საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დასაქმების პოლიტიკა საქართველოში სუსტი და ფრაგმენტულია. მისი განვითარების ნიშნები ჩვენს რეალობაში 2012 წლიდან, ევროკავშირთან თანამშრომლობისა და ასოცირების პროცესის კვალდაკვალ გაჩნდა. ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, მოიცავდა შრომის ბაზრის ფორმირების სტრატეგიის შემუშავებას, სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაციის ერთიანი პორტალის შექმნას, 2014 წლიდან პროფესიული მომზადება-გადამზადების მასშტაბური პროგრამის ამუშავებას. ამ მცდელობების მიუხედავად, დასაქმების პოლიტიკა არ ეფუძნება სათანადო კვლევებს, სისტემური ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასა და მიწოდების მხარის და მოთხოვნის მხარის ინტერვენციებს შორის სათანადო ბალანსის დაცვის პრინციპს. ამასთანავე, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს ინდუსტრიული პოლიტიკა, რომელიც ეკონომიკის სტრუქტურის არსებით გარდაქმნასა და სახელმწიფოს მიერ გარკვეული ეკონომიკური დარგების სისტემური და თანმიმდევრული მხარდაჭერის პოლიტიკების, მათ შორის, ეკონომიკურ, ფინანსურ პოლიტიკასთან ბმაში დასაქმების პროგრამების გატარებას გულისხმობს, უმუშევრობის კუთხით ქვეყანაში მდგომარეობა არსებითად არ იცვლება. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 2018 წელს 12.7%-ს შეადგენდა.[1] თუმცა ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, გაცილებით მაღალია, რადგან თვითდასაქმებულები, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, დასაქმებულებად მოიაზრებიან და შესაბამისად, უმუშევართა რიგებში არ ხვდებიან. თვითდასაქმებულები საქართველოში დასაქმებულთა ნახევარს შეადგენენ (48% 2018 წელს). ამ უკანასკნელთა აბსოლუტური უმრავლესობა კი, ნატურალური მეურნეობით არის დაკავებული, ღარიბი ფერმერია, რომელიც ხშირ შემთხვევაში მინიმალური მოთხოვნილების დაკმაყოფილებასაც ვერ ახერხებს.[2]
ცხადია, რომ არსებული რეალობა ორმაგად აზიანებს ეთნიკური უმცირესობების დასაქმების პროცესს, რადგან განათლებაზე, სახელმწიფო სერვისებზე, მათ შორის, მხარდამჭერ ეკონომიკურ პროგრამებზე მწირი ხელმისაწვდომობის, სუსტი ენის კომპეტენციებისა და ენის პოლიტიკაში უმცირესობების ენის რადიკალური გამოტოვების, დისკრიმინაციული გარემოს გამო, მათთვის რთული ხდება სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართვა და მონაწილეობა. სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) 2017 წლის კვლევა, რომელიც 1+4 პროგრამის ბენეფიციარებთან ჩატარდა, აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 50,8% მათი დასაქმების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დამსაქმებლის მიკერძოებულ/ნეგატიურ დამოკიდებულებას მიიჩნევს. გამოკითხულთა 54% კი აცხადებს, რომ დასაქმების ბაზარზე ეთნიკური უმცირესობებისთვის საშეღავათო პოლიტიკა უნდა არსებობდეს.[3]
ეთნიკური უმცირესობების დასაქმება პრობლემურია საჯარო სამსახურშიც. მწვანე კავკასიის კვლევის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობები ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეების მხოლოდ 17%-ს შეადგენენ, მაშინ როცა ისინი რეგიონის 49%-ს წარმოადგენენ. საყურადღებოა, რომ მოსახლეობის რაოდენობასა და საჯარო მოხელეების რაოდენობას შორის ყველაზე დიდი დისპროპორცია მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ჩანს. კვლევის მიხედვით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების რაოდენობასა (69%) და მერიის ადმინისტრაციაში მათ ხვედრით წილს (11%) შორის დისბალანსი 58%-ია. მარნეულის მუნიციპალიტეტში კი ეს რიცხვი 54%-ია.[4] ამ მძიმე მოცემულობის მიუხედავად, ფრაგმენტული პროგრამების მიღმა (სტაჟირების პროგრამა 1+4 პროგრამის მონაწილეებისთვის) სახელმწიფოს არ აქვს ქმედითი მიდგომები და პოლიტიკა ეთნიკური უმცირესობების დასაქმების ხელშესაწყობად ამ სექტორში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოქმედ ადმინისტრაციულ ორგანოებში.
ეთნიკური უმცირესობების დიდი ნაწილი მეტწილად შინა მეურნეობაშია ჩართული. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის მოსახლეობის რეგიონულ ჭრილში ეკონომიკური აქტივობის განაწილების მიხედვით, თვითდასაქმებულთა პროცენტული მაჩვენებელი შრომისუნარიან მოსახლეობაში უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, კერძოდ, ქვემო ქართლსა (თვითდასაქმება 51%) და სამცხე-ჯავახეთის (თვითდასაქმება 63%) რეგიონში მნიშვნელოვნად მაღალია.[5] საქსტატის მიხედვით, 2017 წელს უმუშევარი იყო საქართველოს მოსახლეობის 13.9%. ეს პროცენტული მაჩვენებელი ეთნიკურ უმცირესობებში 23.7%-მდე იზრდება, რაც თითქმის ორჯერ აღემატება ზოგად მაჩვენებელს საქართველოს მოსახლეობაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე წელია შეინიშნება გარკვეული გააქტიურების ტენდენცია ეთნიკური უმცირესობების დასაქმების ხელშეწყობის პოლიტიკის კუთხით, კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების ხელშეწყობის პროგრამები, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმა და სტაჟირება საჯარო სამსახურებში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით (1+4) მოსარგებლე პირებისათვის. თუმცა ეს პროგრამები, დეკლარირებულ, ფორმალურ ხასიათს ატარებს, არ არის თანმიმდევრული პოლიტიკის ნაწილი, არ მოიცავს პრობლემის გადაწყვეტის ძირეულ მექანიზმებს და, შესაბამისად, პრობლემის გამოსწორებისთვის ფრაგმენტულ ჩარევას უფრო წააგავს. ის, რომ არ არსებობს კვლევაზე დაფუძნებული სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენად წარმომადგენლობითია უმცირესობების ჯგუფები ცალკეული სფეროების მიხედვით, მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფომ არც კი იცის, რა მიმართულებით უნდა გადადგას ნაბიჯები უმცირესობათა დასაქმების ხელშესაწყობად.
ცხადია, რომ ეს რეალობა აღრმავებს ეთნიკური უმცირეობების ეკონომიკურ მოწყვლადობას და სოციალურ ექსკლუზიას და სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური ჩარევისა და სათანადო პოლიტიკების გატარების აუცილებლობას აყენებს დღის წესრიგში.
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია ეთნიკური უმცირესობების დასაქმების პოლიტიკის რელევანტური გამოცდილებების მიმოხილვა, რომელიც შეიძლება გახდეს საინტერესო რესურსი სახელმწიფოსთვის დასაქმების პოლიტიკაში ეთნიკური უმცირესობების სპეციალური საჭიროებების გააზრებისა და დამატებითი მხარდამჭერი პოლიტიკების გატარების პროცესში.
დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში
[1] საქსტატის მონაცემები, ხელმისაწვდომია: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/38/dasakmeba-da-umushevroba
[2] დასაქმების პოლიტიკა განვითარების კონტექსტში, EMC, 2020, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/dasakmebis-politika-sakartveloshi
[3] სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) კვლევა, 2017, ხელმისაწვდომია https://cciir.ge/images/pdf/CCIIR%20research%20report_2017.pdf
[4] მწვანე კავკასია, 2016, ხელმისაწვდომია: http://www.ivote.ge/GREENCAUCASUS/wp-content/uploads/2017/01/Minorities-in-Kvemo-Kartli-Municipal-Administrations_-research-presentation-16092016.pdf
[5] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური - 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის განაწილება ეკონომიკური აქტივობის მიხედვით რეგიონულ ჭრილში 2003-2019.
ინსტრუქცია