საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63


გუშინ, 13 ნოემბერს, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ აფრიკის დასახლებაში რამდენიმე საცხოვრებელი ნაგებობა დაანგრია, რომელიც მოქალაქეებს თვითდახმარების მიზნით, თავის შესაფარებლად, ჰქონდათ აშენებული. მერიის ეს ქმედება “ქართული ოცნების” ანტისოციალური პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინებაა. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფომ თავის მოქალაქეებზე იზრუნოს და მათი მინიმალური საჭიროებები მაინც დააკმაყოფილოს, იგი მათ უკიდურესი სოციალური მოწყვლადობისა და უსახლკარობისათვის იმეტებს.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, მერიამ გუშინ 6-მდე საცხოვრისი დაანგრია. დემონტაჟის შედეგად რამდენიმე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა და წასასვლელი არსად აქვს. დაზარალებულებს შორისაა ლალი ბლუაშვილის ოჯახი. მისი თქმით, ინსპექციის წარმომადგენლები დილას გაუფრთხილებლად, ოჯახის ადგილზე არყოფნის დროს მივიდნენ, ფიცრის ერთოთახიან ნაგებობაში თვითნებურად შევიდნენ, თვითონვე გამოიტანეს მათი პირადი ნივთები და სახლის ნგრევა დაიწყეს.
ბლუაშვილის განცხადებით, თვითდახმარების მიზნით ქოხის აშენებისკენ ქირის გადახდის შეუძლებლობამ უბიძგა. იგი ხაზს უსვამს იმასაც, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ქვემო სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს - ზაქარია წიკლაურსა და სოზარ სუბარს შეხვდა და თავისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ისინიც დაპირდნენ, რომ ქოხი არ დაინგრეოდა და მას ღამის გასათევი ექნებოდა. მიუხედავად დაპირებისა, ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა და წასასვლელი ფაქტობრივად არსად აქვს.
ქუჩაში დარჩენილ ოჯახს მერიამ მხოლოდ ლილოს თავშესაფარში განთავსება შესთავაზა, რომელიც არა შინამეურნეობებს, არამედ ინდივიდებს იღებს. შესაბამისად, მერიამ ოჯახი ფაქტობრივად დაშლის (მას და მის მეუღლეს სხვადასხვა განყოფილებაში უნდა ეცხოვრათ) ან თავშესაფრის გარეშე დარჩენის არჩევანის წინაშე დააყენა. აღნიშნულ შემოთავაზებაზე ოჯახმა უარი განაცხადა.
ადამიანების მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად რთულს ხდის დემონტაჟის განხორციელების დრო. უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისთვის ზამთრის დადგომის პირობებში კიდევ უფრო პრობლემური ხდება თავის გადარჩენა და მინიმალურად ადეკვატურ საცხოვრებელ პირობებზე წვდომა. მიუხედავად ამ საფრთხეებისა, მერიამ 2020 დეკემბერში აფრიკის დასახლებაში, 2022 წლის იანვარში - ორხევში, ხოლო 2024 წლის იანვარში - თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების მიერ აგებული საცხოვრისების დემონტაჟი განახორციელა.
თბილისის მერიის განცხადებით, მისი ეს ქმედება სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზანს ემსახურებოდა. როგორც განცხადებიდან ჩანს, მუნიციპალიტეტისთვის მიწის ნაკვეთის დაცვას იმაზე უფრო დიდი ღირებულება აქვს, ვიდრე ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების თავშესაფრის გარეშე დატოვების პრევენციას. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ პოლიტიკა სრულად არის დაცლილი მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული მიდგომებისგან და იგი მხარდაჭერის ნაცვლად, ადამიანების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
უკანასკნელი საცხოვრისის დემონტაჟი და ადამიანების თავშესაფრის გარეშე დატოვება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. ერთი მხრივ, სახელმწიფოს დემონტაჟის განხორციელებამდე მინიმალურადაც კი არ უზრუნია ოჯახების უსახლკარობის რისკების შეფასებასა და მათთვის ადეკვატური ალტერნატივის უზრუნველყოფაზე. ამასთან, ერთ-ერთი დაზარალებულის განცხადებით, მერიას არ მიუცია გაფრთხილება დემონტაჟის შესახებ და არ მომხდარა მისი ოჯახისათვის გონივრული დროის მიცემა საცხოვრისის თვითდემონტაჟისა თუ ალტერნატიული თავშესაფრის ძიებისათვის. იქიდან გამომდინარე, რომ დემონტაჟის დროს ადამიანების გამოყვანა გამოსახლების ერთ-ერთი სახეა, წინამდებარე შემთხვევაც ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მიერ დაწესებული სტანდარტების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში, ყოველდღიურად ვაწყდებით სახელმწიფო უწყებებისა და პოლიტიკური ელიტების მიერ კანონის უზენაესობის დარღვევას, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და რესურსების მიტაცებასა თუ სახელმწიფო საკუთრების სხვადასხვა აქტორებზე ბუნდოვანი პირობებით მიყიდვას, კანონმდებლობის ფორმალური აღსრულება მხოლოდ და მხოლოდ რიგითი მოქალაქეების მიმართ ხდება. შესაბამისად, ვიღებთ სიტუაციას, როდესაც საცხოვრისის მიუწვდომლობისა და საბინაო პოლიტიკის არარსებობის გამო, უკიდურესად გაჭირვებული და საკუთარი თავის ანაბარა დარჩენილი ადამიანები თვითდახმარების გამო ისჯებიან, ხოლო თბილისის განაშენიანება, მოქალაქეთა საჭიროებების ნაცვლად, მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების ბიზნეს ინტერესების მიხედვით წარიმართება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას:
ინსტრუქცია