საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63


ბოლო დღეებში, საზოგადოებასა და ადვოკატთა პროფესიულ წრეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასამართლოებში ტექნიკური მოწყობილობებისა და საკომუნიკაციო საშუალებების (ლეპტოპი, მობილური ტელეფონი და სხვ.) შეტანა აიკრძალება არამხოლოდ სასამართლო პროცესებზე დამსწრეებისათვის, არამედ ადვოკატებისთვისაც. ამ ვარაუდის საფუძველი გახდა, მათ შორის, ის ფაქტი, რომ ახლახანს საერთო სასამართლოებში მობილური ტელეფონების სათავსო ავეჯი შეიძინეს,. გუშინ, 19 ნოემბერს აღნიშნული დაადასტურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა - დიმიტრი გვრიტიშვილმაც, რომლის მითითებით, კანონმდებლობა ნებისმიერ პირს უკრძალავს სასამართლო სხდომის ნებისმიერი ფორმით ჩაწერას, რისი მიზანიც პროცესის მშვიდად წარმართვა და მართლმსაჯულების შეუფერხებლად განხორციელებაა, შესაბამისად, ლოგიკურია, პროცესის გაშუქების შეზღუდვა გავრცელდეს ყველაზე, მათ შორის ადვოკატებზეც.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, სასამართლო პროცესზე ადვოკატების საქმიანობაში ამგვარი ჩარევა ლახავს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა სამართლით დადგენილ დაცვის მხარის სამართლიანი სასამართლოს, ისევე როგორც ადვოკატთა მიერ თავიანთი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გარანტიებს. მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების უზრუნველყოფად ვერ შეფასდება ადვოკატების შეზღუდვა, სრულფასოვნად დაიცვან საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფი ინდივიდები და ამ მიზნით პროცესზე გამოიყენონ საჭირო დამხმარე ტექნიკური საშუალებები. სასამართლო პროცესების სრულად გასაიდუმლოების ასეთი მონდომებული მცდელობა არა მართლმსაჯულების განხორციელების ეფექტიანობას, არამედ დაცვის მხარისა და ადვოკატების უფლებების უგულებელყოფის ხარჯზე, საზოგადოების სამართლიანი და მწვავე კრიტიკისგან იმ მოსამართლეთა კომფორტის დაცვას ემსახურება, რომლებიც პოლიტიკური პატიმრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისათვის უსამართლოდ დაკავებული მოქალაქეების საქმეებს იხილავენ.
2025 წლის 26 ივნისს „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც, მათ შორის, სასამართლო შენობასა და ეზოში სრულად შეიზღუდა ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიოჩაწერა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი[1]. 17 ივლისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომლითაც სასამართლოს მანდატური უფლებამოსილი გახდა, არ დაუშვას სასამართლო სხდომის დარბაზში ნებისმიერი ტექნიკური საშუალების[2] შეტანა (გამოყენება) და შესთავაზოს მფლობელს, აღნიშნული ტექნიკური საშუალებები გადასცეს დროებით შესანახად მანდატურს.[3]
ამ სამართლებრივი ჩარჩოს იმგვარი განმარტება, რომელიც სასამართლო კლანის წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა მოგვცა და რომელიც ტექნიკური მოწყობილობებით სარგებლობას სხდომათა დარბაზში სრულად უკრძალავს ასევე ადვოკატებს უკანონოა და ზღუდავს არამხოლოდ პირის კონსტიტუციით გარანტირებულ სათანადო დაცვის უფლებას, არამედ ლახავს ადვოკატების მიერ საკუთარი უფლებებისა და საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების შესაძლებლობასაც და ხელს უშლის მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელებას.
თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიური და საკომუნიკაციო საშუალებები, როგორებიცაა მობილური ტელეფონი თუ პერსონალური კომპიუტერი, არაერთი საქმიანობის განუყოფელ ატრიბუტად იქცა. ეს განსაკუთრებით ეხება იმ სფეროებს, სადაც ადამიანები ინტელექტუალურ შრომას ეწევიან. გამონაკლისი არც საადვოკატო საქმიანობის განხორციელებაა. საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სათანადოდ, სრულყოფილად და პასუხისმგებლიანად დაცვა, განსაკუთრებით სასამართლო პროცესზე, ადვოკატების მხრიდან წინასწარ დაგეგმილ, კარგად მომზადებულ ინტელექტუალურ შრომას მოითხოვს, რომლის განხორციელებაც დღეს ფაქტობრივად წარმოუდგენელია ზემოაღნიშნული ტექნიკური მოწყობილობების დახმარების გარეშე. ამასთან, სასამართლო პროცესებზე ადვოკატის მთავარი ფუნქციაც და მოვალეობაც საკუთარი კლიენტის უფლებების სათანადოდ დაცვაა და არა მიმდინარე პროცესის გაშუქება, რომელიც უპირველესად მედიის ფუნქციას წარმოადგენს.
შესაბამისად, ადვოკატებისთვის მობილური ტელეფონისა და კომპიუტერის სასამართლო პროცესზე შეტანის შეზღუდვა უპირველესად დასაცავი პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების სათანადოდ რეალიზებას ემუქრება, ისევე როგორც უხეშად ერევა ადვოკატის, როგორც თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლის საქმიანობაში. ეს შეზღუდვა ვერ იქნება გამართლებული მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების ინტერესით, მაშინ როდესაც ადვოკატი საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე თავად არის მართლმსაჯულების განუყოფელი რგოლი, რომელსაც მნიშვნელოვანი საჯარო ფუნქციებიდან გამომდინარე, კონსტიტუცია და კანონმდებლობა დაცვის არაერთ გარანტიას ანიჭებს.[4]
ამგვარად, ცხადია, ადვოკატების მიერ საკუთარი ფუნქციების სათანადოდ განხორციელებაში ხელშეშლა სასამართლო სხდომის დარბაზებში ვერ იქნება ნაკარნახევი მართლმსაჯულების შეუფერხებლად განხორციელების იმგვარი განმარტებით, როგორსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მისი წევრი - დიმიტრი გვრიტიშვილი საზოგადოებას სთავაზობს. მეტიც, სასამართლო პროცესების ნებისმიერი ფორმით გაშუქების სრულად აკრძალვა და მისი საჯაროობის ტოტალური კონტროლი სწორედაც რომ მართლმსაჯულების ინტერესებს აზიანებს და ძირს უთხრის საზოგადოებრივ ნდობას სასამართლო ინსტიტუტების მიმართ.
ჩვენი შეფასებით, პროცესების ამგვარი „გასაიდუმლოების“ რეალური მიზანი საზოგადოებაში არსებული სამართლიანი და მზარდად მწვავე კრიტიკის განეიტრალებაა, რაც პოლიტიკური პატიმრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას უკანონოდ დაკავებული ადამიანების პროცესებზე მოსამართლეთა და ზოგადად სასამართლო ხელისუფლების მიმართ არსებობს. აქამდე სასამართლო პროცესების საჯაროობამ და მედიასაშუალებების თუ სხდომაზე დამსწრე საზოგადოების თანმიმდევრულმა შრომამ გახადა შესაძლებელი, საზოგადოებას დაენახა სასამართლოში არსებული სავალალო მდგომარეობა, ის სამართლებრივი თუ მორალური შეუსაბამობები, რაც დღეს მართლმსაჯულებას საქართველოში ფაქტობრივად მისი რეალური ფუნქციის კარიკატურად აქცევს. შესაბამისად, პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების იმგვარი ფართო და განუჭვრეტელი განმარტება, როგორსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მისი წევრი საზოგადოებას სთავაზობს, სწორედ სასამართლო პროცესებზე დაცვის მხარის უფლებათა უგულებელყოფით კონტროლის დამყარებას ემსახურება, რამაც სასამართლო კლანისა და ინდივიდუალური მოსამართლეების დისკომფორტი ამ პროცესში მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს.
[1] „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-13 პრიმა მუხლის მე-2 პუნქტი.
[2] მობილური ტელეფონის, აგრეთვე - სხვა ისეთი ნივთის ჩათვლით, რომელიც, ერთი შეხედვით, არ წარმოადგენს ამგვარ საშუალებას, თუმცა ვიზუალური დათვალიერების შედეგად აჩენს ვარაუდს, რომ მას გააჩნია გადაღებისა და ჩაწერის ფუნქცია.
[3] იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის N76 დადგენილების დანართის მე-3 მუხლი
[4] საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციით დაცულია თითოეული ადვოკატის ინდივიდუალური უფლება, ავტონომიურად და ყოველგვარი სახელმწიფოებრივი თუ სხვა გარეშე აქტორის ჩარევისგან დამოუკიდებლად, დაშინების, შეფერხების, შევიწროებისა და გაუმართლებელი ბარიერების დაწესების გარეშე მოახდინოს, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, მის პროფესიასთან დაკავშირებული უფლებების რეალიზაცია. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფო ვალდებულია, ერთი მხრივ, თავად გაუმართლებლად არ ჩაერიოს ადვოკატის საქმიანობაში, ხოლო, მეორე მხრივ, მას, როგორც სამართლის მაძიებელი პირის კვალიფიციურ იურიდიულ მრჩეველს, შეუქმნას დამოუკიდებლად საქმიანობისთვის საჭირო გარანტიები, რაზე დაყრდნობითაც ადვოკატი შეძლებს თავისი საქმიანობის წარმართვას ყოველგვარი გარეშე ზეწოლისა და ჩარევისგან თავისუფლად. ამასთან, პრინციპულად არასწორი იქნებოდა, ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელების ნაწილში, მხოლოდ სუბიექტურ კონსტიტუციურ უფლებაზე ყურადღების გამახვილება. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი რეალიზაციისთვის სათანადო საკანონმდებლო ბაზის უზრუნველყოფა და, აქედან გამომდინარე, მისი დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით აღჭურვა როგორც მისი ინდივიდუალური უფლებების, ისე კლიენტის ინტერესების ეფექტურად დაცვას და რეალიზაციას ემსახურება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის 1/6/1424,1490 გადაწყვეტილება საქმეზე „ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29,30.)“
ინსტრუქცია