[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / კვლევა

ეთნიკური უმცირესობების მიმართ დასაქმების ხელშეწყობის პოლიტიკის კრიტიკული ანალიზი და მსჯელობა ინკლუზიური შრომის ბაზრის განვითარების პერსპექტივებზე

Library Thumbnail Image

გვერდების რაოდენობა:  56

გამოცემის წელი:  2025

მკვლევრები: 

ეთნიკური_უმცირესობების_დასაქმება_GEO_1773744005.pdf

შესავალი

ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყვისა და მათი სოციალური ექსკლუზიის საკითხი არაერთ სფეროში გამხდარა ცალკეული კვლევების საგანი, მათ შორის განათლების, სოციალური მხარდაჭერის სისტემების, სახელმწიფო სერვისებზე წვდომისა და საზოგადოებაში გავრცელებული დისკრიმინაციული თუ სტერეოტიპული განწყობების კონტექსტში. თუმცა, შედარებით ნაკლებად არის შესწავლილი დასაქმება და შრომის ბაზარი, როგორც სოციალური ექსკლუზიის მნიშვნელოვანი არეალი.

დასაქმების სფეროში ეთნიკური უმცირესობების გამოცდილებების შესწავლა ხშირად ჩრდილში იმის გამო რჩება, რომ სახელმწიფო უწყებებისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ეთნიკური ნიშნით დისაგრეგირებული მონაცემები არ იწარმოება. სოციალური პოლიტიკა, რომელიც მიზანმიმართულად უგულებელყოფს ან ნეიტრალურ მიდგომებს ირჩევს საკუთარი მოქალაქეების ეთნიკური კუთვნილების შესახებ მონაცემების შეგროვებასთან დაკავშირებით, შესაძლოა მსგავს მიდგომას თანასწორობაზე აპელირებით ხსნიდეს (ხაზს უსვამდეს ყველა მოქალაქისადმი თანაბარი მიდგომის პრინციპს). თუმცა, არათანაბარ მდგომარეობაში მყოფი ჯგუფების შესახებ ამგვარი მსჯელობა სოციალური პოლიტიკის დაბალ მგრძნობელობაზე მიანიშნებს.

წინამდებარე დოკუმენტი წარმოაჩენს ეთნიკური ნიშნით დისაგრეგირებული სტატისტიკის წარმოების კრიტიკულ მნიშვნელობას და ორი მიმართულებით ცდილობს აღმოფხვრას საინფორმაციო ღიობი. ერთი მხრივ, კვლევა აქცენტს სვამს იმაზე, რომ რაოდენობრივი მონაცემების სიმწირის მიუხედავად, შესაძლებელია შრომის ბაზრის ინკლუზიურობაზე დაფუძნებული პოლიტიკის გააზრება და განვითარება. თანასწორობის პრინციპებზე დამყარებული დასაქმების პოლიტიკა არ უნდა დაელოდოს სრულყოფილ სტატისტიკას, იგი თვითონ უნდა ქმნიდეს ინკლუზიური გარემოს შესაძლებლობებს. მეორე მხრივ, კვლევა მონაცემების სიმწირის კუთხით არსებული ღიობის ამოვსების მცდელობაცაა. ეს კვლევა აანალიზებს ეთნიკურ უმცირესობათა გამოკითხვის უახლესი სოციოლოგიური კვლევის შედეგებს, რითაც დოკუმენტი გვთავაზობს, რომ დასაქმების პოლიტიკა კრიტიკულად იქნას დანახული ეთნიკური უმცირესობების პერსპექტივიდანაც.

წინამდებარე კვლევა ეფუძნება მრავალსაფეხურიან პროცესს, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად შეგროვდა სხვადასხვა ირიბი თუ პირდაპირი მონაცემი ეთნიკური უმცირესობების შრომისა და დასაქმების ბაზარზე წვდომის შესახებ. კვლევის მიზანია, მკითხველისთვის შექმნას საკმარისი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ შრომის ბაზარი ამჟამად ეთნიკური უმცირესობებისთვის კრიტიკულად არაინკლუზიურია და სისტემურ გარდაქმნას საჭიროებს.

დოკუმენტის პირველი თავი ეძღვნება ლიტერატურის მიმოხილვას და განმარტავს ძირითად კონცეპტუალურ ჩარჩოსა და ტერმინოლოგიას, რომლის პრიზმაშიც გაანალიზდა ადგილობრივი პოლიტიკის დოკუმენტები და მოქმედი კანონმდებლობა.მომდევნო ორი თავი — მეორე და მესამე — ეხება უშუალოდ სახელმწიფო პოლიტიკის შეფასებას: მეორე თავი შრომისა და დასაქმების პოლიტიკას აანალიზებს, მესამე კი შერიგებისა და ინტეგრაციის პოლიტიკას, რომლის ნაწილიც, დასაქმების გარდა, განათლებისა და პროფესიული გადამზადების პოლიტიკაცაა. მეოთხე და დასკვნითი თავი ეთმობა უშუალოდ ეთნიკურ უმცირესობათა პერსპექტივას. აღნიშნული ნაწილი ეფუძნება გამოკითხვის შედეგად შეგროვებული მონაცემების ანალიზს და ასახავს იმ რეალურ სურათს, თუ როგორ აღიქვამენ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები შრომის ბაზარზე არსებულ ბარიერებსა და შესაძლებლობებს.

ეთნიკური_უმცირესობების_დასაქმება_GEO_1773744005.pdf

ასევე გირჩევთ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“