საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საქართველოში დეკემბრის ბოლოდან დაიწყო და დღემდე გრძელდება საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა მასობრივი გათავისუფლებები. სამსახურიდან ათავისუფლებენ სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ იმ ადამიანებს, რომლებმაც საჯაროდ გააპროტესტეს ხელისუფლების გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ერთობლივი განცხადებების გამოქვეყნებისა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გზით.
საჯარო უწყებების სია, საიდანაც საჯარო მოხელეები სავარაუდოდ დისკრიმინაციული მოტივით გაათავისუფლეს, მათ შორის, მოიცავს:
უკანონოდ გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა ნაწილი თავიანთი უფლებების დასაცავად უკვე სასამართლოში იბრძვის. მათ იურიდულ დახმარებას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია უწევს. ამასთან, საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ,,კონსტიტუციის 78-ე მუხლი’’ უკვე 100-ზე მეტ პირს უწევს სამართლებრივ დახმარებას და ეს რიცხვი ყოველდღიურად მზარდია.
ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში
მასობრივ გათავისუფლებებს წინ უძღოდა ცვლილებები ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონში, რამაც უკიდურესად დაასუსტა საჯარო მოსამსახურეთა უფლებრივი გარანტიები, მათ შორის, გაამარტივა მათი სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობა და შეზღუდა დარღვეული უფლებების აღდგენის - სამართლიანი კომპენსაციის მიღებისა და სამსახურში აღდგენის შესაძლებლობები[2]. მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები ადასტურებს, რომ აღნიშნული ცვლილებები პროტესტის გამომხატველი საჯარო მოხელეების დასჯისა და საჯარო სექტორში განსხვავებული აზრის ჩახშობის მიზნით იქნა მიღებული. ცვლილებების მიღებამდე, საჯარო სექტორში გამოხატული მასობრივი პროტესტი პრემიერ-მინისტრმა საჯარო სამსახურის ,,თვითწმენდის’’, ხოლო ქალაქ თბილისის მერმა „თვითლუსტრაციის“ პროცესად შეაფასა და ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი საკანონმდებლო რეაგირება დააანონსა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა კი ცვლილებები საჯარო სექტორის ,,გაჯანსაღების’’ საჭიროებით ახსნა[3].
ახალი საკანონმდებლო ცვლილებების გამოყენებით საჯარო მოსამსახურეების სამსახურიდან უსაფუძვლო დათხოვნის საგანგაშო მაგალითია დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დეპარტამენტების უფროსების სამსახურიდან გათავისუფლება[4]. სამსახურიდან გათავისუფლებამდე, დეპარტამენტების უფროსებს შრომითი ხელშეკრულებები ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით შეეცვალათ და მათი გათავისუფლება მოხდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დამატებული ახალი პუნქტის საფუძველზე, რომელიც აფართოებს ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს. აღნიშნული პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, გარდა არსებული საფუძვლებისა, შეიძლება შეწყდეს აგრეთვე შემდეგ შემთხვევაში - ,,ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რის თაობაზედაც 1 თვით ადრე უნდა ეცნობოს მეორე მხარეს’’[5]. დეპარტამენტების უფროსების გათავისუფლებამდე, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში სავარაუდოდ დისკრიმინაციული მოტივით გაათავისუფლეს არაერთი თანამშრომელი, მათ შორის, სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები და მედიატორები[6]. ამ ადამიანების შრომასთან მიმართებით არ ფიქსირდება პრეტენზიები და მათ გათავისუფლებასთან დაკავშირებით არ წარმოდგენილა დამაჯერებელი ახსნა-განმარტებები. შესაბამისად, ჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ მათი გათავისუფლება ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების თაობაზე მათ მიერ საჯაროდ გამოხატულ პროტესტს უკავშირდება. არსებული ინფორმაციით, დეპარტამენტების უფროსები სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს გამოესარჩლნენ[7], რის შემდეგაც ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვა
ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ხელშეკრულების არგაგრძელება. ეს პრაქტიკა ცალსახად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, რომლის თანახმად, როცა შრომითი ხელშეკრულების არგაგრძელებას საფუძვლად უდევს დისკრიმინაციული მოტივი, შრომითი ურთიერთობის დასრულება უკანონოდ უნდა იქნას ცნობილი. მსგავსი ფორმით გაათავისუფლეს სამსახურიდან თანამშრომლები არაერთი საჯარო უწყებიდან, მათ შორის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, თბილისის მერიიდან და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან. აღსანიშნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გათავისუფლებულია განსაკუთრებით დიდი რაოდენობით - 80-ზე მეტი თანამშრომელი (30-31 დეკემბრის მონაცემებით).
დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, როგორც მასობრივი წმენდის იარაღი
კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლება ხდება ასევე საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საფუძვლებით.
საქართველოს პარლამენტის ახლახანს მიღებული გადაწყვეტილებით, 2025 წლის 10 მარტიდან ლიკვიდირებული იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – პარლამენტის კვლევითი ცენტრი. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად, სამსახურს დაკარგავს ცენტრის 21 თანამშრომელი. ცენტრის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მისი თანამშრომლების სამოქალაქო აქტივიზმს უკავშირდება. პარლამენტის კვლევითი ცენტრის 3 თანამშრომელი მიეკუთვნებოდა საჯარო სექტორში დასაქმებული პირების საპროტესტო პეტიციის ინიციატორთა ჯგუფს, რომლითაც საჯარო სექტორის თანამშრომლები გაემიჯნენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით. ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აღნიშნული თანამშრომლების ინტერვიუ რადიო თავისუფლებასთან, სადაც მათ ღიად ილაპარაკეს საჯარო სექტორის თანამშრომლების პეტიციის გავრცელებისა და მასზე ხელმოწერის შემდეგ სამსახურში შექმნილ სირთულეებსა და მტრულ გარემოზე. არსებული ინფორმაციით, ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, ისინი ხელმძღვანელობამ სხვა თანამშრომლებთან ერთად შეხვედრაზე დაიბარა, საჯარო აქტიურობის გამო უსაყვედურა და ცენტრის გაუქმებისა და მოსალოდნელი გათავისუფლებების შესახებ აცნობა[8].
საჯარო სექტორში მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიისა და საჯარო სამსახურის სისტემაში პარტიული ინტერესების გაძლიერების გამომხატველია ასევე ხელისუფლების მიერ ახლახანს მიღებული გადაწყვეტილება საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმების შესახებ. “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, საჯარო სამსახურის ბიურო 1-ლი აპრილიდან უქმდება. საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო სამსახურის რეფორმების მაკოორდინირებელი უწყებაა, რომელიც საჯარო დაწესებულებების სტრუქტურასა და ფუნქციურ მოწყობას სტანდარტიზებას უწევს. ის უზრუნველყოფს ერთიანი მართვის პრინციპებისა და შრომითი სტანდარტების დანერგვას, აანალიზებს არსებულ გამოწვევებს და საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე ამზადებს რეკომენდაციებს. საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება და მისი ფუნქციების სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილება მის ძირითად მიზანს ეწინააღმდეგება და საჯარო სექტორში სისტემურ არეულობას გამოიწვევს[9].
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის პროფესიულ კავშირად ოფიციალურად რეგისტრაციაზე დაუსაბუთებლად ეთქვა უარი “კონსტიტუციის 78-ე მუხლს”, რომელიც ათობით უკანონოდ გათავისუფლებულს ეხმარება, რაც პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს შეიცავს. უფრო ზუსტად, საჯარო მოხელეების გაერთიანებამ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირად რეგისტრაციის მოთხოვნით 2024 წლის 25 დეკემბერს მიმართა, რის შემდეგაც რეესტრმა წარდგენილ დოკუმენტაციაზე ხარვეზი დაადგინა, რომელიც მალევე, 30 დეკემბერს აღმოიფხვრა, მას შემდეგ, რაც კონსტიტუციის 78-ე მუხლმა განახლებული დოკუმენტაცია წარადგინა. ამის მიუხედავად, საჯარო რეესტრმა კვლავ დაუსაბუთებლად განაცხადა უარი კავშირის ა(ა)იპ-ად რეგისტრაციაზე ისე, რომ განმცხადებლისთვის სათანადოდ არ განუმარტავს უარის არგუმენტაცია. მხოლოდ მას შემდეგ, რაც პროფესიული კავშირის წარმომადგენლებმა მოითხოვეს დამატებითი ინფორმაცია, მათ განემარტათ კიდევ ერთი ფორმალური ხარვეზის - პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევის აუცილებლობის - შესახებ. ამ მოთხოვნის გათვალისწინების შემდეგ, 27 იანვარს საჯარო რეესტრს დამატებით წარედგინა დოკუმენტაცია, რის შემდეგაც, 28 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აბსოლუტურად ფორმალური საფუძვლით (წესდების მუხლების ურთიერთშეუსაბამობაზე მითითებით) საერთოდ შეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება და უარი თქვა კავშირის რეგისტრაციაზე, მაშინ, როდესაც იგი ვალდებული იყო, ხარვეზის არსებობის შესახებ მიეთითებინა განმცხადებლისთვის და მის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ვადაც განესაზღვრა. რეესტრის ეს გადაწყვეტილება პროფესიულმა კავშირმა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გაასაჩივრა.
პროცესის გაჭიანურება, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები და საჯარო რეესტრის აქამდე არსებულ პრაქტიკასთან შეუსაბამო ფორმალური ხარვეზების გამოყენება აჩენს ეჭვებს, რომ მარეგისტრირებელი ორგანო მოქმედებს პოლიტიკური ინსტრუქციების შესაბამისად და “კონსტიტუციის 78-ე მუხლის” რეგისტრაციაზე უარი რეალურად პოლიტიკური დევნის და შევიწროების გამოხატულებაა, რაც ამ ორგანიზაციის აქტიურ უფლებადაცვით საქმიანობას უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველო არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) წევრი სახელმწიფო, რომელიც შრომის საკითხებისადმი მიძღვნილი გაეროს სპეციალიზებული ორგანიზაციაა. შსო-ს აქვს მანდატი, საკუთარი ინიციატივით შექმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია, იმ შემთხვევაში, როდესაც წევრ სახელმწიფოში მის მიერ რატიფიცირებული კონვენციის მწვავე და განგრძობადი დარღვევები ფიქსირდება[10]. საქართველოს რატიფიცირებული აქვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N111 კონვენცია შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის შესახებ, რომელიც კრძალავს შრომით ურთიერთობაში პოლიტიკური მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციას[11]. საქართველოში საჯარო უწყებებში დისკრიმინაციული მოტივით მიმდინარე გათავისუფლებები არის მაღალი სიმწვავის, მასშტაბისა და განგრძობადი ხასიათის. შესაბამისად, აღნიშნული სიტუაცია აკმაყოფილებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის პირობებს. მასობრივი საკადრო წმენდა ძირს უთხრის საჯარო მოხელეების შრომით უფლებებს, მოტივირებულია საჯარო სამსახურზე სრული პარტიული კონტროლის დამყარების განზრახვით და წარმოადგენს თავდასხმას საქართველოს საჯარო ინსტიტუტებზე. ამ საკითხებზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სასწრაფო რეაგირება და საგამოძიებო კომისიის შექმნა შესაძლოა მნიშვნელოვანი ბერკეტი იყოს საქართველოში საჯარო მოსამსახურეთა რეპრესიების შესაჩერებლად.
შესაბამისად, სოციალური სამართლიანობის ცენტრი და საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ,,კონსტიტუციის 78-ე მუხლი’’ მოუწოდებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, ყურადღება მიაპყროს საქართველოში საჯარო სექტორში დისკრიმინაციული მოტივით მიმდინარე მასობრივ გათავისუფლებებს და დაუყოვნებლივ განიხილოს ამ საკითხებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა.
[1] საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, 13.01.2025:
https://transparency.ge/ge/post/represiebi-sajaro-moxeleebis-cinaagmdeg.
ონლაინ გამოცემა ,,პუბლიკა’’, 13.01.2025:
რადიო თავისუფლება, 27.12.2024: https://cutt.ly/Ae5nObKP.
[2] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 16.01.2025:
სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 12.12.2024:
[3] იქვე.
[4] რადიო თავისუფლება, 02.01.2025:
[5] საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი, მუხლი 82, პუნქტი 2:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/3031098?publication=56.
[6] რადიო თავისუფლება, 30.12.2024: https://cutt.ly/6e5OxZLd. რადიო თავისუფლება, 26.12.2024: https://cutt.ly/Ee5ObwhS.
[7] რადიო თავისუფლება, 02.01.2025:
[8] რადიო თავისუფლება, 07.02.2025: https://cutt.ly/ve5FEVyM. რადიო თავისუფლება, 21.01.2025: https://www.radiotavisupleba.ge/a/33283664.html.
[9] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 07.02.2025: https://cutt.ly/Ae6ZYDWg.
[10] International Labour Organization:
[11] International Labour Organization – Convention N111 – Discrimination (Employment and Occupation):
https://normlex.ilo.org/dyn/nrmlx_en/f?p=NORMLEXPUB:12100:0::NO::P12100_INSTRUMENT_ID:312256.
ინსტრუქცია