[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

დიღმის ჭალები ისევ საფრთხის წინაშე დგას - სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაცულ ტერიტორიასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს აფასებს

შესავალი

მიმდინარე წელს ცნობილი გახდა, რომ კერძო კომპანიამ დიღმის ჭალებში ორ სპორტული მოედნის მშენებლობის უფლება მოიპოვა და ამით, საბოლოოდ, რეალურად იქცა ჭალების დანაწევრებისა და რეკრეაციული ზონის შეკუმშვის საფრთხე, რაზეც ადგილობრივები წლების განმავლობაში შიშობდნენ და რის შესაჩერებლადაც უნიკალური სამოქალაქო ბრძოლის გამოცდილება შექმნეს. უფრო ზუსტად, 2025-2026 წლებში, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა დაჩქარებული და გაუმჭვირვალე პროცედურის ფარგლებში, ერთმანეთის მიყოლებით მიიღეს გადაწყვეტილებები, რომლებმაც საბოლოო ჯამში გზა გაუხსნა კერძო კომპანიისთვის, შპს „სპორტული კლუბი ათლეტიკისთვის“, ორი სპორტული სტადიონისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობას, წავის კუნძულიდან სულ რაღაც 400-450 მეტრის დაშორებით. სამშენებლო და მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებიდან მალევე, ადგილზე დაფიქსირდა ჭალის ტყის მასშტაბური დაზიანება.

დიღმის ჭალები თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ერთ-ერთი უკანასკნელი შემორჩენილი ჭალის ტყის ეკოსისტემაა დედაქალაქში,  რომელიც ბიომრავალფეროვნების, ქალაქის კლიმატური მდგრადობის, წყალდიდობის რისკის შემცირების და მოსახლეობის რეკრეაციული საჭიროებების თვალსაზრისით განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ტერიტორიის ნაწილი, „თბილისის წავის კუნძული“ (GE0000048), ბერნის კონვენციით დაცული ზურმუხტის ქსელის ოფიციალური საიტია და გამრავლების ადგილს წარმოადგენს წითელ ნუსხაში შეტანილი ევრაზიული წავისთვის, ისევე როგორც ბერნის კონვენციის მე-6 რეზოლუციით დაცული არაერთი სხვა სახეობისთვის. ადგილობრივი მოსახლეობა წლების განმავლობაში იბრძოდა დიღმის ჭალების დასაცავად, აპროტესტებდა ამ ტერიტორიაზე უკანონო ნარჩენების განთავსებასა და ინერტული მასალის მოპოვებას და მოითხოვდა დეგრადირებული ჭალის ტყის აღდგენას. ეს მრავალწლიანი ძალისხმევა ნაწილობრივ აისახა კიდეც სახელმწიფოს მიერ მიღებული პოლიტიკის დოკუმენტებში, მათ შორის, „დიღმის ჭალების აღდგენის სტრატეგიაში“.

წინამდებარე დოკუმენტი აანალიზებს ამ პროცესის ქრონოლოგიასა და აჩვენებს, რომ მიწის ნაკვეთის დანაწევრება, სარეკრეაციო სტატუსის შეცვლა და მშენებლობის ნებართვის გაცემა ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, ისე თავად სახელმწიფოს მიერ მიღებულ პოლიტიკის დოკუმენტებს და ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით უფლებებს.

1. კონტექსტი - რა უძღოდა წინ სპორტული მოედნების მშენებლობის ნებართვის გაცემას

 1.1 დიღმის ჭალების  არსი და მნიშვნელობა ქალაქისთვის

დიღმის ჭალები თბილისში, ოლიმპიური სოფლის მიმდებარედ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. ჭალა და მისი მიმდებარე ტერიტორია სულ 190 ჰექტარია, საიდანაც 67 ჰექტარი კერძო საკუთრებას წარმოადგენს, 123 ჰექტარი კი სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაშია. ამ ტერიტორიიდან დაახლოებით 70 ჰექტარი ჭალის ტყეებს უჭირავს. დიღმის ჭალები ქალაქისთვის უჩვეულო ბუნებრივი ეკოსისტემით გამოირჩევა, რომელიც ძირითადად ჭალის ტყისთვის დამახასიათებელი მცენარეულობით - ვერხვის, მუხის, ტირიფის ხეებით, ბუჩქნარითა და ბალახეულობით არის დაფარული. ჭალებში ასევე ვხვდებით გარეულ ცხოველთა და ფრინველთა სხვადასხვა სახეობებსაც, მათ შორის, მელიებსა და წავებს.[1]

ჭალის ტყეები უზრუნველყოფს წყლისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, წყალდიდობის გავლენის შემცირებას, ქმნის ჰაბიტატს ველური სახეობისთვის და სარეკრეაციო ზონას ქალაქის მოსახლეობისთვის.[2] ჭალის ტყის ფუნქციებს შორის ასევე ჩამოთვლიან მდინარის ნაპირის სტაბილიზაციას, წყალდიდობის შეკავებას, მიკროკლიმატის რეგულაციას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას და სხვ.[3]

ბიომრავალფეროვნების სპეციალისტების შეფასებით, ჭალის ტყეები უნიკალურ, თუმცა ამავე დროს უკიდურესად მოწყვლად ეკოსისტემას წარმოადგენს. ამგვარი ტიპის ტყეები, როგორც წესი, მშრალ ზონებში მდებარეობს და საარსებოდ მათ პერიოდულად, რამდენიმე წელიწადში ერთხელ წყლით დაფარვა ესაჭიროებათ. დღეისათვის საქართველოში ჭალის ტყეების მცირე ნაწილია შემორჩენილი, სწორედ ამიტომ, მტკვარზე შემორჩენილი ნებისმიერი ჭალის ტყის დაცვა და შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.[4]

1.2 თბილისის წავის კუნძული - ზურმუხტის ქსელის ტერიტორია

დიღმის ჭალებში წითელ წიგნში შეტანილი არაერთი დაცული სახეობის ჰაბიტატია. მათ შორის, მთავარია წავი. დიღმის ჭალებში მდებარე „თბილისის წავის კუნძული“ (GE0000048), ბერნის კონვენციით დაცული ობიექტია და როგორც ზურმუხტის ქსელის საიტს აქვს „განსაკუთრებული კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიის“ სტატუსი. „ზურმუხტის ქსელი“ არის პან-ევროპული ეკოლოგიური ქსელი, რომელიც ემსახურება ველური ფაუნისა და ფლორის საერთაშორისოდ მნიშვნელოვანი სახეობებისა და მათი ჰაბიტატების (საცხოვრებელი გარემოს) გრძელვადიან გადარჩენას. ზურმუხტის ქსელის ჩამოყალიბება „ევროპის ველური  ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის (ბერნის კონვენცია, 1979) აუცილებელი მოთხოვნაა და კონვენციის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია.  საქართველო ბერნის კონვენციის ხელშემკვრელი მხარეა 2008 წლიდან.

“თბილისის წავის კუნძულის” ფართობი 12,68 ჰექტარია. წავის კუნძულის მართვის გეგმის მიხედვით, ამავე არეალში სხვა მსგავსი კუნძულებიც არის, რომელთა ნაწილი პერიოდულად წყლით იფარება.[5] წავის კუნძული წლის უმეტეს პერიოდში იზოლირებულია, თუმცა ზაფხულში, გვალვის პერიოდში, როდესაც მდინარის დონე იკლებს, წავის კუნძულზე გადასვლა ფეხით არის შესაძლებელი.[6]

წავის კუნძულზე, წავების (ევრაზიული წავი (lutra lutra)) გარდა, გვხვდება ბერნის კონვენციით დაცული სხვა არაერთი სახეობა, მათ შორის, ჭაობის კუ (Emys orbicularis), კასპიური კუ (Mauremys caspica) ხმელთაშუაზღვის კუ (Testudo graeca), ალკუნი (Alcedo atthis); ღამის ყანჩა (Nycticorax nycticorax); მცირე თეთრი ყანჩა (Egretta garzetta).

ზურმუხტის ამ ტერიტორიის საკვანძო სახეობა - ევრაზიული წავი (Lutra lutra) შეტანილია ბერნის კონვენციის მე-6 რეზოლუციაში, დაცულია ევროკავშირის ჰაბიტატების დირექტივით (Council Directive No. 92/43/EEC); წავს ასევე იცავს კონვენცია „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ (CITES), ხოლო ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელი ნუსხის მიხედვით მინიჭებული აქვს კატეგორია საფრთხესთან ახლოს მყოფი (NT).[7]

1.3 დიღმის ჭალების დაზიანების ქრონიკა

ზოგიერთი ცნობით, დიღმის ჭალების დეგრადაცია, სულ მცირე, 2006 წლიდან მიმდინარეობს. თუმცა, ურბანიზაციის პროცესის სწრაფი ტემპის შედეგად ჭალაზე უარყოფითი ზემოქმედება განსაკუთრებით გაიზარდა, მათ შორის, 2014 წელს ოლიმპიური სოფლის მშენებლობით. აღნიშნულმა პროცესებმა ხელი შეუწყო ჭალაში სატვირთო მანქანების შეღწევას, რომლებიც ჭალას იყენებდნენ ინერტული ნარჩენების განთავსებისათვის, რის შედეგადაც დიღმის ჭალა ფაქტობრივად გადაიქცა ამ ტიპის ნარჩენების ნაგავსაყრელად.[8]

2021 წლის მდგომარეობით,  აღმოჩნდა, რომ დაბინძურებული იყო 40 ჰექტარამდე ტერიტორია ზედ განთავსებული 400 000 კუბური მეტრზე მეტი ნარჩენით, ანუ ჭალის ტყის დიდი ნაწილი, დაახლოებით 21% ნაგვის გორებშია ჩაფლული.[9] ტერიტორიაზე მოხვედრილი ნარჩენების წყარო სხვადასხვაა. აქ ვხვდებით მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა უბნებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მორჩენილ სამშენებლო ნაგავს, კომპანიების/საწარმოების მიერ შემოტანილ ინერტულ თუ საოფისე ნარჩენებს.

დიღმის ჭალის დეგრადაციის პროცესში ასევე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მდინარე მტკვარის კალაპოტში ინერტული მასალის (ქვიშა-ხრეშის) ინტენსიურმა მოპოვებამ, რის შედეგადაც ოლიმპიური სოფლის ჩრდილოეთით, მდინარის მარჯვენა სანაპიროზე, განვითარდა მცირე ზომის მრავალი კარიერული ორმო. მიუხედავად გარკვეული შემაჩერებელი ღონისძიებების გატარებისა, დიღმის ჭალის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის უნებართვო და ბუნებრივი გარემოსთვის საზიანო საქმიანობები წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ჭალის ტყის აღმოსავლეთით არსებული ტერიტორია ქვიშა-ხრეშის მოპოვების შემდგომ ღიად დატოვებული კარიერებით არის დაფარული და მცენარეული საფარი ინერტული მასალის გროვებს აქვს ჩანაცვლებული.[10] დიღმის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტმა დამატებითი ზეგავლენა მოახდინა ჭალის ეკოსისტემაზე.[11] პროექტის მშენებლობა 2023 წელს დაიწყო და რამდენიმე წელში დასრულდა. საგულისხმოა, მართვის გეგმის ავტორები კრიტიკულად აფასებენ ჰესის მშენებლობამდე კომპანიის მიერ მომზადებული კვლევებს და მიუთითებენ, რომ სკრინინგის ანგარიშში საერთოდ არ არის ნახსენები, რომ ჰიდროელექტროსადგურიდან 3 კმ-ში მდებარეობს კუნძული, რომელიც წარმოადგენს ზურმუხტის ქსელის ტერიტორიას და რომ კუნძულზე და მიმდებარედ ბინადრობენ ბერნის კონვენციის მე-6 რეზოლუციით დაცული სახეობები.[12]

1.4 ადგილობრივების ბრძოლა დიღმის ჭალების შესანარჩუნებლად

დიღმის ჭალების დასაცავად ბრძოლა ადგილობრივებმა წლების წინ, დაახლოებით 2020 წლიდან დაიწყეს. ისინი, ცდილობდნენ, ერთი მხრივ, აღეკვეთათ, ქვიშა-ხრეშის მოპოვების და სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიაზე განთავსების უკანონო პროცესი, ხოლო მეორე მხრივ, ცდილობდნენ ადვოკატირებას დეგრადირებული გარემოს აღდგენის, ნიადაგის რეკულტივაციის და შემდგომ ტყე-პარკის მოსაწყობად.[13] ადგილობრივები, წლების განმავლობაში, ახდენდნენ უკანონო საქმიანობის შემთხვევების დოკუმენტირებას და მიმართავდნენ მუნიციპალიტეტის მერიის თუ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ორგანოებს. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მანამ სანამ ისინი ტერიტორიის დასაცავად აქტიურობას დაიწყებდნენ და სხვადასხვა უწყებებს მიმართავდნენ საჩივრებით, ჭალის ტერიტორიაზე ნაგვის შემოტანა იმდენად გახშირებული იყო, რომ წუთში ინერტული ნარჩენით დატვირთული რამდენიმე სატვირთო მანქანა შემოდიოდა.[14]

2021 წელს ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ანა ტრაპაიძემ სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავალებოდა სამშენებლო/ინერტული ნარჩენების/ნაგვის გატანა დიღმის ჭალების ტერიტორიაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ანა ტრაპაიძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა დიღმის ჭალებიდან სამშენებლო და ინერტული მასალის გატანა და ტერიტორიის დასუფთავება. ეს შეეხო მუნიციპალიტეტის, სახელმწიფოს და სახელმწიფო კომპანიის (შპს „სპორტმშენსერვისი“) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს. სასამართლოს პოზიციით, თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული დანაგვიანებული ტერიტორიის დასუფთავების ვალდებულება, თუ ეს ტერიტორია არ წარმოადგენს კერძო საკუთრებას,  ეკისრება თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების სისტემას. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს 2024 წლის 20 ნოემბრით დათარიღებული სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, თითქმის ერთი წლის შემდეგ, 2025 წლის 15 ოქტომბერს გაეგზავნა.  გადაწყვეტილება მერიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

2024 წლის მარტში, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ დაანგრია ყველა ობიექტი, რომელიც ჭალების ტერიტორიაზე უკანონოდ იყო აგებული და მოპოვებული ინერტული მასალის გადასამუშავებელ კუსტარულ საწარმოებად გამოიყენებოდა.

2. ორი სპორტული სტადიონის და დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დიღმის ჭალებში

უკანასკნელი საფრთხე, რომელიც დიღმის ჭალების ბიოლმრავალფეროვნებას და ზურმუხტის ქსელით დაცულ ჰაბიტატს და სახეობებს ემუქრება წავის კუნძულიდან დაახლოებით 400-450 მეტრის დაშორებით დაგეგმილი სტადიონის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობაა. პროექტის განხორციელების თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი აჩვენებს, რომ იგი წარიმართა დაჩქარებულად, ფორმალურად, ადგილობრივების მონაწილეობის უფლებების უგულებელყოფით და არც ერთ ეტაპზე მხედველობაში არ ყოფილა მიღებული მნიშვნელოვანი ეკოსისტემის დაცვის წონადი ინტერესი.

უფრო ზუსტად,  2025 წლის 10 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობაში შემავალმა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“  (შემდგომში, ასევე „სააგენტო“) წერილით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და სთხოვა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 45000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის გაყოფა და გაყოფის შედეგად მიღებული 26600 კვ. მ. მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემა. ამავე წერილში, სააგენტო მიუთითებდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის უკვე დაინტერესებული იყო შპს „სპორტული კლუბი „ათლეტიკი“ (შემდგომში, ასევე, „კომპანია“), რომელიც ამ ტერიტორიაზე „სპორტული ინფრასტრუქტურის“ განვითარებას გეგმავდა.[15] აღსანიშნავია, რომ სპორტულმა კლუბმა მიწის ნაკვეთის აღნაგობის ფორმით გადაცემა, თავის მხრივ, 10 ივნისის წერილით ითხოვა, რაც ნიშნავს იმას, რომ სააგენტომ მერიას კერძო კომპანიის წერილის მიღების დღესვე მიმართა.  

მერიამ სააგენტოს წერილის მიღების შემდეგ, დაიწყო დიღმის ჭალებში არსებული ნაკვეთების გამიჯვნა და დანაწევრება. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ „ქონების მართვის სააგენტომ“ 2024 წლის ჯერ კიდევ 11 ივნისის ბრძანებით, მიზანშეწონილად მიიჩნია დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში არსებული 159168 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №01.72.14.009.448) ორ მიწის ნაკვეთად გამიჯვნა: №1 მიწის ნაკვეთი – 114168 კვ.მ. ფართობით; №2 მიწის ნაკვეთი – 45000 კვ.მ. ფართობით.

31 ივლისის ბრძანებით, პირველი მიწის ნაკვეთი (114168 კვ.მ) კიდევ დაიყო 87721 კვ.მ. და
26447 კვ.მ. ფართობების ნაკვეთებად. სააგენტოს მიმართვის შემდეგ, დანეწევრებას დაექვემდებარა თავდაპირველად გამიჯნული მეორე მიწის ნაკვეთიც (45000 კვ.მ), რომელიც 2025 წლის 23 ივნისის ბრძანებით ორად დაიყო: 18669 კვ.მ. და 26331 კვ.მ. ფართობების ნაკვეთებად. სწორედ ამ უკანასკნელ მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობს ამჟამად სტადიონების მშენებლობა.

ამასთან, როგორც ირკვევა, სააგენტოს წერილის მიღებიდან მალევე, მუციპალიტეტის მერიამ საკუთარი თემატური უწყებებს სთხოვა მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ პოზიციების წარმოდგენა.  მერიის არც ერთ საქალაქო სამსახურს არ დაუფიქსირებია განსხვავებული პოზიცია, მათ შორის, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურიც იტყობინებოდა, რომ იგი „თანახმა [იყო] მიწის ნაკვეთი გადაცემოდა სახელმწიფოს“.

შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ 2026 წლის 26 ივნისს გამოსცა განკარგულება,  რომლითაც 26 331 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: N01.72.14.235.004)  უსასყიდლოდ გადავიდა სახელმწიფოს საკუთრებაში.

2025 წლის წლის 14 ივლისს საქართველოს მთავრობამ გამოსცა #1139 განკარგულება რომლითაც სააგენტოს დაევალა აღნაგობის ხელშეკრულების გაფორმება შპს „სპორტული კლუბ ათლეტიკთან“ და მისთვის აღნიშნული მიწის ნაკვეთის 20 წლის ვადით მფლობელობაში გადაცემა. საინტერესოა, რომ სააგენტოს 10 ივნისის წერილში ხსენებული 30 მილიონიანი ინვესტიციის ნაცვლად, მთავრობის განკარგულება მხოლოდ 2 მილიონ 600 ათასი ლარის მოცულობის ინვესტიციაზე მიუთითებს. ინფრასტრუქტურა, რომელიც კომპანიამ დიღმის ჭალებში უნდა მოაწყოს, მოიცავს ორ ხელოვნურსაფარიან სპორტულ მოედანს, არანაკლებ ას ადამიანზე გათვლილ არანაკლებ ოთხ გასახდელს, საშხაპეებს, არანაკლებ 300 ადამიანზე გათვლილ ტრიბუნებს, სამედიცინო, მსაჯების ოთახებს, სამწვრთნელო და საკონფერენციო სივრცეებს, განათებას, არანაკლებ 100 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს, ტერიტორიის შემოღობვას.

განკარგულების გამოცემის დღესვე, 14 ივლისს გაფორმდა აღნაგობის ხელშეკრულება, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიას მიწის ნაკვეთი აღნაგობის უფლებით მფლობელობაში გადაეცა 2046 წლის 14 ივლისამდე. აღსანიშნავია, რომ შპს „სპორტული კლუბი ათლეტიკი“ პირველი კომპანიაა, რომელსაც „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მიწის ნაკვეთი გადაეცა.

საიმისოდ, რათა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე კომპანიას სტადიონების და დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა შეძლებოდა, მუნიციპალიტეტის ორგანოებმა ასევე დაჩქარებული წესით მიიღეს მთელი რიგი გადაწყვეტილებები დიღმის ჭალებში მდებარე მიწის ნაკვეთისთვის სტატუსის შესაცვლელად.

კერძოდ, 2025 წლის 16 სექტემბერს კომპანიის დირექტორმა განცხადებით მიმართა თბილისის მერიას და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე სარეკრეაციო ზონა 1-ის სპეციალური ზონა 1-ით ცვლილება. ამ უკანასკნელ ზონაში, განსხვავებით სარეკრეაციო ზონა 1-ისგან, დასაშვებია გარკვეული კატეგორიის ობიექტების მშენებლობა.[16] 2025 წლის 13 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, „კომპეტენციის ფარგლებში“,  ამჯერად თანხმობა გამოთქვა მიწის ნაკვეთისთვის სარეკრეაციო ფუნქციური ზონის მოხნის თაობაზე.

 2025 წლის 23 ოქტომბრის განკარგულებით, მუნიციპალიტეტის მთავრობამ მოიწონა მიწის ნაკვეთისთვის სტატუსის შეცვლის საკითხი. თუმცა, ვინაიდან, აღნიშნული ზონირება განსაზღვრულია საკრებულოს დადგენილებით, ასევე საჭირო იყო შესაბამის დოკუმენტში საკრებულოს მიერ ცვლილების შეტანაც, რისთვისაც თბილისის მერმა საკრებულოს დადგენილების ცვლილების პროექტი საკრებულოს თავმჯდომარეს იმავე დღეს, 23 ოქტომბერს წარუდგინა.

მეორე დღეს, 2025 წლის 24 ოქტომბერს, გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც, სხვა ნორმატიულ აქტებთან ერთად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო დადგენილება, რომლითაც ცვლილება შეიტანა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში“ და ამით საბოლოოდ დაამტკიცა დიღმის ჭალებში მდებარე მიწის ნაკვეთისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის მოხსნა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა კი 2025 წლის 25 დეკემბრის ბრძანებით, შეითანხმა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.  საბოლოოდ, 2026 წლის 27 აპრილს, იმავე სამსახურმა #7897817 ბრძანებით შეითანხმა არქიტექტურული პროექტი და გასცა მშენებლობის ნებართვა. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ სპორტული მოედნების და დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2028 წლის 27 აპრილს უნდა დაასრულოს.

 

3. ზურმუხტის ტერიტორიის მიმდებარე ტერიტორიის დანაწევრების და მშენებლობის დაშვების სამართლებრივი შეფასება

3.1 სტადიონების მშენებლობა არღვევს ბერნის კონვენვიის მოთხოვნებს

კომპანიის მიერ სტადიონების მშენებლობა დაგეგმილია „თბილისის წავის კუნძულიდან“ დაახლოებით 400-450 მეტრის დაშორებით. ზურმუხტის ამ ტერიტორიის საკვანძო სახეობა წავი  განსაკუთრებით მოწყვლადია ზემოქმედების გარე ფაქტორების მიმართ და მშენებლობის ხმაური, ვიბრაცია და სამშენებლო ტერიტორიაზე ადამიანების ყოფნა ქმნის რისკს, რომ სახეობა განიდევნოს მისი საკვები არეალიდან. ბერნის კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები ვალდებული არიან, გეგმების და პოლიტიკის შემუშავებისას მხედველობაში მიიღონ კონვენციის დაცული სახეობების კონსერვაციისთვის დადგენილი მოთხოვნები, რათა თავიდან აირიდონ ამ მაქსიმალურად შეამცირონ ამ ტერიტიროების მდგომარეობის გაუარესება. ამასთან, მე-6 მუხლის „ბ“ პუნქტი პირდაპირ კრძალავს კონვენციით დაცული ფაუნის გამრავლების და დასვენების ტერიტორიების განზრახ დაზიანებას ან/განადგურებას. კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის რეკომენდაციის თანახმად, ზურმუხტის ქსელის ტერიტორიის სტატუსის მინიჭებამ უნდა უზრუნველყოს სახეობების დაცვა „გარე საფრთხეებისგან“.[17]

ევროკავშირის „ჰაბიტატების“ დირექტივის მე-6 მუხლი ამგვარ ტერიტორიებთან მიმართებით ადგენს, რომ ნებისმიერი გეგმა ან პროექტი, რომელიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ტერიტორიის მართვასთან ან მისთვის აუცილებელი არ არის, მაგრამ რომელსაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მასზე, ცალკე ან სხვა გეგმებთან თუ პროექტებთან ერთობლიობაში, უნდა დაექვემდებაროს შესაბამის შეფასებას მისი გავლენის თაობაზე ტერიტორიაზე, ტერიტორიის დაცვის მიზნების გათვალისწინებით. ტერიტორიაზე გავლენის შეფასების დასკვნების გათვალისწინებით, კომპეტენტური ეროვნული ორგანოები თანხმობას განაცხადებენ გეგმაზე ან პროექტზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ ის უარყოფითად არ იმოქმედებს შესაბამისი ტერიტორიის მთლიანობაზე და, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოების აზრის მიღების შემდეგ. საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების 26-ე თავის თანახმად, საქართველო ვალდებული იყო მოეხდინა, ევროკავშირის ამ დირექტივის ჰარმონიზება შეთანხმების ძალაში შესვლიდან 6 წლის განმავლობაში, რომელიც 2021 წელს ამოიწურა.

დიღმის ჭალებთან მიმართებით, ეს ნიშნავს იმას, რომ მიწის ნაკვეთის დანაწევრებამდე, კომპანიისთვის გადაცემამდე და მისთვის ფუნქციური ზონის შეცვლამდე შესაბამისი უწყებები ვალდებული იყვნენ, შეეფასებინათ შემოთავაზებული პროექტის შესაძლო გავლენა ახლოს მდებარე ზურმუხტის ქსელის ტერიტორიაზე. ამის ნაცვლად, გადაწყვეტილების მიღების პროცესი აჩვენებს, რომ არც ერთ უწყებას მხედველობაში არ მიუღია სამშენებლო ტერიტორიიდან 400-450 მეტრის დაშორებით ბერნის კონვენციით დაცული ჰაბიტატის არსებობა. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურიც კი, რომელიც, წესით, მოწოდებული უნდა იყოს გარემოს დაცვის ინტერესით, თავის წერილებში მშენებლობის თაობაზე ყოველ ჯერზე დადებით პოზიციას აფიქსირებს და არც კი მიუთითებს თბილისის წავის კუნძულის დაცვის არსებობაზე.

3.2 დიღმის ჭალებში მიწის ნაკვეთების გამიჯვნა და სტადიონის მშენებლობის დაშვება ეწინააღმდეგება სახელმწიფოს პოლიტიკის დოკუმენტებს

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებული პოლიტიკის დოკუმენტები თავად შეიცავენ მითითებებს წავის კუნძულის დაცვის და დიღმის ჭალების მთლიანობის შენარჩუნების შესახებ.

დიღმის ჭალების ტერიტორიაზე პარკის მოწყობის საჭიროებაზე თბილისის მერია დიდი ხანია საუბრობს. ამის შესახებ პირველად 2015 წელს განაცხადეს. თავდაპირველად, პარკს 50 ჰექტარი უნდა დაეკავებინა, 2019 წელს კი ეს ფართობი 15 ჰექტარამდე შემცირდა. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, 2019 წელს პარკის მოწყობასთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა და ეს პროცესიც შეჩერდა.

2022-2024 წლებში, თბილისის მუნიციპალიტეტმა, აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით, შეიმუშავა „დიღმის ჭალების აღდგენის სტრატეგია“. 2024 წელს გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიში ადგენს ეტაპობრივ სახელმძღვანელოს ტერიტორიის ურბანულ ჭალის ტყედ აღდგენისათვის და მერიას მოუწოდებს, აღკვეთოს ჭალის შემდგომი ფრაგმენტაცია და ამ არეალში მშენებლობა. კერძოდ, სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ იმ ტერიტორიებზე, რომლებიც პროექტის ფარგლებშია იდენტიფიცირებული და განხილულია რეაბილიტაციის, აღდგენისა და დაცვის მიზნებისთვის, თბილისის მერიამ არ უნდა დაუშვას არანაირი სამშენებლო საქმიანობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს უშუალოდ გამომდინარეობს ტერიტორიის არსებითი ფუნქციური საჭიროებებიდან და რეკომენდებულია აღდგენის სფეროს ექსპერტების მიერ.[18]

თავად „წავის კუნძულის მართვის გეგმა“, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკვეთით მომზადდა, I ამოცანის ფარგლებში („ამოცანა I. წავის კუნძულის მიმდებარე ჭალის ტყის შემორჩენილი ფრაგმენტების კონსერვაცია და დეგრადირებული ტერიტორიების აღდგენა“) განსაზღვრავს კონკრეტულ, დროში გაწერილ ღონისძიებებს, რომელიც პირდაპირ მოითხოვს წავის კუნძულის მიმდებარე ტერიტორიის დაცვას. კერძოდ, I.1 ღონისძიება გულისხმობს თბილისის წავის კუნძულის, როგორც დაცული ტერიტორიის, გაფართოებას და ნაპირზე არსებული ჭალის ტყეების დამატებას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მხოლოდ წავის კუნძული (და მასთან მდებარე მცირე ზომის კუნძულები) ვერ უზრუნველყოფს კუნძულზე მობინადრე, ან კუნძულის სეზონურად გამომყენებელი სახეობების სრულფასოვან ცხოველმყოფელობას, თუ არ იქნა შენარჩუნებული და აღდგენილი სანაპირო ჭალის ტყე. ამიტომ, აუცილებელია წავის კუნძულის გარშემო, მდინარის ნაპირზე დარჩენილი ჭალი ტყის შეტანა ზურმუხტის ქსელის ტერიტორიაში.[19]

მართვის გეგმის I.2 ღონისძიება კი ითხოვს დიღმის ჭალებისთვის დაცული ტყის კატეგორიის მინიჭებას. მართვის გეგმა მიუთითებს, რომ ნაპირზე არსებული ჭალის ტყის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია მისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭება. საქართველოს ტყის კოდექსის მე-8 მუხლის მიხედვით გამოყოფილი კატეგორიის, დაცული ტყის კატეგორიის დიღმის ჭალებისთვის მინიჭება ხელს შეუწყობს მის კონსერვაციას და კუნძულებთან ერთად ჭალის ტყის ბიომრავალფეროვნებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, ტყის ნიადაგდაცვითი და წყალ- და კლიმატმარეგულირებელი ფუნქციების შენარჩუნებას.[20]

დამატებით, ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავებული „საქართველოს ზურმუხტის ტერიტორიებზე ტყის ჰაბიტატების მართვის სახელმძღვანელო მითითებები“ (რომელიც განხილულ იქნა და რომელზეც კომენტარები მომზადდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების მიერ) აღნიშნავს, რომ მიზანშეწონილია გამოყოს პირველადი კონსერვაციის ზონები (ცნობილი, როგორც ძირითადი/საკვანძო საკონსერვაციო ზონები) და ბუფერული ზონები, სადაც საკონსერვაციო მიზნებსა და საქმიანობებს უპირატესობა ენიჭება ეკონომიკურ საქმიანობასთან შედარებით.[21]

3.3 სტადიონების მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილების დახურულ კარს მიღმა და დაჩქარებულად მიღება არღვევს ადგილობრივების უფლებებს

დიღმის ჭალებში მდებარე მიწის ნაკვეთის დანაწევრებას, კერძო კომპანიისთვის გადაცემას და სტადიონების მშენებლობის სანქცირებას წინ არ უძღოდა ადგილობრივი მოსახლეობის და დაინტერესებული პირების მონაწილეობა, რითაც უხეშად დაირღვა, საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის და ადმინისტრაციული კანონმდებლობის მოთხოვნები.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია კანონით.[22] „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ (შემდგომში - ასევე, „კოდექსი“) 115-ე მუხლის მეორე ნაწილი პირდაპირ ადგენს, რომ სახელმწიფო ან მუნიციპალური საკუთრების განკარგვასთან, ლიცენზირებასთან, გარემოსდაცვითი ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისთვის დადგენილი წესები.

ამ შემთხვევაში აშკარაა, რომ ნათელია, რომ ზურმუხტის ქსელით დაცული საიტი და მისი  მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენს საერთო სარგებლობის სიკეთეს და შესაბამისად, წარმოადგენს საჯარო ინტერესის საგანს, მით უფრო, რომ ადგილობრივი მოსახლეობა წლების განმავლობაში იბრძოდა ჭალების დასაცავად და აღსადგენად. ამდენად, აღნიშნული კატეგორიის ტერიტორიასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მის განკარგვასთან ან/და მართვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეეხება საჯარო ინტერესთა სფეროს და ეს გადაწყვეტილება საჯარო ინტერესის განხორციელებას უნდა ემსახურებოდეს. საჯარო ინტერესი ვერ განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი მომზადების, განხილვის და სამართლებრივი აქტის სახით გამოცემის პროცედურის თითოეულ სტადიაზე არ იქნება უზრუნველყოფილი საზოგადოების, დაინტერესებულ პირთა ჩართულობა ანუ თუ არ იქნება უზრუნველყოფილი ამ პროცესის გამჭვირვალობა.

მუნიციპალიტეტის ორგანოებმა უხეშად დაარღვიეს კოდექსის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების თავით დადგენილი მთელი რიგი მოთხოვნები, რომელიც გადაწყვეტილების მომზადების, განხილვის და გამოცემის პროცესის საჯაროობას და მასში დაინტერესებულ პირთა ჩართვას გულისხმობს. მათ შორის, კოდექსის 116-ე მუხლი, რომლის თანახმად,  ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს ცნობა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ. დამატებით, კოდექსის 117-ე მუხლიც, რომელიც, თავის მხრივ, მოითხოვს, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანომ, საჯარო გაცნობისთვის უნდა გამოაქვეყნოს შესაბამისი უწყებების დასკვნები/მოსაზრებები.  118-ე მუხლი კი დაინტერესებულ პირებს ადმინისტრაციულ წარმოებაში საკუთარი წერილობითი მოსაზრების წარდგენის უფლებას ანიჭებს.

არსებული ინფორმაციით, არც მუნიციპალიტეტის მთავრობას და არც საკრებულოს, გადაწყვეტილებების შესახებ საჯაროდ არ გამოუცხადებიათ და არც ადგილობრივები ჩაურთიათ რამე ფორმით ადმინისტრაციულ წარმოების პროცესში. ამასთან, გადაწყვეტილების მიღების პროცესი წარიმართა დახურულად და იმდენად დაჩქარებულად, რომ ადგილობრივებისთვის თეორიულადაც კი შეუძლებელი იყო დოკუმენტების გაცნობა და მოსაზრებების წარდგენა. მაგალითისთვის, მუნიციპალიტეტის საკრებულომ “დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში” ცვლილება შეიტანა და ტერიტორიას რეკრეაციული ფუნციური ზონის სტატუსი მოუხსნა მერიის მიმართვიდან მეორე დღესვე.

4. მშენებლობის მიმდინარეობისას გამოვლენილი დარღვევები და ადგილობრივი მოსახლეობის სამართლებრივი ბრძოლა 

კომპანიამ მშენებლობის დაწყების შემდეგ, მოკლე ვადაში მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ადგილობრივ ეკოსისტემას. მიმდინარე წლის 2026 წლის 5 ივნისს, ჭალებში ადგილზე მისულ დიღმის ჭალების მცველებს დახვდათ სამშენებლო და ნგრევის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებით დაფარული და ტექნიკით გადასწორებული ჭალის ტყის ტერიტორია, მიწის ქვეშ მოყოლილი და ჩამარხული ტყის მცენარეულობა, ფესვებგამოთხრილი ხეები, ასევე ნარჩენებითა და მიწით ამოვსებული ჭალის ტბორები. ადგილზე მომუშავე მძიმე ტექნიკამ სამშენებლო მოედნის ფარგლებში არსებული ნარჩენები მათი კანონმდებლობით დადგენილი წესით გატანის ნაცვლად, მომიჯნავე ჭალის ტყის ტერიტორიაზე გადაანაწილა, რის შედეგადაც დამატებით დაახლოებით 9 000 მ2 ფართობი დაიფარა სამშენებლო ნარჩენებით, მოხდა ტყის ჩამარხვა, ნიადაგის გადასწორება და დატკეპნა, ზედაპირული წყლის ობიექტების ამოვსება და ბუნებრივი ჰაბიტატების განადგურება.

2026 წლის 12 ივნისს, ადგილობრივებმა გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის დასადგენად და შესაბამისი რეაგირებისთვის მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. თავის მხრივ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2026 წლის 8 ივლისის წერილში მიმართვაზე პასუხად, მიუთითა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დაფიქსირდა მწვანე ნარგავების გაჩეხვა-დაზიანების ფაქტი, რის საფუძველზეც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შედგა საველე აქტი, ხოლო, სამსახურმა დაადგინა მწვანე ნარგავების დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო მათ ხელთ არსებული ყველა ზომა დიღმის ჭალების ბუნებრივი გარემოს დასაცავად. ამ მიზნით, პრაქტიკულად ყველა ადმინისტრაციული გადაწყვეტილება, ისევე როგორც მუნიციპალიტეტის ორგანოების უმოქმედობა გასაჩივრებულია სასამართლოში ან/და უშუალოდ ადინისტრაციულ ორგანოებში. უფრო ზუსტად, 2026 წლის 4 მარტს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრდა 2025 წლის 25 დეკემბრის ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები სტადიონებისთვის. 2026 წლის 15 მაისს ასევე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრდა იმავე სამსახურის 2026 წლის 27 აპრილს ბრძანება, არქიტექტურული პროექტის დამტკიცების და სამშენებლო ნებართვის გაცემის თაობაზე.

ამასთან, 2026 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდა ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2025 წლის 26 ივნისის განკარგულება, რომლითაც სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა მიწის ნაკვეთი, რომელზეც ამჟამად სტადიონების მშენებლობა მიმდინარეობას; ბ) საქართველოს მთავრობის 2025 წლის 14 ივლისის განკარგულება, რომლითაც თანხმობა გაიცა სადავო მიწის ნაკვეთის კომპანიისთვის გადაცემაზე; გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2025 წლის 23 ოქტომბრის განკარგულება, რომლითაც მოწონებულ იქნა მიწის ნაკვეთისთვის სარეკრეაციო ფუნქციური ზონა; დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება, რომლითაც ცვლილება შევიდა “დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში” და გაფორმდა მიწის ნაკვეთისთვის ფუნქციური ზონის შეცვლის საკითხი.

ამასთან, მიმდინარეობს მუშაობა თბილისის მერიის არქიტექტურული სამსახურის მიერ სტადიონების მშენებლობისთვის გაცემული სამშენებლო ნებართვის გასაჩივრების მიზნითაც.

დასკვნა

ამდენად, ნათელია, რომ რომ დიღმის ჭალებში სტადიონების მშენებლობა ეწინააღმდეგება ბერნის კონვენციით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.  სტადიონების მშენებლობა უკვე მიმდინარეობს „ზურმუხტის ქსელის“ ტერიტორიის, „თბილისის წავის კუნძულის“ უშუალო სიახლოვეს, თუმცა არცერთ ეტაპზე არ შეფასებულა, რა სავარაუდო ზეგავლენას მოახდენდა ეს პროექტი დაცულ ტერიტორიაზე. ამასთანავე, ნაკვეთის დანაწევრება და დიღმის ჭალებში მშენებლობის ნებართვის გაცემა პირდაპირ ეწინააღმდეგება თავად სახელმწიფოს პოლიტიკის დოკუმენტებს, მათ შორის, „დიღმის ჭალების აღდგენის სტრატეგიასა“ და „წავის კუნძულის მართვის გეგმას“, რომლებიც პირდაპირ მოითხოვს ტერიტორიის დაცვას შემდგომი დანაწევრებისა და სამშენებლო ჩარევისგან. გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანოებმა, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე, ეს დოკუმენტები, ფაქტობრივად, სრულად უგულებელყვეს. გადაწყვეტილების მიღების პროცესი წარიმართა ინფორმაციის გამოქვეყნების, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობისა და მათ მიერ მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობის გარეშე. საჯარო რეკრეაციული სივრცის განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება დახურულ კარებს მიღმა, გაუმჭვირვალედ და დაჩქარებულად იქნა მიღებული. ამასთან, მოქალაქეთა მოლოდინი სტადიონების მშენებლობის შემთხვევაში ტყის ჭალის დეგრადაციის შესახებ მალევე იქცა რეალობად, რამდენადაც კომპანიამ მშენებლობა გარემოსდაცვითი ნორმების სრული უგულებელყოფით წარმართა და მისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე არსებული ნარჩენები მომიჯნავე ტერიტორიაზე გადაიტანა, რასაც შედეგად ეკოსისტემის მნიშვნელოვანი დაზიანება მოჰყვა.

მნიშვნელოვანია, დიღმის ჭალების საკითხი განვიხილოთ მოქალაქეთა „ქალაქზე უფლების“ (right to the city) კონცეფციის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც ქალაქის სივრცის გამოყენებისა და განვითარების შესახებ გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა როლი არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ინფორმაციის მიღებით, ან უკვე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებით, არამედ უნდა მოიცავდეს შესაძლებლობას, რეალური გავლენა მოახდინონ იმ სივრცის ფორმირებაზე, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. დიღმის ჭალების შემთხვევაში ადგილობრივმა მოსახლეობამ წლების განმავლობაში არა მხოლოდ დაიცვა კონკრეტული ტერიტორია, არამედ მონაწილეობა მიიღო მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობის ჩამოყალიბებაში, ტერიტორიის პრობლემების დოკუმენტირებასა და მისი აღდგენის დღის წესრიგის შექმნაში. მიუხედავად ამისა, ტერიტორიის სამომავლო გამოყენების შესახებ გადამწყვეტი გადაწყვეტილებები სახელმწიფოს მიერ მიღებულ იქნა სწორედ იმ მოქალაქეების ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე, რომლებიც ამ სივრცის დაცვის პროცესში წლების განმავლობაში იყვნენ ჩართულნი. შესაბამისად, აშკარაა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა მხოლოდ გარემოსდაცვითი ინტერესის უგულებელყოფასთან, არამედ მოქალაქეთა შესაძლებლობის შეზღუდვასთან, განსაზღვრონ ქალაქის საერთო სივრცეების მომავალი და გავლენა მოახდინონ ურბანული განვითარების პრიორიტეტებზე.

ამავდროულად, დიღმის ჭალების შემთხვევა (სხვა არა ერთ სოციალურ და გარემოსდაცით ბრძოლასთან ერთად) აჩვენებს, რომ ავტოკრატიზაციის პირობებში დემოკრატიული უკუსვლა გამოიხატება არა მხოლოდ უფლებებისა და ინსტიტუტების ფორმალურ შეზღუდვაში, არამედ მოქალაქეების მიერ ქვემოდან წარმოებული კოლექტიური მოქმედების შედეგების სისტემურ უგულებელყოფასა და სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისთვის ქალაქის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებებზე რეალური პოლიტიკური გავლენის შესაძლებლობის ჩამორთმევაში.

ამ პროცესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განზომილება საჯარო სივრცისა და ურბანული რესურსის კომერციალიზაციაა. დიღმის ჭალების შემთხვევაში ტერიტორიის საზოგადოებრივი, ეკოლოგიური და რეკრეაციული ფუნქცია თანდათან ჩანაცვლდა კონკრეტული კერძო განვითარების პროექტის ინტერესით. ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სამშენებლო პროექტის საჯარო ინტერესით (სპორტული დარბაზის მშენებლობა) გამართლება ვერ ჩაანაცვლებს თავად საჯარო ინტერესის დასაბუთების ვალდებულებას. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება თავისთავად შეიძლება წარმოადგენდეს ლეგიტიმურ საზოგადოებრივ მიზანს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში არ იყო ნაჩვენები, რატომ უნდა განხორციელდეს იგი სწორედ დიღმის ჭალების ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე და რატომ უნდა გადაწონოს ამ არჩევანმა ტერიტორიის ეკოლოგიური, რეკრეაციული და საზოგადოებრივი ფუნქციები. საჯარო ინტერესის არსებობა არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს შეუძლია ერთი საჯარო სიკეთე მეორეს ავტომატურად დაუპირისპიროს და პრიორიტეტი წინასწარ განსაზღვრულ კერძო პროექტს მიანიჭოს.  შესაბამისად, ჩვენთვის დიღმის ჭალების საქმე აჩვენებს ურბანული სივრცის შესახებ პრიორიტეტების რადიკალურ ცვლილებას, როდესაც საერთო სარგებლობის სივრცის გრძელვადიანი საზოგადოებრივი ღირებულება უთმობს ადგილს მის კონკრეტული კერძო ინტერესისთვის გამოყენებას. ამგვარი მიდგომა განსაკუთრებით პრობლემურია იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს მიერ თავად არის აღიარებული ტერიტორიის განსაკუთრებული ეკოლოგიური და რეკრეაციული მნიშვნელობა და მისი დაცვისა და აღდგენის აუცილებლობა.

თუმცა მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ დიღმის ჭალების საქმე ეხება არა მხოლოდ ბუნების დაცვის, არამედ ქალაქის ეკოლოგიური რესურსების სამართლიანი განაწილების საკითხსაც. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების შეფასებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გარემოზე ზემოქმედების ფაქტის დადგენა, არამედ იმის განსაზღვრაც, თუ როგორ ნაწილდება ეკოლოგიური სარგებელი და დანახარჯი საზოგადოებაში. ღია სივრცე, სუფთა ჰაერი, ხეები, წყლის სიახლოვე, რეკრეაციული სივრცეები და უსაფრთხო საჯარო გარემო ქალაქებისთვის სოციალური კეთილდღეობის ინფრასტრუქტურაა, რომლითაც ქალაქის მოსახლეობას ფართო და თანაბარი წვდომა უნდა ჰქონდეს.კერძო კომპანიის მიერ ორგანიზებული სპორტული კომპლექსით კი მხოლოდ ადამიანების მცირე ჯგუფი ისარგებლებს. 

ამასთან, დიღმის ჭალების ეკოლოგიური მნიშვნელობა არ შეიძლება შეფასდეს მხოლოდ იმ სარგებლის მიხედვით, რომელსაც ტერიტორია დღეს უზრუნველყოფს. ჭალის ტყის, ჰაბიტატებისა და წყლის ეკოსისტემების დაზიანება ამცირებს მომავალში ქალაქის მოსახლეობის მიერ ამ სივრცით სარგებლობის შესაძლებლობას და ზღუდავს იმ ეკოლოგიურ ფუნქციებს, რომელთა აღდგენაც მომავალში გაცილებით რთული და ძვირი შეიძლება გახდეს. შესაბამისად, ტერიტორიის დაცვის საკითხი ასევე დაკავშირებულია თაობათაშორისი სამართლიანობის პრინციპთან. გარემოსდაცვითი სამათლიანობია ითხოვს, რომ დღევანდელი ურბანული განვითარების გადაწყვეტილებამ არ უნდა მოახდინოს ისეთი საერთო ბუნებრივი რესურსის შეუქცევადი შემცირება, რომლის სარგებელიც მომავალ თაობებსაც ეკუთვნის.

სწორედ ამ პროცესში ჩნდება ცენტრალური პოლიტიკური კითხვა სახელმწიფოს გადაწყვეტილებასთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით, თუ რა პრინციპით უნდა განაწილდეს ქალაქის შეზღუდული ბუნებრივი და სივრცითი რესურსები და ვის ინტერესს უნდა მიენიჭოს უპირატესობა მათი გამოყენების განსაზღვრისას. აშკარაა, რომ სახელმწიფო გადაწყვეტილებების ჯაჭვმა საერთო ინტერესისა და რესურსების სამართლიანი გადანაწილების პრინციპის დაცვა ამ შემთხვევაში ვერ შეძლო. 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] მარიამ ხვედელიძე, ანა ტრაპაიძე, „დიღმის ჭალები ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე, არსებული მდგომარეობა და პრობლემიდან გამოსავალი“, 2021, ხელმისაწვდომია: https://csf.ge/wp-content/uploads/2021/03/digmis-chalebi_forweb.pdf.

[2] მართვის გეგმა ზურმუხტის ქსელის ტერიტორიისთვის თბილისის წავის კუნძული-GE0000048 (2024-2034) თბილისი, 2023, გვ.10.

[3] იქვე, 11.

[4] მარიამ ხვედელიძე, ანა ტრაპაიძე, „დიღმის ჭალები ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე, არსებული მდგომარეობა და პრობლემიდან გამოსავალი“, 2021, გვ. 12,  ხელმისაწვდომია: https://csf.ge/wp-content/uploads/2021/03/digmis-chalebi_forweb.pdf.

[5] მართვის გეგმა ზურმუხტის ქსელის ტერიტორიისთვის თბილისის წავის კუნძული-GE0000048 (2024-2034) თბილისი, 2023, გვ. 5.

[6] იქვე, გვ. 7.

[7] იქვე, გვ. 17.

[8] დიღმის ჭალის რეაბილიტაციის სტრატეგია, საბოლოო ანგარიში, თბილისის განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკი, SMEC საქართველო, თბილისი 2025.

[9] მარიამ ხვედელიძე, ანა ტრაპაიძე, „დიღმის ჭალები ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე, არსებული მდგომარეობა და პრობლემიდან გამოსავალი“, 2021, გვ. 22,  ხელმისაწვდომია: https://csf.ge/wp-content/uploads/2021/03/digmis-chalebi_forweb.pdf.

[10] იქვე, გვ. 20.

[11] იქვე, გვ. 6.

[12] ამასთან, მართვის გეგმა დამატებით მიუთითებს, რომ “ჭალის ტყის დარჩენილ ფრაგმენტებიც გაქრება, თუ დაირღვა ბუნებრივი დატბორვის რეჟიმი, რაც აუცილებლად მოხდება, თუ ჰესის მუშაობისას ეს არ იქნა გათვალისწინებული.“ გვ. 26.

[13] იქვე, გვ. 53.

[14] იქვე, გვ 23.

[15] წერილში ასევე აღნიშნული იყო, რომ კომპანია გამოთქვამდა მზადყოფნას ტერიტორიაზე 30 მილიონი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა.

[16] ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის  №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-6 მუხლი.

[17] იხ., Convention on the Conservation of European Wildlife and Natural Habitats Standing Committee Resolution No. 8 (2012) of the Standing Committee, adopted on 30 November 2012 on the national designation of adopted Emerald sites and the implementation of management, monitoring and reporting measures, ხელმისაწვდომია: https://rm.coe.int/1680746515.

[18] დიღმის ჭალის რეაბილიტაციის სტრატეგია, საბოლოო ანგარიში, თბილისის განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკი, SMEC საქართველო, თბილისი 2025, გვ. 53.

[19] მართვის გეგმა ზურმუხტის ქსელის ტერიტორიისთვის თბილისის წავის კუნძული-GE0000048 (2024-2034) თბილისი, 2023, გვ. 31.

[20] იქვე, გვ. 32.

[21] EU4Environment. 2024. Guidelines for Managing Forest Habitats on Georgia’s Emerald Sites. Washington DC: World Bank, გვ. 26.

[22] იხ., საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 29, ნაწილი 1.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“