[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / შეფასება

სამხრეთ ოსეთს ადმინისტრაციის გაუქმება  - "ქართული ოცნების" კიდევ ერთი პრობლემური გადაწყვეტილება დეოკუპაციისა და სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით

2025 წლის 17 ნოემბერს “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გამოაცხადა გადაწყვეიტლება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებთან სათანადო დელიბერაციის გარეშე მიიღო და მთლიანობაში, 2008 წლის ომთან დაკავშირებით შეცვლილი რიტორიკისა და საპარლამენტო შეფასებების ფონზე, რომელიც სრულად აქრობს საჯარო დისკურსიდან რუსეთის პასუხისმგენლობის საკითხს, ეს გადაწყვეტილება არა ერთ კითხვასა და ეჭვს წარმოშობს.  

აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადების დროს „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ნაციონალურმა მოძრაობამ ქვეყნას უღალატა, როდესაც 2006-2007 წლებში აღადგინა 1990 წელს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები და ამით შექმნა ოკუპაციის წინაპირობა.   “ქართული ოცნების” ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ეხმიანება დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელიც ქართული ოცნების პარლამენტმა 2025 წლის თებერვალში, ერთპარტიული პარლამენტის ლეგიტიმაციის პირობებში დააფუძნა და მთავარ ამოცანად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პერიოდში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება დაისახა. კომისიის დასკვნაში მოყვანილია 2007 წლის გაზაფხულის მოვლენები და  ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის საკითხი, რომელსაც ახალგორის მუნიციპალიტეტიც მიუერთეს და რამაც “ქართული ოცნების” ხედვით, მომავალში ახალგორის პოლიტიკური და ტერიტორიული მიკუთვნებულობის პრობლემაც გააჩინა. აქვე აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება აპელირებს ტერმინ “სამხრეთ ოსეთის” შეუსაბამობაზე არაღიარების პოლიტიკასთან. შალვა პაპუაშვილის თქმით, დროებით ადმინისტრაციის შექმნით ნაციონალურმა მოძრაობამ ეს ტერმინი დაამკვიდრა.

“ქართული ოცნების” მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების ანალიზისთვის მნიშვნელოვანია გავიხსენოთ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შექმნის ისტორია და პოლიტიკური კონტექსტი, ასევე ის როლი, რომელიც ამ ორგანოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქონდა. ამასთან მნიშვნელოვანია მიმოვიხილოთ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო

2007 წლის 13 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ,“ რომლის საფუძველზეც, ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნა სახელმწიფოს დროებითი მმართველობა სახელმწიფოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე. კანონის ძირითად ამოცანებად განისაზღვრა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის ხელშეწყობა.  მის ფუნქციებში შედიოდა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისთვის საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ავტონომიური სტატუსის განსაზღვრისა და ფართო პოლიტიკური თვითმმართველობის მინიჭების მიზნით, ადგილობრივი პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების სახელით, მოლაპარაკების წარმოება საქართველოს ხელისუფლებასთან. გარდა ამისა, დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში კანონიერებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფა, ამ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისა და ეთნიკური ჯგუფების უფლებების დაცვა; ადგილობრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ხელშეწყობა, სოციალურ-ეკონომიკური პროექტების შემუშავება-განხორციელება, ქართული და ოსური ენების, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ა.შ.

ადმინისტრაციის შექმნას წინ უძღვოდა 2006 წელს ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ორი პარალელური საპრეზიდენტო არჩევნები.  უფრო ზუსტად, 2006 წლის ნოემბერში სამხრეთ ოსეთში გაიმართა დე ფაქტო სახალხო რეფერენდუმი, რომელმაც კვლავ დაადასტურა 90-იან წლებში გამოცხადებული „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა“ საქართველოსგან. ასევე ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ხმების 96%-ით გაიმარჯვა ედუარდ კოკოითიმ. დე ფაქტო საპრეზიდენტის არჩევნების პარალელურად ქართულ და ოსურ სოფლებში, რომელსაც თბილისი აკონტროლებდა, ჩატარდა „ალტერნატიული არჩევნები”, რომელიც სამხრეთ ოსეთის „ხსნის კავშირის“ მიერ იყო ორგანიზებული და, რომელშიც ხმების 80% თბილისის მიერ მხარდაჭერილმა დიმიტრი სანაკოევმა მიიღო. დიმიტრი სანაკოევმა მალევე შექმნა მთავრობა, რომელიც სოფელ ქურთაში განთავსდა. როგორც სანაკოევმა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას განუცხადა ახალი ადმინისტრაციის შექმნა ემსახურებოდა იმ რწმენას, რომ ცხინვალის რეგიონის მომავალი ერთიან საქართველოშია. მაშინ როცა კოკოითი არ გამორიცხავდა შეიარაღებულ კონფლიქტს, სანაკოევის რწმენით კონფლიქტი უნდა მოგვარებულიყო სოჭის (დაგომისის) ხელშეკრულების ქვეშ, მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზებით.  

დროებითი ადმინისტრაციის იურისდიქცია ვრცელდებოდა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მთლიან ტერიტორიაზე (ცხინვალის, ზნაურის, ახალგორისა და ჯავის ყოფილ რაიონებზე), ხოლო ადმინისტრაციის ცენტრი სოფელ ქურთაში იყო განთავსებული.[1]

ადმინისტრაციის საქმიანობა ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ბოლო წლების განმავლობაში მათ სტაბილურად ორი მილიონ 400 ათასი ლარი ჰქონდათ გამოყოფილი, რომელიც ხმარდებოდა სხვადასხვა სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს, დევნილების სოციალურ დახმარებას და სამედიცინო მხარდაჭერას.  დროებითი ადმინისტრაციის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო: შექმნილიყო ოსი ხალხის წარმომადგენლობითი სტრუქტურა მასთან სალაპარაკოდ და მასთან ერთად სარეაბილიტაციო პროექტების განსახორციელებლად. მანამდე ამ მიზნით გამოყოფილი საერთაშორისო დახმარებები კოკოითის ხელში იყრიდა თავს.

ადმინისტრაციაში არსებობდა სამი სტრუქტურული ერთეული, სადაც 80-მდე პირი იყო დასაქმებული: იძულებით გადაადგილებულ პირთა, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური; განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახური; კულტურის სამსახური.

აქვე აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაცია ჩართული იყო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა. 

საბოლოოდ, დროებითი ადმინისტრაცია ყოველთვის მეტწილად უფრო სიმბოლური პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი იყო და ის სახელმწიფო ბიუჯეტს მის ქვეშ შემავალი მუნიციპალიტეტების გარკვეული სერვისებით მომსახურებისთვის იყენებდა. ის არ ყოფილა აქტიური პოლიტიკური ფიგურა კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით, თუმცა იმ პირობებში როდესაც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქს/ცხინვალის რეგიონს საკუთარი de jure წარმომადგენლობა არ ყავდა (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მაგალითისგან განსხვავებით), ის ასრულებდა თბილისის მიერ აღიარებული და მხარდაჭერილი ადგილიბრივი ადმინისტრაციის როლს.

აღსანიშნავია, რომ მის შექმნას თავის დროზე აკრიტიკებდნენ სამშვიდობო პოლიტიკაში ჩართული ექსპერტებიც, რომლებიც ამ ორგანოს შექმნაში მხარეებს შორის კონფრონტაციისა და საზოგადოებების პოლარიზების გაღრმავების რისკებს ხედავდნენ. 

  • დროებითი საგამოძიებო აღნიშნულ საკითხზე

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ეხმიანება და თანხვედრაშია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან, რომელშიც აღნიშნულია რომ: ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნანაციონალური მოძრაობისმხრიდან 1991 წელს გაუქმებული საბჭოთა კავშირის დროინდელი ავტონომიური ოლქის აღდგენისკენ მიმართული ნაბიჯი იყო, რამაც სრულიად მშვიდობიანი და 1992 წლიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ახალგორის მუნიციპალიტეტი ხელოვნურად მოაქცია კონფლიქტის ზონაში, რაც, საბოლოოდ, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის 2008 წელს გამოიყენა”.

კომისიის სხდომაზე 2005-2008 წლებში სახელმწიფოს რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ვასილ მაღლაფერიძემ განმარტა, რომ ახალი ადმინისტრაციის შექმნის შესახებ შემთხვევით გაიგო, როდესაც შენიშნა პარლამენტში ინიცირებული ახალი კანონპროექტი, რომელიც მიხედვითაც ახალგორის მუნიციპალიტეტი, რომელიც მანამდე მცხეთა-მთიანეთის შემადგენლობაში შედიოდა, ახალ ტერიტორიულ ერთეულს გადაეცემოდა. მაღლაფერიძის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მას ვერავინ აუხსნა, თუ რატომ იყო საჭირო მსგავსი ცვლილებები, ისევე როგორც გაუგებარი დარჩა ეს ცვლილება ახალგორის მოსახლეობისთვის.[2]

დიმიტრი სანაკოევის ჩვენებით, დროებითი ადმინისტრაციის შექმნის იდეა, მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა გააცნო და აუხსნა, რომ ჩანაფიქრი აღმშენებლობასა და განვითარებას, ცხინვალის რეგიონის სოფლებისკენ დაფინანსების მიმართვას ეხებოდა და კონფლიქტის გაღვივებასთან კავშირი არ ჰქონდა. ადმინისტრაციის საქმიანობას მაშინ კურირებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, კონკრეტულად მინისტრის მოადგილე ამირან მესხელი. სანაკოევის განცხადებით, მას მუდმივად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რადგან ცხინვალის რეგიონში იყო დაძაბული ვითარება, და მას უწევდა ქართული მხარისთვის თხოვნა რომ საპასუხო ცეცხლისგან თავი შეეკავებინათ.[3]

სამხრეთ ოსეთს ადმინისტრაციის გაუქმების საფუძველი, როგორც ჩანს სწორედ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნები და შეფასებები გახდა.

  • აღნიშნული გადაწყვეტილების პოლიტიკური ანალიზი

აშკარაა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე გადაწყვეტილებების ერთპიროვნულ მიღებას ისე, რომ ამ საკითხებზე კონსულტაციებსაც კი არ მართავს პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ექსპერტულ წრეებთან და კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებასთან. კონფლიქტების და ომის მიმართულებით მოულოდნელი და ახალი გადაწყვეტილებები სერია ბოლო 2 წელში, ქვეყანაში საგარეო პოლიტიკის რადიკალური ცვლილების, აგრესიული დეევროპეიზაციისა და რუსეთის მიმართ მკვეთრად შერბილებული რიტორიკის ფონზე, საზოგადოებაში ზრდის ეჭვებსა და შიშებს დეოკუპაციისა და სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით “ქართული ოცნების” ხელისუფლების ნამდვილ მიზნებთან და მოტივებთან დაკავშირებით.  უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მიმართულებით პოლიტიკაში შექმნილი ეს სტრატეგიული გაურკვევლობა, სამწუხაროდ ხელს უწყობს უნდობლობის გაზრდას საზოგადოებაში, სტაბილურობის ღრვევასა და საბოლოოდ, გარე ძალების გავლენის მიმართ ქვეყნის მოწყვლადობას. 

ცხადია, რომ აქ მხედველობაშია მისაღები ის კონტექსტი, რომელშიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება იყო მიღებული. მას საფუძვლად უდევს დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომლითაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ 2008 წლის ომზე პასუსიხმგებლობა სრულად წინა ხელისუფლებას დააკისრა და პრაქტიკულად გააქრო რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი.  ამას ასევე თან ერთვოდა მმართველი პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ  წინასაარჩევნო პერიოდში გორში გაკეთებული განცხადება ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით. ამგვარად, ჩნდება განცდა, რომ ეტაპობრივად, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ცდილობს შეცვალოს მანამდე სახელმწიფოს მიერ გაზიარებული პარადიგმა კონფლიქტებთან და ომთან დაკავშირებით და  საჯარო დისკურსიდან სრულად გააქროს რუსეთის ბრალეულობისა და პასუხისმგებლობის საკითხი, რაც დეოკუპაციის მიმართულებით სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებებთან მოდის წინააღმდეგობაში და სამართალში, პოლიტიკაში, ენაში მისი არ-დამკვიდრების მიდგომას ცვლის.

შექმნილი გეოპოლიტიკური კონტექსტი, დაძაბული ურთიერთობა დასავლეთთან და რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან თანხვედრაში არსებული განცხადებები აჩენს ეჭვებს, რომ ამ გადაწყვეტილებების უკან ახალი გეოპოლიტიკური ინტერესები და კონფლიქტების მიმართულებით გაჩენილი სრულიად ახალი დინამიკა შეიძლება იდგეს.

უნდა ითქვას, რომ თბილისის ესეთი გადაწყვეტილებები ასევე გაურკვევლობებს აჩენს, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის და გამყოფი ხაზის აქეთ, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვისაც და თბილისსა და მოსკოვს შორის ახალი ფარული შეთანხმებების ეჭვებს აჩენს. ამგვარ სტრატეგიულ გაურკვევლობას შესაძლოა ასევე მოყვეს ახალი დინამიკა კონფლიქტის ადგილებში, რაც მხედველობაში ასევე არ არის მიღებული “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხრიდან.

ამ პროცესში “ქართული ოცნების” ხელისუფლებას უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლებრივად აღიარებულ ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს (attribution to the State, ანუ სახელმწიფო ორგანოების ქმედებების სახელმწიფოსადმი მიეკუთვნების პრინციპი), რომ ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოს ქმედება საერთაშორისო სამართლის მიხედვით ჩაითვლება სახელმწიფოს ქმედებად, განურჩევლად იმისა ქმედების განმახორციელებელი ორგანო განეკუთვნება საკანონმდებლო, აღმასრულებელ თუ სასამართლო შტოს ან აქვს თუ არა სხვა ნებისმიერი ფუნქცია, რა პოზიციაც არ უნდა ეკავოს ამ ორგანოს სახელმწიფო მოწყობის მოდელში და რა ბუნებისაც არ უნდა იყოს.”[4] შესაბამისად, ვიწრო პარტიული ინტერესებით მიღებული გადაწყვეტილებები და ომისა და კონფლიქტების მიმართულებით პოლიტიკის პარადიგმის რადიკალური ცვლილება, გრძელვადიან გავლენას მოახდენს ქვეყნის მომავალზე და მან შესაძლოა, საბოლოოდ შეცვალოს საქართველოს უსაფრთხოებასა და კონფლიქტების საკითხზე საერთაშორისო პოლიტიკა და მიდგომებიც. 

მნიშვნელოვანია იმის თქმაც, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება, ყოველგვარი ალტერნატიული პოლიტიკური მექანიზმის შემოთავაზების გარეშე,  გარდა იმისა, რომ კონფლიქტისა და სამშვიდობო პოლიტიკის აქტორების რუქაში საკუთარ წარმომადგენლობას პარადოქსულად ასუსტებს/ანულებს (კონკრეტული ორგანოების მიმართ ლეგიტიმური კრიტიკის არსებობს მიუხედავად), ის არსებითად ცვლის ძალთა კონფიგურაციას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატშიც.  ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიან აფხაზეთის მთავრობის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც, ამ გადაწყვეტილებით კი ცხინვალის მიმართულებით წარმომადგენლობის წონასწორობა ირღვევა. ამ მიმართულებით საზოგადოებაში გაჩენილი კითხვებისთვის ქართულ ოცნებას ამ დრომდე არ უპასუხია.

საინტერესოა, რომ “ქართული ოცნება” ცდილობს მათი ახალი გადაწყვეტილებები  რიტორიკულად დააბალანსოს და არაღიარების პოლიტიკაზე მკაცრი პოზიციებით  გადაფაროს უკმაყოფილება. მაგალითად, გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებასთან კავშირში “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ განაცხადა ტერმინ “სამხრეთ ოსეთის” შეუსაბამობაზე არაღიარების პოლიტიკასთან. შალვა პაპუაშვილის თქმით, დროებით ადმინისტრაციის შექმნით ნაციონალურმა მოძრაობამ ეს ტერმინი დაამკვიდრა. თუმცა შალვა პაპუაშვილის ეს მტკციება არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ჯერ კიდევ 1992 წლის სოჭის ხელშეკრულებაში და მის საფუძველზე ერთობილივი სამშვიდობო მისიის შექმნის ხელშეკრულებაშიც “სამხრეთ ოსეთი” როგორც მხარე ცალკეა აღნიშნული და მას ხელს აწერენ რუსეთი და საქართველოს პრეზიდენტები და ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები.[5] აქვე აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო მაცნეზე იძებნება ათეულობით სამართლებრივი აქტი, მათ შორის ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში მიღებული, რომელიც სწორედ ამ ტერმინს იყენებს.  

სოციალური სამართიანობის ცენტრი აგრძელებს პროცესების მონიტორინგს და საზოგადოებას მიაწვდის შემდგომ ანალიტიკურ დოკუმენტებსა და შეფასებებს აღნიშნულ საკითხზე.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საგამოძიებო კომისიის დასკვნა, 2025, გვ 324.

[2] საგამოძიებო კომისიის დასკვნა, 2025. გვ 323.

[3] იგივე, გვ 324.

[4] საერთაშორისო მართლსაწინააღმდეგო ქმედებისთვის სახელმწიფოს პასუხისმგებლბის შესახებ მუხლები: მუხლი 4.

[5] Agreement on Further Development of Georgian-Ossetian Peaceful

Settlement Process and on Joint Control Commission, ხელმისაწვდომია: https://peacemaker.un.org/sites/default/files/document/files/2024/05/ge941031agreementfurtherdevelopment.pdf; Georgia-Russia 1992 Sochi Agreement, ხელმისაწვდომია:  https://tile.loc.gov/storage-services/service/ll/llglrd/2019669920/2019669920.pdf

ასევე გირჩევთ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“