საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) დაარსდა 2012 წელს და წარმოადგენს ადამიანის უფლებებსა და სოციალურ სამართლიანობაზე მომუშავე მემარცხენე ორგანიზაციას.
ხედვა
ჩვენ გვჯერა თავისუფალი, თანასწორი და სოლიდარული საზოგადოების იდეის. ამის მიღწევა კი შესაძლებელია, თუ ვიბრძოლებთ ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ჩაგვრისგან გათავისუფლებისა და საერთო კეთილდღეობისათვის. ეს შესაძლებელია, თუ ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ერთობლივი და მისგან არავინ დარჩება გამორიცხული.
მისია
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადამიანის უფლებებსა და სოციალურ სამართლიანობაზე მომუშავე მემარცხენე ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, გამოავლინოს ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური უსამართლობის სტრუქტურული მიზეზები, გაავრცელოს კრიტიკული ცოდნა და ხელი შეუწყოს არსებული წესრიგის დემოკრატიული გზებით გარდაქმნას.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება აგრესიული საბაზრო ეკონომიკის წესებით წარიმართა, რის შედეგადაც მივიღეთ მზარდი სიღარიბე, უმუშევრობა და ღრმა ეკონომიკური უთანასწორობა. ქვეყანაში განხორციელებული ეკონომიკური ექსპერიმენტები და პოლიტიკები მცირე სახელმწიფოს იდეითა და პროგრესის სახელით მართლდება, რაც ამ ექსპერიმენტების მიერ მოყენებული მძიმე სოციალური ზიანის ნორმალიზებას ახდენს. მცირე სახელმწიფოს გაგება, რომელიც გულისხმობს დერეგულაციას, განკერძოებასა და სუსტ სოციალურ პასუხისმგებლობას, ვერ პასუხობს საზოგადოებაში არსებულ წუხილებსა და ინტერესებს და ფართე საზოგადოებრივ ჯგუფებს უკარგავს წვდომას სოციალურ სიკეთეებზე, რესურსებსა და ძალაუფლებაზე. მცირე სახელმწიფოს გაბატონებული იდეა პოლიტიკის სივრცეს სულ უფრო მეტად კუმშავს და ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების მნიშვნელოვან განზომილებებს დემოკრატიული კონტროლის მიღმა ტოვებს. სოციალურ უკმაყოფილებას ხელისუფლებები მეტწილად რეპრესიული ღონისძიებებით აკავებენ, რაც არა მხოლოდ ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევის საწინდარი ხდება, არამედ დემოკრატიული პროცესებიდან ადამიანების გაუცხოებასაც იწვევს და ადამიანობას ართმევს. ამ პირობებში მოსახლეობის უმრავლესობის რეალური წუხილები და ინტერესები განდევნილი რჩება პოლიტიკური დღის წესრიგიდან და მათ გახმოვანებაზე არც მოქმედი პოლიტიკური ელიტები და ინტერესთა ჯგუფები ზრუნავენ. პოლიტიკის სფერო მეტწილად ექსპერტებს, ფინანსურ და ინტელექტუალურ ელიტებს უკავიათ, ხოლო მოქალაქეებს რეალური პოლიტიკური აგენტობა და ძალაუფლება წართმეული აქვთ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პოლიტიკურ ელიტებს არ შეუმუშავებიათ მაკონსოლიდირებელი პოლიტიკური ხედვა, რომელსაც საზოგადოებრივი ერთობის უფრო სამართლიანი და ინკლუზიური გაგება დაეფუძნებოდა და არადომინანტურ ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს საშუალებას მისცემდა, ამ გაგებაში საკუთარი თავი და ინტერესები ამოიცნონ. პროგრესის შესახებ გაბატონებულ შეხედულებებსა და პროექტებში გამოტოვებულია სოციალური სამართლიანობის, საყოველთაო კეთილდღეობის და საერთო ინტერესის საკითხები, რაც მათ საზოგადოებრივ ლეგიტიმაციასაც ასუსტებს. გასაქონლების და გაცვლის ყოვლისმომცველი პროცესი სულ უფრო მეტად არღვევს სოლიდარობის, ერთობისა და ზრუნვის გამოცდილებებსა და ტრადიციებს. ეს პროცესი ყოველდღიურობაში წარმოშობს კულტურულ კონფლიქტებს და გაუცხოებას.
ჩვენ ვაცნობიერებთ არსებული ეკონიმიკური და პოლიტიკური წესრიგის მკვეთრად უთანასწორო, უსამართლო და ანტიჰუმანურ ბუნებას და მივიჩნევთ, რომ მისი რადიკალური გარდაქმნაა საჭირო. ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ ყველა სოციალური ჯგუფისთვის შეიქმნას ისეთი გარემო, რომელიც სამართლიანი, ინკლუზიური და დემოკრატიული იქნება როგორც პოლიტიკურ ისე ეკონომიკურ და სოციალურ დონეზე.
ჩვენ ვმოქმედებთ პრინციპებით, რომლებიც ეფუძნება ქვემოდან ზევით დემოკრატიულ ორგანიზებას, კრიტიკულ ცოდნასა და სოლიდარობის ქსელების მშენებლობას და ამისათვის ვიყენებთ იმ რადიკალურ პოტენციალს, რასაც შეიცავს აქტივისტური ბრძოლის მეთოდები თუ ინდივიდუალური და კოლექტიური უფლებები.
ამ მიზნების მისაღწევად სოციალური სამართლიანობის ცენტრი მუშაობს სოციალური პოლიტიკის, თანასწორობის პოლიტიკის, მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის საკითხებზე.
სოციალური პოლიტიკის პროგრამა მუშაობს იმგვარი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის შესაქმნელად, რომელიც სოციალური სამართლიანობის, სოლიდარობის და ადამიანის უფლებების პრინციპებზეა დაფუძნებული.
თანასწორობის პოლიტიკის პროგრამა მუშაობს მოქალაქეობის ინკლუზიური და სამართლიანი გაგების დასამკვიდრებლად და არადომინანტური ჯგუფებისთვის ისეთი პოლიტიკური და სოციალური გარემოს შესაქმნელად, რომელიც რეალურად თანასწორი და სოლიდარული იქნება.
მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის ერთი მიზანია, ხელი შეუწყოს არსებული პოლიტიკური სისტემის გათავისუფლებას ჭარბი და დემოკრატიულ კონტროლს დაუქვემდებარებელი ძალაუფლებისგან; ხოლო მეორე მიზანია, დაამკვიდროს მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სისტემები, რომლებიც იქნება ხელმისაწვდომი, სოციალურად მგრძნობიარე და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული.
მუშაობის სტრატეგიები
ჩვენ ვმოქმედებთ და გარდავქმნით კრიტიკული ცოდნის წარმოების, სოციალურ ჯგუფებთან და მოქალაქეებთან ღრმა და რეალური დიალოგის, ქვემოდან ზემოთ დემოკრატიული ორგანიზების, სხვადასხვა ჯგუფებს შორის სოლიდარობის მშენებლობის გზით. ჩვენ ვცდილობთ პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოვიტანოთ ადგილობრივი თემების რეალური საჭიროებები, წუხილები და პოლიტიკური მოთხოვნები და მათთვის და მათთან ერთად მივცეთ ბიძგი სოციალურ და პოლიტიკურ ცვლილებებს. მცირე ცვლილებები „აქ და ახლა“ ჩვენთვის არის საშუალება მოქალაქეების გასაძლიერებლად და მომავალში მათი გათავისუფლებისა და უფრო ღრმა და ფუნდამენტური სოციალური გარდაქმნების ხელშესაწყობად.
ღირებულებები
ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა, სამუშაო ეთიკა, მეთოდები და სტრატეგიები ემყარება მონაწილეობის, თანასწორობისა და სოლიდარობის იდეებს. სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართვის წესი ჰორიზონტალური და დემოკრატიულია; მას კოლექტიურად მართავს დირექტორთა საბჭო. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები თანამშრომლებთან დისკუსიის გზით მიიღება.
ინსტრუქცია