[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სისხლის სამართლის მართლმსაჯულება / შეფასება

სისხლის სამართლის პოლიტიკა საქართველოში: სტატისტიკური ანალიზი და სისტემური შეფასება

შესავალი

“ქართული ოცნების” მმართველობის 13 წლის თავზე, საქართველოში მსჯავრდებულთა რაოდენობამ[1] ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. სისხლის სამართლის სატისტიკის ერთიანი ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს, ქვეყანაში 22,767 მსჯავრდებულია.[2]

ევროსაბჭოს ბოლო მონაცემების მიხედვით საქართველო პატიმართა რაოდებით (100 000 მოსახლეზე) ევროპის საბჭოს წევრ 46 ქვეყანას შორის მეოთხე ადგილზეა.[3]

 “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკის[4] მძიმე გამოცდილების შემდეგ, “ქართული ოცნება” სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის იდეით ჩაუდგა სათავეში სახელმწიფოს.  საწყის წლებში გამოცხადდა მასშტაბური ამნისტია და დაიგეგმა სხვადასხვა რეფორმა, თუმცა, ქვეყანაში ავტორიტარულმა შემობრუნების პოლიტიკამ, რეფორმების მიმართულებით თავის დროზე გაწეულმა არაჯეროვანმა ძალისხმევამ, სისხლის სამართლის  კანონმდებლობაში განხორციელებულმა არაერთმა მძიმე და ანტიკონსტიტუციურმა ცვლილებამ, ქვეყანაში   კრიზისი შექმნა, რაც  მკაფიოდ აისახა სასჯელაღსრულების სისტემაზე.

ამ ფონზე სისხლის სამართლის პოლიტიკისა და სასჯელების პრაქტიკის ანალიზი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სასჯელების სტატისტიკური მონაცემების კვლევა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირების, სასამართლო პრაქტიკის ტენდენციებისა და სახელმწიფოს სადამსჯელო პოლიტიკის შეფასებისთვის.

წინამდებარე ანალიტიკური დოკუმენტი სისხლის სამართლის სტატისტიკას დანაშაულის გამომწვევი სოციალური და ეკონომიკური  ფაქტორების ფონზე აანალიზებს.

2024 წლის აპრილში საქართველოში  პოლიტიკური კრიზისი რამდენიმე თვეში დე ფაქტო ავტორიტარიზმის ფორმალიზებაში გადაიზარდა და თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავიდა.  ამ კრიზისის კატალიზატორი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტის დაჩქარებული განხილვა და შემდგომი მიღება გახდა.  საპროტესტო ტალღის ძალადობრივმა დარბევებმა და სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტების დევნამ კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა მმართველი პარტიის ავტორიტარული სტილი.  დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებამ, მმართველი პარტიის ხელში ძალაუფლების კიდევ უფრო მაღალმა კონცენტრაციამ, პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვამ და ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სტანდარტების გაუარესებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა სფეროზე, მათ შორის სისხლის სამართლის პოლიტიკაზეც. ამ პროცესში სისხლის სამართლის მართლმსაჯულება სულ უფრო მეტად იქცა  სახელმწიფო ძალაუფლების განხორციელებისა და საზოგადოებრივი კონტროლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად.[5]

დემოკრატიული მმართველობისგან განსხვავებით, სადაც დანაშაულის პრევენცია კომპლექსურ სოციალურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ პოლიტიკას ეფუძნება, ავტორიტარული რეჟიმები წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას სისხლის სამართლისა და საპოლიციო მექანიზმების გაძლიერებით ცდილობენ. ამის ნათელ მაგალითად რჩება არსებული სისხლის სამართლის  პოლიტიკა, რომელიც  კვლავ რეაქციულ მიდგომაზეა ორიენტირებული და მხოლოდ სასჯელის ძალით მოქმედებს.  დანაშაულის პრევენციის არსებული პოლიტიკა,  მექანიზმები და ცალკეული ღონისძიებები, სათანადოდ ვერ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს. სახელმწიფო თითქმის არ იყენებს დანაშაულის სოციალური პრევენციის მეთოდებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მსჯავრდებულთა და პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ პირთა დიდი ნაწილი სასჯელს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული და ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის იხდის და საშუალოდ მსაჯვრდებულთა 65-80%-ია უმუშევარია. შესაბამისად, პრევენცია კვლავ ვიწროდ, სამართალდამცავი სისტემის ფარგლებშია მოქცეული და საპოლიციო მექანიზმებით ხორციელდება.  სახელმწიფოს არ გააჩნია  სტარტეგია შეებრძოლოს დანაშაულს მისი გამომწვევი მიზეზების შემცირებით ან აღმოფხვრით, სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებზე ორიენტირებით[6]. ქვეყნისთვის კვლავ უდიდესს გამოწვევად რჩება მასობრივი უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე. ამ ვითარებაში კი, ბუნებრივია, წესრიგის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთელი დატვირთვა მხოლოდ სამართალდამცავი სისტემის ფარგლებში რჩება და მის სტრუქტურულ მიზეზებს ვერ პასუხობს.

ავტორიტარული მმართველობის პირობებში სისხლის სამართლის პოლიტიკის რეპრესიული მიდგომები არაპროპორციულად სწორედ იმ ჯგუფებზე აისახება, რომლებიც ყველაზე მეტად არიან მოწყვლადნი სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის, სიღარიბისა და გარიყულობის მიმართ, რის გამოც სასჯელი სოციალური პოლიტიკის ჩანაცვლების ინსტრუმენტად ყალიბდება. საბოლოო ჯამში კი, წესრიგის შენარჩუნების ძირითადი ინსტრუმენტი სახელმწიფოსთვის კვლავ „დასჯით მართვა“ რჩება.

 1. სისხლის სამართლის სტატისტიკის ძირითადი მიგნებები

2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში ხელისუფლებაში მოსულმა პოლიტიკურმა ძალამ სახელმწიფოს ფუნქციის აღდგენა, საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება და დანაშაულთან ბრძოლა მთავარ პოლიტიკურ პრიორიტეტებად გამოაცხადა.[7] ამ პროცესში სისხლის სამართალი სახელმწიფოს ხელში იქცა მიზნების მიღწევის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტად, ხოლო გარდაუვალი დასჯის პრინციპი - კორუფციის, უმუშევრობისა და ეკონომიკური კრიზისის დაძლევის საშუალებად.[8]

ამ პერიოდში განხორციელებულმა აქტიურმა ანტიკორუფციულმა და საპოლიციო რეფორმებმა მოკლე დროში მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით,   თუმცა მნიშვნელოვანი კრიზისი შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის, პოლიციელთა მიერ უფლებამოსილებათა გადამეტებისა და უწყებების პოლიტიზირების მიმართულებით. საბოლოოდ, რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკა იქცა როგორც იმდროინდელი ხელისუფლების სწრაფი პოლიტიკური გაძლიერების, ისე მისი შემდგომი პოლიტიკური კრიზისისა და დაღმასვლის ერთ-ერთ მიზეზად.

2012 წელს “ქართული ოცნების”  გუნდის ხელისფლებაში მოსვლა მნიშვნელოვნად განაპირობა იმ პერიოდში სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულმა სისტემურმა პრობლემებმა. [9]

2013 წლიდან სასჯელაღსრულების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა. ამავე წლის იანვარში გამოცხადებულმა ფართომასშტაბიანმა ამნისტიამ, შეწყალების, მსჯავრებულთა ვადამდე ადრე გათავისუფლების მექანიზმების აქტიურმა გამოყენებამ,  რომელიც საერთო ჯამში 17 000 პირს შეეხო, რამდენიმე წელში დიდწილად მოხსნა გადატვირთულობის პრობლემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. [10]

საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად პრაქტიკაში შესუსტდა სისხლის სამართლის მკაცრი მექანიზმების გამოყენებაც. თუმცა, დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკა კვლავ ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობის ფარგლებში დარჩა მოქცეული, რის გამოც სისტემური და ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება ვერ მოხერხდა.

ბოლო წლებში “ქართული ოცნების” პოლიტიკა კიდევ უფრო რეპრესიული გახდა. განსაკუთრებით თვალშისაცემია სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება, რომელმაც სახელმწიფოს სადამსჯელო მექანიზმები მნიშვნელოვნად გააძლიერა. გაიზარდა სასჯელები სხვადასხვა ტიპის დანაშაულზე, გაფართოვდა წინასწარი პატიმრობის გამოყენების პრაქტიკა.

სტატისტიკის მიხედვით 2025 წლის მონაცემებით პენიტენციურ დაწესებულებაში 11,153 პირია მოთავსებული.[11],[12]წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 2055 ადამიანით (22.6%) არის გაზრდილი. ეს რაოდენობაქართული ოცნებისმმართველობისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

ამასთან 2025 წელს მსჯავრდებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 5 806-ით (34.23%) გაიზარდა და 22 767 შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელიქართული ოცნებისმმართველობის პერიოდში ასევე რეკორდულად მაღალია.[13] 

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში დანაშაულის ყველაზე დიდი ნაწილი საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ და ნარკოტიკულ დანაშაულებზე მოდის. 2025 წელს რეგისტრირებული დანაშაულების დაახლოებით 31% საკუთრების წინააღმდეგ იყო მიმართული. 2024 წელთან შედარებით ნარკოტიკების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებისთვის მსჯავრდებულთა  რიცხვი   დაახლოებით  89.1% არის გაზრდილი.  ამავე დროს, 22 767 მსჯავრდებულიდან 17 967, ანუ დაახლოებით 79%, უმუშევარია.

ეს დანაშაულები, როგორც წესი, მჭიდროდ უკავშირდება სიღარიბეს, უმუშევრობას, სოციალურ გარიყულობასა და დამოკიდებულების პრობლემებს. შესაბამისად, სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების ძირითადი ტვირთი სწორედ იმ ჯგუფებზე გადადის, რომლებიც სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან.

განსაკუთრებით საგანგაშოა ვითარება არასრულწლოვნებში. 2025 წელს ბრალდებულ არასრულწლოვანთა 89% საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის იქნა ბრალდებული.[14]  ამასთან განრიდებულ არასრულწლოვანთა 65% სსკ-ის 177- მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ქურდობა ჰქონდა ჩადენილი.

საქართველოს პროკურატურის 2025 წლის მონაცემებით, ამ კატეგორიის არასრულწლოვანთა დაახლოებით 25%-ის შემთხვევაში ერთი ან ორივე მშობელი ემიგრაციაში იმყოფებოდა, ხოლო 43%-ის შემთხვევაში მხოლოდ ერთი მშობელი იყო დასაქმებული. საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენ პირთა 37.3%-ის ოჯახური შემოსავალი მხოლოდ პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის არის საკმარისი. ამასთან დასაქმებულ არასრულწლოვნთა  79% სწავლისა და სამუშაოს შეთავსება უწევს.[15]

[16]

საქართველოში ავტორიტარული მმართველობის კონსოლიდაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა  ინსტიტუციური შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმების თანდათანობითი შესუსტებაა. ამ პირობებში სასამართლოსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის არსებული ინსტიტუციური თანხვედრა ნათლად ჩანს  სტატისტიკაშიც.

ბოლო 15 წლის მონაცემებით[17], სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობების 98% აკმაყოფილებს (სრულად კმაყოფილდება საშუალოდ 75-83%, ხოლო ნაწილობრივ 15-22%). არდაკმაყოფილების მაჩვენებელი საშუალოდ 1.9-2.5% ფარგლებში მერყეობს. ეს პრაქტიკა არ შეცვლილა მათ შორის 2025 წელს და ბოლო 12 წელში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. 2025 წელს, ჯამში სასამართლოს  მიერ პროკურატურის შუამდგომლობათა სრულად და ნაწილობრივ დაკმაყოფილების ხვედრითმა წილმა 99% შეადგინა. [18]

სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელიც მაღალია და 2025 წელს გაუარესების ტენდენცია შეინიშნება.

2024 წელს ეს მაჩვენებელია-  41%, ხოლო 2025 წელს  აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა 10816 პირს, მათგან პატიმრობა შეეფარდა 5653 პირს, რაც პატიმრობის პროცენტულ წილს განსაზღვრავს 52,26%-ით, გასულ წელთან შედარებით 11%-ით მეტს.[19]

2025 წელს სასამართლომ 82.9% შემთხვევაში დააკმაყოფილა პატიმრობის გამოყენების შუმადგომლობა, რაც 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

2026 წელს სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკანონმდებლო და პრაქტიკული ანალიზია წარმოდგენილი.  ანაგრიშის მიხედვით, კვლევისას გამოიკვეთა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დახვეწასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან დაახლოებას საჭიროებს. მათ შორის საერთო სასამართლოების მიერ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გამოყენების დროს, ხშირად არ არის განხილული და შეფასებული კონკრეტული ბრალდებულის მიმართ ინდივიდუალური გარემოებები და საფრთხეები. სასამართლოები, ძირითადად, მხოლოდ აბსტრაქტულ და კოლექტიურ საკითხებზე მითითებით (მაგ., როგორიცაა ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება) შემოიფარგლებიან. ბრალდებულის მიმართ ინდივიდუალური გარემოებების შეუფასებლობა განსაკუთრებით პრობლემურია, როდესაც იკვეთება გარკვეული კატეგორიის დანაშაულებზე აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის გამოყენების ტენდენცია. ასეთ შემთხვევებში, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანი არის არა ბრალდებულის სასამართლოს წინაშე წარდგენისა და განაჩენის აღსრულების უზრუნველყოფა, ან/და ახალი დანაშაულის პრევენცია, არამედ, წარდგენილი ბრალდებისთვის, ბრალდებულის დასჯა თავისუფლების უფლების შეზღუდვით.[20]

საინტერესოა ასევე საპროცესო შეთანხმების გამოყენების მაჩვენებელიც, რომელიც  2025 წელს 12,8% გაიზარდა წინა წელთან შედარებით.

თუ 2020 წელს სისხლის სამართლის საქმეების 63.5% სრულდებოდა შეთანხმებით, 2025 წლისთვის ეს მაჩვენებელი უკვე 86.5%-ს აღწევს. ამავე პერიოდში არსებითი განხილვით დასრულებული საქმეების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ საქმეების დიდი ნაწილი სრულ სასამართლო განხილვამდე აღარ აღწევს და გადაწყვეტილება ძირითადად ბრალდებულსა და პროკურატურას შორის შეთანხმების საფუძველზე მიიღება.

2025 წელს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეფარდებული ჯარიმების საერთო მოცულობა 2024 წელთან შედარებით  დაახლოებით 50.5%-ით გაიზარდა. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი სახელმწიფოსთვის,  არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ ფინანსურად მნიშვნელოვანი მექანიზმია და შესაძლოა  ფინანსურმა ინტერესებმა მართლმსაჯულების პროცესში სამართლებრივ მიზნებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოიპოვოს.

წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური ხდება ამნისტიის გამოცხადების საკითხი. ხელისუფლების მიერ ამნისტიის ინიცირება ხშირად უკავშირდება სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტს, რაც აჩენს კითხვებს ამ ინსტრუმენტის მიზნობრიობასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ფართომასშტაბიანი ამნისტია 2020 და 2024 წლებში გამოცხადდა.

რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის მიხედვით, საარჩევნო წლებში (2016, 2020, 2024) პროცენტულად იკლებს რეგისტრირებული დანაშაულების რაოდენობა. მაგალითად, 2019 წელს რეგისტრირებული იყო 64 123 დანაშაულის შემთხვევა, ხოლო 2020 წელს ეს მაჩვენებელი 12.13%-ით შემცირდა. ანალოგიურად, 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა 7.75%-ით შემცირდა, ხოლო 2025 წელს კვლავ 8.32%-ით გაიზარდა.

განსაკუთრებით თვალსაჩინოა ტენდენცია ნარკოდანაშაულების მიმართულებით. 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, რეგისტრირებული ნარკოდანაშაულების რაოდენობა 46.19%-ით შემცირდა. მსგავსი კლება კვლავ დაფიქსირდა 2024 წელსაც, როდესაც მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 15.11%-ით შემცირდა. თუმცა უკვე 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ნარკოდანაშაულების რაოდენობა 87.12%-ით გაიზარდა.

მსგავსი ტენდენცია შეინიშნება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებშიც. მაგალითად, 2020 წელს აღნიშნული კატეგორიის დანაშაულების რაოდენობა 13.9%-ით შემცირდა, ხოლო 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით — 11.56%-ით.

სისხლის სამართლის სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მსჯავრდებულთა ყველაზე დიდი ნაწილი სასჯელს სწორედ ნარკოტიკული და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის იხდის. დანაშაულის ეს კატეგორიები მჭიდროდაა დაკავშირებული სოციალურ და ეკონომიკურ მოწყვლადობასთან და მნიშვნელოვანად ასახავს სახელმწიფოს სისხლის სამართლის პოლიტიკის პრიორიტეტებს.

ავტორიტარული მმართველობისა და დემოკრატიული უკუსვლის პირობებში სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკა, როგორ წესი მხოლოდ პოლიტიკური სივრცის კონტროლით არ შემოიფარგლება და  სისხლის სამართალი ხშირად  დანაშაულზე რეაგირებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ფარგლებს სცდება და სახელმწიფოს ძალაუფლების  ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტად იქცევა.

სისხლისსამართლებრივი ზეწოლის მთავარი ობიექტი ხშირად ის ჯგუფები ხდება, რომლებსაც პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რესურსების ნაკლებობის გამო საკუთარი ინტერესების ეფექტიანად დაცვის შეზღუდული შესაძლებლობა აქვთ.[21]  ამავე დროს,  სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, უმუშევრობა, სიღარიბე, სოციალური უთანასწორობა და გარიყულობა, სახელმწიფოს წინაშე არსებულ უმთავრეს სტრუქტურულ გამოწვევებად რჩება და პრობლემები, რომლებიც თავისი ბუნებით სტრუქტურულ და სისტემურ ხასიათს ატარებს, ხშირად ინდივიდუალური ბრალისა და პირადი პასუხისმგებლობის ჭრილში განიხილება, მათი გამომწვევი სოციალური, ეკონომიკური და ინსტიტუციური ფაქტორები კი საჯარო პოლიტიკის მიღმა რჩება.

შემდეგ თავებში გაანალიზებული იქნება, ერთი მხრივ, ნარკოტიკული დანაშაულების მიმართ მოქმედი სისხლის სამართლის პოლიტიკა, ხოლო მეორე მხრივ, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების სტატისტიკა და ის სოციალური და ეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც ამ დანაშაულების გავრცელებასა და სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის ხასიათს განაპირობებს. 

2. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების სტატისტიკა

როგორც ზემოთ აღინიშნა, სტატისტიკის მიხედვით, როგორც ბოლო 15 წლის განმავლობაში, დანაშაულთა კატეგორიაში წამყვანი პოზიცია  საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ  დანაშაულებს უჭირას. 2025 წელს რეგისტრირებული დანაშაულებიდან, დაახლოებით 31.9 %  საკუთრების წინააღმდეგ იყო მიმართული. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების დიდი წილი კი ქურდობაზე მოდის.[22]

დანაშაულის პრევენციისთვის მიზნით სახელმწიფოები კრიმინალიზაციის და კონტროლის გაძლიერებისკენ მიმართულ მეთოდებს ხშირად ყველაზე ხშირად იყენებენ. თუმცა, ეკონომიკური დანაშაულების პრევენციასთან დაკავშირებით, საპოლიციო კონტროლის მექანიზმებზე მნიშვნელოვანი მსგავსი დანაშაულის სოციო-ეკონომიკური მიზეზებისა და ფაქტორების  აღმოფხვრაზე ორიენტირებული გზების ძიებაა.

2025 წლის მონაცემებით, რეგისტრირებული 22 767 მსჯავრდებულიდან 17 967 პირი, ანუ 79% უმუშევარია.

განსაკუთრებით საგანგაშოა რომ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ხვედრითი წილი, მათ შორის  მაღალია არასრულწლოვნებში.  2025 წელს ბრალდებულ არასრულწლოვანთა 89% საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის იქნა ბრალდებული.[23]  ამასთან განრიდებულ არასრულწლოვანთა 65% სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ქურდობა ჰქონდა ჩადენილი.

 საქართველოს პროკურატურის 2025 წლის მონაცემებით, ამ კატეგორიის არასრულწლოვანთა დაახლოებით 25%-ის შემთხვევაში ერთი ან ორივე მშობელი ემიგრაციაში იმყოფებოდა, ხოლო 43%-ის შემთხვევაში მხოლოდ ერთი მშობელი იყო დასაქმებული. საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენ პირთა 37.3%-ის ოჯახური შემოსავალი მხოლოდ პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის არის საკმარისი. ამასთან დასაქმებულ არასრულწლოვნთა  79% სწავლისა და სამუშაოს შეთავსება უწევს.[24]

კრიმინოლოგიაში უმუშევრობა დანაშაულის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად განიხილება, თუმცა, საკითხი შებრუნებულადაც ისმება, რომ დანაშაული, ისევე როგორც საზოგადოებრივი თუ მართლმსაჯულების რეაქცია მასზე, განსაკუთრებით სისხლისსამართლებრივი განაჩენი ან მკაცრი სასჯელი (მაგალითად თავისუფლების აღკვეთა), თავის მხრივ, უმუშევრობისა და განგრძობადი სოციალური ესკლუზიის მიზეზი ხდება.[25]

ამასთან, უმუშევარი პირი, როგორც წესი, უფრო მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფება როგორც გამოძიების, ისე სასამართლო განხილვის ეტაპზე. მას ნაკლები შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს კვალიფიციური იურიდიული დახმარებით, მოიპოვოს ალტერნატიული მტკიცებულებები ან სასამართლოს წარუდგინოს სოციალური სტაბილურობის დამადასტურებელი გარემოებები. დასაქმება პრაქტიკაში ხშირად განიხილება როგორც პირის საზოგადოებასთან ინტეგრაციის, სტაბილური ცხოვრების წესისა და დაბალი რისკის მაჩვენებელი. შესაბამისად, დასაქმებული ბრალდებული სასამართლოს თვალში შესაძლოა უფრო ნაკლებ საფრთხედ აღიქმებოდეს, ვიდრე უმუშევარი პირი, რომლის მიმართაც არსებობს სტერეოტიპული წარმოდგენა სოციალური არასტაბილურობისა და რეციდივის მაღალი ალბათობის შესახებ.[26]

საერთაშორისო კვლევების ნაწილი ადასტურებს, რომ დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე პირების მიმართ უფრო ხშირად გამოიყენება პატიმრობა, მაშინ როდესაც შედარებით ძლიერი სოციალური კავშირებისა და ფინანსური რესურსების მქონე ბრალდებულები მეტად სარგებლობენ არასაპატიმრო ღონისძიებებით. აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით პრობლემურია სამართლის წინაშე თანასწორობის პრინციპის თვალსაზრისით, რადგან მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც ფორმალურად ნეიტრალური უნდა იყოს, რეალურად შესაძლოა სოციალური უთანასწორობის გამამყარებელ მექანიზმად იქცეს.[27]

საქართველოს კონტექსტშიც საყურადღებოა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულთა შორის უმუშევართა უკიდურესად მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ დანაშაულის სოციალურ მიზეზებზე არ მიუთითებს. ეს სტატისტიკა ასევე ბადებს კითხვას, ხომ არ მოქმედებს დასაქმების არქონა თავად სისხლის სამართლის მართლმსაჯულების შედეგებზეც. როდესაც სასამართლო ინდივიდის „სოციალური საფრთხის“ შეფასებისას ყურადღებას ამახვილებს მის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, არსებობს რისკი, რომ უმუშევრობა არაპირდაპირ დამამძიმებელ ფაქტორად იქცეს.

გარდა ამისა, განსაკუთრებულ კრიტიკას იმსახურებს სისხლის სამართლის პოლიტიკის ინსტრუმენტალიზება უმუშევრობის პრობლემის „გადაწყვეტის“ მიზნით. ისტორიულად და თანამედროვე პრაქტიკაშიც არაერთ სახელმწიფოში შეინიშნებოდა ტენდენცია, როდესაც  სოციალური პრობლემების, მათ შორის სიღარიბის, უმუშევრობისა მართვა არა სოციალური პოლიტიკის, არამედ რეპრესიული მექანიზმების გამოყენებით ხდება. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების საპასუხოდ არა დასაქმების პროგრამებს, განათლებასა და სოციალური მხარდაჭერის სისტემებს აძლიერებს, არამედ ზრდის კონტროლს, პოლიციურ ზედამხედველობასა და პატიმრობის გამოყენებას.[28]

ამგვარი მიდგომა განსაკუთრებით პრობლემურია, რადგან იგი უმუშევრობას აღიქვამს არა სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევად, არამედ პოტენციურ კრიმინალურ საფრთხედ. შედეგად, კრიმინალური პოლიტიკა გარკვეულწილად სოციალური პოლიტიკის შემცვლელად ყალიბდება. ეს კი იწვევს „სოციალური გამორიცხვის ციკლს“, სადაც უმუშევარი პირი უფრო ხშირად ექცევა სისხლის სამართლის სისტემაში, ნასამართლეობა კი შემდგომში კიდევ უფრო ართულებს მის დასაქმებასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციას. საბოლოოდ, იზრდება განმეორებითი დანაშაულის რისკიც.[29]

ეროვნულ დონეზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება თავად  მოსამართლეების მიერ ქმედების გამომწვევი სოციალური და ეკონომიკური ფაქტორების მხედველობაში მიღებისა და მეტად ჰუმანური სანქციების გამოყენებისგან თავის შეკავების პრაქტიკა. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა 177-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებისა და 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შემთხვევაში. [30]მაგალითისთვის, ერთ-ერთ საქმეში მოსამართლემ პირს 3000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა იმ ქმედებისთვის, რომელმაც 140 ლარის ზიანი გამოიწვია (ე.წ. ჯიბის ქურდობა), ხოლო თავად პირი აღიარებდა დანაშაულს და მანამდე ნასამართლევიც არ ყოფილა. მოსამართლეს არ უმსჯელია ქმედების გამომწვევ სოციალურ და ეკონომიკურ მიზეზებზე, რაც, როგორც სხვა განაჩენების ანალიზიდანაც ირკვევა, ტიპური მოვლენაა. ხშირ შემთხვევაში  მოსამართლეები შაბლონურად უდგებიან ან საერთოდ არ აფასებენ ქმედების სოციოეკონომიკურ ასპექტებს, რომელიც, რეალურად, სასჯელის სახისა და ზომის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი უნდა იყოს.[31] ამ კონტექსტში ასევე საინტერესოა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის მონიტორინგის ანგარიშები, რომლის მიხედვითაც, სასამართლოები ხშირ შემთხვევაში არც აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას, და არც განაჩენის გამოტანისას ითვალისწინებენ პირის სოციალურ მდგომარეობას.[32]

ამ ფონზე, საქართველოში დღემდე არ არსებობს დანაშაულის პრევენციის ერთიანი სტრატეგია, მათ შორის  მთავრობის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის 2025-2028 წლის სტრატეგია[33] და საქართველოს პროკურატურა[34], რომელიც ასევე შეიმუშავებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიებს, მსჯელობის მიღმა ტოვებენ საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, რომლებიც ყოველწლიურად წამყვან ადგილს იკავებს რეგისტრირებულ დანაშაულთა რიგში. უწყებების ფრაგმენტული სტრატეგიები, ძირითადად ორგანიზებულ დანაშაულებს ეხება.

საქართველოს ასევე არ გააჩნია დანაშაულის სოციალური პრევენციის მიმართულებით ერთიანი, თანმიმდევრული და  ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც უმუშევრობის შემცირების გზით დანაშაულის პრევენციას სისტემურად დაუკავშირებდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის 2025–2028 წლების განვითარების სტრატეგია[35], ისევე როგორც წინა პერიოდის დოკუმენტები მიზნად ისახავს მოქალაქეთა ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას, შრომის ბაზრის გაუმჯობესებას, ღირსეული დასაქმების უზრუნველყოფასა და სოციალური პირობების გაძლიერებას, აღნიშნული მიზნები ძირითადად  ეკონომიკური განვითარების კონტექსტში განისაზღვრება  და ნაკლებად არის ინტეგრირებული დანაშაულის პრევენციის პოლიტიკასთან.

არსებული მდგომარეობა ცალსახად მიუთითებს, რომ  დანაშაულის სოციალური პრევენციის მიმართულებით ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი ხედვა და არსებული მიდგომები ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს. შესაბამისად არ არსებობს კავშირი უმუშევრობის შემცირების, სოციალური მხარდაჭერის გაძლიერებისა და დანაშაულის შემცირების მიზნებს შორის.

3. სტატისტიკის ანალიზი ნარკოტიკულ დანაშაულებთან მიმართებით

საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში მსჯავრდების საერთო მაჩვენებლიდან, ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულთა წილი, 2010 წლიდან დღემდე, საშუალოდ 20-დან 40 პროცენტამდე მერყეობს და ეკონომიკურ დანაშაულთან ერთად, ყველაზე გავრცელებულია.[36] 2025 წლის სტატისტიკის მიხედვით ნარკოტიკების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებისთვის მსჯავრდებულთა  რიცხვმა  2001 წლიდან დღემდე  რეკორდულ ნიშნულს სწორედ გასულ წელს მიაღწია. ამასთან ეს რიცხვი არ მოიცავს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკულ დანაშაულთა თავით გათვალისიწნებულ ყველა ქმედებას, მათ შორის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებას  (სსკ მუხლი 273)  და მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას (სსკ მუხლი 273¹). შესაბამისად სტატისტიკური მაჩვენებლი შედარებით მეტია. განსაკუთრებით საგანგაშოა  ნარკოდანაშაულების რაოდენობრივი მაჩვენებელი, რომელიც არათუ ქართული ოცნების, არამედ 2001 წლიდან, მათ შორის „ნულოვანი ტოლერანტობის“ წლებზეც კი ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს. 2024 წელთან შედარებით ამ დანაშაულით (სსკ-ის 260- მუხლი) მსჯავრდებულ პირთა რაოდენობა დაახლოებით  89.1% არის გაზრდილი.

საქართველოში უკანასკნელად 2021 წელს ჩატარებული  კვლევის შედეგების თანახმად ქვეყნის ზოგად პოპულაციაზე გადათვლით, ინექციური გზით ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა რაოდენობა(ნიმ) 51 000- უტოლდება, ხოლო საქართველოს 18-64 წლის ასაკის პოპულაციაზე გადათვლით - 49 700-. ნიმ-ების პოპულაციის ზომის მიხედვით (ქვეყნის მოსახლეობების პროპორციულობის გათვალისწინებით), საქართველო მაჩვენებელი რამდენჯერმე აღემატება  ევროკავშირის ნარკოტიკების სააგენტოს მიერ   დადგენილ საშუალო მაჩვენებელს[37]

2006 წლიდან, ნარკოტიკულ დანაშაულებზე “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკა გავრცელდა, რამაც არსებული სისხლისამართლებრივი კანონმდებლობა კიდე უფრო გაამკაცრა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ გატარებული „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა ნარკოტიკების მოხმარების შემცირებას ისახავდა მიზნად, არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ აღნიშნულმა პოლიტიკამ ამ მიმართულებით სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, პრობლემური მომხმარებლების რაოდენობა დროთა განმავლობაში გაიზარდა. ერთ-ერთი შეფასებით, ინექციური მომხმარებლების რაოდენობა 2009-2014 წლებში დაახლოებით 40 000-დან 49 700-მდე გაიზარდა.[38] ნარკოტიკული საშუალებების წინააღმდეგ მკაცრმა რეპრესიულმა პოლიტიკამ და ბაზარზე ტრადიციული ნარკოტიკების გაძვირებამ მომხმარებლების ნაწილი შედარებით იაფი და უფრო საშიში ნივთიერებების მოხმარებისკენ უბიძგა, რომლებიც ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საზიანო აღმოჩნდა.

2012 წლის ოქტომბერში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საქართველოს ახალმა მთავრობამ აღიარა, რომ საჭირო იყო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პოლიტიკის, მათ შორის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია. საკანონმდებლო ცვლილებებით შემცირდა სისხლის სამართლებრივი სანქციები ნარკოტიკული საშულებების შეძენა-შენახვაზე. მთავრობამ მიიღო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელშიც ხაზი გაესვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ნარკოტიკების მოხმარების პრევენციის, ზიანის შემცირების პროგრამების და ნარკომომხმარებლების მიმართ სტიგმისა და დისკრიმინაციის დაძლევის მნიშვნელობას. სახელმწიფო, გაცხადებული პოლიტიკის დონეზე, აღიარებს პროგრესული მიდგომების დანერგვისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარების საჭიროებას. ეს, მათ შორის, 2023 წელს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დამტკიცებული „ნარკოპოლიტიკის 2023-2030 წლების ეროვნული სტრატეგიითაც“ დასტურდება.[39] თუმცა, ამ სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ნაბიჯებიდან ბევრი არ გადადგმულა.[40]  

2015 წელს, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. მათი უმეტესობა საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილმა სარჩელებმა განაპირობა.[41] სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში ცვლილებით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო ფლობისთვის პასუხისმგებლობა გაიმიჯნა გასაღებისგან.  ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის პასუხისმგებლობა ნაცვლად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთისა, შემცირდა 6 წლამდე.  70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის და 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის, გაუქმდა სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა;  სისხლის სამართლის კოდექსის ახალი 2731 მუხლით გამოირიცხა თავისუფლების აღკვეთის გამოყენება დიდ ოდენობამდე გამომშრალი მარიხუანის, ნედლი მარიხუანისა და მცენარე კანაფის უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან/და პირადი მოხმარებისთვის. სანქციის სახით თავისუფლების აღკვეთა გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ დიდ ოდენობაზე, მოგვიანებით საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნია 151 გრამამდე მცენარე კანაფის პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის საპატიმრო სასჯელის გამოყენება. იგივე გადაწყვეტილებით, სასამართლომ 264 გრამამდე ოდენობით კანაფის მოყვანისთვის დასაშვებად მიიჩნია საპატიმრო სასჯელის გამოყენება, თუმცა არა იმ ვადით, რასაც გადაწყვეტილების მიღების დროისთვის მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა (თავისუფლების აღკვეთა ექვსიდან თორმეტ წლამდე).[42]

ამ პერიოდში საქართველოში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სამოქალაქო საზოგადოებამ, მათ შორის „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“,  რომელმაც ხელი შეუწყო ნარკოტიკების მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხის აქტუალიზაციას და წამალდამოკიდებულებასა და ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე საზოგადოებრივი დისკუსიის დაწყებას. არაერთი ფართომასშტაბიანი აქციების ფონზე, ხელისუფლება იძულებული გახდა, ძირითადად საკონსტუტციო სასამართლოზე მთელი ტვირთის გადატანით, ლიბერალიზაციისკენ მიმართული ნაბიჯები გადაედგა. [43]

საქართველოში ნარკოპოლიტიკის სისტემური და ფუნდამენტური რეფორმის პროცესი მნიშვნელოვნად შეფერხდა 2018 წლის 12 მაისის მოვლენების შემდეგ, როდესაც თბილისში მდებარე რამდენიმე ღამის კლუბში ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაცია განხორციელდა. აღნიშნული ღონისძიება იმ დროს დაიწყო, როდესაც კლუბებში ათობით ადამიანი იმყოფებოდა. სამართალდამცავი ორგანოების ქმედებებმა და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა გააძლიერა კრიტიკული დამოკიდებულება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მხარდამჭერი ჯგუფების მიმართ და ხელი შეუწყო არსებული, უფრო რეპრესიული მიდგომის შენარჩუნებას. [44]

ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა სოციალური პროფილისა და მათი მოწყვლადობის განმაპირობებელი ფაქტორების ანალიზი აჩვენებს, რომ სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების სისტემა ნარკოპოლიტიკის სფეროში ხშირად იმ სოციალური უთანასწორობების გამაძლიერებლად გვევლინება, რომლებიც, თავის მხრივ, დანაშაულის ჩადენის ალბათობას ზრდის. ამასთან, მოწყვლადობა მხოლოდ დანაშაულის ჩადენამდე არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას არ უკავშირდება. სისხლისსამართლებრივი დევნა, მსჯავრდება და განსაკუთრებით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, თავის მხრივ, შესაძლოა  სოციალური და ეკონომიკური გარიყვის მიზეზი გახდეს.  ნარკოტიკული დანაშაულისთვის ყოფილ ან ამჟამინდელ მსჯავრდებულთა უმუშევრობის აშკარად მაღალი მაჩვენებელი, არასახარბიელო ფინანსური პირობები, ისევე, როგორც საშუალო განათლების მაღალი წილი, არ არის გასაკვირი მართლმსაჯულების სისტემაში მსჯავრდებულის სტატუსით მოხვედრილ პირთა საერთო სურათის ფონზე. კერძოდ, ბოლო ათი წლის მონაცემები აჩვენებს, რომ ყოველწლიურად მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის 80%-დან 85%-ს საშუალო ან არასრული საშუალო განათლება აქვს. ხოლო როგორც წინა თავებში აღინიშნა  მსჯავრდებულთა 79% უმუშევარია.

კრიმინოლოგიაში უმუშევრობა დანაშაულის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად განიხილება, თუმცა, საკითხი შებრუნებულადაც ისმება, რომ დანაშაული, ისევე როგორც საზოგადოებრივი თუ მართლმსაჯულების რეაქცია მასზე, განსაკუთრებით სისხლისსამართლებრივი განაჩენი ან მკაცრი სასჯელი (მაგალითად თავისუფლების აღკვეთა), თავის მხრივ, უმუშევრობის მიზეზი შეიძლება გახდეს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ასევე ისიც, თუ რამდენად ამკაცრებს სასჯელს უმუშევრობის ფაქტი ინდივიდუალურ დონეზე სისხლისსამართლებრივი ქმედების ჩამდენი უმუშევარი პირები უფრო ჭარბად ხომ არ არიან სისტემის კონტროლის ქვეშ, ხოლო კოლექტიურ დონეზე – იმ პირთა მიმართ, ვინც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უმუშევრები იყვნენ, დასაქმებულებთან შედარებით, უფრო მკაცრი სასჯელები ხომ არ გამოიყენება. პოზიტიური ურთიერთკავშირი უთანასწორობასა და პატიმრობის დონეს შორის სხვადასხვა კვლევებით დადასტურებულია.[45]

კითხვაზე, თუ ვინ ხვდება „სადამსჯელო ბადეში“, ქართული მართლმსაჯულების სტატისტიკური მონაცემები ცალსახად მიუთითებს დაბალი ან შემოსავლის/სამუშაოს არმქონეთა მაღალ წილზე.

ამ თვალსაზრისით, ნარკოპოლიტიკის შეფასებისას მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება, რამდენად ითვალისწინებს მართლმსაჯულების სისტემა პირის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას და რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის რეალურ განხორციელებას.  პოლიტიკურ დღის წესრიგში, უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან, ნარკოპოლიტიკის საკითხი  ხშირად მხოლოდ პოპულისტური შინაარსებით ჩნდება. მთავრობის ნარატივიდან ფაქტობრივად გამქრალია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ისეთი მწვავე თემები, როგორიცაა ჯანდაცვა თუ სოციალური საკითხები, ანდაც პრევენციული ინტერვენციების მნიშვნელობა. მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, ნარკოპოლიტიკის რეფორმირების საკითხი, მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში, სტიგმის შემცველი ტერმინების გამოყენებით იჩენს ხოლმე თავს. ამ ფონზე, გაუგებარია, თუ რა შინაარსი აქვს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დამტკიცებულ პოლიტიკის დოკუმენტებში მოხსენიებულ „ლიბერალურ მიდგომებს“ და რამდენად არსებობს სახელმწიფოს პოლიტიკური ნება და ინსტიტუციური მზაობა ჰუმანურობისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების საფუძველზე ნარკოპოლიტიკის გასატარებლად.

ნარკოპოლიტიკის კუთხით არსებული რეალური პრობლემები, რაც ქვეყანაში პრევენციის სისტემის არარსებობას, არასაკმარის და ხელმიუწვდომელ ჯანდაცვის სერვისებს, ძვირიან სარეაბილიტაციო პროგრამებს უკავშირდება, კვლავაც გადაიფარება მკაცრი პოლიტიკის დაპირებებით იფარება.[46]

2015 წლის ლიბერალიზაციის პროცესიდან ზუსტად ათი წლის შემდეგ, 2025 წლის 2 ივლისის საკანონმდებლო ცვლილებებით, ყველაზე ზემოთჩამოთვლილი შედარებით ლიბერალური მინდგომა გაუქმდა და  ნარკომომხმარებლების მიმართ კვლავ “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკა გამოცხადა.

 2025 წლის 2 ივლისის საკანონმდებლო ცვლილებებით  გამკაცრდა სისხლისსამართლებრივი სასჯელები და მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვასა და მის მოყვანა-დათესვა კულტივაციაზე სანქციის ერთ-ერთ ფორმად თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა, ასევე ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდა იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმებისთვის თავის არიდება, აგრეთვე სისხლის სამართლის კოდექსს სასჯელის სახით დაემატა სავალდებულო მკურნალობა, რომლის გამოყენებაც არაუმეტეს 2 წლის ვადით შეიძლება „ნარკომანიით დაავადებული პირის მიმართ“.[47]

2 ივლისის საკანონმდებლო ცვლილებებით საქართველოს პარლამენტმა უგულვებელყო ის კონსტიტუციური სტანდარტები და პრინციპები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ სხვადასხვა დროს ნარკოტიკულ საშუალებებთან მიმართებით დაადგინა.  სასჯელის გამკაცრება საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისას იმით დასაბუთდა,  რომ „ბოლო წლებში, მომხმარებლებში პოპულარულია კანაფის ჰიბრიდული ჯიშების გამოყენებაც, რომლებიც THC-ს მაღალი შემცველობის გამო, გამოირჩევიან უფრო მავნე ზეგავლენით ადამიანის ორგანიზმზე, ვიდრე ბუნებრივი და ენდემური ჯიშის კანაფის მცენარეები. ამავე მიზეზის გათვალისწინებით, ჰიბრიდული მარიხუანის მომხმარებელი დამოკიდებულების უფრო მაღალი რისკის ქვეშაა.” თუმცა  კანონპროექტს თან არ ახლავს არანაირი კვლევა, ან მტკიცებულება, რომელიც არა ზოგად ტენდენციებს, არამედ კონკრეტულად საქართველოში არსებულ ნარკო-ვითარებას მიმოიხილავდა და გაანალიზებდა, რა ტიპის კანაფია გავრცელებული დღეს საქართველოში.

გარდა იმისა, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები არის რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელება და გაძლიერება, ამით საქართველოს პარლამენტმა არსებითად დაარღვია ქვეყანაში კონსტიტუციური კონტროლის პრინციპები და ფარგლები. ამგვარი საკანონმდებლო საქმიანობით ბუტაფორიული გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს როლი როგორც ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ისე პოლიტიკური სახელისუფლებო შტოების შებოჭვის კუთხით.[48] ამგვარი მიდგომა განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე,  როდესაც ნარკოტიკული დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი კონტროლის ქვეშ მყოფი პირების მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალური და ეკონომიკური მოწყვლადობის მქონე ჯგუფებს მიეკუთვნება, რის გამოც სისხლისსამართლებრივი რეაგირება  არა მხოლოდ ვერ ამცირებდეს ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, არამედ თავადაც აძლიერებდეს იმ სოციალური მოწყვლადობის ციკლს, რომლის დაძლევასაც სახელმწიფო პოლიტიკა რეალურად უნდა ემსახურებოდეს.

დასკვნა

წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემებისა და ტენდენციების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოში სისხლის სამართლის პოლიტიკა კვლავ მკვეთრად რეპრესიულ ხასიათს ატარებს და ძირითადად დასჯით და რეაქციულ მიდგომას ეფუძნება.

საქართველოში ავტოკრატიული შემობრუნების პარალელურად, დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტება, პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაცია, პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუარესება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე და ხელს უწყობს იმ სოციალური პრობლემების “სადამსჯელო მექანიზმებით მართვას”, რომელთა გადაჭრაც, სოციალური და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის ამოცანა უნდა იყოს.

2025 წელს მსჯავრდებულთა რაოდენობის ისტორიულ მაქსიმუმამდე ზრდა ამ ტენდენციის ყველაზე მკაფიო  გამოხატულებაა. პატიმრობის მაღალი მაჩვენებლი და თავისუფლების აღკვეთის გამოყენების მზარდი პრაქტიკა მიუთითებს, რომ ავტორიტარული შემობრუნების საფრთხეები მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების დევნით არ მთავრდება და   სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების მიმართ  იძულებითი ძალაუფლების გამოყენების ფორმებშიც ვლინდება. ამ პროცესის ნაწილია 2025 წელს ნარკოტიკებთან დაკავშირებული რიგი ქმედებებისთვის სასჯელების გამკაცრება.

რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკა განსაკუთრებით მძიმედ აისახება სოციალურად და ეკონომიკურად მოწყვლად ჯგუფებზე. მსჯავრდებულთა სოციალური პროფილის ანალიზი მიუთითებს, რომ სისხლისსამართლებრივი კონტროლის ქვეშ ხშირად ხვდებიან პირები, რომლებიც მანამდეც სოციალური და ეკონომიკური გარიყვის პირობებში იმყოფებოდნენ. ამასთან დანაშაულის მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალური მოწყვლადობის შედეგია და არა მხოლოდ ინდივიდუალური კრიმინალური ქცევის გამოხატულება.

მიუხედავად ამისა, სახელმწიფო  ნაკლებ ყურადღებას უთმობს დანაშაულის სოციალური პრევენციის პოლიტიკას და პრაქტიკულად არ იყენებს ისეთ მექანიზმებს, რომლებიც სიღარიბის, უმუშევრობის, სოციალური იზოლაციისა და ნარკოდამოკიდებულების შემცირებისკენ იქნებოდა მიმართული.   არსებული სისხლის სამართლის პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს დანაშაულის ეფექტიან პრევენციას და ვერ ამცირებს კრიმინოგენულ რისკებს.

სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა ფუნდამენტურ და სისტემურ ცვლილებებს საჭიროებს.  რეპრესიული მექანიზმების დომინირება, პრევენციული და რეაბილიტაციის ინსტრუმენტების არასაკმარის განვითარებასთან ერთად,  სისტემურ დისბალანსს განაპირობებს, რის გამოც მხოლოდ  სამართლებრივი რეაგირება  არასაკმარისია  რეციდივის რისკის შემცირებისთვის. ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სოციალური პრევენციის ინსტრუმენტების გაძლიერებას, არასაპატიმრო სანქციების  გამოყენებასა და რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამების ინსტიტუციურ გაღრმავებას. მხოლოდ ამგვარი კომპლექსური მიდგომით გახდება  შესაძლებელი შეიქმნას ეფექტიანი და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკა.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე მოცემულია მსჯავდებულთა რაოდენობის 2001-2025 წლის სტატისტიკა. სტატისტიკის დეტალურად სანახავად დააჭირეთ მონაცემების გადმოწერას. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/132/siskhlis-samartlis-statistika

[2] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის(სსსკ) მე-3 მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით  მსჯავრდებულია პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლის მიხედვით მჯავრდებულის მიმართ გამოყენებული სასჯელების სახეებია :

ა) ჯარიმა;

ბ) თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;

გ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

დ) გამასწორებელი სამუშაო;

ე) სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა;

ვ) (ამოღებულია - 01.06.2017, №944);

​1) შინაპატიმრობა;

​2) უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა;

ზ) ვადიანი თავისუფლების აღკვეთა; 

თ) უვადო თავისუფლების აღკვეთა;

ი) ქონების ჩამორთმევა;

კ) იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა;

ლ) სამხედრო წოდების ჩამორთმევა.

ამ სასჯელების ნაწილი, სჯავრდებულს შეიძლება დაენიშნოს ძირითად ან დამატებით სასჯელად.

[3] სოციალური სამართლიანობის ცენტრი:საქართველოში კრიტიკულად მაღალია პატიმართა რაოდენობა, თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა და პერსონალის დატვირთულობა , 2024 https://socialjustice.org.ge/ka/products/sakartvelo-evropashi-patimrebis-raodenobit-meore-adgilze

2024 წლის ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ საქართველოში პატიმართა 11% წლიური კლება დაფისქირდა, რის გამოც ევროსაბჭოს ბოლო მონაცემებით საქართველომ მე-4 აგილზე გადაინაცვლა.

https://www.coe.int/en/web/portal/-/serious-overcrowding-and-increasing-proportions-of-older-and-women-detainees-in-european-prisons

[4] ვრცლად იხ. “ნულოვანი ტოლერანტობიდან ლიბერალიზაციამდე – პოლიტიკის, კანონმდებლობის და პრაქტიკის ანალიზი”https://cdn.penalreform.org/wp-content/uploads/2014/05/PRI-Research-analysis-20111.pdf

[5] სოციალური სამართლიანობის ცენტრი :”შეუპოვარი პროტესტი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ: ეთიკური და ფსიქოლოგიური ანალიზი

 https://socialjustice.org.ge/ka/products/sheupovari-protesti-avtoritarizmis-tsinaaghmdeg-etikuri-da-fsikologiuri-analizi

[6] ვრცლად: სოციალური სამართლიანობის ცენტრი, თამარ გვასალია, „დანაშაულის პრევენციის პოლიტიკა საქართველოში“, 2023 https://socialjustice.org.ge/uploads/products/pdf/დანაშაულის_პრევენცია_-_ვებ_GEO_1688383097.pdf

[7] ვრცლად იხ.“ნულოვანი ტოლერანტობიდან ლიბერალიზაციამდე – პოლიტიკის, კანონმდებლობის და პრაქტიკის ანალიზი”https://cdn.penalreform.org/wp-content/uploads/2014/05/PRI-Research-analysis-20111.pdf

[8] სოციალური სამართლიანობის ცენტრი:”დანაშაულის და სასჯელის პოლიტიკა საქართველოში, 2021 https://socialjustice.org.ge/ka/products/danashaulis-da-sasjelis-politika-sakartveloshi

[9] სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის  სპეციალური ანგარიში:” 2012 წლის სექტემბერ-ნოემბერში ციხეებში განვითარებული მოვლენების შესახებ”. https://www.ombudsman.ge/res/docs/2019040513585866951.pdf

[10] რადიო თავისუფლებაამნისტიის კანონი ხელმოწერილია, 12 იავნარი 2013 წელი

https://www.radiotavisupleba.ge/a/amnesty-bill/24821996.html

[11] შენიშვნა: 2010 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ახალი პატიმრობის კოდექსი, რომლის თანახმადაც პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული ყველა პირი აღინიშნება ტერმინით "ბრალდებულები და მსჯავრდებულები". იგივე კატეგორია შეიძლება აღინიშნებოდეს ასევე ტერმინით "პატიმრები". 2025 წლის მონაცემებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულია 8702 მსჯავრდებული და 2451 ბრალდებული.

[12] საქსტატის ვებ-გვერდზე პენიტენციური დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2025 წლის იანვრის ბოლოს, მაგალითისთვის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების რაოდენობა(2914) 448 აღემატებოდა დაწესებულების დადგენილ ლიმიტს(2426). მსჯარდებულთა უმეტესობა პენიტეციურ  დაწესებულებაში სასჯელს მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდის სასჯელს(სულ 7314 პირი)

[13] შენიშვნა: აღსანიშნავია, რომ 2024 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ამნისტიის აქტი მიიღო, რამაც ნაწილობრივ განაპირობა არსებული ცვლილება, თუმცა, მსჯავრდებულთა რაოდენობის ასეთი მასშტაბური ზრდა მხოლოდ ამ ფაქტორით ვერ აიხსნება. ამას ადასტურებს ისიც რომ ზრდის ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო უკვე 2022–2023 წლებშიც. 2025 წელს მსჯავრდებულთა რაოდენობა 2023 წელთან შედარებითაც კი  დაახლოებით 20.78%-ით მეტია.

[14] საქართველოს პროკურატურა :არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შედეგების ანგარიში , 2026 https://pog.gov.ge/uploads_script/resources/tmp/phpgSWc5K.pdf

[15] განრიდებულ არასრუწლოვანთა  მონაცემების ანალიზის მიხედვით 581 არასრულწლოვანიდან 211(36%) ჰქონდა მუშაობის გამოცდილება, საიდანაც 166 პარალელურად სწავლობდა.

[16] ნარკოტიკული დანაშაულის სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (ნარკოტიკების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მუხლს

[17] იგივე ტენდენცია შეინიშნება გასულ წლებშიც. მაგალითისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე პროკურორების მიერ დაყენებული შუამდგომლობების  სრულად დაკმაყოფილების პროცენტულმა მაჩვენებელმა 2011 წელს შეადგინა 99.9 %, 2012 წელს 98,3%, 2013 წელს - 85,6%, 2014 წელს - 77,1 %, 2015 წელს - 72,7%, 2016 წელს - 73,5%, 2017 წელს - 83,2 %, 2018 წელს - 84,9%, ხოლო 2019 წელს - 80%[17]

[18] საქართველოს პროკურატურის 2025 წლის ანგარიში https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/422459

[19] სტატსისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემები.

[20] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში :” საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2025 წელი” https://ombudsman.ge/res/docs/2026040108450417707.pdf

[21]Ben Mostyn:  „Backsliding Democracy and the Criminal Law: Using Criminalization to Build Power and Popularity” Sydney Law School, University of Sydney, Camperdown, Australia, 2026 https://www.tandfonline.com/doi/epdf/10.1080/17419166.2026.2645545?needAccess=true

[22] სისხლის სამართლის კოდექსის  177-ე მუხლის მიხედვით ქურდობა ქურდობა გამოიხატება სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით https://matsne.gov.ge/ka/document/view/16426?publication=289

[23] საქართველოს პროკურატურა :არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შედეგების ანგარიში , 2026 https://pog.gov.ge/uploads_script/resources/tmp/phpgSWc5K.pdf

[24] განრიდებულ არასრუწლოვანთა  მონაცემების ანალიზის მიხედვით 581 არასრულწლოვანიდან 211(36%) ჰქონდა მუშაობის გამოცდილება, საიდანაც 166 პარალელურად სწავლობდა.

[25] სოციალური სამართლიანობის ცენტრი:”დანაშაულის და სასჯელის პოლიტიკა საქართველოში, 2021 https://socialjustice.org.ge/ka/products/danashaulis-da-sasjelis-politika-sakartveloshi

[26] The Culture of Control: Crime and Social Order in Contemporary Society,  David Garland https://www.researchgate.net/publication/26368194_The_culture_of_control_crime_and_social_order_in_contemporary_society

[27] იქვე

[28] იქვე

[29] Loïc Wacquant, Punishing the Poor: The Neoliberal Government of Social Insecurity, Duke University Press, 2009 https://files.libcom.org/files/Loïc Wacquant - Punishing the Poor.pdf

[30] სისხლის სამართლის კოდექსის  177-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადია  ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისიწინებს ქურდობის დასჯადობის დამამძიებელ გარემოებებს.

სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადია ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

[31]  სოციალური სამართლიანობის ცენტრი:”დანაშაულის და სასჯელის პოლიტიკა საქართველოში, 2021 https://socialjustice.org.ge/ka/products/danashaulis-da-sasjelis-politika-sakartveloshi(კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა 2019-2020 წლის სხვადასხვა სასამართლოს პირველი ინსტანციის  43 განაჩენი.

[32] მაგალითისთვის, 2018-2019 წლების მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, „საია დაესწრო 25 ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომას, სადაც ჩადენილი ქმედების მიზეზი იყო გაჭირვება. 25-ვე შემთხვევაში სასამართლომ გამოიყენა გირაო ან პატიმრობა, არცერთ შემთხვევაში არ შეუფარდებია პირადი თავდებობა და არ დაუტოვებია აღკვეთის ღონისძიების გარეშე. 25 შემთხვევიდან პროკურორმა პატიმრობა იშუამდგომლა 9 შემთხვევაში, რაც სასამართლომ ყველა შემთხვევაში დააკმაყოფილა.

[33] ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2025-2028 წლის სტრატეგია https://matsne.gov.ge/ka/document/download/6610060/0/1

[34] საქართველოს პროკურატურის სტრატეგია 2022-2027 https://pog.gov.ge/uploads_script/resources/tmp/phpgAW0J8.pdf

[35] სამთავრობო პროგრამა 2025-2028  https://www.gov.ge/files/90372_90372_536784_372256.pdf

[36] სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები იხ. შემდეგ ლინკზე https://www.geostat.ge/ka/modules/categories/132/siskhlis-samartlis-statistika

[37] European Drug Report 2026: Trends and Developments https://www.euda.europa.eu/publications/european-drug-report/2026_en

[38] Human Rights Watch, 2018

[39]2023-2030 წლების ნარკოპოლიტიკის ეროვნული სტრატეგია https://justice.gov.ge/files/ISqpKxjPjS3V.pdf

[40] Human Rights Watch, სამაგალითო დასჯა. საქართველოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მძიმე ადამიანური შედეგები, 2018 https://www.hrw.org/ka/report/2018/08/13/321308

[41] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

[42] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

[43] "თეთრი ხმაურის მოძრაობა" - აქცია ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ

https://ipress.ge/news/sazogadoeba/thethri-khmauris-modzraoba-a

[44]ნეტ გაზეთი: თეთრი ხმაურის მოძრაობის მოთხოვნები უცვლელიაპროტესტი გრძელდება

 https://netgazeti.ge/news/276556/

[45] სოციალური სამართლიანობის ცენტრი:”დანაშაულის და სასჯელის პოლიტიკა საქართველოში, 2021 https://socialjustice.org.ge/ka/products/danashaulis-da-sasjelis-politika-sakartveloshi

[46] სოციალური სამართლიანობის ცენტრი:“ნარკოპოლიტიკა და კრიმინალიზაციის ახალი ტალღა: პოპულიზმი, ნამდვილი საჭიროებების გადაჭრის ნაცვლადhttps://socialjustice.org.ge/ka/products/narkopolitika-da-kriminalizatsiis-akhali-talgha-populizmi-namdvili-sachiroebebis-gadachris-natsvlad

[47] სისხლის სამართლის კოდექსის XV​1 თავი https://matsne.gov.ge/ka/document/view/16426?publication=289

[48] სოციალური სამართლიანობის ცენტრი: ნარკოპოლიტიკა და კრიმინალიზაციის ახალი ტალღა: პოპულიზმი, ნამდვილი საჭიროებების გადაჭრის ნაცვლად”, 2025

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“