[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უფლება საცხოვრებელზე / განცხადება

თბილისში კიდევ ერთ ოჯახს გამოსახლება და უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება 

დღეს, 8 ნოემბერს, თბილისში, ზანდუკელის ქ. N2-ში, უკანასკნელი საცხოვრისიდან შვიდსულიანი ოჯახის, მათ შორის, ხანდაზმულის, ორსულის, 5 წლის ბავშვისა და შშმ პირის, გამოსახლება არის დაგეგმილი.

გამოსახლების საფუძველი ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ დავალიანება გახდა. ოჯახის ერთ-ერთი წევრის ელგუჯა ბალახაძის, თქმით, მან 6 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხი ჯერ კიდევ 2016 წელს, ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო აიღო და დადგენილ თანხას წლების მანძილზე იხდიდა, თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდგომ, გარკვეული გამოწვევების გამო, ვალდებულების შესრულება ვეღარ შეძლო, რის გამოც, 4 თვეში 12 000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

როგორც ელგუჯა ბალახაძე მიუთითებს, თავდაპირველად კრედიტორი მისთვის თანხის განწილვადებასა და სესხის რესტრუქტურიზაციას გეგმავდა, თუმცა შემდგომ ორგანიზაციამ მიდგომა შეცვალა, რის შედეგადაც მოქალაქის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - 74 კვ.მ ფართობის საცხოვრისი, აუქციონზე თვითონვე, 17 000 ლარად შეიძინა.

ელგუჯა ბალახაძის თქმით, უძრავი ქონება, საიდანაც მისი ოჯახის გამოსახლება იგეგმება, ერთადერთი საცხოვრისია და მისი ალტერნატივა არ გააჩნიათ. საყურადღებოა, რომ გამოსახლება იგეგმება არა მხოლოდ იმ ქონებიდან, რომელიც მოქალაქის მიერ იპოთეკით იქნა დატვირთული, არამედ დამატებით 24 კვ.მ. ფართიდანაც, რომელიც იპოთეკის ხელშეკრულების საგანი არ ყოფილა.

ოჯახის მტკიცებით, ისინი მზად არიან, დაიწყონ კრედიტორთან მოლაპარაკება და ხელახლა შეთანხმებული პირობებით ვალდებულებების შესრულება, თუმცა, კომპანიას ამ დრომდე არ მიუცია ვალის რესტრუქტურიზაციასა და საცხოვრისის გამოსყიდვაზე მოლაპარაკების დაწყების შესაძლებლობა.

დღეს დაგეგმილი გამოსახლების შემთხვევა საქართველოში არსებული უკიდურესად ხარვეზიანი სისტემის თვალსაჩინო ილუსტრაციას წარმოადგენს და აჩვენებს როგორც საცხოვრისის პოლიტიკის ფაქტობრივად არარსებობას, ასევე ქვეყანაში ფულად-საკრედიტო სისტემის პრობლემურობას. წლების მანძილზე ადამიანები იპოთეკურ სესხებს უკიდურესად უთანასწორო პირობებით იღებენ, რაც ვალდებულების შესრულებას ართულებს და საცხოვრისის დაკარგვის საფრთხეებს ერთიორად ზრდის. მეორე მხრივ, გამოსახლების პრევენციის, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული გამოსახლებისა და მის შემდგომ გამოსახლებული ოჯახის ღირსეული საცხოვრისით უზრუნველყოფის პოლიტიკის არარსებობის პირობებში, სისტემა ადამიანებს უსახლკარობისა და უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩენისათვის სწირავს.

მოვუწოდებთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, გაითვალისწინოს ოჯახში არსებული მდგომარეობა, მათ შორის, შინამეურნეობის შემადგენლობა და ალტერნატიული საცხოვრისის არარსებობის ფაქტი, შეაჩეროს გამოსახლების პროცესი და ხელი შეუწყოს მხარეთა მორიგებას, რომელიც თავიდან აიცილებს შინამეურნეობის უსახლკაროდ დარჩენას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“