[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / შეფასება

რატომ ვერ პოულობენ მშრომელები სამართალს - საჯარო შრომითი დავების განხილვის არსებითად გაუარესებული პრაქტიკა საქართველოში

სოციალური სამართლიანობის ცენტრი დაარსების დღიდან იცავს მშრომელთა უფლებებს სასამართლოში. ამ წლების განმავლობაში ორგანიზაციამ ათობით დავა წარმატებით დაასრულა და მხარი დაუჭირა დასაქმებულებს დარღვეული უფლებების აღდგენის პროცესში. მიუხედავად მართლმსაჯულების სისტემაში არსებული უმწვავესი პრობლემებისა, რაც სისტემის პრაქტიკულად სრულ პოლიტიკურ კონტროლსა და მიკერძოებულობაში გამოიხატებოდა, შრომითი დავები (ისეთ საქმეებში, რომლებსაც მაღალი პოლიტიკური მდგენელი არ ჰქონდა) რჩებოდა სივრცედ, სადაც მშრომელები, ხშირად, გამარჯვებას აღწევდნენ.

თუმცა, 2024 წლის მასობრივი დემონსტრაციების შემდგომ პერიოდს, რასაც ძალაუფლების სრული კონსოლიდაცია და სამართლის უზენაესობის ნარჩენების დემონტაჟი მოჰყვა, შრომითი უფლებების წინააღმდეგ მიმართული შეტევაც დაემატა. სასამართლოში საქმეთა განხილვისას გამოვლენილი ტენდენციები აჩვენებს, რომ საჯარო სექტორში უფლებადარღვევის მსხვერპლი დასაქმებულები ვეღარ ახერხებენ სამართლის პოვნასა და დარღვეული უფლებების სასამართლო გზით აღდგენას.

2024 წლის ნოემბრის შემდეგ საჯარო სექტორში მიმდინარე პროცესები ადასტურებს ხელისუფლების მცდელობას, სრულად დაიმორჩილოს ინსტიტუტები და ისინი პოლიტიკურ კონტროლს დაუქვემდებაროს. ნიშანდობლივია, რომ საჯარო მოხელეთა გათავისუფლების ტალღა ამ მიზნით დღემდე გრძელდება. მასშტაბური პოლიტიკური წმენდის განსახორციელებლად მმართველმა გუნდმა 2024 წლის ბოლოს საკანონმდებლო ნიადაგიც მოამზადა: „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში რეორგანიზაციის საფუძვლები გაფართოვდა, ხოლო მოხელეთა უფლებრივი გარანტიები, პრაქტიკულად, გაუქმდა.

ამ დროისთვის სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს 21 ყოფილ საჯარო მოხელეს. მათი უმრავლესობა 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ შექმნილი პეტიციების ხელმომწერია, მათ ღიად გამოხატეს პროტესტი ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმართ, შეეჩერებინა ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი. ამ საქმეების უმრავლესობაში აშკარად გამოკვეთილია დისკრიმინაციული მოტივი, სხვა გარემოებები კი სამსახურიდან გათავისუფლების მხოლოდ ფორმალურ საფუძვლად არის გამოყენებული. ასეთია, პირველ რიგში, რეორგანიზაციის ხელოვნურად წამოწყებული პროცესი, სხვა შემთხვევებში კი, მოხელეთა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებზე გადაყვანა და შემდეგ მათი შეწყვეტა, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში გასულ წელს შეტანილმა ცვლილებებმა გახადა შესაძლებელი.

დავების განხილვის გაჭიანურება

დავების უმეტესობაში მოსარჩელეები არიან ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებმაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ხელი მოაწერეს საერთო განცხადებებს მმართველი პარტიის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების გასაპროტესტებლად. მიუხედავად ამისა, სასამართლო არ ითვალისწინებს პრობლემის სიმწვავესა და მასშტაბს; საქმეთა უმრავლესობაზე არსებითი განხილვა წელიწადზე მეტია არ დაწყებულა. მართალია, მოსამართლეები და მართლმსაჯულების სისტემის სხვა წარმომადგენლები სასამართლოს გადატვირთულობაზე მიუთითებენ, მაგრამ ეს არ არის პრობლემის ნამდვილი მიზეზი. ამის თქმის საფუძველს იძლევიან ცალკეული მოსამართლეები, რომლებიც მოკლე დროში ახერხებენ როგორც შრომითი, ისე სხვა კატეგორიის დავების განხილვას. შესაბამისად, საქმეთა გაჭიანურების უმთავრესი მიზეზი არა საქმეთა ნაკადი, არამედ ისაა, თუ რამდენად ეფექტურად მართავს მოსამართლე პროცესს. ამასთან, ბუნებრივია, ცალკეულ შემთხვევებში არსებობს საფუძვლიანი ეჭვები, საქმის განხილვის ვადების თაობაზე ინსტრუქციის არსებობის შესახებ.

მოსამართლეთა უმრავლესობა არ იყენებს საპროცესო უფლებამოსილებებს: აქტიური კომუნიკაცია მხარეებთან მოსამზადებელ სტადიაზე, სასამართლო დავალებების გაცემა, სარჩელსა და შესაგებელში მითითებულ შუამდგომლობებზე მხარეებისთვის წერილობითი პოზიციების დაფიქსირების მოთხოვნა, საპროცესო მოქმედებებისთვის გონივრული ვადების განსაზღვრა და სასამართლო სხდომებზე მხარეთა პოზიციების წარსადგენად ადეკვატური დროის დადგენა. ნაცვლად ამისა, ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც სასამართლოსთან კომუნიკაცია უკიდურესად გართულებულია: მოსამართლის თანაშემწე ხშირად სხდომის მდივნის ფუნქციასაც ასრულებს და ტელეფონით მიუწვდომელია; მოსამართლე კანონით დადგენილ ვადებში არ ამზადებს განჩინებებსა და გადაწყვეტილებებს; სასამართლო მოწინააღმდეგე მხარეს დიდი დაგვიანებით უგზავნის საქმის მასალებს და სხვ.

სასამართლოს მიერ საპროცესო შესაძლებლობებისა და კანონით დადგენილი ვალდებულებების უგულებელყოფა იწვევს პროცესის გაჭიანურებას, რაც უარყოფითად მოქმედებს როგორც მართლმსაჯულების ხარისხზე, ისე სასამართლოსადმი ნდობასა და ქვეყანაში შრომითი უფლებების მდგომარეობაზე.

მტკიცების ტვირთი დისკრიმინაციის დავებში

შრომის კოდექსში 2020 წელს შესულ მნიშვნელოვან ცვლილებებს სასამართლო პრაქტიკაზე გავლენა არ მოუხდენია. სასამართლო კვლავ აკისრებს სავარაუდო მსხვერპლს დისკრიმინაციის მტკიცების „დაუძლეველ ტვირთს“, მაშინ როცა კანონით მას მხოლოდ გონივრული ვარაუდის შექმნის ვალდებულება აქვს, ხოლო უარყოფის ტვირთი დამსაქმებელზე გადადის. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტი გამომდინარეობს რეალობიდან, რომ მსხვერპლს ხელი არ მიუწვდება მტკიცებულებებზე, თუმცა ქართული სასამართლო დისკრიმინაციას მხოლოდ პირდაპირი მტკიცებულებების (ფარული ჩანაწერი, მოწმე) არსებობისას აღიარებს. ირიბი მტკიცებულებების შემთხვევაში კი მიიჩნევს, რომ მითითების ტვირთი ვერ დაიძლია. ამასთან, სასამართლო ხშირად უარს ამბობს მტკიცებულებათა გამოთხოვაზე იმ არგუმენტით, რომ მტკიცების ტვირთი მოპასუხეზეა, თუმცა საბოლოოდ სარჩელს სწორედ მტკიცებულებების უქონლობის გამო არ აკმაყოფილებს.

გარდა ამისა, სასამართლო უგულებელყოფს ზოგად კონტექსტს და არ მსჯელობს სახალხო დამცველისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებზე, მაშინ როცა დისკრიმინაცია ყოველთვის მჭიდროდ არის დაკავშირებული ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ ფაქტორებთან.

სამსახურში აღდგენის სტატისტიკის სიმცირე

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ნარჩუნდება ტენდენცია, რომ სასამართლო სულ უფრო იშვიათად აკმაყოფილებს სამსახურში აღდგენის მოთხოვნას როგორც საჯარო, ისე კერძო სამართლებრივ დავებში; გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობის ხარისხი კი უკიდურესად დაბალია. უარის მიზეზი, ძირითადად, დამსაქმებლის ზეპირსიტყვიერი განცხადებაა, თითქოს შტატი აღარ არსებობს ან მასზე უკვე სხვა პირია დასაქმებული. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან სასამართლო, პრაქტიკულად, უარს ამბობს გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და დამსაქმებელს აუკრძალოს სადავო თანამდებობაზე სხვა პირის აყვანა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამ მხრივ გამოირჩევა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომელიც ბოლო წლებში თითქმის ყველა შემთხვევაში უარს ამბობს მსგავსი ღონისძიების გამოყენებაზე.

აღსანიშნავია კიდევ ერთი მიზეზი: სასამართლო ხშირად მიუთითებს, რომ აღდგენას „მიზანშეწონილად არ მიიჩნევს“, თუმცა ამას არანაირი დასაბუთება არ ახლავს. საქმეთა გარემოებებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ეს შეფასება ეფუძნება მხარეთა შორის არსებულ კონფლიქტს. თუმცა, როდესაც სასამართლო ადგენს შრომითი უფლების დარღვევას (უკანონო გათავისუფლებას, დისციპლინურ გადაცდომას და ა.შ.), აღდგენაზე უარის თქმა კონფლიქტის მოტივით ეწინააღმდეგება თავად სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუ უფლება დაირღვა, ეს დამსაქმებლის ბრალია და სამსახურში აღდგენა სწორედ კანონისადმი დამორჩილების გარანტია უნდა იყოს. არსებული პრაქტიკით, დამსაქმებლისთვის პროგნოზირებადია, რომ დავა შეიძლება ფულადი ანაზღაურებით დასრულდეს, რაც მას აძლევს საშუალებას, „გადაიხადოს“ არასასურველი თანამშრომლის გათავისუფლების ხარჯი. ეს კი, ბუნებრივია, უკიდურესად ასუსტებს შრომითი უფლების დაცვის სტანდარტს.

დამსაქმებლისთვის დაკისრებული მორალური ზიანის სიმცირე

სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმოებაში არსებული საქმეები აჩვენებს, რომ როგორც დისკრიმინაციის, ისე ჯანმრთელობის დაზიანების საქმეებზე დაკისრებული მორალური ზიანის ოდენობა არ შეესაბამება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს. სასამართლო გადაწყვეტილებებში ვერ ვხედავთ დასაბუთებას, თუ რატომ მიიჩნია ესა თუ ის თანხა „გონივრულად და სამართლიანად“. დაკისრებული თანხები წლებია 3,000-დან 20,000 ლარამდე მერყეობს და არ იცვლება ინფლაციისა თუ ეკონომიკური ზრდის მიუხედავად. ეს მიდგომა ვერ უზრუნველყოფს ვერც მსხვერპლის სამართლიან დაკმაყოფილებას და ვერც უფლების დარღვევის პრევენციას, პირიქით, ახალისებს დაუსჯელობას.

საქართველოში შრომითი მართლმსაჯულება არსებით უკუსვლას განიცდის, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო 2024 წლის მასობრივი პროტესტების შემდეგ, ძალაუფლების კონსოლიდაციის ფონზე გახდა. სასამართლო სისტემა, ნაცვლად შრომითი უფლებების დაცვისა, ხშირად პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტად გვევლინება, რაც, მათ შორის, გამოიხატება საქმეების ხელოვნურ გაჭიანურებაში, დისკრიმინაციის დავებში მტკიცების ტვირთის მსხვერპლზე არამართლზომიერ დაკისრებაში და სამსახურში აღდგენის მოთხოვნის უსაფუძვლო უარყოფაში. სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმოებაში არსებული საჯარო მოხელეების საქმეებზე სასამართლო პრაქტიკა ახალისებს დამსაქმებელთა დაუსჯელობას და პრაქტიკულად აუქმებს საჯარო მოხელეების სამართლებრივი დაცვის ფორმალურად არსებულ გარანტიებს.

ასევე გირჩევთ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“