საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა საბჭოს 4 კოალიციური და 1 ინდივიდუალური ანგარიში წარუდგინა.
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მექანიზმი გულისხმობს ყოველ 4.5 წელში ერთხელ, სახელმწიფოებში ადამიანის უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობის შეფასებას, გაეროს წევრი სახელმწიფოების მიერ რეკომენდაციების გაცემას, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ზეპირი განხილვა მეოთხე ციკლის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა საბჭოში 2026 წლის იანვარ-თებერვალში გაიმართება. განხილვის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნები საქართველოსთან მიმართებაში გასცემენ მომდევნო წლების განმავლობაში შესასრულებელ რეკომენდაციებს.[1] ზემოაღნიშნული რეკომენდაციების შემუშავების პროცესში კი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მთავრობის, არამედ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წარდგენილი ანგარიშები და შეფასებები.
ანგარიშგების ფარგლებში, სოციალური სამართლიანობის ცენტრისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გაეროსთვის წარდგენილმა დოკუმენტებმა ბოლო 4 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა არაერთი მიმართულებით ქვეყანაში არსებული ვითარება შეაფასა. განხილულ საკითხებს შორისაა, ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის ფონზე მიღებული კანონმდებლობის მკვეთრად უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის უფლებებსა და გაერთიანების თავისუფლებაზე, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედია გამოცემების,, ასევე, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებზე თავდასხმები, სასამართლოს სისტემის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გამოწვევები თანასწორობის კუთხითა და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციის მიმართულებით არსებული მდგომარეობა. თითოეულ ანგარიშს ასევე თან ახლავს რეკომენდაციები, რომელიც, საქართველოსთან მიმართებით რეკომენდაციების შემუშავებისას, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ.
თანასწორობის საკითხებზე სოციალური სამართლიანობის ცენტრმა კოალიციური ანგარიში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე სათემო ორგანიზაციებთან (პლატფორმა სალამი, სოლიდარობის თემი, ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის, სამოქალაქო ჩართულობის და აქტივიზმის ცენტრი) და შშმ პირთა ორგანიზაციებთან ერთად (შშმ ქალთა ალიანსი, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია, პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის, თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისთვის, თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობის ცენტრი, ფსიქიატრიის სერვის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი, ფონდი აურეს) წარადგინა. დოკუმენტი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების, ლგბტქ+ ადამიანებისა და შშმ თემის წევრთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხებს ეხება. ანგარიშში საუბარია ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა, ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის და წარმომადგენლობის პრობლემა, მათი ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. ანგარიშში ასევე განხილულია სამართალდამცავი ორგანოების ურთიერთობა უმცირესობის წარმომადგენელ პირებთან და უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში უსაფრთხოების პერსპექტივიდან კონტროლის პრაქტიკა. ანგარიშში ასევე წარმოდგენილია უახლესი კვლევის მონაცემები ეთნიკური უმცირესობების სოციალურ მოწყვლადობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა ანგარიში ეხება რელიგიური უმცირესობების წინაშე არსებულ სისტემურ გამოწვევებს და დისკრიმინაციის პრაქტიკებს, რასაც წლების განმავლობაში აწყდებიან უმცირესობათა სხვადასხვა ჯგუფები ცენტრალურ და თვითმმართველობის დონეებზე; ასევე აღწერილია ის რეგრესული კანონმდებლობა, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში მიიღეს ლგბტქ+ ადამიანების უფლებების უგულებელყოფით.
დოკუმენტი ასევე ეხება შშმ პირთა უფლებების სისტემურ დარღვევებს სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა, სოციალური დაცვა, საცხოვრისზე წვდომა, ინსტიტუციონალიზაცია, სათემო სერვისებით სარგებლობა, რასაც კიდევ უფრო მეტად ამწვავებს შესაბამისი კანონმდებლობის, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ჩარჩოს სისუსტე. ანგარიში საუბრობს იმ გამოწვევებზეც, რომლის წინაშეც შშმ პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციები ავტორიტარული კანონების მიღების შემდგომ დადგნენ. ეს ორგანიზაციები ამჟამად დგანან დახურვის, „აგენტებად“ იძულებითი რეგისტრაციის ან/და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის რისკის წინაშე.
ინდივიდუალურ ანგარიშში სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ყურადღება სოციალური და ეკონომიკური უფლებების განხორციელებაზე გაამახვილა. დოკუმენტი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა, სიღარიბე და სოციალურად დაუცველთა მდგომარეობა საქართველოში, სოციალური დაცვის სერვისების არაეფექტიანობა, სათანადო საცხოვრებლისა და შრომის უფლებების რეალიზაცია და უკანასკნელ პერიოდებში შრომის უფლებების მასობრივი დარღვევების ფაქტები, მათ შორის, საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ასობით საჯარო მოხელის გათავისუფლება. ანგარიში ასევე შეეხო გარემოსდაცვითი უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, მათ შორის, აქტივისტებისა თუ სხვა გარემოსდამცველების დევნას და მათი უფლებების უხეშ დარღვევებს.
მართლმსაჯულების ადმინისტრირებასა და სამართლიანი სასამართლოს საკითხებზე სოციალური სამართლიანობის ცენტრმა კოალიციური ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) ერთად წარადგინა. დოკუმენტი აღწერს საანგარიშო პერიოდში სასამართლო სისტემაში განვითარებულ დემოკრატიულ უკუსვლას, კერძოდ, სისტემის შიგნით არსებული არაფორმალური გავლენის ჯგუფების მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციას იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობებზე, ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ფორმალური გარანტიების კიდევ უფრო შესუსტებას, სისტემის გაუმჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების არარსებობას, ადგილობრივი და საერთაშორისო სამართლებრივი რეკომენდაციების უგულებელყოფასა და, საბოლოოდ, აქამდე გატარებული ისედაც ფრაგმენტული საკანონმდებლო ინსტიტუციური რეფორმების გაუქმებას 2025 წლის ივნის-ივლისში განხორციელებული ცვლილებების შედეგად. დამატებით, ანგარიში აანალიზებს სასამართლო სისტემასა და პრაქტიკაში არსებულ მწვავე პრობლემებს 2024-2025 წლის მიმდინარე საზოგადოებრივი პროტესტის მონაწილეთა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის საქმეებზე ისეთ საკითხებზე, რომლებიც ეხება წინასწარი პატიმრობების მასობრივ, დაუსაბუთებელ, გამოყენებას, პროცესების საჯაროობის დარღვევას, ბრალდებულთა დაცვის უფლების შეზღუდვას, მტკიცების ტვირთის განაწილების პრობლემას, სასამართლო გადაწყვეტილებათა დაუსაბუთებლობასა და სხვა.
გაერთიანების თავისუფლების შესახებ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, “დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირ - კონსტიტუციის 78-ე მუხლთან” ერთად, წარადგინა, ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ ხელისუფლების იმ რეპრესიულ ზომებზე, რომლებიც მკვეთრად ზღუდავს გაერთიანების თავისუფლებას და საფრთხეს უქმნის საქართველოში დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების არსებობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“, ისევე როგორც “გრანტების შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც ერთობლიობაში ქმნის სამართლებრივი და ინსტიტუციური შეზღუდვების იმგვარ სისტემას, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფალ საქმიანობას. ამ საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი არამხოლოდ ორგანიზაციების ფინანსური შეზღუდვა და მათი სტიგმატიზაციაა, არამედ მათი საქმიანობის ფაქტობრივი შეწყვეტის მიღწევა სისხლისსამართლებრივი დევნისა და ქონების დაყადაღების გზით. ანგარიშში ასევე მიმოხილულია ანტიკორუფციული ბიუროს მიერ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიდან ინფორმაციის, მათ შორის, სენსიტიური და პერსონალური მონაცემების, გამოთხოვის პროცედურა და ცალკეული პროფესიული კავშირების, მათ შორის, “კონსტიტუციის 78-ე მუხლისა” და “ლაბორის” წინააღმდეგ მიმართული ზომები. ბოლო პერიოდში ხელისუფლების მიერ დრამატულად გაუარესებული საკანონმდებლო ჩარჩო და პრაქტიკაში გადადგმული ნაბიჯები შეფასებულია, როგორც დემოკრატიული გარანტიების მიზანმიმართული დემონტაჟი და გაერთიანების თავისუფლებაზე უპრეცედენტო თავდასხმა.
აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში ანგარიშების წარდგენის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ორგანიზაციამ ჯერ 2015, ხოლო შემდგომ 2020 წელს, არაერთი ინდივიდუალური და კოალიციური ანგარიში წარადგინა.
[1] იხ. განცხადებები: EMC-იმ საქართველოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისთვის (UPR) ინდივიდუალური და კოლექტიური ანგარიშები მოამზადა, 2015, https://cutt.ly/brPqpqU5; საზოგადოებრივი და რელიგიური ორგანიზაციების ჯგუფმა გაეროში UPR-ის ფარგლებში ანგარიში წარადგინა, 2020, https://cutt.ly/VrPqsyDx; EMC-მ, საიამ და PHR - მა UPR-ის ფარგლებში სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით კოალიციური ანგარიში წარადგინეს, 2020, https://cutt.ly/drPqsRoO; ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ UPR-ის ფარგლებში კოალიციური ანგარიში წარადგინეს, 2020, https://cutt.ly/FrPqs1tx; EMC-მ და საიამ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში ორი ანგარიში წარადგინეს, 2020, https://cutt.ly/urPqdU1P.
ინსტრუქცია