საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63


სოციალური სამართლიანობის ცენტრი უკანასკნელ პერიოდებში გამოსახლების დაანონსებულ შემთხვევებს ეხმაურება. მიგვაჩნია, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი კანონმდებლობისა და პოლიტიკის არარსებობის პირობებში, უკანასკნელი საცხოვრისიდან იძულებითი გამოსახლება უხეშად ლახავს ადამიანების ღირსებასა და უფლებებს, სრულიად უგულებელყოფს სახელმწიფოს ვალდებულებებს და შინაარსს აცლის სოციალური სახელმწიფოს პრინციპს, რომელიც კონსტიტუციითაა გარანტირებული.
უკანასკნელი დღეების განმავლობაში, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა რამდენიმე ოჯახის - მაია კაკიაშვილის, გუჯა ბალახაძისა და ილია ჭეიშვილის ოჯახების, გამოსახლების რისკების შესახებ.[1] იქიდან გამომდინარე, რომ ამ საკითხებზე ინფორმაცია საზოგადოებაში ნაკლებად ვრცელდება, არსებობს ვარაუდი, რომ გამოსახლებების მასშტაბი გაცილებით დიდია და ათასობით ადამიანი ამ საფრთხის წინაშე დგას.
აღნიშნულ ვარაუდს ამყარებს გამოსახლებასთან დაკავშირებული სტატისტიკაც. კერძოდ, სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით, აღსრულების პოლიციის სამმართველოს წარმოებაში უძრავი ქონების გამოთხოვის/გამოსახლების 2 152 საქმე იყო.[2] 2025 წლის განმავლობაში აღსრულების ეროვნულ ბიუროში 442 ახალი საქმე დარეგისტრირდა, ხოლო 453 საქმე დასრულდა. სტატისტიკის შეგროვების მეთოდოლოგიის ნაკლოვანებებიდან გამომდინარე, არ არის ცნობილი, თუ რამდენი საქმე ეხებოდა საცხოვრისიდან, მათ შორის, უკანასკნელი საცხოვრისიდან, გამოსახლებას.
ზემოაღნიშნული კონტექსტიდან გამომდინარე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი კიდევ ერთხელ აჯამებს იმ გამოწვევებსა და სისტემურ პრობლემებს, რომელიც საცხოვრისიდან გამოსახლების მიმართულებით არსებობს.
რას ამბობს საერთაშორისო სტანდარტები?
საცხოვრებელი ადამიანის სიცოცხლისა და ღირსეული არსებობის ერთ-ერთი ფუნდამენტური მატერიალური პირობაა. იგი არ წარმოადგენს მხოლოდ საკუთრების ობიექტს, უძრავ ქონებას ან საბაზრო საქონელს. საცხოვრებლის არსებობა და მისი ადეკვატურობა პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ფიზიკურ უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას, პირად და ოჯახურ ცხოვრებას, ღირსებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობას. შესაბამისად, საცხოვრებლის უფლება უნდა განიხილებოდეს არა მხოლოდ ქონებრივი ურთიერთობის, არამედ როგორც ადამიანის სიცოცხლის, ღირსებისა და თავისუფლების რეალიზაციის საბაზისო მატერიალური პირობა.
ამ პირობებში, იძულებითი გამოსახლება ადამიანის უფლებებში მაღალი ინტენსივობის ჩარევას წარმოადგენს და სახელმწიფოსგან მოქალაქეთა დაცვის ეფექტიანი მექანიზმების არსებობას მოითხოვს. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, იძულებითი გამოსახლება ნების საწინააღმდეგოდ და სათანადო მხარდაჭერის გარეშე სახლებიდან ან/და მიწიდან ადამიანების გამოყვანას გულისხმობს.[3]
უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლება უსახლკარობისა და არაერთი უფლებისა და თავისუფლების (მათ შორის, სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დაცვის, ცხოვრების ადეკვატური პირობების, შრომისა და განათლების უფლებების) უხეში დარღვევების წინაპირობაა. იგი, თავისი არსით, უფრო დიდ პერიოდს მოიცავს, ვიდრე უშუალოდ საცხოვრებლიდან ადამიანების გამოყვანაა. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, სახელმწიფოებს ვალდებულებას აკისრებს, გაატარონ მთელი რიგი პრევენციული და რეაგირებითი ღონისძიებები გამოსახლებების თავიდან აცილებისა და გამოსახლებას დაქვემდებარებული ადამიანების ჯეროვანი მხარდაჭერის მიზნით.[4]
საერთაშორისო სტანდარტები და სახელმწიფოთა კარგი პრაქტიკა გამოსახლების სამ ძირითად ეტაპს შეეხება:[5]
ზემოაღნიშნული მექანიზმები ვალდებულებათა იმ ფართო სპექტრის მხოლოდ ნაწილია, რაც ამ კუთხით სახელმწიფოებს ეკისრებათ. ღონისძიებების მრავალფეროვნების მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ამ ინტერვენციის ცენტრში ადამიანები და მათი ღირსება დგას.
გამოწვევები კანონმდებლობაში, პოლიტიკასა და პრაქტიკაში
საქართველოში გამოსახლების მარეგულირებელი კანონმდებლობა, პოლიტიკა და პრაქტიკა უკიდურესად ხარვეზიანია და უგულებელყოფს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების ბაზისურ მოთხოვნებს.[6] სისტემა მხედველობაში არ იღებს სათანადო საცხოვრებლის უფლებას და აქცენტს მხოლოდ მესაკუთრის უფლებებზე ამახვილებს. შესაბამისად, გამოსახლებისა და უსახლკარობის რისკის წინაშე მყოფი ადამიანები სახელმწიფოს ხედვის არეალის მიღმა რჩებიან.
საქართველოში არ არსებობს ერთიანი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც სრულყოფილად გაითვალისწინებდა გამოსახლებისა და საცხოვრისით უზრუნველყოფის საკითხებს და ამ კუთხით სახელმწიფოს ვალდებულებებს გაწერდა. მეტიც, კანონმდებლობაში გამოსახლების ერთიანი ცნება არ არსებობს, ხოლო საცხოვრებლის დემონტაჟის დროს ადამიანების გამოყვანა ფორმალურად გამოსახლებად არც კი ითვლება და მათზე მინიმალური დაცვის მექანიზმები არ ვრცელდება.
დაახლოებით 10 წლის წინ, სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებების შედეგად გაუქმდა ე.წ. საპოლიციო გამოსახლება და ამ პროცესის განხორციელება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად გახდა შესაძლებელი. თუმცა, როგორც წლების განმავლობაში პრაქტიკაზე დაკვირვებამ აჩვენა, სასამართლოს რგოლის გაჩენამ ვერ უზრუნველყო შინამეურნეობების საჭიროებების იდენტიფიცირება და განსაკუთრებით მოწყვლადი ადამიანების უსახლკარობის რისკების დაზღვევა. პირიქით, სასამართლო მხოლოდ გამოსახლების გადავადების, და არა საქმის შინაარსობრივი განხილვის, მექანიზმად იქცა.[7]
მიუხედავად საჭიროებისა, ქვეყანაში გამოსახლების პრევენციის ზოგადი პოლიტიკა არ არსებობს. არ ჩატარებულა კვლევა უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლების მასშტაბის, მისი მიზეზებისა და შინამეურნეობების საჭიროებების შესახებ; გამოწვევების აღმოსაფხვრელად არ გაწერილა შესაბამისი ინტერვენციები. ზოგადი ჩარჩოების არარსებობის პარალელურად, არ არსებობს საფრთხის ქვეშ მყოფი ოჯახების მხარდაჭერისა და გამოსახლების პრევენციის მექანიზმები. მეტიც, სასამართლოს მიერ გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებაც კი ვერ აჩერებს გამოსახლების პროცესს. ეს კი ოჯახებს კიდევ უფრო მოწყვლად და დაუცველ მდგომარეობაში აგდებს.
უშუალოდ საცხოვრისიდან გამოსახლების სტანდარტებიც ვერ უძლებს კრიტიკას. კერძოდ, იმ მინიმალურ საერთაშორისო პრინციპებს, რომელსაც ყველა სახელმწიფო უნდა ნერგავდეს, საქართველოს კანონმდებლობა საერთოდ არ იცნობს. მაგალითად, არსებული სამართლებრივი ჩარჩო მოსახლეობას არ იცავს ზამთარში/ცუდ ამინდში ან/და ღამის პერიოდში გამოსახლებისგან. პირიქით, არაერთ შემთხვევაში, სახლების დემონტაჟი და ადამიანების გამოსახლება სწორედ ცივ სეზონებში ხდებოდა.[8] ამასთან, როგორც წესი, იძულებით გამოსახლებას თან სდევს ძალის არაპროპორციული გამოყენება და აგრესია უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების მიმართ (მაგალითად, გამოსახლება კეკელიძისა და თვალჭრელიძის ქუჩებზე), რაც საერთაშორისო სტანდარტების ასევე უხეში დარღვევაა.
გამოწვევას წარმოადგენს გამოსახლების შემდგომ ოჯახების სათანადო მხარდაჭერის მიმართულებაც. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან სათანადო საცხოვრებლის უზრუნველყოფაზე ზრუნვის ვალდებულებას როგორც გამოსახლებამდე, ისე მის შემდგომ. ამ კუთხით, კანონმდებლობა და პრაქტიკა არ აწესებს გამონაკლისებს მოწყვლად ჯგუფებთან (მათ შორის, ქუჩაში დარჩენილი ადამიანები, ხანდაზმულები, შშმ პირები და სხვა) მიმართებითაც კი.
გამოსახლების შემდგომ მუნიციპალიტეტისგან საცხოვრისის სერვისის მიღება არაერთ წინაპირობაზე, ასევე, ადამიანის საცხოვრებელ ადგილზეა დამოკიდებული. ამგვარი მხარდაჭერის მისაღებად, ოჯახმა უსახლკარობის კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს.[9] თავის მხრივ, ეს კრიტერიუმები უფლებრივ სტანდარტებს არ ეფუძნება; კონკრეტულ მუნიციპალიტეტში თვითნებურად წესდება რეგისტრაციის წინაპირობები. შესაბამისად, ერთ მუნიციპალიტეტში უსახლკაროდ მიჩნეული ადამიანი/ოჯახი მეორე მუნიციპალიტეტში ასეთად შეიძლება არც ჩაითვალოს. ამასთან, საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, უსახლკაროდ რეგისტრაციის წესები მხოლოდ 26 მუნიციპალიტეტშია დამტკიცებული, რაც მუნიციპალიტეტების საერთო რაოდენობის ნახევარიც კი არ არის (41%). მაშინაც კი, როდესაც ლოკალურ დონეზე ზემოაღნიშნული წესები არსებობს, რეგისტრაციის ფაქტი მუნიციპალიტეტს არ აკისრებს ვალდებულებას, ოჯახი საცხოვრებლით რაიმე ვადაში უზრუნველყოს. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ საცხოვრისის სერვისები (მაგ., ბინის ქირა, სოციალური საცხოვრისი) ყველა მუნიციპალიტეტში არ არის წარმოდგენილი, ხოლო არსებული სერვისები, ხშირ შემთხვევაში, არაადეკვატური და არასაკმარისია.
გამოსახლებისა და საცხოვრისის მიმართულებით სუსტი სახელმწიფო პოლიტიკა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სახელმწიფო აღნიშნულ საკითხს სოციალური რისკების ინდივიდუალიზაციის ლოგიკიდან უყურებს. ოჯახის მიერ ვალის აღება, მისი მომსახურება, გადახდისუუნარობა და საბოლოოდ საცხოვრისის დაკარგვა მის მიერ დანახულია, როგორც ინდივიდუალური ეკონომიკური ურთიერთობის შედეგი, მაშინ როდესაც ამ პროცესის გამომწვევი სტრუქტურული მიზეზები: დაბალი და არასტაბილური შემოსავლები, საბაზისო სოციალური საჭიროებებისა და სერვისების კერძო დაფინანსება, საცხოვრისის შეზღუდული ხელმისაწვდომობა და საკრედიტო სექტორის მიმართ მაღალი დამოკიდებულება, ინდივიდუალური ოჯახების კონტროლს სცდება და უფრო მსხვილ სისტემურ ჩავარდნებსა და უსამართლობებზე უთითებს.
ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები
მიუხედავად იმისა, რომ გამოსახლების ზუსტი მიზეზების მასშტაბური შესწავლა სახელმწიფოს არ განუხორციელებია, სხვადასხვა აქტორის მიერ ოჯახებზე დაკვირვება და მათი საჭიროებების კვლევა რამდენიმე ძირითადი ტენდენციის გამოკვეთის შესაძლებლობას იძლევა. მწვავე პრობლემად იკვეთება შინამეურნეობათა ჭარბვალიანობა და საკრედიტო სექტორის მტაცებლური ბუნება.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) კვლევის მიხედვით, გამოკითხული ოჯახების 74%-ზე მეტი სესხებს ისეთი საჭიროებებისთვის იღებდა, როგორიცაა, ჯანდაცვის ხარჯები, განათლების დაფინანსება და საბინაო პირობების გაუმჯობესება.[10] როგორც წესი, შინამეურნეობები სესხებს ბანკებისგან იღებენ, თუმცა არსებობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან, ლომბარდიდან, ფიზიკური პირებისგან (ე.წ. მევახშისგან) სესხების აღების პრაქტიკაც.
სხვადასხვა ტიპის მონაცემები აჩვენებს, რომ წლების გასვლასთან ერთად, ერთი მხრივ, უფრო ხშირი ხდება ოჯახების მიერ სესხის აღების პრაქტიკა,[11] ხოლო, მეორე მხრივ, შინამეურნეობების ჭარბვალიანობა კიდევ უფრო მეტად მწვავდება. როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრის კვლევამ აჩვენა, რომ 2015 წელთან შედარებით, 2024 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე სესხის საშუალო მოცულობა 299%-ით იყო გაზრდილი და 95 000 ლარს აჭარბებდა.[12]
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის 31 ივლისის მდგომარეობით, შინამეურნეობებზე გაცემული სესხების მთლიანი მოცულობა (ნაშთი), 41.6 მილიარდ ლარს შეადგენს.[13] აქედან, უდიდესი წილი რეზიდენტებზე გაცემული სესხების მოცულობაზე მოდის (40.63 მილიარდი ლარი). აღსანიშნავია, რომ რეზიდენტებზე გაცემული სესხების საერთო ჯამში ბიზნეს სესხებს მეხუთედზე ნაკლები უჭირავს (19%, 8 მილიარდ ლარამდე), ხოლო უდიდესი ნაწილი სამომხმარებლო (16.4 მილიარდი ლარი) და იპოთეკურ (13.6 მილიარდი ლარი) სესხებზე მოდის.
უწყების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, იზრდება კომერციული ბანკების მიერ შინამეურნეობებზე გაცემული სესხის მოცულობაც.[14] მაგალითად, 2025 წლის განმავლობაში ფიზიკურ პირებზე (როგორც რეზიდენტებზე, ასევე არარეზიდენტებზე) კომერციული ბანკების მიერ 27.8 მილიარდ ლარზე მეტი სესხი გაიცა, ხოლო 2026 წლის 7 თვის განმავლობაში - 19.6 მილიარდ ლარზე მეტი, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს დაახლოებით 33%-ით აღემატება. მსესხებელთა მონაცემების ანალიზისას იკვეთება, რომ შინამეურნეობების მიერ აღებული სესხის მოცულობა და ნაშთი მნიშვნელოვნად აღემატება იურიდიული პირების მიერ აღებულ სესხებს.
პრობლემურია გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთიც, რაც მძიმედ აწვება შინამეურნეობებს და მათ კიდევ უფრო მეტ გაღარიბებასა და ვალაუვალობას იწვევს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2025 წლისთვის საქართველოში საშუალო საპროცენტო განაკვეთი 15.8% იყო.[15] ამ მონაცემებით საქართველო სომხეთსა (13.8% - 2025) და აზერბაიჯანს (15.3%-2025) მცირედად, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებს მნიშვნელოვნად (მაგალითად, იტალია - 4.1%, ბულგარეთი - 4.2%, ჩეხეთი - 4.7%, რუმინეთი - 8.5%) ჩამოუვარდება. აღნიშნულის პარალელურად, ბანკების მოგება კიდევ უფრო მეტად იზრდება. მაგალითისთვის, 2025 წელს, კომერციულმა ბანკებმა რეკორდული წმინდა მოგება მიიღეს - 3.3 მილიარდ ლარზე მეტი.[16] ბანკების რეიტინგის სათავეში საქართველოს ბანკი (1.6 მლრდ ლარი) და თიბისი ბანკი (1.3 მლრდ ლარი) არიან. ბანკების მოგებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, თუმცა, მათ შორის ერთ-ერთ უმთავრესს სწორედ სესხების პროცენტები, საკომისიოები და ჯარიმები წარმოადგენს.
ბანკების მიღმა მოქალაქეებზე სესხებს სხვა აქტორებიც, მათ შორის, სესხის გამცემი სუბიექტებიც (მათ შორის, ე.წ. მევახშეები), გასცემენ. საყურადღებოა, რომ 2026 წლის II კვარტლის მონაცემებით, მათ 2.05 მილიარდ ლარზე მეტი სესხი აქვთ გაცემული, რაც 2022 წლის II კვარტლის მონაცემებს 94%-ით აღემატება. საყურადღებოა, რომ გაცემული სესხების 97%-ის მიმღები შინამეურნეობები არიან.[17]
სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, უძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვა ხდება. აუქციონის პროცესში ჩნდება უძრავი ქონების გაუფასურებისა და მისი ღირებულების 5%-ად გაყიდვის რისკები. სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, როგორც წესი, უძრავ ქონებას მიზერულ თანხად ისევ კრედიტორები ყიდულობენ.[18]
მიუხედავად იმისა, რომ კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2018 წლიდან რეგულაციები დააწესა,[19] საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი განსაზღვრა და უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის გაცემის უფლებისათვის პირებს სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის ვალდებულება დაუწესა, შინამეურნეობების ჭარბვალიანობა ვერ დაიძლია. მეტიც, ის ადამიანები, რომლებიც სესხს ვერ იხდიან ან რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ბანკების გადახდისუნარიანობის კრიტერიუმებს და მწვავე საჭიროებების წინაშე იმყოფებიან, კიდევ უფრო მძიმე გზებს მიმართავენ. კერძოდ, სესხის ხელშეკრულების ნაცვლად, დებენ თვალთმაქცურ ხელშეკრულებას - უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას გამოსყიდვის უფლებით, რომლის კაბალური პირობებიც (მათ შორის, საპროცენტო განაკვეთი და თანხის დაბრუნების დრო) იმთავითვე აჩენს მევახშის მიერ უძრავი ქონების დაუფლების მიზანს. ამ შემთხვევაში, მსესხებელი მევახშეს სესხის ოდენობაზე გაცილებით მეტ თანხას უხდის, ხოლო ამის პარალელურად, საცხოვრისის დაკარგვის რისკები უპრეცედენტოდ მაღალი რჩება. ეს პრაქტიკა აჩვენებს, რომ გამოსახლების ეკონომიკური შედეგი მხოლოდ შინამეურნეობის საცხოვრისის დაკარგვა კი არ არის, ის ასევე გულისხმობს აქტივებისა და სოციალური კაპიტალის ერთი სოციალური ჯგუფიდან მეორის ხელში გადატანას, ასიმეტრიული უთანასწორობის შექმნას და საბოლოოდ, ქალაქებისა და დასახლებების ურბანული და სოციალური ქსოვილის დრამატულ ცვლილებას.
ამდენად, ჭარბვალიანობა, გარდა იმისა, რომ საქართველოში უსამართლო ეკონომიკურ წესრიგსა და ფინანსური სექტორის ქცევის პრობლემას ავლენს, სოციალური პოლიტიკის ჩავარდნებსა და დეფიციტებზე უთითებს. როდესაც ჯანმრთელობის, განათლების, საცხოვრისისა და სხვა საბაზისო საჭიროებების დაფინანსება მზარდად გადადის შინამეურნეობის პასუხისმგებლობაზე, სოციალური რისკი სახელმწიფო ინსტიტუტებიდან ინდივიდუალურ ოჯახზე გადადის. კრედიტი ამ შემთხვევაში სოციალური დაცვის შემცვლელ მექანიზმად გვევლინება. ის დროებით ფარავს იმ საჭიროებებს, რომელთა უზრუნველყოფაც ნორმალურ შემთხვევაში სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის ამოცანა უნდა იყოს, ამავდროულად ჭარბვალიანობის პირობებში ოჯახი არა მხოლოდ მიმდინარე ქონებას, არამედ საკუთარი მომავალი ეკონომიკური შესაძლებლობების ნაწილსაც კარგავს. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ვალის უზრუნველყოფა საცხოვრისია, ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობა საბოლოოდ შეიძლება გადაიქცეს არა უბრალოდ ფინანსურ, არამედ სოციალური არსებობის კრიზისად.
პოლიტიკის ცვლილების აუცილებლობა
ზემოაღნიშნული პრობლემების სიმწვავიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, დგება პოლიტიკის ძირეული ცვლილებისა და გამოსახლებას დაქვემდებარებული ადამიანების უფლებებისა და ინტერესების დაცვის საჭიროება.
წლების განმავლობაში, სოციალური სამართლიანობის ცენტრი გამოსახლების სფეროში ცვლილებების მიზნით სახელმწიფოს მიმართ კვლევაზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს გასცემდა, თუმცა, უშედეგოდ. აღნიშნულ საკითხზე ყურადღება თავის 2026 წელს საქართველოს მიმართ გაცემულ დასკვნით რეკომენდაციებში ასევე გაამახვილა გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტმა.[20] საცხოვრისის სტრატეგიის არარსებობაზე, ხელმისაწვდომი საბინაო ფონდის სიმწირესა და მოწყვლადი მოსახლეობის მძიმე საცხოვრებელი პირობების შესახებ გამოწვევებზე ხაზგასმის პარალელურად, კომიტეტმა მიუთითა, რომ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობა განსაკუთრებით მოწყვლადია სესხების მაღალი პროცენტებისა და მტაცებლური დაკრედიტების პრაქტიკების მიმართ, ხოლო არაადეკვატური დამცავი მექანიზმების პირობებში, შინამეურნეობები ჭარბვალიანობის, საცხოვრისის დაკარგვისა და იძულებითი გამოსახლების რისკების წინაშე რჩებიან. ზემოაღნიშნული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, კომიტეტმა საქართველოს მოუწოდა, შეიმუშავოს ისეთი სამართლებრივი და ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც დაიცავს მოსახლეობას გამქირავებლებისა და გამსესხებლების ექსპლუატაციური პრაქტიკებისგან და უზრუნველყოფს იმას, რომ გამოსახლება განხორციელდეს, როგორც უკანასკნელი ღონისძიება, გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ პაქტის მოთხოვნების შესაბამისად.
აღნიშნულის საპასუხოდ, ადამიანის უფლებების სტანდარტების დასამკვიდრებლად სახელმწიფოს ძალისხმევა არ გაუწევია. უკანასკნელად, ამ სფეროში მან ვალდებულება, ისიც მინიმალურ დონეზე, ღია მმართველობა[21] საქართველოს 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმით აიღო.[22] კერძოდ, აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამოსახლების საქმეებზე უნდა ეწარმოებინა, დაემუშავებინა და გამოექვეყნებინა დეტალური სტატისტიკა. მონაცემების არსებობა სახელმწიფოსთვის იქნებოდა პირველი ნაბიჯი, რათა დაენახა არსებული გამოწვევების მასშტაბი და შესაბამისი ღონისძიებებიც მიეღო. საჯარო წყაროების ანალიზისას არსად იკვეთება, რომ უწყებამ აღნიშნული ვალდებულებები შეასრულა.
უკანასკნელი წლების მანძილზე, სააღსრულებო სფეროში პერიოდულად ჩნდებოდა სხვადასხვა ტიპის ინიციატივა, რომელიც, თავის მხრივ, არა გამოსახლებას დაქვემდებარებული ოჯახების მხარდაჭერის, არამედ გამოსახლების გამარტივების მიზნებს ემსახურებოდა. ასეთ ინიციატივას წარმოადგენდა, მაგალითად, აღსრულების კოდექსის პროექტი, რომელიც გამოსახლებისას ადამიანების უფლებების დაცვის გარანტიებს არ ცვლიდა, თუმცა, ქონების შემძენთათვის გამარტივებული აღსრულების მოთხოვნის შესაძლებლობას ითვალისწინებდა.[23] აღსრულების კოდექსი პარლამენტს ამ დრომდე არ მიუღია. კოდექსის პარალელურად, იუსტიციის სამინისტროში მუშავდებოდა სასყიდლიანი ხელშეკრულების რეგისტრაციის პროექტი, რომელიც ქირავნობის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციასა და ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევებში, აღსრულების ეროვნულ ბიუროს მისცემდა სასამართლოს გვერდის ავლით, სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლებამოსილებას.[24] ინიციატივა ამ დრომდე არ არის ამოქმედებული.
სახელმწიფოს მიერ ამ მწვავე პრობლემის იგნორირების პარალელურად, საზოგადოების სოლიდარობის მაღალი ხარისხი გამოსახლებას დაქვემდებარებული ოჯახების მიმართ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მათი გადარჩენის პრაქტიკულად ერთადერთ შესაძლებლობას წარმოადგენს. სწორედ საზოგადოების მხარდაჭერამ შეძლო მაია კაკიაშვილის ოჯახისთვის სახლის შენარჩუნება. მოსახლეობისგან ამგვარი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია, თუმცა, გამოსახლების მასშტაბის გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ პრობლემის მოგვარება სახელმწიფოს პირდაპირი ჩარევის გარეშე შეუძლებელია. გამოსახლების მარეგულირებელი კანონმდებლობის, პოლიტიკისა და პრაქტიკის ადამიანის უფლებების სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და ამ პროცესამდე გამოსახლებაზე მორატორიუმის გამოცხადება ერთადერთ პასუხისმგებლიან გამოსავალს წარმოადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეულობით ოჯახი იძულებითი გამოსახლებისა და უსახლკარობის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ:
[1] სოციალური სამართლიანობის ცენტრმა კაკიაშვილებისა და ბალახაძეების ოჯახის გამოსახლების რისკებს სხვადასხვა დროს განცხადებები მიუძღვნა; იხ. სოციალური სამართლიანობის ცენტრი, თბილისში კიდევ ერთ ოჯახს გამოსახლება და უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება, 2023, ბმული; სოციალური სამართლიანობის ცენტრი, სახელმწიფო გამოსახლების რეპრესიულ პოლიტიკას განაგრძობს, 2024, ბმული.
[2] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2025, გვ. 202.
[3] UN HABITAT & OHCHR, Forced Evictions, Fact Sheet No. 25/Rev.1, 2014, გვ. 3.
[4] UN Committee on Economic, Social and Cultural Rights, General comment No. 7: The right to adequate housing (art. 11 (1) of the Covenant): Forced evictions, 1997.
[5] იქვე; იხ. ასევე, European Commission, Pilot project - Promoting protection of the right to housing - Homelessness prevention in the context of evictions, Full report - final version, VT/2013/056, 2016; სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, გამოსახლების სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა, 2019, ბმული.
[6] იხ. სოციალური სამართლიანობის ცენტრი, უფლება სათანადო საცხოვრებელზე - ძირითადი გამოწვევების ანალიზი, 2018.
[7] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, გამოსახლება სასამართლოს გარეშე - ვის დასაცავად და ვის წინააღმდეგ იმუშავებს სისტემა? 2023, ბმული.
[8] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, EMC ეხმიანება აფრიკის დასახლებაში საცხოვრისების დემონტაჟის ფაქტს, 2020, ბმული; სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საცხოვრისების დემონტაჟი უსახლკაროთა წინააღმდეგ თბილისის მერიის კიდევ ერთი რეპრესიული ღონისძიებაა, 2022, ბმული; სოციალური სამართლიანობის ცენტრი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი კეკელიძის ქუჩიდან იძულებით გამოსახლებას ეხმაურება და სახელმწიფოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ამ კვირაში დაგეგმილი გამოსახლებები, 2024, ბმული; სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ”ქართული ოცნება” ანტისახალხო პოლიტიკას და უსახლკარო ადამიანების რეპრესიას აგრძელებს, 2025, ბმული; სოციალური სამართლიანობის ცენტრი, თბილისის მერია მოქალაქეების მიმართ რეპრესიულ და ანტისოციალურ პოლიტიკას აგრძელებს, 2025, ბმული.
[9] შენიშვნა: როგორც წესი, რეგისტრაცია სოციალური საცხოვრისის სერვისის მიღების წინაპირობაა.
[10] სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი & პლატფორმა კომენტარი, ვალი საქართველოს მოსახლეობაში: სოციოლოგიური კვლევის მონაცემები, 2024, ბმული.
[11] იქვე.
[12] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, შინამეურნეობათა ჭარბვალიანობა საქართველოში, 2025, ბმული.
[13] საქართველოს ეროვნული ბანკი, სესხები ინსტიტუციური სექტორების მიხედვით, ბმული.
[14] საქართველოს ეროვნული ბანკი, სტატისტიკური მონაცემები, ბმული.
[15] World Bank Group, Lending Interest Rate, ბმული.
[16] BM.GE, 2025 წელს საქართველოში ბანკების მოგებამ ₾3.3 მილიარდს გადააჭარბა - რეიტინგი, 2026, ბმული.
[17] საქართველოს ეროვნული ბანკი, სესხის გამცემი სუბიექტების ფინანსური მონაცემები, ბმული.
[18] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, მოსახლეობა მევახშეობის პირისპირ: მტაცებლური დაკრედიტება და მისი სოციალური შედეგები, 2020, გვ. 20, ბმული.
[19] იხ. სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საკრედიტო ბუმი, ჭარბვალიანობა და ეროვნული ბანკი, 2020, ბმული.
[20] Committee on Economic, Social and Cultural Rights, Concluding observations on the third periodic report of Georgia, E/C.12/GEO/CO/3, 2026, ბმული.
[21] აღსანიშნავია, რომ საქართველოს OGP-ში წევრობის სტატუსი შეუჩერდა (და შემდგომში მოხდა პლატფორმიდან გარიცხვა). ეს გადაწყვეტილება დაკავშირებული იყო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან, რამაც ორგანიზაციის შეფასებით დაარღვია OGP-ის ღირებულებები და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პრინციპები.
[22] ღია მმართველობა საქართველოს 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა, ვალდებულება 6, ბმული. შენიშვნა: მთავრობის ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო, საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი აღარ არის.
[23] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, აღსრულების კოდექსის პროექტი სათანადო საცხოვრებლის უფლებრივ სტანდარტებს უგულებელყოფს, 2021, ბმული.
[24] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, გამოსახლება სასამართლოს გარეშე - ვის დასაცავად და ვის წინააღმდეგ იმუშავებს სისტემა? 2023, ბმული.
ინსტრუქცია