[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / შეფასება

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ტელეკომპანიების - ,,ფორმულას’’, ,,ტვ პირველის’’ და ,,მთავარი არხის’’ - წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები არსებითად ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ სტანდარტებს

2025 წლის ივლისში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კრიტიკული ტელეკომპანიები - ,,ფორმულა’’, ,,ტვ პირველი’’ და ,,მთავარი არხი’’ - სამართალდამრღვევებად სცნო. კომისიის შეფასებით, ტელეკომპანიებმა ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის ახალი რეგულაციებით განსაზღვრული მიუკერძოებლობის სტანდარტები დაარღვიეს. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ტელეკომპანიების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები არსებითად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით განმტკიცებულ გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ სტანდარტებს.   

2025 წლის ივნისში, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დასაშვებად სცნო და განსახილველად მიიღო ,,ქართული ოცნების’’ საჩივრები ტელეკომპანიების - ,,ფორმულას’’, ,,ტვ პირველის’’ და ,,მთავარი არხის’’ წინააღმდეგ[1]. "ქართული ოცნება" ტელეკომპანიებს მაუწყებლობის პროცესში სამართლიანობის და მიუკერძოებლობის სტანდარტების დარღვევაში ადანაშაულებდა. ,,მაუწყებლობის შესახებ’’ კანონში აღნიშნულ სტანდარტებთან დაკავშირებით ცვლილებები აპრილში შევიდა[2]. ცვლილებების თანახმად, დეტალური შინაარსობრივი რეგულაციები დაუწესდათ ტელე და რადიო მაუწყებლებს, გამკაცრდა მათ შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლი და გაფართოვდა ამ კუთხით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებები[3]. მაშინ როცა მანამდე მაუწყებლობის ეთიკური სტანდარტების დარღვევის საკითხს ძირითადად მაუწყებლების თვითრეგულირების მექანიზმები განიხილავდნენ, ცვლილებებით, თვითრეგულირების მექანიზმებთან ერთად, მაუწყებლობის სტანდარტების დარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილება მიენიჭა სახელმწიფო ორგანოს - კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირს შეუძლია საჩივარი შეიტანოს პირდაპირ კომუნიკაციების კომისიაში[4]. ამ მუხლის საფუძველზე შეიტანა ,,ქართულმა ოცნებამ’’, როგორც დაინტერესებულმა პირმა, საჩივარი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სამი დამოუკიდებელი მედია საშუალების წინააღმდეგ.

მითითებულ ტელეკომპანიებს ,,ქართული ოცნება’’ ,,მაუწყებლობის შესახებ’’ კანონის 54-ე მუხლის - ,,სამართლიანობა და მიუკერძოებლობა’’ - სხვადასხვა პუნქტების დარღვევაში ადანაშაულებდა, მათ შორის:

  • ,,ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა’’;
  • ,,ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნა’’;
  • ,,დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე’’;
  • ,,დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა’’[5].

ტელეკომპანია ,,ფორმულას’’ ქართული ოცნება ედავებოდა სამაუწყებლო ეთერში და სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციასთან მიმართებით, ,,ტვ პირველს’’ - სამაუწყებლო ეთერში, სოციალურ ქსელში და ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან მიმართებით, ხოლო ,,მთავარ არხს’’ - სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან მიმართებით[6]. აღსანიშნია, რომ ,,მთავარი არხის’’ სატელევიზიო მაუწყებლობა 2025 წლის მაისიდან სრულად შეწყვეტილია[7].   

,,ქართული ოცნების’’ პოზიციით, ,,ფორმულას’’ სამაუწყებლო ეთერში ჟურნალისტების მიერ გამოყენებული ტერმინები და ფრაზები, მათ შორის - ,,არალეგიტიმური პარლამენტი’’, ,,ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე’’, ,,ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო’’, ,,პრორუსული პოლიტიკური რეჟიმი’’, ,,რეჟიმის ლიდერი - ბიძინა ივანიშვილი’’, ,,რეჟიმის პრემიერი’’, ,,რეჟიმის წარმომადგენლები’’, ,,რეჟიმის პატიმრები’’, ,,რეჟიმის საქალაქო სასამართლო’’ - არის პირადი შეფასებები, რომლებიც ფაქტებისგან გამიჯნული არ არის[8]. მომჩივნის აზრით, ტელეკომპანიის ეთერში ხდება ,,ქართული ოცნების’’, პარტიის ლიდერების, პოლიტიკოსების და თანამდებობის პირების დისკრედიტაცია და მხოლოდ უარყოფით კონტექსტში წარმოჩენა. მომჩივნის პოზიციით, სამართლიანობის და მიუკერძოებლობის სტანდარტი დარღვეულია ასევე ტელეკომპანიის მიერ სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემთხვევაში[9].

ტელეკომპანია ,,ფორმულას’’ მსგავსად, პირად შეფასებებად მიიჩნევს ქართული ოცნება ,,ტვ პირველის’’ სამაუწყებლო ეთერში ჟურნალისტების მიერ გამოყენებულ სხვადასხვა სიტყვებს და ფრაზებს, რომლებიც, მისი შეფასებით, ფაქტებისგან გამიჯნული არ არის. ამ ტერმინებს შორის არის - „არალეგიტიმური ხელისუფლება’’, „რეჟიმი’’, „ოლიგარქის რეჟიმი’’, „ივანიშვილის რეჟიმი’’, „ოლიგარქის მსახური’’, „პრორუსული რეჟიმის დეპუტატი’’, „დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი’’, „კლანის სასამართლო’’[10]. მომჩივნის პოზიციით, ტელეკომპანიის საინფორმაციო ჩანაწერებში და ასევე, ინტერნეტში განთავსებულ ე.წ. ქარდებში წარმოდგენილი ინფორმაცია მხოლოდ ქართული ოცნების, მათი ლიდერების, პარლამენტის წევრების და მინისტრების საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვით ხასიათდება[11].

2025 წლის ივლისში, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამივე ტელეკომპანია სამართალდამრღვევად სცნო. კომისიის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიებმა ,,მაუწყებლობის შესახებ’’ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 591 მუხლის მე-5 პუნქტი დაარღვიეს[12].

54-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად:

  • დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე;
  • დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა’’[13];

591 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იგივე მოთხოვნები ვრცელდება ტელეკომპანიების მიერ სოციალურ ქსელში და ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან მიმართებით[14].

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კანონის დარღვევად მიიჩნია ,,ფორმულას’’ და ,,ტვ პირველის’’ ახალი ამბების პროგრამებში წამყვანების მიერ ქართული ოცნების საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა, კერძოდ, ქართული ოცნების პოლიტიკური საქმიანობის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა, მათ მიერ გამოყენებული ტერმინებით და ფრაზებით[15]. კომისიის შეფასებით, ამ ქმედებებით დაირღვა ,,მაუწყებლობის შესახებ’’ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მიუკერძოებლობის სტანდარტი, რომელიც მაუწყებლებს უკრძალავს ახალი ამბების პროგრამებში რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვას. კომისია შეეცადა აეხსნა ამ აკრძალვის საჭიროება საზოგადოებრივ აზრზე არასათანადო ზემოქმედების აღკვეთის და დემოკრატიული დებატის დაცვის ინტერესებზე მითითებით[16].

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, მიუკერძოებლობის სტანდარტის დარღვევას ადგილი ჰქონდა ასევე ,,ფორმულას’’ მიერ სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსების შემთხვევაში[17], ,,ტვ პირველის’’ მიერ - სოციალურ ქსელში და ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსების შემთხვევაში[18], და ,,მთავარი არხის’’ მიერ - სოციალურ ქსელში ინფორმაციის გამოქვეყნების შემთხვევაში[19].   

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არარელევანტურად ჩათვალა ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნის პრინციპის დარღვევის საკითხზე მსჯელობა, რადგან, მისი შეფასებით, ახალი ამბების პროგრამებში და სოციალური ქსელების მეშვეობით ახალი ამბების გადაცემისას, მაუწყებლებს პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგო მოსაზრების გამოხატვა სრულად ეკრძალებათ[20].

,,მაუწყებლობის შესახებ’’ კანონის თანახმად, ახალი რეგულაციების 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებდა სამართალდამრღვევად ცნობას, მაგრამ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას[21]. ტელეკომპანიები სამართალდამრღვევებად იქნენ ცნობილი, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ, რადგან სადავო ქმედებები შეეხებოდა 2025 წლის 1 ივნისამდე პერიოდს[22].

მართალია, ტელეკომპანიები ამ ეტაპზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ, თუმცა, მომავალში მსგავს ქმედებებთან მიმართებით მათ წინააღმდეგ შესაძლოა გამოყენებულ იქნას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ტელეკომპანიების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები არსებითად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით განმტკიცებულ გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ სტანდარტებს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომით, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკურ დებატებს საჯარო ინტერესის საკითხებზე, სახელმწიფოებს არ აქვთ მინიჭებული მედიის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის ფართო დისკრეცია, რათა მედიამ შეასრულოს საზოგადოებრივი მეთვალყურის სასიცოცხლო ფუნქცია[23]. ამ ფუნქციის არსია, მედიას ჰქონდეს შესაძლებლობა, ცენზურის და სანქციის შიშის გარეშე გააშუქოს ხელისუფლების ორგანოების და პოლიტიკოსების ქმედებები, საზოგადოების წინაშე მათი ანგარიშვალდებულების, პასუხისმგებლობის და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად[24].

საჯარო ინტერესის საგანია პოლიტიკური პარტიების კრიტიკა პოლიტიკურ იდეოლოგიებთან და მიზნებთან დაკავშირებით და საჯარო პირების კრიტიკა საჯარო ფუნქციებთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროდ აქვს მიჩნეული ამ მიმართულებით საკმაოდ მკვეთრი და ადრესატებისთვის უსიამოვნო კრიტიკა[25]. მსგავსი მიდგომა აქვს ამ საკითხებზე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტსაც. კომიტეტის შეფასებით, გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა განსაკუთრებით მაღალია სახელმწიფო ინსტიტუტებთან და პოლიტიკურ სივრცეში მოქმედ საჯარო პირებთან დაკავშირებულ საჯარო დებატებში[26]. ყველა საჯარო პირი, მათ შორის, უმაღლესი პოლიტიკური ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორიცაა სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურები, ლეგიტიმურად ექვემდებარებიან კრიტიკას და პოლიტიკურ ოპოზიციონირებას[27]. მედია საშუალების დასჯა იმის გამო, რომ იგი მთავრობის ან მის მიერ ჩამოყალიბებული პოლიტიკურ-სოციალური სისტემის მიმართ კრიტიკულია, ვერასდროს ვერ ჩაითვლება გამოხატვის თავისუფლების აუცილებელ შეზღუდვად[28]

აღსანიშნია, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მსგავსი რეგულაციები, რომელთა საფუძველზეც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანიები სამართალდამრღვევებად სცნო, მოქმედებს უნგრეთში. კერძოდ, უნგრეთის ,,მედიის აქტის’’ თანახმად, ახალი ამბების პროგრამების წამყვანებს ეკრძალებათ საკუთარი მოსაზრების, შეხედულების თუ შეფასების გაჟღერება პოლიტიკური შინაარსის ახალი ამბების გაშუქებისას[29]. აღნიშნული რეგულაციები ნეგატიურად აქვს შეფასებული ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას. კომისია აღნიშნავს, რომ რთული წარმოსადგენია ახალი ამბების პროგრამის ისეთი წამყვანი, რომელიც არ იყენებს შეფასებით მოსაზრებებს[30]. ვენეციის კომისია ხედავს საფრთხეს, რომ მედიასაშუალებების მიმართ დაწესებული მსგავსი აკრძალვები შესაძლოა გამოყენებული იქნას თავისუფალი სიტყვის ჩახშობის იარაღად[31].   

ახალი ამბების პროგრამებში "ქართული ოცნების" საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვის აკრძალვა მედიის გამოხატვის თავისუფლებაში გადამეტებული და გაუმართლებელი ჩარევაა. ასეთი აკრძალვის პირობებში საქართველოში მედიასაშუალებები სრულფასოვნად ვერ შეასრულებენ საზოგადოებრივი მეთვალყურის საკვანძო ფუნქციას და სააშკარაოზე ვერ გამოიტანენ ქვეყანაში არსებულ მძიმე რეალობას, ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების და დემოკრატიული უკუსვლის თვალსაზრისით. ის ფრაზები და სიტყვები, რომელთა გამოყენებასაც ხელისუფლება ახალი ამბების პროგრამების წამყვანებს უკრძალავს, მათ შორის, ,,რეჟიმი’’, ,,რეჟიმის პატიმრები’’ და ,,კლანის სასამართლო’’, ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობის გამყარების, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის, მასშტაბური რეპრესიების და ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების მძიმე სურათს მიემართება. შეუძლებელია ეს რეალობა გადმოიცეს ნეიტრალური და დაბალანსებული ტერმინოლოგიით. ამ რეალობის აღსაწერად მისთვის მისაღები სიტყვების გამოყენების მოთხოვნა "ქართული ოცნების" მხრიდან სხვა არაფერია, თუ არა ცენზურა და თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობა. ამ საქმეში "ქართული ოცნება" წარმატებით იყენებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რომლის მეშვეობითაც აძლიერებს შინაარსობრივ კონტროლს, ზედამხედველობას და ზეწოლას დამოუკიდებელ მედია საშუალებებზე. ეს პროცესი "ქართული ოცნების" ავტორიტარული ძალაუფლების კიდევ უფრო გამყარებას, საწინააღმდეგო აზრის ჩახშობას და თავისუფალი სივრცის მაქსიმალურ შეზღუდვას ემსახურება მიზნად.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] კომუნიკაციების ეროვნული კომისია, გადაწყვეტილება შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’’ საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ, 12.06.2025:

https://comcom.ge/ge/legal-acts/solutions/2025--25-16-304.page.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია, გადაწყვეტილება შპს „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’’ საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ, 5.06.2025:

https://comcom.ge/ge/legal-acts/solutions/2025--25-16-291.page.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია, გადაწყვეტილება შპს „მთავარი არხის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’’ საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ, 5.06.2025:

https://comcom.ge/ge/legal-acts/solutions/2025--25-16-273.page.

[2] საქართველოს კანონი ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, 1.04.2025:

https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/384875.

[3] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 12.03.2025:

https://socialjustice.org.ge/ka/products/mautsqeblobis-shesakheb-kanonshi-initsirebuli-tsvlilebebi-dzirs-utkhris-mediis-da-gamokhatvis-tavisuflebebs.

[4] იქვე.

[5] კომუნიკაციების ეროვნული კომისია, გადაწყვეტილება შპს „ფორმულას’’ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’’ საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ, პუნქტები 1-14, 12.06.2025:

https://comcom.ge/ge/legal-acts/solutions/2025--25-16-304.page.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია, გადაწყვეტილება შპს „ტელეკომპანია პირველის’’ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’’ საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ, პუნქტები 1-6, 5.06.2025:

https://comcom.ge/ge/legal-acts/solutions/2025--25-16-291.page.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია, გადაწყვეტილება შპს „მთავარი არხის’’ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’’ საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ, პუნქტები 1-8, 5.06.2025:

https://comcom.ge/ge/legal-acts/solutions/2025--25-16-273.page.

[6] იქვე.

[7] რადიო თავისუფლება, 01.05.2025: https://www.radiotavisupleba.ge/a/33401983.html.

[8] კომუნიკაციების ეროვნული კომისია, გადაწყვეტილება შპს „ფორმულას’’ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’’ საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ, პუნქტები 1-14, 12.06.2025:

https://comcom.ge/ge/legal-acts/solutions/2025--25-16-304.page.

[9] იქვე.

[10] კომუნიკაციების ეროვნული კომისია, გადაწყვეტილება შპს „ტელეკომპანია პირველის’’ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’’ საჩივრის განსახილველად მიღებისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ, პუნქტები 1-6, 5.06.2025:

https://comcom.ge/ge/legal-acts/solutions/2025--25-16-291.page.

[11] იქვე.

[12] კომუნიკაციების ეროვნული კომისია, 10.07.2025: https://comcom.ge/ge/yvela-siaxle/tv-pirvelma-formulam-da-mtavarma-arxma-mayurebels-axali-ambebi-miukerdzoeblobis-standartis-dargvevit-miawodes.page

[13] საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, მუხლი 54, პუნქტი 5.

[14] საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, მუხლი 591, პუნქტი 5.

[15] კომუნიკაციების ეროვნული კომისია, გადაწყვეტილება შპს „ფორმულას’’ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’’ საჩივრის განხილვის თაობაზე, პუნქტები 61-84, 03.07.2025:

https://comcom.ge/ge/legal-acts/solutions/2025--25-16-355.page.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია, შპს „ტელეკომპანია პირველის’’ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’’ საჩივრის განხილვის თაობაზე, პუნქტები 50-73, 03.07.2025:

https://www.comcom.ge/ge/legal-acts/solutions/2025--25-16-353.page.

[16] იქვე.

[17] კომუნიკაციების ეროვნული კომისია, გადაწყვეტილება შპს „ფორმულას’’ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’’ საჩივრის განხილვის თაობაზე, პუნქტები 88-91, 03.07.2025: https://comcom.ge/ge/legal-acts/solutions/2025--25-16-355.page.

[18] კომუნიკაციების ეროვნული კომისია, შპს „ტელეკომპანია პირველის’’ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’’ საჩივრის განხილვის თაობაზე, პუნქტები 77-80, 03.07.2025:

https://www.comcom.ge/ge/legal-acts/solutions/2025--25-16-353.page.

[19] კომუნიკაციების ეროვნული კომისია, გადაწყვეტილება შპს „მთავარი არხის’’ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’’ საჩივრის განხილვის თაობაზე, პუნქტები 23-44, 03.07.2025:

https://comcom.ge/ge/legal-acts/solutions/2025--25-16-354.page.

[20] კომუნიკაციების ეროვნული კომისია, გადაწყვეტილება შპს „ფორმულას’’ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’’ საჩივრის განხილვის თაობაზე, პუნქტები 85-87, 03.07.2025:

https://comcom.ge/ge/legal-acts/solutions/2025--25-16-355.page.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია, შპს „ტელეკომპანია პირველის’’ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’’ საჩივრის განხილვის თაობაზე, პუნქტები 74-76, 03.07.2025:

https://www.comcom.ge/ge/legal-acts/solutions/2025--25-16-353.page.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია, გადაწყვეტილება შპს „მთავარი არხის’’ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’’ საჩივრის განხილვის თაობაზე, პუნქტები 45-47, 03.07.2025:

https://comcom.ge/ge/legal-acts/solutions/2025--25-16-354.page.

[21] საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ, მუხლი 764.

[22] კომუნიკაციების ეროვნული კომისია, 10.07.2025:

https://comcom.ge/ge/yvela-siaxle/tv-pirvelma-formulam-da-mtavarma-arxma-mayurebels-axali-ambebi-miukerdzoeblobis-standartis-dargvevit-miawodes.page.

[23] CASE OF ATV ZRT v. HUNGARY, Paragraph 43:

https://hudoc.echr.coe.int/fre#{%22itemid%22:[%22001-202391%22]}.

CASE OF LOPES GOMES DA SILVA v. PORTUGAL, Paragraph 33:

https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22itemid%22:[%22001-58817%22]}.

[24] EUROPEAN COMMISSION FOR DEMOCRACY THROUGH LAW (VENICE COMMISSION), COMPILATION OF VENICE COMMISSION OPINIONS AND REPORTS CONCERNING FREEDOM OF EXPRESSION AND MEDIA, 7 July 2020, Pages 6-7:

https://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-PI(2020)008-e.

[25] CASE OF LOPES GOMES DA SILVA v. PORTUGAL:

https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22itemid%22:[%22001-58817%22]}.

CASE OF ATV ZRT v. HUNGARY:

https://hudoc.echr.coe.int/fre#{%22itemid%22:[%22001-202391%22]}.

[26] UN Human Rights Committee, General Comment No. 34, Paragraph 38:

https://www.ohchr.org/en/documents/general-comments-and-recommendations/general-comment-no34-article-19-freedoms-opinion-and.

[27] Ibid.

[28] UN Human Rights Committee, General Comment No. 34, Paragraph 42:

https://www.ohchr.org/en/documents/general-comments-and-recommendations/general-comment-no34-article-19-freedoms-opinion-and.

[29] Act CLXXXV of 2010 on Media Services and on the Mass Media, Section 12, Paragraph 3:

https://nmhh.hu/dokumentum/106487/act_clxxx_on_media_services_and_mass_media.pdf.

[30] EUROPEAN COMMISSION FOR DEMOCRACY THROUGH LAW (VENICE COMMISSION) OPINION ON MEDIA LEGISLATION (ACT CLXXXV ON MEDIA SERVICES AND ON THE MASS MEDIA, ACT CIV ON THE FREEDOM OF THE PRESS, AND THE LEGISLATION ON TAXATION OF ADVERTISMENT REVENUES OF MASS MEDIA) OF HUNGARY, 22 June 2015, Paragraph 50:

https://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD(2015)015-e.

[31] Ibid.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“