საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63


გასულ წელს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მოამზადა დოკუმენტი, რომელიც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის პარალელურად იქმნებოდა და აფასებს მის საქმიანობასა და საბოლოო დასკვნას 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. კომისიის საბოლოო დასკვნის შეფასება 2025 წელს დასრულდა.
დოკუმენტი წარმოადგენს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატის, პროცედურების, მეთოდოლოგიის, სამართლებრივი მსჯელობისა და საბოლოო დასკვნის დეტალურ ანალიზს. შეფასებულია, რამდენად შეესაბამება კომისიის მუშაობა საერთაშორისო სამართლის, გარდამავალი მართლმსაჯულებისა და კონფლიქტმგრძნობიარე მიდგომების სტანდარტებს.
ანალიზი აჩვენებს, რომ კომისიის საბოლოო დასკვნა არ ქმნის საკმარის სამართლებრივ საფუძველს 2008 წლის ომთან დაკავშირებული ინდივიდუალური თუ სახელმწიფო პასუხისმგებლობის დასადგენად. დოკუმენტში განხილულია, როგორ მოხდა ომის მიზეზების, საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის, PACE-ის რეზოლუციის, ევაკუაციის საკითხისა და სხვა მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხების ინტერპრეტაცია და სად იკვეთება მეთოდოლოგიური თუ სამართლებრივი ხარვეზები.
დოკუმენტი ასევე აფასებს, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს კომისიის დასკვნას საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივ პოზიციებზე, შერიგების პოლიტიკაზე, პოლიტიკური პლურალიზმის დაცვასა და ქვეყნის წინააღმდეგ არსებული გარე ნარატივების გაძლიერების რისკებზე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, აგვისტოს ომის საკითხზე სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს მიუკერძოებელ სიმართლის დადგენას, ადამიანის უფლებების დაცვას, სამართლებრივ ანგარიშვალდებულებას, დეოკუპაციისა და მშვიდობის გრძელვადიან სტრატეგიას.
დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში.
ინსტრუქცია