[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / შეფასება

მოწინავე დემოკრატიული რეფორმატორიდან ელექტორალურ ავტოკრატიამდე - როგორ აისახება ქართული დემოკრატიის უკუსვლა წამყვან ინდექსებში

შესავალი 

2023 წლის გაზაფხულზე, ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ რუსული კანონის მიღების პირველი მცდელობა, ბევრი მოქალაქისა და ექსპერტისთვისაც კი მოულოდნელი მოვლენა აღმოჩნდა. ბევრმა მოქალაქემ, დემოკრატიისა და მასთან დაკავშირებული უფლებებისა და თავისუფლებების დაკარგვის საფრთხე პირველად სწორად 2023 წლის გაზაფხულზე იგრძნო. შემდეგი 3 წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონის მიღმა ათობით სხვა შემზღუდავი კანონი მიიღო,  მათ შორის შეზღუდა გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებები, ხოლო საარჩევნო უფლება ფაქტობრივად ჩამოართვა ასობით ათას ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ემიგრანტს. 2024 წლის პარლამენტის არჩევნებმა მძიმე დარღვევებით ჩაიარა და სერიოზული კითხვის ნიშანი გააჩინა არჩევნების შედეგების ვალიდურობის შესახებ.  შედეგად, 2024 წელს, გიოტერბორგის უნივერსიტეტის V-Dem ინსტიტუტმა, საქართველო ელექტორალური დემოკრატიიდან ელექტორალურ ავტოკრატიამდე ჩამოაქვეითა.

ამ ყველაფრის ფონზე, ისმის კითხვა, რამდენად მოულოდნელი იყო 2023 წელს ქართული ოცნების ავტოკრატიული შემობრუნება და რამდენად ჩანდა 2023 წლამდე გამოქვეყნებულ დემოკრატიის საერთაშორისო ინდექსებში მომავალი გამძაფრებული ავტოკრატიზაციის პირველი ნიშნები? რამდენად დიდია 2023 წლიდან გაძლიერებული ავტოკრატიზაციის მასშტაბი როგორც ქვეყნის უახლესი ისტორიის სხვა პერიოდებთან შედარებით, ისე მიმდინარე გლობალური ტენდენციების კონტექსტში? როგორ აისახება დემოკრატიისა და ცალკეული უფლებებისა და თავისუფლებების სწრაფი შეკვეცა დემოკრატიის საერთაშორისო ინდექსებში?

ამ კითხვებზე საპასუხოდ, წინამდებარე დოკუმენტში რამდენიმე საერთაშორისო ინდექსს მიმოვიხილავთ, მათ შორის V-DEM-ის (Varieties of Democracy) და Freedom House-ის ინდექსებს. თუმცა, მთავარი ყურადღება გოტერბორგის უნივერსიტეტის V-Dem-ის ინსტიტუტის ინდექსებსა და ცალკეულ უფლებებთან დაკავშირებულ კომპონენტებს დაეთმობა, ინსტიტუტის მონაცემთა ბაზის ვრცელი დაფარვიდან გამომდინარე.[1]

აქვე მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ დემოკრატიის გაზომვის მეთოდოლოგიები, რომელსაც აღნიშნული ინდექსები იყენებს, ნაკლოვან მიდგომებს და ისინი შეიძლება სრულყოფილად არც ასახავდეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის, ის სახელმწიფოზეა ცენტრირებული და ნაკლებად ყურადღებას უთმობს საზოგადოებრივ, პოლიტიკის არაფორმალურ და ეკონომიკის სფეროებს. 

ელექტორალური ავტოკრატიიდან ელექტორალურ დემოკრატიამდე და უკან

V-Dem-ის ანგარიშებში გამოქვეყნებული Regimes of the world ტიპოლოგიის მიხედვით, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 2003 წლის ჩათვლით, საქართველო ელექტორალური ავტოკრატიების რიგებს მიეკუთვნებოდა.[2] გამოყენებული ტიპოლოგიის მიხედვით, ელექტორალური ავტოკრატია არის რეჟიმი, სადაც უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლების ასარჩევად ტარდება გარკვეულად კონკურენტული არჩევნები, თუმცა არჩევნები არ არის თავისუფალი და სამართლიანი  და  მინიმალური ინსტიტუციური წინაპირობებიც კი არ არის დაცული.[3]  ვარდების რევოლუციის შედეგად რეჟიმის ცვლილებისა და 2004-2007 წლებში გატარებული რეფორმების შემდეგ, საქართველომ „დემოკრატიულ ნაცრისფერ ზონაში“ გადაინაცვლა. ამ კატეგორიის ქვეყნები მართალია სრულად ვერ აკმაყოფილებენ ელექტორალური დემოკრატიის (უფრო ვრცლად ქვემოთ) სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო კრიტერიუმებს, მაგრამ ელექტორალური ავტოკრატიის ნაცრისფერ ზონაზე უკეთესი მაჩვენებლის ქვეყნებად მოიაზრებიან.  2008-2011 წლებში, ადამიანის უფლებების სიტუაციის გაუარესებისა და 2008 წლის არჩევნების გარშემო არსებული კითხვების ფონზე, ქვეყანა ქვეითდება როგორც V-Dem-ის, ისე Freedom House-ის ინდექსებში. V-Dem-ის მიხედვით, ის „ავტოკრატიულ ნაცრისფერ ზონაში“ მყოფი ქვეყნების სიას უერთდება. 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების პირველი პრეცედენტის შექმნის შემდეგ კი, ქვეყანა V-Dem-ის მიხედვით კვლავ  „დემოკრატიულ ნაცრისფერ ზონას“ უბრუნდება.

საქართველო ელექტორალური დემოკრატიების სიას (V-Dem-ის ტიპოლოგია), პირველად 2013 წელს შეუერთდა, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებისა და ქართული ოცნების ფართო კოალიციური მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ელექტორალურ დემოკრატია გამოყენებული ტიპოლოგიის მიხედვით, არის მმართველობა სადაც ტარდება თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევნები და სახეზეა მრავალპარტიული მონაწილეობა, თუმცა არ კმაყოფილდება ლიბერალური პრინციპი, რომელიც სენსიტიურია სოციალური თუ პოლიტიკური უმცირესობების უფლებების მიმართ და თავის თავში ინდივიდუალური თავისუფლებების დაცვის მაღალ სტანდარტსა და კანონის უზენაესობის, ასევე უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლების შემაკავებელი სასამართლო და საკანონმდებლო მექანიზმების ფუნქციონირებას მოიცავს, რათა თავიდან იყოს არიდებული სახელმწიფოსა, თუ უმრავლესობის ტირანია.[4] ელექტორალური დემოკრატიების სიაში ქვეყანამ 11 წელი დაყო, 2013 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, სანამ, პირველად 2003 წლის შემდეგ, 2024 წელს ელექტორალური ავტოკრატიების რანგში არ ჩამოქვეითდა. ამ ჯგუფში 2025 წლის მდგომარეობით საქართველოსთან ერთად ისეთი ქვეყნები იმყოფება როგორებიცაა რუსეთი, ირანი, პაკისტანი და ცენტრალური აზიის ქვეყნები.[5] ელქტორალური ავტოკრატიების ქვემოთ, დემოკრატიის ხარისხის მხრივ, მხოლოდ დახურული ავტოკრატიების კატეგორიაა, რომელშიც ისეთი ქვეყნები შედის როგორებიცაა ავღანეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, კუბა, და სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოები. აღსანიშნავია, რომ V-DEM-ის ბოლო, 2025 წლის  ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ ავტოკრატიზაციის ეპიზოდშია, ანუ დემოკრატიული დაღმასვლის აქტიურ, განგრძობად ფაზაში იმყოფება.

საქართველო დემოკრატიის ინდექსებში 2003-2025

დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში არსებული პოლიტიკური და სამხედრო არასტაბილურობის შემდეგ, ქვეყანაში მდგომარეობა 1995 წლისთვის სტაბილურდება და 2003 წლის ვარდების რევოლუციამდე, დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებლები სტაბილურად დაბალ დონეზე რჩება (იხ. ცხრილები 1 და 2). ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2003 წლიდან 2004 წლამდე ინდექსებში დიდი ნახტომი შეინიშნება. V-Dem ის ხუთივე მთავარ ინდექსში (იხ. ცხრილი 2) მნიშვნელოვანი წინსვლა ჩანს. ამავე პერიოდში, Freedom House-ის „თავისუფლება მსოფლიოში“- 7 ბალიანი ინდექსის მიხედვით,[6] იქამდე ქვეყნისთვის საუკეთესო, საშუალო 3 ქულას იღებს. თუმცა,  2007 წლიდან, როგორც V-Dem-ის , ისე Freedom House-ის ინდექსებით, დემოკრატიის მაჩვენებლები ვარდნას იწყებს და 2008 წლისთვის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის ცხრაწლედის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს აღწევს. აღსანიშნავია, რომ V-Dem-ის ინდექსების მიხედვით, 2012 წელს, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის ბოლო წელს, 2003 - წელთან შედარებით, მკვეთრი გაუმჯობესება ფიქსირდება, თუმცა ინდექსებზე დაკვირვება გვაჩვენებს, რომ მიღწეული პროგრესი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირველივე, 2004 წელზე მოდის, რაც სავარაუდოდ რეჟიმის ცვლილების ფაქტით უფრო აიხსნება. პარტიის მმართველობის ბოლო, 2012 წელს, ინდექსებში არსებული შედეგები ფაქტობრივად 2004 წლის შედეგების იდენტურია, ხოლო ელექტორალური დემოკრატიის კუთხით 3 ქულიანი გაუარესებაც კი შეიმჩნევა.

ცხრილი 1 V-Dem-ის 5 მთავარი ინდექსი 1991-2025

ქართული ოცნების მმართველობის პირველ წელს (2013), ხელისუფლების მშვიდობიანად და არჩევნების შედეგად პირველად გადაბარების შემდეგ, ხუთივე ინდექსში მკვეთრში გაუმჯობესებაა (იხ. ცხრილები 1 და 2). დემოკრატიის მაჩვენებლების მხრივ, საქართველო პიკს 2016 წელს აღწევს, სადაც როგორც V-Dem-ის ისე Freedom House-ის ინდექსების მიხედვით, ისტორიულად მაღალი მაჩვენებლები შეინიშნება (იხ. ცხრილი 2). V-Dem-ის მიხედვით, 2011-2016 წლებში, საქართველო მსოფლიო მასშტაბით მეოთხე ადგილზეა ლიბერალური დემოკრატიის მიმართულებით მიღწეული პროგრესისა და მსოფლიოში დემოკრატიული წინსვლის მქონე ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად მიიჩნევა.[7] Freedom House-ის მიხედვით, ქვეყანა კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალის“ სტატუსი აქვს და ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო - 64 ქულით, სრულად „თავისუფალის“ სტატუსს უახლოვდება.

V-Dem-ის ინდექსები

2003

2004

2008

2012

2013

2016

2023

2025

ლიბერალური დემოკრატიის ინდექსი

0.22

0.36

0.34

0.36

0.46

0.52

0.46

0.28

ელექტორალური დემოკრატიის ინდექსი

0.38

0.55

0.49

0.52

0.62

0.69

0.59

0.40

მონაწილეობრივი დემოკრატიის ინდექსი

0.14

0.32

0.31

0.33

0.40

0.44

0.46

0.24

ეგალიტარული დემოკრატიის ინდექსი

0.31

0.43

0.41

0.43

0.49

0.55

0.48

0.31

დელიბერაციული დემოკრატიის ინდექსი

0.24

0.37

0.33

0.36

0.48

0.54

0.48

0.32

ცხრილი 2 საქართველოს მაჩვენებლები V-Dem-ის ინდექსებში, პოლიტიკურად საკვანძო წლებში, სკალაზე 0-იდან 1-ამდე. წყარო: V-Dem-ის ინსტიტუტი.

2016 წლის პიკის შემდეგ, V-Dem-ის ინდექსებში, უკვე 2017 წლიდან შეიმჩნევა დემოკრატიზაციის ტემპის შეფერხება და შემობრუნება, თუმცა Freeom House-ის ინდექსი დემოკრატიის მსუბუქ დაღმასვლას მხოლოდ 2019 წლიდან ასახავს, სადაც ძირითად ინდიკატორებად ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა (მაგ. გ.კვირიკაშვილის გადადგომა) და ე.წ. გავრილოვის ღამის აქციებისას პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენება სახელდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ V-Dem-ის საერთაშორისო რეიტინგებში, 2017-2023 წლებში, ლიბერალური დემოკრატიისა და ელექტორალური დემოკრატიის მაჩვენებლებით ქვეყანა გლობალური მასშტაბით შესაბამისად 5 და 20 ადგილით დაქვეითდა, თუმცა ამასთანავე პოზიციები გაიუმჯობესა მონაწილეობრივი დემოკრატიისა და ლიბერალური კომპონენტების მაჩვენებლების მიხედვით (იხ. ცხრილი 3).  

V-Dem-ის ინდექსები

2016

2023

2024

2025

ლიბერალური დემოკრატიის ინდექსი

56

61

65

101

ელექტორალური დემოკრატიის ინდექსი

40

60

69

101

მონაწილეობრივი დემოკრატიის ინდექსი

117

63

86

105

ეგალიტარული დემოკრატიის ინდექსი

49

45

44

64

დელიბერაციული დემოკრატიის ინდექსი

45

52

54

70

ლიბერალური კომპონენტის ინდექსი

83

69

64

95

ცხრილი 3 საქართველოს რეიტინგი V-Dem-ის ინდექსებში. წყარო: V-Dem-ის შესაბამისი წლების ანგარიშები.

ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან არსებული ხელშესახები უკუსვლის მიუხედავად, აბსოლუტურ ციფრებში,  2023 წლის მდგომარეობით დემოკრატია კვლავ უფრო მაღალ დონეზე რჩებოდა ვიდრე ეს 2012 წელს, ნაციონალური მოძრაობის მიერ, ქართული ოცნებისთვის ხელისუფლების გადაბარებამდე იყო.

სიტუაცია რადიკალურად 2024 წლიდან იცვლება, როდესაც ავტოკრატიზაცია აჩქარების ფაზაში შედის ე.წ. რუსული კანონის მიღებით, 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მნიშვნელოვანი ხარვეზებით გამართვითა და ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევებით 2024 წლის გაზაფხულისა და შემოდგომა-ზამთრის აქციების განმავლობაში. ავტოკრატიზაცია 2025 წელსაც გაგრძელდა დამატებითი შემზღუდავი კანონმდებლობების მიღებითა და ადამიანის უფლებების დარღვევებით. V-Dem-ის ბოლო, 2026 წლის ანგარიშში, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მაჩვენებლებად, მათ შორის აღნიშნულია ოპოზიციისა და მედიის ჩახშობა, 2024 წლის არჩევნებში დაფიქსირებული ხარვეზები, ცესკოს ავტონომიის შეზღუდვა, ჟურნალისტებზე ძალადობა და საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების შესაძლო უკანონო აქტივობებში ჩართულობის გამოძიების მზაობის შემცირება.[8] შედეგად, 2024 წელს, ქვეყანამ პირველად 2003 წლის შემდეგ ელექტორალური ავტოკრატიების სიაში გადაინაცვლა. V-Dem-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2025 წელსაც მოიცავს, ინსტიტუტის 5-ივე მთავარი ინდექსის მდგომარეობით, ქვეყანას 2003 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებლები აქვს და ელექტორალური დემოკრატიისა და ეგალიტარული დემოკრატიის მაჩვენებლებით სახიფათოდ უახლოვდება 2003 წლისთვის არსებულ მდგომარეობას, Freedom House-ის ინდექსის მიხედვით კი, 100 იდან 51 ქულას იღებს და კვლავნაწილობრივ თავისუფალისსტატუსს ინარჩუნებს.[9]

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში მიმდინარე ავტოკრატიზაციის ფართო პროცესის მსჯელობისას, 2026 წლის ანგარიშში V-Dem-ის ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ დემოკრატიის მიმდინარე უკუსვლის დასაწყისში, დაღმასვლა ელექტორალური დემოკრატიის ორი ისეთი კომპონენტის შემცირებით იწყება, რომლებიც პირდაპირ არ არიან დაკავშირებული საარჩევნო პროცესის აღსრულებაზე, თუმცა მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ დემოკრატიის ხარისხზე, საუბარია გამოხატვის თავისუფლებისა და გაერთიანების თავისუფლების შემცირებაზე.[10] თუ ინსტიტუტის ამ გლობალური დაკვირვების ქართულ კონტექსტში ვალიდაციისთვის ამ ორი კომპონენტის მიხედვით, საქართველოს შედეგებს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ 2024 წლიდან დაწყებული გამძაფრებული ავტოკრატიზაციის შედეგად, 2025 წლის მონაცემებით, საქართველოში გამოხატვის თავისუფლება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, ხოლო გაერთიანების თავისუფლება 2008-2011 წლების ნიშნულზეა (იხ. ცხრილი 4).

ცხრილი 4 საქართველოს შედეგები V-Dem-ის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების ინდექსების მიხედვით

შეჯამება

როგორც ვნახეთ, V-Dem-ის  ინდექსები საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას, ჯერ კიდევ 2016 წლიდან აჩვენებდა, Freedom House-ის ინდექსი კი 2019 წლიდან. შესაბამისად, სავარაუდოდ შესაძლებელი იყო ავტოკრატიზაციის პირველი ნიშნების შემჩნევა 2023 წლამდე.

ინდექსებზე დაკვირვებამ ასევე გვაჩვენა, რომ ბოლო 22 წლის განმავლობაში, ხელისუფლების ცვლილების ორივე შემთხვევის პირველი წელი, დემოკრატიის ინდექსებში ქვეყნის მნიშვნელოვანი დაწინაურებით გამოირჩა. ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში, პირველ 2-3 წელში გაუმჯობესებული შედეგები მალევე შენელდა. შედეგად, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დასასრულის — 2012 წლის შედეგები 2004 წლის შედეგებს უთანაბრდება და ზოგ შემთხვევაში ჩამორჩება კიდეც.

ქართული ოცნების შემთხვევაში, ინდექსებში დემოკრატიზაციის ხუთწლიანი პროცესი შეინიშნება, რომელიც კულმინაციას 2016 წელს აღწევს, როდესაც ინდექსებში საქართველოს ისტორიულად საუკეთესო შედეგები აქვს. თუმცა, 2016 წლის შემდეგ დაწყებული დემოკრატიული უკუსვლის შედეგად, განსაკუთრებით კი 2024 წლის შემდეგ დაწყებული მძიმე და სწრაფი ავტოკრატიზაციით, ქართულმა ოცნებამ, დემოკრატიზაციის მიმართულებით მისი მმართველობის პერიოდში გაკეთებული მიღწევების სრული ნეიტრალიზაცია მოახდინა. V-Dem-ის ხუთივე მთავარი ინდექსის მიხედვით, რომელთა მიხედვითაც საქართველოში ყველაზე მაღალი დემოკრატიის ხარისხი სწორედ ქართული ოცნების მმართველობისას, 2016 წელს ფიქსირდებოდა, 2025 წლისთვის, მაჩვენებლები არამარტო ქართული ოცნების მმართველობის პირველი წლებთან შედარებით, არამედ ვარდების რევოლუციის შემდეგ ყველაზე დაბალია.

ბოლოს, რაც შეეხება ქვეყანაში მიმდინარე ავტოკრატიზაციის ტენდენციების გლობალურ კონტექსტში დანახვას, 2016 წლიდან 2025 წლამდე, V-Dem-ის ინდექსებში, საქართველომ ლიბერალური დემოკრატიის ინდექსში, მსოფლიო ქვეყნებს შორის  56-ე ადგილიდან 101-ე ადგილზე გადაინაცვლა, ელექტორალური დემოკრატიის ინდექსში 40-ე დან 101-ე ზე და მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა დანარჩენ ინდექსებშიც. საქართველოში მიმდინარე ავტოკრატიზაციის გლობალურ კონტექსტში დანახვა და რეიტინგებში ქვეყნის მაჩვენებლების სწრაფი ვარდნა, კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს ქვეყანაში მიმდინარე ავტოკრატიზაციის მასშტაბსა და სიმძაფრეს, რადგან არსებული გლობალური ე.წ. ავტოკრატიზაციის ტალღის პირობებში რეიტინგებში საქართველოს ასეთი დაქვეითება ნიშნავს, რომ საქართველო, ასევე ავტოკრატიზაციის ფაზაში მყოფ ბევრ ქვეყანასთან შედარებითაც კი  მაღალი ტემპებით შორდება დემოკრატიულ მმართველობას.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] გიოტერბორგის უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებული V-Dem ინსტიტუტი 202 სახელმწიფოსა და ტერიტორიაზე დემოკრატიისა და ცალკეული უფლებების ხარისხს ზომავს 5 მთავარი ინდექსისა და დემოკრატიის 600-ზე მეტი სხვადასხვა მახასიათებელის შეფასებით. გაზომვისთის, ინსტიტუტი ოფიციალური დოკუმენტებისა და ანგარიშების შესწავლის მიღმა და ინსტიტუტთან აფილირებული ქვეყნის ექსპერტების ვრცელ ქსელს ეყრდნობა. ინდექსი ჯამში 32 მილიონ ერთეულ მონაცემს მოიცავს და 1789-2025 წლების პერიოდს ფარავს, V-Dem Institute, Democracy Report 2026, Unraveling The Democratic Era?, 2026, გვ.2.

[2] ტიპოლოგია 4 ძირითად და 2 გარდამავალ კატეგორიას იყენებს ა) ლიბერალური დემოკრატია;  ბ) ელექტორული დემოკრატია, გ)ელექტორული ავტოკრატია და დ) დახურული ავტოკრატია. გარდამავალი კატეგორიებია დემოკრატიული ნაცრისფერი ზონა და ავტოკრატული ნაცრისფერი ზონა, რომლებიც ელექტორული დემოკრატიისა და ელექტორული ავტოკრატიის შუაში იმყოფებიან.

[3] Anna Lührmann, Staffan I. Lindberg, Marcus Tannenberg, Regimes in the World (RIW): A Robust Regime Type Measure based on V-Dem, V-Dem Institute, 2017. https://www.v-dem.net/media/publications/v-dem_working_paper_2017_47.pdf

[4] Ibid.  

[5] V-Dem Institute, Democracy Report 2026, Unraveling The Democratic Era?, 2006, გვ.15.

[6] (1-2.5 „თავისუფალი“; 3-5 „ნაწილობრივ თავისუფალი“; 5,5-7 „არათავისუფალი“)

[7] V-Dem Institute, Democracy at Dusk? V-DEM ANNUAL REPORT 2017, 2017, გვ.13.

[8] V-Dem Institute, Democracy Report 2026, Unraveling The Democratic Era? 2006, გვ.22-26.

[9] Freedom House, Georgia 2026, https://freedomhouse.org/country/georgia/freedom-world/2026

[10] V-Dem Institute, Democracy Report 2026, Unraveling The Democratic Era? 2006, გვ.43.

ასევე გირჩევთ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“