საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
6 ივნისს ევროპის საბჭომ საპატიმრო დაწესებულებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა,[1] რომელიც 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე პერიოდში 48 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, სასჯელაღსრულების სტატისტიკის ძირითად მიგნებებს აჯამებს.
ანგარიში ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში პატიმრების საერთო რაოდენობის, მათი საშუალო ასაკის, დანიშნული სასჯელის ვადის, საპატიმრო დაწესებულების სიმჭიდროვისა და სხვა მნიშვნელოვანი კრიტერიუმების მიხედვით აფასებს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ მდგომარეობას. ანგარიშმა საქართველოსთან მიმართებით რამდენიმე საინტერესო და საყურადღებო ტენდენცია გამოავლინა:[2]
1. პატიმრების საერთო რაოდენობა - პატიმრების რაოდენობა აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებში ბევრად უფრო მაღალია დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოებთან შედარებით.[3] საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპაში, თურქეთის შემდეგ, 256 პატიმრით მეორე ადგილზეა 100 000 მოსახლეზე გაანგარიშებით (რაც ჯამურად 9 568 პატიმარს შეადგენს). პატიმრების ყველაზე მცირე რაოდენობა კი ლიხტენშტეინში გამოვლინდა - 100 000 მოსახლეზე 15 ადამიანი.
ნიშანდობლივია, რომ ამ კრიტერიუმში მაღალი მაჩვენებელი ეკონომიკურად განვითარებად და ხარვეზიანი დემოკრატიის სახელმწიფოებს ახასიათებს. პატიმრების რაოდენობით სახელმწიფოთა პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: თურქეთი (408), საქართველო (256), აზერბაიჯანი (243), მოლდოვა (241) და უნგრეთი (208). ევროპის საშუალო მაჩვენებელი კი მხოლოდ 123.9-ს შეადგენს.
2. პატიმრების საშუალო ასაკი - პატიმრების საშუალო ასაკი საქართველოში (44 წელი) აღემატება ევროპის ქვეყნებში პატიმართა საშუალო ასაკს (38 წელი). ყველაზე დაბალი საშუალო ასაკი ფიქსირდება ბულგარეთში (33 წელი), ყველაზე მაღალი კი - სერბეთში (50 წელი).
საქართველოში პატიმრების მაღალი ასაკი, ორი ფაქტორით შეიძლება აიხსნას: 1. მკაცრი სასჯელების გამო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხანგრძლივი პერიოდის გატარება. 2. შედარებით ასაკოვანი პირების მიერ დანაშაულის ჩადენა, რაც, თავის მხრივ, შეიძლება განპირობებული იყოს სოციალურ-ეკონომიკური ფონით.
3. საპატიმრო დაწესებულების პერსონალის დატვირთულობა - ეს კრიტერიუმი ასახავს რამდენი პატიმარი მოდის საპატიმრო დაწესებულების ერთ თანამშრომელზე. საქართველო, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად, თურქეთის შემდეგ მეორე სახელმწიფოა ამ მაჩვენებლით. (თითო თანამშრომელზე 2.7 პატიმარი). ევროპის არაერთ ქვეყანაში (ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი, ისლანდია, ლუქსემბურგი, დანია და სხვ) ეს თანაფარდობა მხოლოდ 1-ს შეადგენს.[4] სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პერსონალის სიმცირემ კი, შესაძლოა, უსაფრთხოების რისკები შექმნას და გადაუდებელ მომსახურეობაზე ხელმისაწვდომობის შეფერხება[5]
4. ქალი პატიმრების რაოდენობა - საქართველოში ქალები პატიმართა 3,3%-ს შეადგენენ, რაც საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე (5,4%) არსებითად დაბალია. ამ მონაცემით საქართველო ხვდება ძალიან დაბალი მაჩვენებლის (ევროპის მედიანურ მაჩვენებელზე დაბალი, 25%-ზე მეტი სხვაობით) კატეგორიაში. ამავე კატეგორიაშია ჩრდილოეთ მაკედონია, ბულგარეთი, საფრანგეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ალბანეთი და სხვ.[6]
ამ კრიტერიუმში მცირე მაჩვენებელი ბუნებრივია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ბრალდებული და მსჯავრდებული ქალების ჯამური რაოდენობაც კი საგრძნობლად მცირეა. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 30 აპრილის მდგომარეობით ბრალდებული და მსჯავრდებული ქალების რაოდენობა საერთო რაოდენობის მხოლოდ 3.69%-ს შეადგენდა.[7]
5. საპატიმრო დაწესებულების სიმჭიდროვე (პატიმართა თანაფარდობა დაწესებულებებში ხელმისაწვდომი ადგილების რაოდენობასთან) - ეს მაჩვეენებლი საქართველოში დაბალია ჩრდილოეთ მაკედონიის, კვიპროსის, სერბეთის, პოლონეთის და სხვა სახელმწიფოების მსგავსად, რაც პოზიტიურად უნდა შეფასდეს.
6. 2022 წელს პატიმართა რაოდენობის ზრდა - საქართველოში პატიმართა რაოდენობის ზრდამ 8,2%-ი შეადგინა და ამ მაჩვენებლით ძალიან მაღალ კატეგორიაში (ევროპის მედიანურ მაჩვენებელზე მაღალი, 25%-ზე მეტი სხვაობით) ხვდება ჩრდილოეთ მაკედონიასთან, თურქეთთან, შვეიცარიასთან და სხვა სახელმწიფოებთან ერთად.
შვეიცარია და ევროპის სხვა განვითარებული სახელმწიფოები (მაგალითად ბელგია), რომლებიც ამ კრიტერიუმის მიხედვით ძალიან მაღალ კატეგორიაში ხვდებიან, უცხო სახელმწიფოების მოქალაქე პატიმრების დიდი რაოდენობით გამოირჩევიან და სავარაუდოდ, ეს ფაქტორი ახდენს გავლენას პატიმართა რაოდენობის წლიურ ზრდაზე.
7. საპატიმრო დაწესებულებაში თვითმკვლელობის მაჩვენებელი 2022 წელს - საქართველოში პატიმართა თვითმკვლელობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, ისევე როგორც ირლანდიაში, რუმინეთში ჩრდილოეთ მაკედონიაში და სხვა ქვეყნებში. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ლატვიაში გამოვლინდა.
გასათვალისწინებელია, რომ რაოდენობრივი მონაცემი არ მოიცავს თვითმკვლელობის მცდელობებს ან ფიზიკური დაზიანების/თვითდაზიანების შემთხვევებს.
8. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა - საქართველოში ეს მაჩვენებელი ძალიან მაღალ კატეგორიაში ექცევა პორტუგალიასთან, აზერბაიჯანთან, უკრაინასთან, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებთან ერთად. თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობის მიხედვით საქართველოში ყველაზე გავრცელებულია 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება (3 021 შემთხვევა), რაც სასჯელის მკაცრ ზომას წარმოადგენს.[8] შესაბამისად, პატიმრობის რაოდენობის მსგავსად, ეს კრიტერიუმიც საყურადღებოა სისხლის სამართლის პოლიტიკის შეფასების დროს.
9. დღიური ხარჯი თითოეულ პატიმარზე - საქართველოში ეს მაჩვენებელი შეადგენს 15.30 ევროს ექვივალენტს ლარში, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამ კრიტერიუმში საქართველოს მხოლოდ აზერბაიჯანი, ბულგარეთი, მოლდოვა, თურქეთი და უკრაინა ჩამორჩება. საშუალო მაჩვენებელი კი 131.5 ევროს შეადგენს.[9]
ანგარიშმა გამოკვეთა, რომ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემას მხოლოდ საპატიმრო დაწესებულების სიმჭიდროვისა და პატიმართა თვითმკვლელობის ფაქტების სიმცირის ნაწილში აქვს პოზიტიური შედეგი. ამის საპირისპიროდ, საყურადღებოა პატიმართა საგრძნობლად მაღალი რაოდენობა და თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობის ვადები, რომლითაც საქართველოს მაჩვენებელი არსებითად აღემატება ევროპის განვითარებული სახელმწიფოების მონაცემებს. ეს კრიტერიუმები საქართველოში წინა წლებშიც კრიტიკულად მაღალ ზღვარზე იყო.
საქართველოში დანაშაულთან ბრძოლისა და სასჯელის პოლიტიკა სისტემურ რეფორმას საჭიროებს. გამოკვეთილია ცალკეული კატეგორიის დანაშაულებზე არაპროპორციულად მაღალი სასჯელებისა და პრევენციული მექანიზმების არარსებობის პრობლემები. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი წევრ ქვეყნებში მსჯავრდებულებისთვის თავისუფლების აღკვეთის მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეფარდებისა და არასაპატიმრო მექანიზმების აქტიურად დანერგვის რეკომენდაციას გასცემს.[10] პატიმართა რაოდენობის გარდა, საყურადღებოა აგრეთვე საპატიმრო დაწესებულების პერსონალის მაღალი დატვირთულობაც, რომელიც შესაძლოა აფერხებდეს პატიმრების ხელმისაწვდომობას მათთვის საჭირო მომსახურეობაზე. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრებისთვის ღირსეული პირობების შექმნის თვალსაზრისით გასათვალისწინებელია აგრეთვე თითოეულ პატიმარზე დღიური ხარჯის მაჩვენებელიც, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია და არსებითად ჩამორჩება ევროპის საშუალო მაჩვენებელს.
[1] Council of Europe - Prison Populations SPACE I – 2023. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/ReiAmkMa
[2] SPACE I 2023 Report- Key Findings of the 2023 SPACE I report. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/XeiAWsf6
[3] იქვე, p.4-Stock indicators: Prisons and Prisoners on 31 January 2023.
[4] იქვე, p.18 -Prison staff.
[6] იქვე, Table 1. Ranking of countries according to the main prison indicators, 2023 and 202227F25.
[7] სტატისტიკის ეროვნული სამსახური - სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიანი ანგარიში (საანგარიშო პერიოდი - 2024 წლის აპრილი). ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/TeiLp3Fl
[8] Council of Europe - Prison Populations SPACE I – 2023. p.49.
[9] Council of Europe - Prison Populations SPACE I – 2023. P.128
[10] ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია #R (99) 22 ციხის გადატვირთულობის და ციხის მოსახლეობის გაზრდის თაობაზე. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/veiAEpG4
ინსტრუქცია