[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

ადგილობრივი მოსახლეობა და სოციალური სამართლიანობის ცენტრი ბალდის კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბალდის კანიონის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა გარემოს დაცვის სამინისტროსგან კანიონზე მიმდინარე სამუშაოებზე მორატორიუმის დაწესებას ითხოვს და გრძელვადიანი პროტესტისთვის ემზადება.

სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტომ“ გასულ წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე ბალდის კანიონი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, კერძო კომპანიას - „კანიონი 350“ – 40 წლით იჯარით გადასცა. სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანიამ კანიონის ტერიტორიაზე უნდა მოაწყოს „ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) ვიზიტორთა ცენტრს, არანაკლებ 350 მეტრი სიგრძის საფეხმავლო და კიდულ ბილიკს (ხიდებითა და გადასახედებით) და არანაკლებ 350 მეტრი სიგრძის როლერის ატრაქციას.“

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სააგენტოს გადაწყვეტილების შესახებ ისინი ინფორმირებული არ ყოფილან და კანიონის კერძო პირისთვის გადაცემის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც კომპანიამ სამუშაოების წარმოება დაიწყო და კანიონის ტერიტორია შემოღობა. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ადგილობრივები საკუთარი უფლებების დასაცავად გაერთიანდნენ და საპროტესტო აქციებიც გამართეს.

პარალელურად, 2023 წლის 22 სექტემბერს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, ადგილობრივების სახელით სასამართლოს მიმართა და სარჩელის უზრუნველყოფის საშუალების სახით კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერება მოითხოვა. სასამართლომ დროებითი ზომის მიღებაზე უსაფუძვლოდ თქვა უარი და მიუთითა, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოსთვის მიმართვამდე თითქმის 1 წელი მოქმედებდა და ამიტომ მისი შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობდა. თავის მსჯელობაში სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კანიონის კომპანიისთვის გადაცემის შესახებ ადგილობრივებმა გვიან შეიტყვეს და არც ის, რომ აქტიური სამუშაოები კომპანიამ სწორედ ამ პერიოდში დაიწყო.

კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინებით, კომპანია სამუშაოებს დაუდევრად აწარმოებს, ჩეხავს ხე-მცენარეებს, აზიანებს ბუნებრივ გარემოს. ადგილობრივების მოთხოვნით, კანიონის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმაც შეამოწმა და ჩვენი ინფორმაციით, გარკვეული დარღვევებიც დაადგინა. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა დეპარტამენტიდან ინსპექტირების მასალები გამოითხოვა, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 11 ოქტომბერს კომპანიის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმაც დაადგინა, კერძოდ, კომპანია სამუშაოების ნაწილს მისთვის იჯარით გადაცემული ტერიტორიის გარეთ აწარმოებს; სახელმწიფო საკუთრების მიწაზე განთავსებულია რკინის ჯიხური და გავლებულია ღობე.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ 5 ოქტომბრის შეხვედრაზე, ადგილობრივები სამინისტროსგან სწორედ სამუშაოების შეჩერებას ითხოვდნენ - საკითხის სამართლებრივ გადაწყვეტამდე. მიუხედავად მინისტრის მოადგილის დაპირებისა, რომ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, იგი სამუშაოების შეჩერებას უზრუნველყოფდა, ადგილზე სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებებმა კიდევ უფრო დიდი ეკოლოგიური ზიანის თავიდან ასარიდებლად, გააძლიერონ ზედამხედველობა მიმდინარე სამუშაოებზე და შეაფასონ კანიონზე ამ დროისთვის არსებული მდგომარეობა. ამასთან, რამდენადაც კანიონის კერძო კომპანიისთვის იჯარით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება კანონდარღვევით იქნა მიღებული, აუცილებელია, გარემოს დაცვის სამინისტრომ ბალდის კანიონზე მიმდინარე სამუშაოები შეაჩეროს - ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმების მიღწევამდე და საკითხის სამართლებრივ გადაწყვეტამდე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“