საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63


დღეს, 9 სექტემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ნიკოლოზ მარგველაშვილმა ძალაში დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 20 იანვრის განაჩენი ჭიათურის პროტესტის მონაწილე მაღაროელების და მათი თანამებრძოლების საქმეზე. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის საჩივარი, რომელიც მერაბ სარალიძის, გიორგი ნეფარიძის, არჩილ ჭუმბურიძისა და თენგიზ გველესიანის უდანაშაულოდ ცნობას ითხოვდა. შედეგად, უცვლელი დარჩა სსკ-ის 225-ე მუხლის საფუძველზე (რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს), მერაბ სარალიძისა და გიორგი ნეფარიძისთვის მისჯილი პატიმრობა 6 წლისა და 3 თვის ვადით, ხოლო არჩილ ჭუმბურიძის და თენგიზ გველესიანის შემთხვევაში - 4 წლისა და 3 თვის ვადით.
დღევანდელი განაჩენი მორიგი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ სასამართლო მტკიცებულებებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების პრინციპებით კი არ ხელმძღვანელობს, არამედ პროტესტის დასჯის მექანიზმის ერთ-ერთ ინსტრუმენტად არის ქცეული. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მერაბ სარალიძის მხრიდან განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტს.
მოცემულ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის 225-ე მუხლით დაუმძიმდათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს. მიგვაჩნია, რომ საქმეში არსებული გარემოებები არ შეესაბამება ქმედების კვალიფიკაციას და მოცემულ შემთხვევაში ორგანიზებულ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, მერაბ სარალიძე 2025 წლის 28 აპრილს მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა, იგი არც წარმართავდა, არც ხელმძღვანელობდა და არც რაიმე მითითებებს გასცემდა ინციდენტის დროს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს როგორც პროკურატურის, აგრეთვე, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 1) მსჯავრდებულებს არ გადაუკეტავთ გზა დაზარალებულად ცნობილი პირის ავტომობილისთვის. გზა არსებული ბუნებრივი პირობებისა და ავტომობილების სიმრავლის გამო ჩაიხერგა; 2) მსჯავრდებულ მერაბ სარალიძეს რაიმე გავლენა გზის ჩახერგვაზე არ ჰქონია და ადგილზე მყოფი პირებისთვის რაიმე მითითებები არ მიუცია; 3) დაზარალებულად ცნობილი პირისთვის უცნობი იყო, ვინ იძალადა მასზე ფიზიკურად. კერძოდ, სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმმა, რომელსაც პირველი შეხება ჰქონდა დაზარალებულთან, აღნიშნა, რომ დაზარალებულმა მასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას არ დაუნახავს, ვინ ურტყამდა სხეულის სხვადასხვა ნაწილში; 4) ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ მოწმეთა ნაწილს არ შეეძლო ბრალდებულების ამოცნობა და მნიშვნელოვანი საპროცესო მოქმედებები ჩატარებული იყო საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით. თავად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დაზარალებულის სიახლოვეს არაერთი პირი იყო, მათ შორის უცნობი პირები და პროცესების მიმდინარეობის დრო არ გამორიცხულა ეჭვები უცნობი პირის/პირების მიერ ძალადობრივი ქმედების განხორციელების თაობაზე.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეპიზოდს, რომლის გამოც დაკავებულებს მსჯავრი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობისთვის დაედოთ, ადგილი ჰქონდა ჭიათურაში მიმდინარე ხანგრძლივი პროტესტის ფარგლებში, რომელიც დღემდე გრძელდება. გასული წლის თებერვლის ბოლოდან “ჯორჯიან მანგანეზმა”, რომელიც იმ დროისთვის 3500-მდე მაღაროელს ასაქმებდა, მშრომელებისთვის ხელფასის გადახდა შეწყვიტა, რის გამოც მთელი ჭიათურა ჰუმანიტარული კატასტროფის რეალობაში, პრაქტიკულად შიმშილის პირას აღმოჩნდა. მაღაროელები და მათი მხარდამჭერები სწორედ კომპანიის ამ ნაბიჯს აპროტესტებდნენ და მაღაროებში სამუშაოების აღდგენას ითხოვდნენ. სასამართლომ არც ერთ ეტაპზე არ მიიღო მხედველობაში საქმის კონტექსტი და ის გარემოება, რომ მოცემულ საქმეში დაზარალებული შუქრუთის მაღაროს დირექტორია, რომელიც, თავის მხრივ, დასაქმებულების პროტესტის ერთ-ერთი ადრესატი იყო, ხოლო მაღაროელებსა და კომპანიის წარმომადგენელს შორის, სიტყვიერ დაპირისპირებას ვითარების სპონტანური ესკალაცია მოჰყვა, რომლის ფონი რამდენიმეთვიანი უსამართლობის და ჩაგვრის განცდა იყო.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს მერაბ სარალიძისა და სხვა მაღაროელების უფლებების დაცვას. ეს საქმე ნათლად აჩვენებს ხელისუფლების პოლიტიკას, რომელიც მშრომელთა სოციალური პროტესტის პასუხად სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას დასჯის ინსტრუმენტად იყენებს და მოქალაქეების წინააღმდეგობას რეპრესიული მეთოდებით თრგუნავს.
ინსტრუქცია