[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ქალთა უფლებები / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი 14 წლის აითაჯ შახმიროვას მკვლელობისა და იძულებითი ქორწინების საქმეში ჩაერთო

სოციალური სამართლიანობის ცენტრი 2023 წლის 6 ოქტომბერს 14 წლის აითაჯ შახმიროვას სასტიკი მკვლელობისა და იძულებითი ქორწინების საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლის, მოკლული გოგოს მამის, ისა შახმიროვის, ინტერესებს დაიცავს.

18 ოქტომბერს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურისა და კახეთის საოლქო პროკურატურის დადგენილებების შესაბამისად, აითაჯის მამა, ისა შახმიროვი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ იქნა ცნობილი და მას სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა მიეცა.

საქმის მასალების სრულად გაცნობის შემდეგ, უახლოეს მომავალში სოციალური სამართლიანობის ცენტრი საზოგადოებას გაუზიარებს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას.

  • გამოძიების მიერ გამოკვეთილი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები

2023 წლის 6 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 27 წლის ალიმ სადიკოვმა ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლით მოკლა 14 წლის აითაჯ შახმიროვა, რომელიც ბრალდებულთან იძულებით ქორწინებაში 2023 წლის ივნისიდან იმყოფებოდა.

აითაჯ შახმიროვას გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მკვლელობის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე 2023 წლის 6 ოქტომბერს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება და მალევე მიმალვაში მყოფი ალიმ სადიკოვი დააკავეს. აგრეთვე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს მისი ბიძა და ბიძაშვილი.

ამასთან ერთად, აითაჯ შახმიროვას იძულებით ქორწინებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ასევე 2023 წლის 6 ოქტომბერს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში დააკავეს მოკლული ბავშვის დედა და ბიძა.

თითოეულ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ამ დროისთვის, მიმდინარე გამოძიების მასალებით დგინდება, რომ აითაჯ შახმიროვა დმანისის მუნიციპალიტეტ სოფელ უსეინქენდში ცხოვრობდა და სოფელ ყარაბულახის საჯარო სკოლის მე-9 კლასში სწავლობდა.

2023 წლის ივნისში, 14 წლის გოგო 27 წლის ასიმ სადიკოვმა, მასთან ქორწინების მიზნით მოიტაცა და თავისუფლება აღუკვეთა. გამოძიების მონაცემებით, აითაჯ შახმიროვა და ასიმ სადიკოვი დანიშნულები იყვნენ, თუმცა სადიკოვმა გოგო სრულწლოვანების მიღწევამდე ქორწინების მიზნით მოიტაცა. კერძოდ, 2023 წლის ივნისში, მან აითაჯი მიიყვანა ბიძის, ახლიმან ასლანოვის სახლში და აღუკვეთა თავისუფლება. ამ დღეს, აითაჯმა შეძლო ასლანოვის სახლიდან გამოქცევა, თუმცა საკუთარმა ოჯახის წევრებმა იგი რამდენიმე საათში უკან დააბრუნეს და, სავარაუდოდ, სადიკოვთან ქორწინება აიძულეს.

სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ 2023 წლის 6 ოქტომბერს სადიკოვმა აითაჯ შახმიროვა კვლავ მიიყვანა ბიძის, ახლიმან ასლანოვის საცხოვრებელ სახლში და მოსთხოვა ეჩვენებინა საიდან და როგორ გაიპარა 2023 წლის ივნისში. აითაჯ შახმიროვამ ბრალდებულს აჩვენა, თუ როგორ შეძლო საცხოვრებელი სახლიდან გაქცევა, რა დროსაც სადიკოვმა მის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა გოგოს მიმართულებით და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. აითაჯ შახმიროვა მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.

საქმის მასალების მიხედვით, სადიკოვმა მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე ცეცხლსასროლი იარაღი შეიძინა და მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა. ეს გარემოებები მიუთითებს ალიმ სადიკოვის ქმედების წინასწარ განზრახულობაზე.

  • გარემოებები, რომელიც გამოძიების მიერ განსაკუთრებულ შესწავლას მოითხოვს

გამოძიების მასალებით, ჩნდება ეჭვი აითაჯ შახმიროვას მიმართ სექსუალური ხასიათი დანაშაულების ჩადენაზე, რაც საჭიროებს ამ მიმართულებით გამოძიების წარმართვას და ყველა ქმედების იდენტიფიცირებას.

მნიშვნელოვანია, აითაჯ შახმიროვას საქმეზე გამოიკვეთოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, განსაკუთრებით კი სკოლის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი.

მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეში პრევენციული ვალდებულებების შესრულების ნაწილში შინაგან საქმეთა სამინისტროს როლისა და პასუხისმგებლობების შესწავლაც, მათ შორის, მნიშვნელოვანია გამოძიება დაინტერესდეს იცოდა თუ არა ან უნდა სცოდნოდა თუ არა ადგილობრივ პოლიციას ნიშნობის ფაქტის შესახებ და რა პრევენციული ღონისძიებები გაატარა, იძულებითი ქორწინებისა და სხვა დანაშაულების თავიდან ასაცილებლად.

  • ბავშვთა ქორწინებასთან ბრძოლის პოლიტიკის გამოწვევები

14 წლის გოგოს სასტიკი მკვლელობის ამბავი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ფემიციდის, იძულებითი ქროწინებისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრაქტიკაზე სახელმწიფოს რეაგირება და პოლიტიკა კვლავ არასაკმარისი და არაეფექტიანია. ის ორმაგად სუსტია ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, სადაც სახელმწიფო მის ვალდებულებებს მოქალაქეების მიმართ ჯეროვნად არ ასრულებს და სოციალური გარიყულობისა და უმოქმედობის სისტემურ პრაქტიკას ვაკვირდებით.

მრავალი სოციალური ფაქტორის გამო, ამ რეგიონებში სუსტი და ზედაპირული რჩევა თავად პოლიციის მუშაობა, რომელიც ადგილზე ნდობის შენებას რთულად ახერხებს. სოციალური ზრუნვის სამსახურებისა და შესაბამისი მხარდაჭერის ინტრუმენტები კი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის პოლიტიკაში ისედაც არასათანადოდ არის დანახული და განვითარებული, ორმაგად სუსტი და არაეფექტიანია ეთნიკური უმცირესობების თემში მათი მუშაობის პროცესში.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ გამკაცრებულია ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის პოლიტიკა, იძულებითი ქორწინების შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება და სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევა კვლავ გამოწვევად რჩება. საქმეების დიდ ნაწილზე გამოძიება წყდება, ბრალდებულ პირებთან კი ფორმდება საპროცესო შეთანხმება. ამ მანკიერი და მჩაგვრელობითი სოციალური პრაქტიკის დასაძლევად მიღებული, სისტემური პრევენციული ზომები, რომელიც იძულებითი ქორწინებისა და სხვა გენდერული ძალადობის პრაქტიკის სტრუქტურულ სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ მიზეზებს დაუპირისპირდება, კვლავ სუსტი და ფრაგმენტული რჩება. სისტემაში კრიტიკულად დაბალია პოლიციის, სოციალური დაცვისა და განათლების სისტემებში რეფერირებაზე პასუხისმგებელი პირების ცნობიერება ბავშვობის ასაკში ქორწინების გამოვლენის ინდიკატორების, პროცედურებისა და მათი ვალდებულებების შესახებ.

  • პირველადი მოთხოვნები

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას

  • 14 წლის აითაჯ შახმიროვას საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიქტური გამოძიება;
  • მომხდარი მკვლელობის მიღმა გამოკვეთილი სავარაუდო დანაშაულების, მათ შორის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, არასრულწლოვნის გაუპატიურებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით გამოძიების დაწყება და ამ ეპიზოდებში ყველა სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირის დროული იდენტიფიცირება;
  • იმ სახელმწიფო უწყებების გამოვლენა, რომელთაც აითაჯ შახმიროვას მიმართ არსებული ძალადობის ფაქტებზე უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების განხორციელება. მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღებით შეისწავლოს საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ადგილობრივი პოლიციის მოქმედებები;
  • ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში პოლიციის მუშაობის, განსაკუთრებით, ბავშვთა და ქალთა მიმართ ძალადობის სფეროში მისი მუშაობის ეფექტიანობის შეფასება და დაიწყოს ძირეულ ცვლილებებზე მიმართული რეფორმები, რომელიც უპასუხებს

1. ბავშვთა ქორწინებისა და გოგონათა და ქალთა მიმართ ძალადობის სტრუქტურულ მიზეზებს;

2. არსებითად გაზრდის რელევანტური საპოლიციო, სოციალური და განათლების უწყებების ეფექტიან და კოორდინირებულ მუშაობას ძალადობისა და გოგონათა და ქალთა ჩაგვრის ეფექტიანი პრევენციის მიმართულებით.

უახლოეს მომავალში სოციალური სამართლიანობის ცენტრი წარმოადგენს გამოძიების მიმდინარეობის სრულყოფილ შეფასებას.

საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ჩვენ პერიოდულად მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და საქმეში გამოკვეთილი ახალი გარემოებების შესახებ.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“