საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63


8 წლის წინ, 2017 წლის 25 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩაატარა სპეცოპერაცია, რომელსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება, რომელიც 2020 წლის 25 იანვარს დაუსაბუთებლად შეწყდა, ფუნდამენტური ხარვეზებით ხასიათდებოდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მტკიცებულებების მიზანმიმართულად განადგურების/დაზიანების გონივრულ ეჭვებს ქმნიდა.[1]
მიუხედავად თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის პროტესტის, დამნაშავეთა დასჯის დაუღალავი მოთხოვნის[2] და სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ოჯახის ინტერესების დასაცავად არაერთი სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებისა, სახელმწიფო დემონსტრაციულად და მიზანმიმართულად უარს ამბობს სიცოცხლის ფუნდამენტური უფლებიდან გამომდინარე პოზიტიური ვალდებულებების შესრულებაზე.
8 წლის განმავლობაში, უდანაშაუდო ახალგაზრდა კაცის მიმართ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულზე ანგარიშვალდებულების და პასუხისმგებლობის აღების მაგივრად, სახელმწიფო თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის დისკრედიტაციას, მათი სამართლიანი წუხილების ჩახშობას და საზოგადოების თვალში დეჰუმანიზაცის ცდილობდა.[3]
შედეგად, თემირლანის მკვლელობასა და სპეცოპერაციის სათანადოდ დაგეგმვაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირები დღემდე არ არიან დასჯილი. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ეს საქმე საქართველოში სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების ანგარიშვალდებულების სისტემის არარსებობის და პანკისის ხეობაში მცხოვრები თემის მეორეხარისხოვნად მონიშვნის ინდიკატორია.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2023 წლის 19 იანვარს, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების (მე-2 მუხლი) პროცედურული ნაწილის დარღვევა - არაეფექტიანი და ხარვეზიანი გამოძიების გამო. კერძოდ, სასამართლომ გააკრიტიკა შემდეგი საკითხები:
სამწუხაროდ, სახელმწიფომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, კვლავ უარი თქვა ეფექტიანი გამოძიების ჩატარებაზე. გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა არაერთგზის მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების განახლებისა და მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. მხოლოდ 2024 წლის 18 ივნისს, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი წლის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო დადგენილება გამოძიების განახლებაზე უარის შესახებ.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის აღსრულების შესახებ მოსაზრებებს რეგულარულად წარუდგენს. 2024 წლის 12-14 მარტის სხდომაზე, კომიტეტმა მოუწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად მიეღო გადაწყვეტილება გამოძიების განახლების თაობაზე.[5] ხოლო 2025 წლის 10-12 ივნისის სხდომაზე, კომიტეტმა აქართველოს მიმართა წარადგინოს ინფორმაცია იმ დამატებითი შესაძლო ღონისძიებების შესახებ, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს გამოძიების ხარვეზების სრულად აღმოსაფხვრელად, მათ შორის, გამოძიების შედეგებზე დამოუკიდებელი საპროკურორო და სასამართლო ზედამხედველობის უზრუნველყოფით.[6]
ჩვენი შეფასებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და გამოძიებას კვლავ აქვს რესურსი საქმისთვის საკვანძო საკითხის დასადგენად - იყო თუ არა საჭირო ლეტალური ძალის გამოყენება სპეცოპერაციის ფარგლებში თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ. საინტერესოა, რომ მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილების განმარტებითი ბარათის (notes to the decision) თანახმად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა (რომელიც მსჯელობაში უმეტესად პროკურატურის პირველად გამოძიებას სათანადოდ ჩატარებულად წარმოაჩენდა) ვერ წარმოადგინა მკაფიო და დამაჯერებელი არგუმენტები გამოძიების არგანახლების გადაწყვეტილებაში.
მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დადგენილება გამოძიების განახლებაზე უარის შესახებ ჩვენ ზემდგომ პროკურორთან გავასაჩივრეთ, საჩივარი პასუხგაუცემელი დარჩა. შედეგად, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის სასამართლო კონტროლი გამოძიების შედეგებზე კვლავ მიუწვდომელია. როგორც ზემოთ აღინიშნა, ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა დაადგინა სწორედ ის იყო, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას, გამოძიების თაობაზე პროკურორის მიღებული გადაწყვეტილებები სასამართლოში გაესაჩივრებინათ. ამასთანავე, ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები შეუძლებელს ხდიდა სასამართლოსთვის, ნაწილობრივ სწორედ ხარვეზიანად ჩატარებული გამოძიების გამო, შეეფასებინა კონფლიქტური ვერსიები, და რომ არ არსებობდა ეროვნული სასამართლოების შეფასება ფატალური გასროლის კონკრეტული გარემოებების შესახებ არ არსებობდა.
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელიც მიუთითებს გამოძიების არგანახლების გადაწყვეტილებაზე საპროკურორო და სასამართლო ზედამხედველობის აუცილებლობაზე. კომიტეტის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის აღსასრულებად არ არის საკმარისი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიების არგანახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. არამედ, აუცილებელია, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს მიეცეს შესაძლებლობა, პროკურატურასა და სასამართლოში გასაჩივროს გამოძიების არგანახლების შესახებ გადაწყვეტილება. ამ უფლებით კი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად, მხოლოდ დაზარალებულის სტატუსის მქონე პირები არიან აღჭურვილნი. შესაბამისად, იმისათვის, რომ კომიტეტის მითითება შესრულდეს, სახელმწიფო ვალდებულია, განაახლოს გამოძიება და თემირლან მაჩალიკაშვილს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი. ხოლო შემდგომ, თუ პროკურატურა მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა შეწყდეს, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს ექნება შესაძლებლობა, გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივროს, ხოლო შემდეგ - სასამართლოში.
კომიტეტის გადაწყვეტილება თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, მათი ლეგიტიმური ინტერესების მრავალწლიანი უგულებელყოფის მიუხედავად, კვლავ გააგრძელონ სამართლიანობის აღსადგენად და მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სათანადოდ გამოსაძიებლად.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოლიდარობას უცხადებს მაჩალიკაშვილების ოჯახს და აგრძელებს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ოჯახის უფლებებისა და ინტერესების დაცვას.
[1] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, “EMC ეხმიანება პრემიერთან მალხაზ მაჩალიკაშვილის შეხვედრას და პროკურატურას საქმის ეფექტიანი და სამართლიანი გამოძიების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს”, 05.06.2018 https://socialjustice.org.ge/ka/products/emc-ekhmianeba-premiertan-malkhaz-machalikashvilis-shekhvedras-da-prokuraturas-sakmis-efektiani-da-samartliani-gamodziebis-uzrunvelqofisken-moutsodebs
[2] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, “პოლიცია მშვიდობიანი შეკრების კონსტიტუციურ უფლებაში უხეშად ერევა”, 27.09.2018 https://socialjustice.org.ge/ka/products/politsia-mshvidobiani-shekrebis-konstitutsiur-uflebashi-ukheshad-ereva
[3] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, “სოციალური სამართლიანობის ცენტრი, “მთავრობა ევროსასამართლოში მაჩალიკაშვილების ოჯახის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს”, 07.04.2021 https://socialjustice.org.ge/ka/products/mtavroba-evrosasamartloshi-machalikashvilebis-ojakhis-diskreditatsiis-mtsdelobas-agrdzelebs
[4] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, “მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ვრცელი მიმოხილვა”, 20.01.2023 https://socialjustice.org.ge/ka/products/machalikashvili-da-skhvebi-sakartvelos-tsinaaghmdeg-sakmeze-evropuli-sasamartlos-gadatsqvetileba-vrtseli-mimokhilva
[5] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, „მაჩალიკაშვილის საქმეზე მინისტრთა კომიტეტი საქართველოს გამოძიების განახლების თაობაზე დროული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს“, 20.03.2024 http://socialjustice.org.ge/ka/products/machalikashvilis-sakmeze-ministrta-komiteti-sakartvelos-gamodziebis-drouli-ganakhlebisken-moutsodebs
[6] Committee of Ministers of the Council of Europe, Decision made on its 1531st meeting (10-12 June 2025) (DH) - H46-18 Tsintsabadze group v. Georgia (Application No. 35403/06) https://hudoc.exec.coe.int/?i=004-5830
ინსტრუქცია