[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / კვლევა

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ავტორიტარიზმის წნეხის ქვეშ: რეპრესია, წინააღმდეგობა და ბრძოლა გადარჩენისთვის

Library Thumbnail Image

ხელმძღვანელი:   თამთა მიქელაძე

გვერდების რაოდენობა:  145

გამოცემის წელი:  2025

მკვლევრები:  ლინა ღვინიანიძე

01_თვისებრივი_კვლევა_1787210668.pdf

02_რაოდენობრივი_კვლევა _1787210865.pdf

კვლევის მიზანია საქართველოს ავტორიტარული შემობრუნებისა და მისი კონსოლიდაციის აჩქარებულ პროცესში მოიხელთოს, თუ როგორია ხელისუფლების მიმართება დამოუკიდებელი, ავტონომიური და ორგანიზებული ფორმით არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ, თუ რა გავლენა იქონია ხელისუფლების მიზანმიმართულმა პოლიტიკამ მათ ფუნქციონირებაზე და როგორია არსებულ პოლიტიკურ კონტექსტში ორგანიზაციების მოქმედებისა და შეცვლილ გარემოსთან მიმართების სტრატეგიები.

კვლევა ქვეყნის მასშტაბით მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამოცდილებებს შეისწავლის და კვლევის მონაწილეების დაკვირვებების მოხელთების გზით ცდილობს ერთის მხრივ აღწეროს, თუ როგორ შეიცვალა პოლიტიკური, სოციალური და დისკურსული ველი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ და რა გავლენა იქონია შეცვლილმა და შემზღუდავმა სამართლებრივმა და საარსებო გარემომ ორგანიზაციების არსებობასა და ფუნქციონირებაზე. კვლევა ასევე შეისწავლის, თუ როგორ პასუხობენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს და რამ განსაზღვრა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, გამოყენებული სტრატეგიები, ორგანიზაციების სიცოცხლისუნარიანობა თუ მოწყვლადობა.

კვლევა პირველადი და მეორადი წყაროების ანალიზს ეფუძნება. კვლევის მიზნებისთვის პირველად წყაროა კვლევის ფარგლებში ჩატარებული ინტერვიუები, ხოლო მეორად წყაროს წარმოადგენს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, გამოხმაურებები, კვლევები, ანგარიშები და მედიაში გამოქვეყნებული საჯარო მასალები.

კვლევის არსებითი კომპონენტია საველე კვლევა, რომელიც თვისებრივი მეთოდის გამოყენებით ჩატარდა. თვისებრივი კვლევისთვის შერჩეულ იქნა სიღრმისეული, ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუს ფორმატი. საველე კვლევამ მოიცვა 30 სიღრმისეული ინტერვიუ (31 რესპონდენტი),[1] რომელთაგან 22 ქალია, ხოლო 9 რესპონდენტი − კაცი. კვლევის ფარგლებში ჩატარდა 5 ექსპერტული ინტერვიუ იმ რესპონდენტებთან,[2] რომელთაც სამოქალაქო სექტორთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობის ექსპერტული გამოცდილების გარდა, ასევე უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა მიმდინარე პროცესებსა და დისკუსიებში. 25 ინტერვიუ ჩატარდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში იყვნენ ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში − ხელმძღვანელების მოადგილეები ან ორგანიზაციაში არსებული მმართველი კოლეგიური ორგანოების წევრები. ყველა შემთხვევაში, რესპონდენტები უშუალო იყვნენ ჩართულნი მიმდინარე პროცესებში და იღებდნენ ორგანიზაციულ გადაწყვეტილებებს ან მონაწილეობდნენ ამგვარი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

კვლევის ფარგლებში 28 საზოგადოებრივი ორგანიზაციის გამოცდილების შესახებ მოვახერხეთ ინფორმაციის შეგროვება.[3] რესპონდენტების/საზოგადოებრივი ორგანიზაციების შერჩევისას რამდენიმე თანადროული კრიტერიუმი იყო გამოყენებული, მათ შორის − ორგანიზაციის საქმიანობის პროფილი, ორგანიზაციის სიდიდე და საქმიანობის გეოგრაფიული არეალი (დედაქალაქი/რეგიონები). შედეგად, კვლევამ მოიცვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები განსხვავებული საქმიანობის პროფილით. არაერთ შემთხვევაში ორგანიზაცია საზოგადოებრივი საქმიანობის რამდენიმე ბუნებას თანადროულად მოიცავდა. ამდენად, გამოკითხული ორგანიზაციების ნაწილის პროფილი შერეულია და ის ქვემოთ ჩამოთვლილ რამდენიმე მიმართულებას აერთიანებდა. ზოგიერთ შემთხვევაში რესპონდენტი ახერხებდა ორგანიზაციის საქმიანობის წამყვანი პროფილის გამოკვეთას. შერეული პროფილის ორგანიზაციების გარდა, კვლევამ მოიცვა ორგანიზაციის შემდეგი ტიპები: დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ე.წ. watchdog ორგანიზაციები, ე.წ. think tank ორგანიზაციები, სათემო ორგანიზაციები, ადგილობრივი ფონდები, სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციები, პროფესიული კავშირები, პროფესიული ასოციაციები, კვლევითი, სექტორული, ინფრასტრუქტურული და ე.წ. bridging ორგანიზაციები. [4]

ორგანიზაციების სიდიდის განსაზღვრას თავად რესპონდენტები ახდენდნენ და ორგანიზაციას მცირე, საშუალო ან დიდი ზომის ორგანიზაციების კატეგორიას მიაკუთვნებდნენ, რა დროსაც ვთხოვდით გაეთვალისწინებინათ ორგანიზაციების შემოსავლები, თანამშრომელთა რაოდენობა, საქმიანობის მასშტაბი და ორგანიზაციის სიდიდე საქართველოში მოქმედ სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მიმართებით განესაზღვრათ. სიდიდის მიხედვით, კვლევამ მოიცვა 8 დიდი ზომის, 10 საშუალო ზომისა და 10 მცირე ზომის ორგანიზაცია. გეოგრაფიული მოცვის თვალსაზრისით, კვლევამ ორგანიზაციების სამი კატეგორია განსაზღვრა: ორგანიზაციები, რომლებიც თბილისში ფუნქციონირებენ, ორგანიზაციები რომელთა ცენტრალური ოფისი დედაქალაქშია, თუმცა აქვთ რეგიონული მოცვა ადგილობრივები ოფისებითა და წარმომადგენლებით და ორგანიზაციები, რომლებიც რეგიონ(ებ)ში ფუნქციონირებენ. ამდენად, კვლევამ მოიცვა 17 ორგანიზაცია, რომელიც დედაქალაქში ფუნქციონირებს (თუმცა, ამ ორგანიზაციების დიდი უმრავლესობა აქტიურად მუშაობს რეგიონებში როგორც სექტორულ, ასევე სათემო საკითხებზე და ფაქტობრივად ფარავს საკითხებსა და ბენეფიციარებს მთელი ქვეყნის მასშტაბით); 6 ორგანიზაცია, რომელიც ოფისებითა და წარმომადგენლობებით დედაქალაქსა და რეგიონებში თანადროულად ფუნქციონირებს და 5 რეგიონული ორგანიზაცია, რომლებიც მხოლოდ რეგიონ(ებ)ში ფუნქციონირებს.  

კვლევისას უშუალოდ 28 საზოგადოებრივი ორგანიზაციის სრული გამოცდილების შესახებ ინფორმაციის შეგროვება შევძელით. თუმცა, კითხვარში ერთი სექცია ეთმობოდა რესპონდენტებისგან ინფორმაციის მიღებას მათი პარტნიორი ორგანიზაციების გამოცდილებების შესახებ, რამაც მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობა მოგვცა დედაქალაქსა თუ რეგიონებში მოქმედ დამატებით ათეულობით ორგანიზაციის გამოცდილებაზე.

ინტერვიუები 2025 წლის აგვისტო-სექტემბრის პერიოდში ჩატარდა, მხოლოდ ორი ინტერვიუ ჩატარდა ივლისის ბოლოს. ამდენად, წინამდებარე კვლევა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მდგომარეობას 2025 წლის ოქტომბრის დასაწყისის მდგომარეობით აღწერს და ამდენად, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ 2024-2025 წლებში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებისა თუ მიმდინარე მოვლენის გავლენის შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

ინტერვიუები ჩატარდა როგორც პირდაპირი, ისე ონლაინ პლატფორმების გამოყენების გზით. საერთო ჯამში, 17 ინტერვიუ ჩატარდა პირდაპირი შეხვედრის გზით, ხოლო 13 მათგანი ონლაინ ფორმატის გამოყენებით. ინტერვიუების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 90 წუთს. კვლევა მისი მონაწილეების უსაფრთხოებისა და ანონიმურობის დაცვის მიზნით, არ იყენებს რესპონდენტების სახელებს, გვარებს, ორგანიზაციების დასახელებებს, ან იმგვარ მახასიათებლებს, რამაც შესაძლოა გაამჟღავნოს რესპონდენტების ვინაობა. კვლევაზე დანართის ფორმით დართული ინტერვიუების სიაც, მხოლოდ განზოგადებული ფორმით მოიცავს მონაცემებს ჩატარებული ინტერვიუების შესახებ. კვლევაში გამოყენებული ციტირებებისას უმეტესად დაცულია რესპონდენტების თხრობის სტილი. ასევე, ციტირებები მოხმობილია ისე, რომ არ ამხელს კვლევის რესპონდენტის, ან ორგანიზაციის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას.

მონაცემების მოპოვების შემდეგ, მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის მიზნით, ინტერვიუების ტრანსკრიპტირებისა და თემატური კოდირების მეთოდი გამოვიყენეთ. დამატებით, ანალიზისას გამოყენებული იქნა მეორადი წყაროების დამუშავების გზით მიღებული ინფორმაცია.

 

კვლევა მხოლოდ ორგანიზებული ფორმით არსებული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მდგომარეობის შესწავლას ისახავს მიზნად. ამდენად, შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე, კვლევამ არ მოიცვა არაფორმალური თუ არაორგანიზებული ფორმით არსებული საინიციატივო ჯგუფები, სამოქალაქო და სოციალური მოძრაობები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილსა და შემზღუდავი პოლიტიკის სამიზნეებს წარმოადგენენ. კვლევა ასევე არ მოიცავს მედია ორგანიზაციებზე არსებული პოლიტიკის გავლენის შესწავლას, რომელთა არსებობასა და ფუნქციონირებაზე ასევე აისახა შეცვლილი სამართლებრივი, პოლიტიკური და დისკურსული ველი, რაც მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე დამოუკიდებელ შესწავლას საჭიროებს.

01_თვისებრივი_კვლევა_1787210668.pdf

02_რაოდენობრივი_კვლევა _1787210865.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ერთი ინტერვიუს შემთხვევაში მკვლევრის კითხვებს საზოგადოებრივი ორგანიზაციის ორი ხელმძღვანელი პირი პასუხობდა.

[2] ამათგან ერთ შემთხვევაში ექსპერტულმა ინტერვიუმ რესპონდენტის ექსპერტული გამოცდილების გარდა ასევე მოიცვა რესპონდენტის, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გამოცდილებაც.

[3] კვლევის ფარგლებში ორმა რესპონდენტმა ინფორმაცია გაგვიზიარა ორი საზოგადოებრივი ორგანიზაციის შესახებ, რომელთაც ისინი წარმოადგენდნენ. 

[4] აქ გამოყენებული ინგლისურენოვანი ტერმინების არაერთი განმარტება არსებობს აკადემიურ ლიტერატურაში. თუმცა, დასახელებულ ტერმინებს კვლევაში შემდეგი მნიშვნელობებით გამოვიყენებთ (რაც მათ შორის იმ ორგანიზაციების თვითაღქმასაც ითვალისწინებს, რომლებიც საკუთარ თავს აღნიშნული ორგანიზაციული ტიპის ქვეშ მოიაზრებენ). Watchdog ისეთი ტიპის სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციას გულისხმობს, რომელიც ორიენტირებულია საჯარო ინსტიტუტებისა და გავლენის მქონე სხვა აქტორების საქმიანობის შესწავლასა და მონიტორინგზე, რაც უპირატესად პასუხობს გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების მიზნებს. Think tank გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის ისეთ ტიპს, რომელიც ორიენტირებულია საჯარო პოლიტიკის (სხვადასხვა მიმართულების) კვლევაზე, მისი გავლით საჯარო პოლიტიკის ცვლილების ხელშეწყობაზე და გადაწყვეტილების მიმღები პირების კვლევაზე დაფუძნებული ექსპერტიზით აღჭურვაზე; Bridging ორგანიზაცია კი გულისხმობს ისეთი ტიპის სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც ასრულებს დამაკავშირებელ როლს საზოგადოებას/საზოგადოებრივ ჯგუფებს, პოლიტიკის განსაზღვრაზე პასუხისმგებელ სექტორსა და აკადემიურ სექტორს შორის და უზრუნველყოფს ცოდნის გადაცემასა და კოორდინაციას.

ასევე გირჩევთ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“