უწყებებს.
უნდა აღინიშნოს, რომ არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებით დასახლებულ რეგიონებში სუსტია პოლიციის მუშაობა, რომელიც ადგილზე ნდობის შენებას რთულად ახერხებს. სოციალური ზრუნვის სამსახურებისა და შესაბამისი მხარდაჭერის ინტრუმენტები კი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის პოლიტიკაში ისედაც არასათანადოდ არის დანახული და განვითარებული, ორმაგად სუსტი და არაეფექტიანია ეთნიკური უმცირესობების თემში მათი მუშაობის პროცესში.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ გამკაცრებულია ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის პოლიტიკა, იძულებითი ქორწინების შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება და სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევა კვლავ გამოწვევად რჩება. საქმეების დიდ ნაწილზე გამოძიება წყდება, ბრალდებულ პირებთან კი ფორმდება საპროცესო შეთანხმება. სისტემაში კრიტიკულად დაბალია პოლიციის, სოციალური დაცვისა და განათლების სისტემებში რეფერირებაზე პასუხისმგებელი პირების ცნობიერება ბავშვობის ასაკში ქორწინების გამოვლენის ინდიკატორების, პროცედურებისა და მათი ვალდებულებების შესახებ.
მიმდინარე წლის ზაფხულში ფემიციდის კიდევ ერთ მძიმე შემთხვევას ჰქონდა ადგილი ოკუპირებულ აფხაზეთში. გალში მკვიდრი 28 წლის ქალი - ნათია ბახტაძე, 28 ივლისს გაჩინარდა. აგვისტოში დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ დააკავა ეჭვმიტანილი აინარ წვიჟბა, რომელმაც აღიარა, რომ 28 ივლისს ნათია ბახტაძე ავტომობილში მოკლა, შემდეგ კი გვამი გადააგდო მდინარე ენგურზე მდებარე ვარდნილჰესი 3-თან. მოკლული ნათია ბახტაძის გვამის ძებნა უშედეგოდ გაგრძელდა. ძებნის პარალელურად კი გალის რაიონში გავრცელებული დაუდასტურებელი ცნობების თანახმად, კიდევ იპოვეს 2 ქალის გვამი - ერთი ილორის ტყეში, ხოლო მეორე - მდინარეში.
მიმდინარე წელს ასევე მწვავე პრობლემები გამოიკვეთა ქალთა რეპროდუქციული უფლებებისა და საჭიროებების უზრუნველყოფის კუთხით, ჯანდაცვის სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებისა, თითოეული ქალისთვის უზრუნველყოს ყველა იმ საჭირო სერვისზე ხელმისაწვდომობა, რომლებიც მათ ორსულობის, უსაფრთხო მშობიარობისა და ჯანმრთელი ბავშვის ყოლაში დაეხმარება, მთიან რეგიონში - მაღალმთიანი აჭარის, ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისთვის განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა საჭირო სერვისებზე მისაწვდომობასთან დაკავშირებით, რაც ამ სფეროში არსებულ სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს. 2023 წლის ივლისის მდგომარეობით, ხულოში, სადაც 23 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არ არსებობდა სამშობიარო განყოფილება და მუნიციპალიტეტს აღარ ჰყავდა არცერთი გინეკოლოგი.
რეპროდუქციული უფლებების გაუარესების კუთხით ასევე უნდა აღინიშნოს ჯანდაცვის მინისტრის 2023 წლის ოქტომბრის ბრძანება, რომელიც აბორტის წესის ცვლილებებს უკავშირდება. აღნიშნული ცვლილებები 2024 წლის იანვრიდან ქალებს, რომლებიც აბორტის გაკეთებას გადაწყვეტენ, დამატებით ბარიერებს შეუქმნის. კერძოდ კი ქალები ვალდებულნი იქნებიან ხუთდღიანი მოცდის პერიოდის შემდეგ, კონსულტაცია არა მხოლოდ ექიმ-გინეკოლოგთან გაიარონ, არამედ ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთანაც - „სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ, ექიმის საკონსულტაციო ოთახში“. მნიშვნელოვანია, რომ ქალთა უფლებადამცველებისთვის და რეპროდუქციული ჯანრთელობის სპეციალისტებისთვის ამ ცვლილების შესახებ ცნობილი მხოლოდ ბრძანების გამოქვეყნების მერე გახდა. აღსანიშნავია, რომ ქალის რეპროდუქციული უფლებები დაცულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, ისე ადამიანის უფლებების საერთაშორისო და რეგიონული ხელშეკრულებებით, რომლებიც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ.
მიმდინარე წელს ქალი პოლიტიკოსების მიმართ საჯარო სფეროში ხშირად იყო გამოყენებული გენდერული სიძულვილის ენა. ა.წ. ოქტომბერში ქართული ოცნების წევრების მხრიდან პარლამენტში ქალი პოლიტიკოსების მიმართ სექსისტური ენის გამოყენების უმძიმეს შემთხვევებს ჰქონდა ადგილი, რაც, ისედაც ქალთა დაბალი პოლიტიკური წარმომადგენლობის გარემოში, მტრულ გარემოს ქმნის ქალი პოლიტიკოსებისთვის. სსექსისტური სიძულვინის ენის გამოყენება ხელს უწყობს ქალი პოლიტიკოსების ობიექტივიზირებას მედიასა და საჯარო დისკურსში.
უნდა აღინიშნოს, რომ ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით „საქართველოს პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია სხვისი ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება და სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება“. სამწუხაროდ, საქართვლოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი არ ითვალისწინებს ქმედითი მექანიზმებს დეპუტატების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებში.
ინსტრუქცია