საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63


სოციალური სამართლიანობის ცენტრი საგანგაშოდ მიიჩნევს საქართველოში ცენზურისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მზარდ ტენდენციას. აღსანიშნავია, რომ ეს ტენდენცია წლებია ძალას იკრებს და დღეს უკვე საგანგაშო მასშტაბებსა და ფორმებს იღებს, რადგან ცენზურა და გამოხატვის თავისუფლების კონტროლი საკანონმდებლო დონეზეც არის გამტკიცებული და პრაქტიკაშიც ინტენსიურად გამოიყენება სახელმწიფო აპარატის მიერ.
სახელმწიფო კულტურულ დაწესებულებებში კრიტიკულად განწყობილი პროფესიონალების გათავისუფლება, მედიაზე პოლიტიკური ზეწოლა და პროტესტის მონაწილეთა დასჯა წინა წლებშიც გვხვდებოდა, თუმცა 2024 წელი, რომელიც ქვეყნის ავტოკრატიზაციის გზაზე წყალგამყოფი წელი აღმოჩნდა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მხრივაც ნიშანდობლივია. აგრესიული ავტოკრატიზაციის კვალდაკვალ, შეიცვალა როგორც დარღვევათა რაოდენობა, ისე მათი მასშტაბი და ბუნება. ინდივიდუალურ სანქციებს დაემატა კანონმდებლობის სწრაფი და ფუნდამენტური გადაწერა, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების რესურსების შეზღუდვა, საჯარო სამსახურის პოლიტიკური ნიშნით წმენდის შესახებ ასეულობით საქმე, კრიტიკული აზრის ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი დევნა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება გამოხატვის შინაარსის გასაკონტროლებლად. სპექტაკლის პოლიტიკური შინაარსის გამო გაუქმება, პატიმრისთვის მხატვრული ლიტერატურის აკრძალვა, კულტურის სფეროს ხელმძღვანელთა შესაძლო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება და სოციალურ ქსელში (საჯაროობაში) ხელისუფლების კრიტიკისთვის მოქალაქეთა დასჯა ერთმანეთისგან იზოლირებული ფაქტები აღარ არის. ისინი ქმნის გარემოს, რომელშიც სახელმწიფო ინსტიტუტები განსაზღვრავენ, რომელი ხელოვნება, წიგნი თუ პოლიტიკური მოსაზრებაა „მისაღები“.
თანამედროვე ავტოკრატიულ გარემოში ცენზურა სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა დონეზე მუშაობს განსხვავებული აზრის ჩახშობის მიზნით: უშუალოდ კონკრეტული შინაარსის აკრძალვით; სადამსჯელოდ, უკვე გამოხატული აზრის გამო ადამიანის გათავისუფლებით, დისციპლინირებით, დაჯარიმებით ან თავისუფლების აღკვეთით; და სტრუქტურულად, ისეთი სამართლებრივი, ფინანსური და ინსტიტუციური გარემოს შექმნით, სადაც მედიას, ხელოვანს, აკადემიურ პერსონალს, საჯარო მოხელესა და მოქალაქეს წინასწარ უწევს დუმილის ფასთან საკუთარი უსაფრთხოების, სამსახურისა და თავისუფლების ფასის შედარება. სწორედ ამ პრაქტიკების ერთობლიობა წარმოშობს თვითცენზურას და აზიანებს დემოკრატიულ საზოგადოებაშიხ პლურალიზმს.
უახლესი შემთხვევები და განმეორებადი პრაქტიკა
2026 წლის 6 აგვისტოს რუსთავის №5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ნანა სანდერს არ გადასცეს ლაშა ბუღაძის რომანი „დამკვირვებელი“. თავდაპირველად უარის მიზეზად ზეპირად წიგნის „პოლიტიკური“ ხასიათი დასახელდა, ხოლო შემდგომ წერილობით პასუხში სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა წიგნის სათაური „ბუნდოვნად“ და „არაერთმნიშვნელოვნად“ მიიჩნია და აბსტრაქტულად მიუთითა დაწესებულების უსაფრთხოებისა და ნორმალური ფუნქციონირების შესაძლო საფრთხეზე. გადაწყვეტილებაში არ დასახელებულა ნაწარმოების არც ერთი კონკრეტული მონაკვეთი, რომელიც რეალურ საფრთხეს ქმნიდა, და არც ის აუხსნიათ, რატომ ვერ უზრუნველყოფდა შესაძლო რისკის მართვას ნაკლებად შემზღუდავი ღონისძიება.
2026 წლის 1 ივნისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში ამოქმედდა „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო“, რომელსაც მედიასა და სოციალურ ქსელებში გამოხატვის პროაქტიული მონიტორინგი და სავარაუდო „შეურაცხყოფის“, „ღირსების შელახვისა“ და „სიძულვილის ენის“ ფაქტების გამოვლენა დაევალა. მაშინ, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა სიძულვილის ენას დამოუკიდებელ დანაშაულად არ განსაზღვრავს, უწყების მანდატის ბუნდოვანება, გამოხატვის პოლიციური მეთვალყურეობა და პოლიტიკური კრიტიკის „შეურაცხყოფასთან“ შესაძლო გაიგივება შერჩევითი აღსრულებისა და თვითცენზურის მაღალ რისკს ქმნის.[1]
2026 წლის აპრილში PEN საქართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატიმრობაში მყოფ პოეტ ზვიად რატიანს, დახურული ადმინისტრაციული პროცედურით, „მომეტებული რისკის“ სტატუსი მიენიჭა, რის შედეგადაც გაუმკაცრდა პატიმრობის რეჟიმი და შეეზღუდა კონტაქტები. 2025 წლის ოქტომბერში გავრცელებული ცნობებით, მას ასევე არ აძლევდნენ საწერ მასალას, მიუხედავად იმისა, რომ სხვა პატიმრებს კალმითა და რვეულით სარგებლობა შეეძლოთ.
2026 წლის 5 თებერვალს ბათუმის დრამატულმა თეატრმა პრემიერამდე ორი დღით ადრე გააუქმა რეჟისორ გეგა გაგნიძის საავტორო სპექტაკლი „DARK WEB“. თეატრმა გადაწყვეტილების მიზეზად სპექტაკლში მოსალოდნელი „სუბიექტური პოლიტიკური აქტი“ დაასახელა და განაცხადა, რომ სცენაზე პოლიტიკის შემოტანა ხელოვნების ჩარჩოებს სცილდება. თეატრის განცხადება პირდაპირ მიუთითებს, რომ სპექტაკლი გაუქმდა მისი სავარაუდო შინაარსისა და პოლიტიკური გზავნილის გამო.
2025 წლის ივლისში კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მმართველი პარტის საჩივრების საფუძველზე ტელეკომპანიები „ფორმულა“, „TV პირვლი“ და „მთავარი არხი“ ახლად გაფართოებული „მიუკერძოებლობისა“ და „სამართლიანობის“ სტანდარტების დამრღვევებად ცნო. საჩივრები, სხვა საკითხებთან ერთად, შეეხებოდა კრიტიკული მედიის მიერ ხელისუფლების დასახასიათებლად გამოყენებულ გამონათქვამებს: „რეჟიმი“, „რეჟიმის პატიმრები“ და „კლანური სასამართლო“. საკითხები, რომლებიც ადრე მაუწყებლის თვითრეგულირებას განეკუთვნებოდა, სახელმწიფო მარეგულირებლის კონტროლში გადავიდა. პოლიტიკური პარტიის მოთხოვნით კრიტიკული ჟურნალისტური ლექსიკის შინაარსობრივი შეფასება დამოუკიდებელი მედიის სარედაქციო თავისუფლებაში მარეგულირებლის ჩარევის განსაკუთრებით მაღალ რისკს აჩენს.[2]
2025 წლის 26 ივნისს პარლამენტმა დაჩქარებული წესით შეცვალა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი: შეიცვალა ცილისწამების განმარტება და მტკიცების ტვირთი, შეიკვეცა საქმის მომზადების ვადები და დასუსტდა ის სპეციალური გარანტიები, რომლებიც საჯარო ინტერესზე მსჯელობისას ჟურნალისტსა და სხვა გამომხატველს იცავდა. ამ ცვლილებების ერთობლიობა ზრდის კრიტიკული სიტყვის სამართლებრივ ფასს და შესაძლო მოპასუხეებს უბიძგებს, სადავო საზოგადოებრივი საკითხების გაშუქებაზე წინასწარ თქვან უარი.[3]
ამას წინ უძღვოდა 2025 წლის აპრილ–მაისში საზოგადოებრივი მაუწყებლიდან „რეალური სივრცის“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილის, ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და გადაცემის გუნდის სხვა წევრების გათავისუფლება. ზაუტაშვილის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი საფუძველი იყო მისი ინტერვიუ, რომელშიც მან მაუწყებლის მენეჯმენტი ხელისუფლების მიმართ მიკერძოებასა და პროევროპული პოზიციების შევიწროებაში დაადანაშაულა. მაუწყებელმა გადაწყვეტილებები თანამშრომელთა საჯარო განცხადებებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობის ამოწურვას დაუკავშირა და უარყო სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა. დამსაქმებლისავე განმარტებებით, სანქციების კრიტიკულ საჯარო გამოსვლასთან დაკავშირება, გადაცემის გუნდის თანმიმდევრული დაშლა და საზოგადოერბივი მაუწყებლის განსაკუთრებული ვალდებულება, უზრუნველყოს პლურალიზმი, ქმნის არა კლასიკური წინასწარი აკრძალვის, არამედ სავარაუდო სადამსჯელო ცენზურის ძლიერ ნიშნებს.
ამავე კონტექსტში უნდა შეფასდეს კულტურის სამინისტროს მიერ 2025 წლის აპრილში დავით დოიშვილის „ახალი თეატრის“ ხელმძღვანელობიდან გათავისუფლებაც. სამინისტრომ მიზეზად თეატრში შემოქმედებითი პროცესის შეჩერება დაასახელა, ხოლო თეატრის დასმა გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც დასჯა სოლიდარობისა და თავისუფალი აზრისთვის. თავად დოიაშვილმა გათავისუფლება თეატრის საპროტესტო პოზიციასა და დაკავებული მსახიობის მხარდამჭერ საქმიანობას დაუკავშირა. მიხეილ რატიანის სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრიდან გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაციაც მოითხოვს სრულ, საჯარო და დასაბუთებულ განმარტებას.
2025 წლის 1 აპრილს მიღებულმა ცვლილებებმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში აკრძალა მაუწყებლების პირდაპირი და არაპირდაპირი უცხოური დაფინანსება და კომუნიკაციების კომისიას სარედაქციო შინაარსზე ზედამხედველობის ახალი ბერკეტები მიანიჭა. შემდგომმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს უფლებამოსილებები ხელისუფლების კრიტიკული გაშუქების შესაფასებლად გამოიყენებოდა. ფინანსური წყაროების ერთბაშად შეზღუდვა, შინაარსობრივ ზედამხედველობასა და მძიმე სანქციებთან ერთად, დამოუკიდებელ მედიას არა მხოლოდ ცალკეულ გამონათქვამებზე, არამედ ინსტიტუციური არსებობის დონეზე უქმნის საფრთხეს.[4]
გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კონტექსტში უნდა განვიხილოთ 2024 წლის 2 დეკემბერს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის ამოქმედება. ის ზღუდავს ლგბტი ადამიანებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას, საჯარო შეკრებებს, განათლებას, შემოქმედებით ნაწარმოებებსა და მედიაკონტენტს. ნორმები გამოხატვის შეზღუდვას არა კონკრეტული და რეალური ზიანის, არამედ თემისა და იდენტობის ნიშნით აწესებს. ამიტომ ეს პაკეტი ერთდროულად არის შინაარსზე დაფუძნებული საკანონმდებლო ცენზურა, დისკრიმინაცია და ლგბტი ადამიანების კულტურულ ცხოვრებაში თანასწორი მონაწილეობის შეზღუდვა. გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა[5] საქართველოს კანონის გაუქმებისკენ მოუწოდეს და იგი გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებისა და თანასწორობის უფლებებთან შეუთავსებლად მიიჩნიეს.
მიმდინარე ესკალაციას მნიშვნელოვანი წინაისტორია აქვს. 2021–2022 წლებში, თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ეროვნულ მუზეუმში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და სამინისტროს დაქვემდებარებულ სხვა დაწესებულებებში რეორგანიზაციებისა და დისციპლინური მექანიზმების გამოყენებას 70-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლება მოჰყვა. უფლებადამცველი ორგანიზაციები მიუთითებდნენ, რომ გათავისუფლებულთა შორის განსაკუთრებით ჭარბობდნენ პროფესიული გადაწყვეტილებებისა და მინისტრის პოლიტიკის კრიტიკოსები, მათ შორის პროფესიული პეტიციების ხელმომწერები. ამ საქმეებმა აჩვენა, რომ სახელმწიფო დაფინანსებისა და რეორგანიზაციის ბერკეტებით კულტურის სფეროს პოლიტიკური დამორჩილების პრაქტიკა ახალი არ არის; 2024 წლის შემდეგ ის სხვა სექტორებში გავრცელებულ, საკანონმდებლო და ინსტიტუციური წნეხით გამყარებულ სისტემად იქცა.[6]
განსაკუთრებით სახიფათოა ცენზურის ტენდენცია იმ პირობებში, როდესაც ახალი, გამკაცრებული კანონმდებლობის პირობებში საჯარო მოხელეებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ „სიტყვიერი შეურაცხყოფის“, „ლანძღვა-გინებისა“ და სხვა ბუნდოვნად განსაზღვრული გამოხატვისთვის ითვალისწინებს 1 500-დან 4 000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას, განმეორებით შემთხვევაში კი — 60 დღემდე პატიმრობას. ამ ნორმის საფუძველზე მოქალაქეებს უკვე შეეფარდათ პატიმრობა და მაღალი ჯარიმები ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი მიმართული პოლიტიკური შეძახილებისთვის.
სამართლებრივი ანალიზი
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი იცავს არა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელებას, არამედ მის მიღებას, პოლიტიკურ სიტყვას, კრიტიკას, შეფასებით მსჯელობასა და მხატვრულ გამოხატვას. ევროპული სასამართლოს სტანდარტით, პოლიტიკური თანამდებობის პირებსა და საჯარო ინსტიტუტებს კრიტიკის მიმართ უფრო მაღალი თმენის ვალდებულება აქვთ, ხოლო მშვიდობიანი პოლიტიკური გამოხატვისთვის თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ უკიდურეს, გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება იყოს გამართლებული.[7] ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცულია არა მხოლოდ უწყინარი ან ფართოდ მისაღები აზრი, არამედ ის ინფორმაციაც და იდეებიც, რომლებიც სახელმწიფოს ან საზოგადოების ნაწილს „შეურაცხყოფს, შოკში აგდებს ან აღიზიანებს“, ეს პლურალიზმისა და დემოკრატიული საზოგადოების მოთხოვნაა. [8]
პოლიტიკური გამოხატვა, საჯარო ინტერესის საკითხებზე მსჯელობა, ჟურნალისტური საქმიანობა, მხატვრული გამოხატვა და აკადემიური კრიტიკა მე-10 მუხლის დაცვის ბირთვშია. ჩარევა კანონიერია მხოლოდ მაშინ, თუ ერთდროულად აკმაყოფილებს სამ მოთხოვნას: ეფუძნება ხელმისაწვდომ, ზუსტ და განჭვრეტად კანონს; ემსახურება მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში ამომწურავად ჩამოთვლილ ლეგიტიმურ მიზანს; და აუცილებელი და პროპორციულია დემოკრატიულ საზოგადოებაში. „დეპოლიტიზაცია“, სახელმწიფო დაწესებულების რეპუტცაიის დაცვა ან ხელისუფლებისადმი ლოიალურობა ამომწურავ ჩამონათვალში დამოუკიდებელ ლეგიტიმურ მიზნებად არ გვხვდება.
განსაკუთრებით მკაცრ ტესტს უნდა აკმაყოფილებდეს წინასწარ კონკრეტული შინაარსის აკრძალვა, როგორც ეს მოხდა სპექტაკლის გაუქმების თუ პენიტენციურ დაწესებულებაში წიგნის შეტანის აკრძალვის დროს. ევროპული სასამართლო ასეთ შეზღუდვებში ხედავს თანდაყოლილ საფრთხეს და მოითხოვს მკაფიო სამართლებრივ ჩარჩოსა და ეფექტიან სასამართლო გარანტიებს.[9] ამ სტანდარტით „DARK WEB-ის“ პოლიტიკური შინაარსის გამო პრემიერამდე გაუქმება უშუალო წინასწარი ცენზურის ყველაზე მკაფიო შემთხვევაა. იგივე კატეგორიას მიეკუთვნება „დამკვირვებელზე“ წვდომის შეზღუდვა, თუ ადმინისტრაცია ვერ მიუთითებს ტექსტის კონკრეტულ ნაწილსა და ინდივიდუალურ, რეალურ უსაფრთხოების რისკს. საქმეში Osman and Altay v. Türkiye სასამართლომ დაადგინა, რომ პატიმრებისთვის გამოცემებზე უარი ვერ დაეფუძნება ზოგად და სტერეოტიპულ უსაფრთხოების ვარაუდებს: საჭიროა კონკრეტული შინაარსის შეფასება, მიზეზების განმარტება და ინტერესთა რეალური დაბალანსება.[10]
შრომით და საჯარო-სამსახურებრივ ურთიერთობებში ცენზურა ხშირად არ გამოიხატება სიტყვის პირდაპირ აკრძალვაში. სანქცია ან გათავისუფლება მე-10 მუხლში ჩარევაა, როდესაც მასა და დაცულ გამოხატვას შორის საკმარისი მიზეზობრივი კავშირი არსებობს. ამის შესაფასებლად არსებითია გადაწყვეტილების დრო, დამსაქმებლის საჯარო განმარტებები, კრიტიკული პირების შერჩევითი დაზარალება, ოფიციალური მიზეზების თანმიმდევრულობა, პროცედურული დარღვევები და სანქციის სიმძიმე. საქმეში Baka v. Hungary დიდი პალატისთვის განმსაზღვრელი იყო თანამდებობის შეწყვეტასა და ხელისუფლების კრიტიკას შორის კავშირი და სხვა პირებზე წარმოქმნილი მსუსხავი ეფექტი.[11] საქმეში Rubins v. Latvia[12] უნივერსიტეტის პროფესორის გათავისუფლება ხელმძღვანელობის კრიტიკის შემდეგ არაპროპორციულ ჩარევად შეფასდა. ამგვარად, საჯარო მოხელეების თუ ჟურნალისტების გათავისუფლების საქმეები შეიძლება პირდაპირ არ მოინიშნოს „ცენზურად“ მტკიცებულებების ინდივიდუალური შეფასების გარეშე; თუმცა არსებულ კონტექტსში ქმნის სადამსჯელო ცენზურის ნიშნებს და სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, წარმოადგინოს დამაჯერებელი, პოლიტიკურად ნეიტრალური და პროპორციული დასაბუთება. ჟურნალისტების გათავისუფლების და მაუწყებლობაში ჩარევის საქმეებში ეს ტესტი კიდევ უფრო მკაცრია: Wojtas-საქმეში Kaleta v. Poland-ში სასამართლომ მე-10 მუხლის დარღვევა დაადგინა, როდესაც საზოგადოებრივი ტელევიზიის ჟურნალისტი პროგრამული პოლიტიკის საჯარო კრიტიკისთვის დისციპლინურად დასაჯეს.[13] Manole and Others v. Moldova-ში სასამართლომ ხაზი გაუსვა სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა და სარედაქციო პლურალიზმი, განსაკუთრებით მაშინ, როცა იგი ეროვნული ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროა.[14]
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან ერთად, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი პირდაპირ იცავს შემოქმედებით თავისუფლებას, კრძალავს შემოქმედებით პროცესში ჩარევასა და ცენზურას და ნაწარმოების გავრცელების აკრძალვას მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და სხვათა უფლებების დაცვის მიზნით უშვებს. გარდა ამისა, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-15 მუხლი იცავს კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობასა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის აუცილებელ თავისუფლებას. გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის №21 ზოგადი კომენტარის მიხედვით, კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობა მოიცავს კულტურის შექმნას, მასზე წვდომასა და მასში წვლილის შეტანას; სახელმწიფოს პატივისცემის ვალდებულება კი გულისხმობს ხელოვნებასა და კულტურული გამოხატვის სხვა ფორმებზე ცენზურის გაუქმებას.[15]
ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიის ან საჯარო მოხელის კრიტიკა მხოლოდ იმიტომ არ იქცევა „სიძულვილის ენად“, რომ იგი მკვეთრი, გამაღიზიანებელი ან შეურაცხმყოფელია. სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისგან დაცვა არ არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის თვითკმარი ლეგიტიმური მიზანი. განსაკუთრებით მძიმე სანქციები და პატიმრობის საფრთხე მოქალაქეებში იწვევს მსუსხავ ეფექტს, ადამიანები თავს იკავებენ კანონიერ პროტესტში მონაწილეობისგან, ხელისუფლების კრიტიკისა და ხელოვნებაში პოლიტიკური თემების წარმოჩენისგან. ამ საფრთხეებზე მიუთითა ეუთო/ოდირმაც საქართველოს შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებების შეფასებისას.[16]
კულტურული უფლება მხოლოდ ხელოვანის ინდივიდუალური თავისუფლება არ არის: იგი მაყურებლისა და საზოგადოების უფლებასაც იცავს, ჰქონდეს წვდომა მრავალფეროვან ხელოვნებაზე, ლიტერატურასა და იდეებზე. სახელმწიფო თეატრის, მუზეუმის ან სხვა კულტურული დაწესებულების დაფინანსება ხელისუფლებას არ ანიჭებს უფლებას, ხელოვნება „სამთავრობო სიტყვად“ გადააქციოს. პირიქით, როდესაც სახელმწიფო კულტურული ინფრასტრუქტურის მთავარი დამფინანსებელი და დამსაქმებელია, მას განსაკუთრებული ვალდებულება ეკისრება, რესურსები და საკადრო გადაწყვეტილებები პოლიტიკური ლოიალობის მიხედვით არ გაანაწილოს. გაეროს სპეციალური მომხსენებელი კულტურული უფლებების საკითხებში ასევე მიუთითებს, რომ მხატვრული თავისუფლება იცავს ხელოვანის უფლებას, დაუპირისპირდეს დომინანტურ ძალაუფლებას, გამოიყენოს პოლიტიკური სიმბოლოები და წარმოსახვის საშუალებით დასვას სადავო საზოგადოებრივი საკითხები.[17] ავტოკრატიზაციის კვლევაში მედიის ცენზურა, სამოქალაქო ორგანიზაციების რეპრესირება და აკადემიური თუ კულტურული თავისუფლების დასუსტება თანამედროვე ხელისუფლებების მიერ პლურალიზმის თანდათანობითი დემონტაჟის ურთიერთდაკავშირებულ მეთოდებად განიხილება.
2024 წლის შემდეგ მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების კასკადი, რომელმაც გამოხატვის თავისუფლება არაერთი მიმართულებით შეზღუდა და დაამძიმა სწორედ აგრესიული და სწრაფი ავტოკრატიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები იყო. V-Dem-ის 2026 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა 2019 წლიდან მიმდინარეობს, 2023–2025 წლებში მკვეთრად გაღრმავდა და ქვეყანა 2025 წლისთვის „საარჩევნო ავტოკრატიად“ კლასიფიცირდა. ამავე გლობალური მონაცემებით, ავტოკრატიზებად ქვეყნებში მედიის ცენზურა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული ინსტრუმენტია და მას ხშირად ახლავს სამოქალაქო სივრცისა და აკადემიურ-კულტურული თავისუფლების შეზღუდვა.[18]
სისტემურ კრიზისზე საუბრობდნენ გაეროს სპეციალური მომხსენებლებიც, როდესაც 2026 წლის 1 აპრილს, საქართველოს ხელისუფლებას გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებების ერთობლივი და მკვეთრი გაუარესების შესახებ მიმართეს და ყურადღება გაამახვილეს საჯარო მოხელეთა გათავისუფლებაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების დისციპლინირებაზე, მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების შემზღუდავ კანონებსა და პროტესტის მონაწილეთა დასჯაზე.[19] ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა 2026 წლის ივნისში მოუწოდა ხელისუფლებას, შეცვალოს შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებების მზარდად შემზღუდავი კანონები და აღნიშნა მედიაში თვითცენზურის წარმოშობის რისკების შესახებ.[20] ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშმაც მაუწყებლობის, „უცხოური აგენტებისა“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონები გამოხატვისა და მედიის თავისუფლების გაუარესებას დაუკავშირა.[21]
გარდა საერთაშორისო შეფასებებისა, საქართველოს სახალხო დამცველმაც 2024 და 2025 წლებში შეაფასა მედიის და გამოხატვის თავისუფლების მხრივ არსებული მდგომარეობა, ნეგატიურად შეაფასა ის ცვლილებები, რაც მაუწყებლობის შესახებ კანონში შევიდა, ასევე განმარტა რომ კომუნიკაციების ეროვნული სააგენტოს პრაქტიკაში რამდენიმე შემთხვევაში გამოვლინდა ხელისუფლებისადმი კრიტიკული პოზიციების გამო სამართლიანობის და მიუკერძოებლობის მოთხოვნის დარღვევა თუმცა სააგენტოს არ შეუფასებია უფლების შეზღუდვის „აუცილებლობა“. [22] სახალხო დამცველის 2024 წლის შეფასებით, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა მზღუდავმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, გარდა ამისა ნეგატიურად შეაფასა იმ დანაშაულებების გამოძიების პროცესი რომელიც ჟურნალისტების წინააღმდეგ იყო ჩადენილი განსაკუთრებით საპროტესტო აქციების კონტექსტში 2024 წელს.[23]
მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ცენზურის ნორმალიზება და კულტურულ-აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა აგრესიული და სტრაფი ავტოკრატიზაციის თანმდევი ნაწილია. რეპრესიული პრაქტიკის ნორმალიზებას კი უპირობოდ ექნება მსუსხავი ეფექტი გამოხატვის თავისუფლებაზე არაერთი მიმართულებით, განსაკუთრებით საგანგაშო კი ეს შედეგები კულტურის სფეროში, მედიასა და აკადემიურ სივრცეშია.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:
[1] სოციალური სამართლიანობის ცენტრი; https://socialjustice.org.ge/ka/products/rogor-khdeba-gamokhatvis-tavisuflebis-sistemuri-erozia-sakartveloshi; პენ საქართველო: ხელისუფლება ქვეყანას საბჭოთა ცენზურის ყველაზე ბნელ წლებში აბრუნებს, https://pengeorgia.ge/2026/06/02/khelisufleba-qvekanas-yvelaze-bnel/
[2] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ტელეკომპანიების - ,,ფორმულას’’, ,,ტვ პირველის’’ და ,,მთავარი არხის’’ - წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები არსებითად ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ სტანდარტებს. https://socialjustice.org.ge/ka/products/komunikatsiebis-erovnuli-komisiis-mier-telekompaniebis-formulas-tv-pirvelis-da-mtavari-arkhis-tsinaaghmdeg-mighebuli-gadatsqvetilebebi-arsebitad-etsinaaghmdegeba-gamokhatvis-tavisuflebis-fundamentur-standartebs
[3] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, “ქართული ოცნების” ახალი საკანონმდებლო ინიციატივა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სამართლებრივ დემონტაჟს ახდენს, https://socialjustice.org.ge/ka/products/kartuli-otsnebis-akhali-sakanonmdeblo-initsiativa-sitqvisa-da-gamokhatvis-tavisuflebis-samartlebriv-demontazhs-akhdens
[4] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ კანონში ინიცირებული ცვლილებები ძირს უთხრის მედიის და გამოხატვის თავისუფლებებს, https://socialjustice.org.ge/ka/products/mautsqeblobis-shesakheb-kanonshi-initsirebuli-tsvlilebebi-dzirs-utkhris-mediis-da-gamokhatvis-tavisuflebebs
[5] Georgia must repeal discriminatory law targeting LGBT persons and human rights activists: UN experts, https://www.ohchr.org/en/press-releases/2024/09/georgia-must-repeal-discriminatory-law-targeting-lgbt-persons-and-human
[6] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ISFED და საია აგრძელებენ კულტურის სფეროდან უკანონოდ გათავისუფლებულთა უფლებების დაცვას, https://socialjustice.org.ge/ka/products/sotsialuri-samartlianobis-tsentri-isfed-da-saia-agrdzeleben-kulturis-sferodan-ukanonod-gatavisuflebulta-uflebebis-datsvas
[7] Guide on Article 10 of the European Convention on Human Rights, Freedom of expression, 21-30.
[8] ECHR, Handyside v. the United Kingdom; Application no. 5493/72, https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22itemid%22:[%22001-57499%22]}
[9] Observer and Guardian v. the United Kingdom; Application no. 13585/88. 1991, https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22itemid%22:[%22001-57705%22]}
[10] Osman and Altay v. Türkiye - 23782/20 and 40731/20; Judgment 18.7.2023, https://hudoc.echr.coe.int/#{%22itemid%22:[%22002-14160%22]}
[11] CASE OF BAKA v. HUNGARY, Application no. 20261/12; 2016. https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22itemid%22:[%22001-163113%22]}
[12] CASE OF RUBINS v. LATVIA, Application no. 79040/12, 2015. https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22itemid%22:[%22001-149204%22]}
[13] CASE OF WOJTAS-KALETA v. POLAND, Application no. 20436/02, 2009. https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22itemid%22:[%22001-93417%22]}
[14] CASE OF MANOLE AND OTHERS v. MOLDOVA, Application no. 13936/02. https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22itemid%22:[%22001-94075%22]}
[15] CESCR, ზოგადი კომენტარი №21, პუნქტები 15, 48–49; https://docstore.ohchr.org/SelfServices/FilesHandler.ashx?enc=UuJTLZRYJVHd5U98rdNSsIqjU09WOTuphIpzPzKJyscE%2BUnDyg4zH6xXZR8aK8QJrDtE2J5E4kyJ5iYkr9FUyg%3D%3D
[16] URGENT OPINION ON THE AMENDMENTS TO THE CODE OF ADMINISTRATIVE OFFENCES AND THE CRIMINAL CODE OF GEORGIA (AS ADOPTED ON 16 OCTOBER 2025), para 18-23.
[17] A/HRC/23/34, Report of the Special Rapporteur in the field of cultural rights, Farida Shaheed - The right to freedom of artistic expression and creativity, ხელმისაწვდომია: https://ap.ohchr.org/documents/dpage_e.aspx?si=A/HRC/23/34
[18] V-Dem institute, DEMOCRACY REPORT 2026 Unraveling The Democratic Era?, https://www.v-dem.net/documents/75/V-Dem_Institute_Democracy_Report_2026_lowres.pdf
[19] AL GEO 1/2026, ხელმისაწვდომია: https://spcommreports.ohchr.org/TMResultsBase/DownLoadPublicCommunicationFile?gId=30883
[20] Georgia: Council of Europe Commissioner calls for accountability of law enforcement and expresses concerns regarding mounting restrictions on democratic freedoms, June 2026, https://www.coe.int/en/web/commissioner/-/georgia-council-of-europe-commissioner-calls-for-accountability-of-law-enforcement-and-expresses-concerns-regarding-mounting-restrictions-on-democratic-freedoms
[21] Georgia 2025 Report, 2025 Communication on EU enlargement policy, ხელმისაწვდომია: https://enlargement.ec.europa.eu/document/download/b3089ad4-26be-4c6a-84cc-b9d680fe0a48_en?filename=georgia-report-2025.pdf
[22] სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიში, გვ 175.
[23] სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიში, გვ 170-172.
ინსტრუქცია