საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63


2026 წლის 26 იანვარს, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში, გაეროს 106-მა წევრმა სახელმწიფომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა შეაფასა და ქვეყანას 315 რეკომენდაცია[1] წარუდგინა. რეკომენდაციების შინაარსი, წინა მიმოხილვების მსგავსად, არაერთ მიმართულებას მოიცავს, თუმცა, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ახლა უკვე ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის პროცესში რეპრესიული საკანონმდებლო რეგულაციების მიღებასა და აღსრულებასაც ეხება.
1. უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა: მექანიზმის ფუნქცია და რეკომენდაციების გაცემის წინაპირობები
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს. იგი 2006 წელს, გენერალური ასამბლეის რეზოლუციით დამტკიცდა და გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოს მიემართება.[2] მექანიზმი გულისხმობს ყოველ 4.5 წელიწადში ერთხელ, ქვეყნებში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას. ამ პროცესში შეფასებას დაქვემდებარებული სახელმწიფო რეკომენდაციებს არა კონკრეტულ კონვენციაზე დაფუძნებული ექსპერტების ჯგუფიდან (მაგ., გაეროს კომიტეტებიდან), არამედ სხვა ქვეყნებისგან, კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში, იღებს.
ქვეყანაში არსებული ვითარების შეფასების ობიექტურობისათვის, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში ხდება არა მხოლოდ მთავრობის, არამედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ინდივიდუალური თუ კოლექტიური ანგარიშებისა და გაეროს სისტემიდან მიერ მიღებული ინფორმაციის ანალიზი.
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში, საქართველოში არსებული ვითარების მიმოხილვა პირველად 2011 წელს განხორციელდა. ჯერ კიდევ მაშინ, ქვეყანამ არაერთი რეკომენდაციის შესრულების ვალდებულება აიღო, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, დახურულ დაწესებულებებში ადამიანის უფლებებზე ზედამხედველობის გაძლიერებასა და წამების პრევენციას, შშმ პირთა, ბავშვთა და ქალთა უფლებების დაცვას, სასამართლო სისტემის რეფორმირებას, სიღარიბესთან ბრძოლასა და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციას, ეხებოდა.
2026 წლის მიმოხილვა საქართველოსთვის რიგით მეოთხეა. აღნიშნული ციკლის ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, სახალხო დამცველის მიერ, გაეროში ჯამში 29 ინდივიდუალური და კოლექტიური ანგარიში გაიგზავნა.[3] აქედან, 5 ანგარიშის შემუშავებაში სოციალური სამართლიანობის ცენტრი მონაწილეობდა.[4] ზემოაღნიშნული ანგარიშებიდან იკვეთება ის უმძიმესი მდგომარეობა, რაც ადამიანის უფლებების სფეროში, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით არსებობს.
2. სახელმწიფოთა პოზიციები და რეკომენდაციები
წინა ციკლებისგან განსხვავებით, სახელმწიფოთა მიერ გაცემულ რეკომენდაციებში ნათლად ჩანს ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის გაუარესების, კანონის უზენაესობის უგულებელყოფის, სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიასა და კრიტიკულად განწყობილ პირებზე თავდასხმის, ასევე, ცალკეული ჯგუფების მიზანში ამოღების ტენდენციები.
ამგვარი რიტორიკა არა მხოლოდ რეკომენდაციებში, არამედ სახელმწიფოთა წარმომადგენლების გამოსვლებშიც იგრძნობოდა. 24 ქვეყნის წარმომადგენელმა[5] რეკომენდაციების მიღმაც გამოთქვა შეშფოთება საქართველოში უფლებრივი მდგომარეობის გაუარესების, დემოკრატიული უკუსვლის, ან/და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიაზე თავდასხმის გამო. მაგალითისთვის, გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელმა ადამიანის უფლებების კუთხით სერიოზულ უკუსვლაზე, პოლიციის მიერ პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე, პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე, ჟურნალისტების შევიწროებაზე, შეკრების თავისუფლების შეზღუდვასა და იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ პლურალიზმს. ნიდერლანდების წარმომადგენელმა იმავე გამოწვევებზე ისაუბრა, თუმცა დამატებით ხაზი გაუსვა არასათანადო მოპყრობისა და წამების შემთხვევებსა და სასამართლოს ინსტრუმენტალიზაციის საკითხს. ლიეტუვის წარმომადგენელმა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის უმძიმეს უკუსვლასთან ერთად, ისიც აღნიშნა დანანებით, რომ უნივერსალურ პერიოდულ მიმოხილვას საქართველოს დელეგაციის მხრიდან საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი პირი (ალექსანდრე დარახველიძე) ესწრებოდა.
სახელმწიფოთა მიერ წარდგენილი რეკომენდაციები ადამიანის უფლებების დაცვის სფეროს არაერთ მიმართულებას ეხებოდა. მათ შორისაა, ქალთა, ბავშვთა და შშმ პირთა უფლებების დაცვის გაძლიერება, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერა, და სოციო-ეკონომიკური დაცვის პროგრამების გაძლიერება და სხვა. თუმცა, ამავე დროს, რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი უკანასკნელ წლებში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონმდებლობასა თუ მშვიდობიან დემონსტრანტებთან მოპყრობის არაადამიანურ პრაქტიკასაც მიემართება.
კერძოდ, საქართველოსთან მიმართებით 49 სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციები ეხება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობის შემზღუდავი კანონმდებლობის გაუქმებას/შეცვლას, ადამიანის უფლებების დამცველებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, გაერთიანების, შეკრების, მანიფესტაციებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის უზრუნველყოფას, გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძვლით დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და ამ პრაქტიკის გამამყარებელი საკანონმდებლო რეგულაციების გაუქმებას, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების, არასათანადო მოპყრობისა და წამების ფაქტების გამოძიებასა და საჯარო მოხელეთა მასობრივი გათავისუფლების საკითხს.
იმ სახელმწიფოთა ჩამონათვალი, რომელთაც ზემოაღნიშნულ ერთ საკითხზე მაინც გასცეს რეკომენდაცია, შემდეგნაირად გამოიყურება:

ქვემოთ მოცემულია ცალკეული თემატური რეკომენდაციების გადანაწილება ამგვარი რეკომენდაციების გამცემი ქვეყნების რაოდენობის მიხედვით:[6]

2.1. შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა
როგორც ზემოთ აღინიშნა, განხილვისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დარღვევები გამოიკვეთა. სახელმწიფოთა შეშფოთების საგანს წარმოადგენდა როგორც ზემოაღნიშნული თავისუფლებების დამრღვევი პოლიტიკის წარმოება, ისე პროტესტის მონაწილეთა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და არასათანადო მოპყრობა.
24 სახელმწიფოს[7] რეკომენდაცია შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების არაპროპორციულად მზღუდავი კანონმდებლობის (მაგალითად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონსა თუ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების) გაუქმებას ან/და აღნიშნული საკითხის მარეგულირებელი ჩარჩოს საერთაშორისო სამართალთან[8] შესაბამისობის უზრუნველყოფას შეეხებოდა.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას პროტესტის მონაწილეებისა და ჟურნალისტების თვითნებური დაკავება, მათ მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება, არასათანადო მოპყრობისა და წამების შემთხვევების სწრაფი, ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიება, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის ანგარიშვალდებულება ან/და მსხვერპლთათვის მართლმსაჯულებაზე, კომპენსირებასა და რეაბილიტაციაზე წვდომის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. სახელმწიფოებმა საქართველოს დამატებით მოუწოდეს, გამოიძიოს 2024 და 2025 წლების აქციებზე ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენების ფაქტები, ჰქონდეს ძალის გადამეტებული გამოყენებისა და წამების პრევენციის პოლიტიკა და სამართალდამცავების იდენტიფიცირების შესაძლებლობა. აღნიშნულ საკითხებს 26 ქვეყნის[9] რეკომენდაციები დაეთმო.

2.2. განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დევნის საკითხები
„ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების გამო მოქალაქეთა დევნის საკითხები არაერთი სახელმწიფოს რეკომენდაციებში მოხვდა. უკრაინამ, საფრანგეთმა, ნორვეგიამ, პოლონეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და ჩეხეთმა რეკომენდაცია გასცეს პოლიტიკურ ნიადაგზე ან/და თვითნებურად დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ხოლო ლიეტუვას რეკომენდაცია უშუალოდ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ეხებოდა. დამატებით, მექსიკამ თვითნებური დაკავებების პრევენციის აუცილებლობაზე ისაუბრა, ხოლო კანადამ მიუთითა, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს საკუთარი უფლებების განხორციელებისას დაკავებულთა მყისიერი წვდომა სამართლებრივ დახმარებაზე, ჯანდაცვის სერვისებზე, დროულ და სამართლიან სასამართლო პროცესებსა და მათი საქმის დამოუკიდებელი მექანიზმის მიერ განხილვაზე.
ქვეყნების რეკომენდაციების ნაწილი პოლიტიკოსებსაც შეეხებოდა. მაგალითისთვის, ნორვეგიამ რეკომენდაცია გასცა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელის უკან გამოთხოვასთან დაკავშირებით, საფრანგეთმა მიუთითა ისეთი კანონმდებლობის მიღების აუცილებლობაზე, რომელიც პოლიტიკურ პლურალიზმს განამტკიცებს, ხოლო კანადის რეკომენდაცია, სხვა აქტორებთან ერთად, პოლიტიკოსების მუშაობისთვის შესაძლებელი გარემოს შექმნას ეხებოდა.
ცალკეულ სახელმწიფოთა რეკომენდაციებში საჯარო მოხელეებისა და აკადემიის საკითხიც მოხვდა. მაგალითისთვის, უკრაინამ საქართველოს მოუწოდა, გააუქმოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის რეგრესული ცვლილებები და უზრუნველყოს უკანონოდ გათავისუფლებული ყველა საჯარო მოხელის აღდგენა, ხოლო კოსტა-რიკამ კრიტიკული აზრის მქონე მოხელეების ადმინისტრაციული სანქცირებისა თუ გათავისუფლებისგან დაცვის მექანიზმების ჩამოყალიბების მიმართულებით გასცა რეკომენდაცია. მეორე მხრივ, კანადამ საქართველოს მიმართა იმგვარი კანონმდებლობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, რომელიც აკადემიის წევრების მუშაობას შესაძლებელს გახდიდა.
2.3. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიაზე თავდასხმა
როგორც ზემოთ აღინიშნა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიაზე თავდასხმის საკითხი სახელმწიფოების რეკომენდაციებში მწვავედ იყო აღნიშნული. არაერთმა ქვეყანამ ნათლად დაინახა იმ კანონმდებლობისა და პრაქტიკის ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელი ხასიათი, რომელიც ორგანიზაციების საქმიანობას არა მხოლოდ ზღუდავს, არამედ დასჯადად აცხადებს და, მთავრობის თანხმობის გარეშე, ორგანიზაციებს ფინანსურ სახსრებზე წვდომას უკრძალავს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაცვა და მათთვის ფუნქციონირების შესაძლებლობის მიცემა ან/და, ზოგადად, გაერთიანების თავისუფლების უზრუნველყოფა 38 ქვეყნის რეკომენდაციის საგანი გახდა.
ქვეყნებმა[10] საქართველოს მოუწოდეს, გაეუქმებინა ან ძირფესვიანად შეეცვალა გაერთიანების თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მზღუდავი კანონმდებლობა, მათ შორის, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ან/და „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები. სახელმწიფოთა შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციები არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლების შემზღუდველია, არამედ რეპრესიული,[11] გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დამრღვევი[12] და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული სისტემის ძირგამომთხრელია.[13]
ქვეყნებმა გაერთიანების თავისუფლების განხორციელების უზრუნველყოფის, ადამიანის უფლებების დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დამოუკიდებლობისა და მათი მუშაობისათვის ხელშემწყობი გარემოს ან/და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი საკანონმდებლო რეგულაციების შექმნის რეკომენდაციებიც გასცეს.[14] ამ კუთხით მნიშვნელოვანია ბელგიის რეკომენდაცია, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოებაზე, ადამიანის უფლებების დამცველებზე, ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტებზე სწრაფი, მიუკერძოებელი და სიღრმისეული რეაგირების რეკომენდაცია გასცა.
სახელმწიფოთა ყურადღება მედიის საქმიანობის შემზღუდველ პოლიტიკასაც დაეთმო. მათ შორის იყო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებიც,[15] რომელთა შედეგად გაუარესდა მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი და გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტები, ასევე, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონში შესული ცვლილებებიც, რომლის მიხედვითაც შეიზღუდა სიტყვის თავისუფლება და ცენზურა განმტკიცდა.[16]
ზემოაღნიშნული პოლიტიკის გათვალისწინებით, 33-მა სახელმწიფომ[17] საქართველოს დამოუკიდებელი მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო რეგულაციების გაუქმების ან ძირფესვიანი გადახედვის, საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაში მყოფი კანონმდებლობის არსებობის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების განმტკიცების, ჟურნალისტების ეფექტიანი დაცვის ან/და მედიისთვის სამოქმედო სივრცის უზრუნველყოფის რეკომენდაცია მისცა.

2.4. ლგბტქ+ პირების დევნა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაცია
ადამიანის უფლებების უკუსვლის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე რეპრესირებულ ჯგუფს ლგბტქ+ თემი წარმოადგენს. წლების განმავლობაში, ქვიარ ადამიანების მიმართ არსებული დისკრიმინაციული დამოკიდებულება, სტიგმა, ძალადობა, უგულებელყოფა და მათი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევა უმწვავეს პრობლემას წარმოადგენდა, თუმცა, მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესდა ფაშისტური რეგულაციების - „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის, მიღებით. კანონის მიღების შედეგად, თემის უუფლებობა, ჩაგვრა და მეტიც - ჯანდაცვაზე წვდომის კრიმინალიზაცია, უკვე ინსტიტუციურ დონეზე განამტკიცა.
არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, 21-მა სახელმწიფომ პირდაპირ მოუწოდა საქართველოს, გააუქმოს ანტი-ლგბტქ+ საკანონმდებლო ჩარჩო,[18] ნათლად აკრძალოს დისკრიმინაცია, მათ შორის, გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე, ებრძოლოს სიძულვილის ენასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს[19] ან/და მიიღოს თემის წევრთა ეფექტიანი მხარდაჭერისა და მათ მიმართ დისკრიმინაციის, სტიგმატიზაციისა და ძალადობის საწინააღმდეგო ღონისძიებები.[20] დამატებით, ისლანდიამ საქართველოს მოუწოდა, ერთი მხრივ, მოახდინოს გენდერის დამადასტურებელი სამედიცინო ინტერვენციების დეკრიმინალიზაცია, ხოლო, მეორე მხრივ, თანხმობის შემთხვევაში, მოახდინოს, ზრდასრული ერთნაირსქესიანი პირების ქორწინების ლეგალიზაცია.

2.5. მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა უფლებების დაცვის საკითხები
მოწყვლადი პირების უფლებების დაცვა არაერთი სახელმწიფოს რეკომენდაციის საგანი იყო. ყურადღება გამახვილდა ისეთ ჯგუფებზე, როგორიცაა, ქალები, ბავშვები, შშმ პირები, ხანდაზმულები, მიგრანტები და დევნილები. მათ უმეტესობასთან მიმართებით, ზოგადი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს ცვლილებების მიღმა, კონკრეტული რეკომენდაციებიც გაიცა.
ქალების უფლებრივ მდგომარეობაზე 45-მა ქვეყანამ[21] გაამახვილა ყურადღება. მათი რეკომენდაციები ძირითადად გენდერული თანასწორობის უზრუნველმყოფი ღონისძიებების განხორციელებას, კანონმდებლობის დახვეწასა თუ მისი იმპლემენტაციის უზრუნველყოფას, ფემიციდისა და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებისა და შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფას, ქალთა ჩართულობისა და მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, ცნობიერების ამაღლებას ეძღვნებოდა.
კიდევ ერთი ჯგუფი, რომელსაც 30 სახელმწიფოს[22] რეკომენდაცია შეეხო, ბავშვები არიან. მათთან მიმართებით გაცემული რეკომენდაციები ასევე მრავალფეროვანი იყო და მოიცვა ისეთი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და მსხვერპლ ბავშვთა სათანადო მხარდაჭერა და რეაბილიტაცია, იძულებითი ქორწინების პრევენცია და აღმოფხვრა, ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლა, არასრულწლოვნების დაცვა ციფრულ სივრცეში და ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების გაძლიერება.
შშმ პირთა უფლებების დაცვას 27 ქვეყნის[23] რეკომენდაცია დაეთმო. მათი ნაწილი მხოლოდ ზოგადად - თემის წევრთა უფლებების დაცვასა და თემატური კანონმდებლობის იმპლემენტაციაზე, საუბრობდა, ხოლო მეორე ნაწილი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა, მაგალითად, შშმ პირების სოციალური ინკლუზიის უზრუნველყოფა, თემის წევრთა დასაქმების ხელშეწყობა, სრული მისაწვდომობის უზრუნველყოფა, სოციალური დაცვის, განათლებისა და ჯანდაცვის უფლებების რეალიზაციის უზრუნველყოფა, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დაჩქარება და სათემო მხარდამჭერი სერვისების ჩამოყალიბების პრიორიტეტიზაცია, ასევე, სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა.
სახელმწიფოთა რეკომენდაციების ანალიზისას კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა და რასიზმის, ქსენოფობიისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გამოიკვეთა. ამ სფეროს 22 ქვეყნის[24] ყურადღება დაეთმო. რეკომენდაციები ძირითადად მოიცავდა ზემოაღნიშნული პრობლემის წინააღმდეგ პრევენციული და რეაგირებითი ღონისძიებების განხორციელებას, ასევე, რასის, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას. ყურადღება გამახვილდა ეთნიკური უმცირესობების გადამზადებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფაზეც, მათ სოციალურ და ლინგვისტურ ინკლუზიაზე, საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ეფექტიანი ჩართულობის უზრუნველყოფაზე, ასევე, ყველა რელიგიური თემის თანასწორ მოპყრობასა და დაცვაზე.
რეკომენდაციების შინაარსმა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე უფლებრივი მდგომარეობაც მოიცვა. ამ საკითხებს უკრაინისა და ალბანეთის წარმომადგენლებმა თავის გამოსვლაშიც გაუსვეს ხაზი. საქართველოს 4 სახელმწიფოსგან[25] მიეცა რეკომენდაცია, გააგრძელოს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის მობილიზება, რათა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმებისა და ორგანიზაციების წვდომა იყოს უზრუნველყოფილი. 3 სახელმწიფოს[26] რეკომენდაციაში კონფლიქტების მოგვარების ან/და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების საკითხიც აღინიშნა. დამატებით, სახელმწიფოებმა ხაზი გაუსვეს დევნილთა უფლებების დაცვის მნიშვნელობასა[27] და სოციალური დაცვის, სხვა საბაზისო სერვისებსა და მართლმსაჯულებაზე, წვდომის,[28] ასევე, მათ მიმართ დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე.[29]
შედარებით მცირე რაოდენობის სახელმწიფოთა[30] თვალთახედვის არეალში მოხვდა მიგრანტების, ლტოლვილებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა. საქართველოზე გაიცა რეკომენდაციები, დაიცვას მიგრანტებისა და ლტოლვილების უფლებები, უზრუნველყოს მიგრანტთა ბაზისურ სერვისებსა და მართლმსაჯულებაზე წვდომა და მათი დაცვა დისკრიმინაციისა და ექსპლუატაციისგან.
2.6. სხვა მნიშვნელოვანი ინსტიტუციური და უფლებრივი საკითხები
ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანი საკითხების მიღმა, არაერთმა ქვეყანამ საქართველოს მიმართ გასცა რეკომენდაციები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან არსებული კანონმდებლობის სრული ჰარმონიზაციის,[31] ადამიანის უფლებების დაცვისა და ზედამხედველობის ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერების,[32] საჯარო ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფის,[33] პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმების გაძლიერების,[34] სამართალდამცავების ადამიანის უფლებების სფეროში სწავლების,[35] სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადამიანის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის,[36] ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის შესრულების,[37] საერთაშორისო და რეგიონულ მექანიზმებთან თანამშრომლობისა და დიალოგის,[38] ასევე, საერთაშორისოსამართლებრივი ინსტრუმენტების[39] რატიფიცირების[40] მიმართულებით. მნიშვნელოვანი იყო იაპონიის მიერ გაცემული რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს მოუწოდებს, გადადგას კონსტრუქციული ნაბიჯები საკუთარი ხალხის პოზიციების შესასწავლად.
ცალკეული სახელმწიფოების რეკომენდაციები საარჩევნო უფლებებსაც შეეხო. კერძოდ, საფრანგეთმა გასცა რეკომენდაცია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი სამართლებრივი ჩარჩოს უზრუნველყოფის თაობაზე, ხოლო ახალმა ზელანდიამ - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ეუთოს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით.
სასამართლო სისტემა და მისი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა, რასაც 19 სახელმწიფოს რეკომენდაცია დაეთმო. ქვეყნებმა[41] საქართველოს მოუწოდეს, უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება და სისტემის დეპოლიტიზაცია, სასამართლოს დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და მიუკერძოებლობა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის ცვლილებების გაუქმება, ასევე, გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის უზრუნველყოფა.
საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების საგანი სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვაც იყო. სახელმწიფოების[42] რეკომენდაციები შეეხებოდა ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტზე უფლების უზრუნველყოფას, ოჯახებისა და თემების მდგრადობის გაძლიერებას, ინკლუზიური და სიღარიბის შემცირებაზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის წარმოებას, ეკონომიკის ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფას, უსაფრთხო წყალზე წვდომას, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული საცხოვრისის პოლიტიკის შემუშავებას, ფინანსურად ხელმისაწვდომი, ინკლუზიური და ხარისხიანი ჯანდაცვის (მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის) სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფასა და ხარისხიან განათლებაზე (მათ შორის, ინკლუზიურ განათლებაზე) უნივერსალური წვდომის გარანტირებას.
ცალკეულ სახელმწიფოთა რეკომენდაციები შეეხო გარემოსდაცვით უფლებებსაც. მაგალითად, კოსტა-რიკამ საქართველოზე გასცა რეკომენდაცია სუფთა, ჯანსაღ და მდგრად გარემოზე უფლების განხორციელების გარანტირებასთან, ასევე, გარემოსდაცვით და ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებულ საჯარო კონსულტაციებში ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფების ეფექტიანი მონაწილეობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
3. რას პოზიცია ჰქონდა “ქართულ ოცნებას” და როგორ აღსრულდება რეკომენდაციები?
საქართველოს დელეგაციამ თავისი პოზიცია უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის პროცესში გააჟღერა.[43] სამწუხაროდ, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული მიმოხილვებიდან არ იკვეთება, რომ ისინი კრიტიკულად აფასებენ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას. მეტიც, მათ ადამიანის უფლებების დაცვის ნაწილში კონკრეტული გამოწვევები ფაქტობრივად არ დაუსახელებიათ. ამ კუთხით, ერთადერთ გამონაკლისს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე უფლებრივი მდგომარეობა წარმოადგენდა, რომელზე მითითებაც დელეგაციის თავმჯდომარემ გააკეთა.
სახელმწიფოთა მიერ დასმული რეკომენდაციებისა და წამოწეული საკითხების პრობლემურობა დელეგაციის წარმომადგენლებმა უარყვეს და მიუთითეს, რომ საქართველო წამებისგან თავისუფალი ქვეყანაა, სადაც სიღარიბე მცირდება, სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი და ეფექტიანია, ხოლო მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა - პრიორიტეტიზებული.
დელეგაციის წევრებმა უარყვეს, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის მუშაობა იზღუდება. პირიქით, მათ განაცხადეს, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრში დარეგისტრირდნენ, შეუფერხებლად აგრძელებენ მუშაობას, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველი კანონმდებლობის მიზანი ეროვნული სუვერენიტეტის დაცვა იყო. როგორც დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, ამგვარი კანონმდებლობის მიღებით “საქართველოში დემოკრატიამ გაიმარჯვა და პოლიტიკური ექსტრემიზმი დამარცხდა”.
დელეგაციის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით არასწორი ინტერპრეტაციებისა და ამ საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია სახელმწიფოთა შორის ორმხრივი კომუნიკაციის არსებობა.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული მდგომარეობის მიმოხილვის შედეგები და შესაბამისი რეკომენდაციები გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ, მიმდინარე წლის ზაფხულში დამტკიცდება. დაახლოებით ამ დროისთვის გახდება საჯაროდ ცნობილი, თუ რომელ რეკომენდაციებს დაუჭერს მხარს (accepted) საქართველო, ხოლო რომელს - აღნიშნავს (noted) და შესასრულებლად სავალდებულოდ არ აღიარებს.
ამ ეტაპამდე ცნობილი არ არის, თუ რომელ რეკომენდაციებს ჩათვლის ქვეყანა შესასრულებლად სავალდებულოდ, თუმცა, ამ მხრივ, საინტერესოა რატი იონათამიშვილის კომენტარი.[44] მან განაცხადა, რომ კრიტიკულად განწყობილი სახელმწიფოები ცდილობდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი გაემეორებინათ. მან ახსენა წლების განმავლობაში არსებული პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, საქართველო მიღებული რეკომენდაციების უდიდეს ნაწილს მხარს უჭერდა, და ძირითადად მხოლოდ იმ რეკომენდაციებს არ იღებდა, რომლებიც იმ ქვეყნებისგან იყო გაცემული, რომლებიც მის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებდნენ. თუმცა, მისი განცხადებით, ამ წელს საქართველო მხარს არ დაუჭერს ისეთი რეკომენდაციებსაც, რომლებიც „სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებთან“ და სუვერენიტეტთან თანხვედრაში არ მოვა.
მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული რეკომენდაციების შესრულებაზე თანხმობის გაცემა უშუალოდ ამ სახელმწიფოს დისკრეციაში შედის, იგი აჩვენებს ქვეყნის მზადყოფნას, გააუმჯობესოს ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლების რიტორიკიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველო კრიტიკული შინაარსის მქონე რეკომენდაციებს აღიარებს, მხარს დაუჭერს და შეასრულებს. ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ განაცხადებს უარს, განახორციელოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს მოქალაქეთათვის რეალურად შექმნას უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემო. ეს ნაბიჯი კიდევ უფრო მეტად დააზიანებს ქვეყნის რეპუტაციას და აჩვენებს მის პოლიტიკურ ნებას, არ აღიაროს არსებული გამოწვევები და ადამიანის უფლებების დამცველების, დამოუკიდებელი მედიისა და კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მიმართ რეპრესიები გააგრძელოს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი საზოგადოებას უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის შედეგებისა და რეკომენდაციების შესრულების შესახებ პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას.
[1] UN HRC, Draft Report of the Working Group on the Universal Periodic Review, 2026.
[2] UN HRC, Basic Facts about UPR, ლინკი.
[3] UN HRC, Summary of stakeholders’ submissions on Georgia, Report of the Office of the United Nations High Commissioner for Human Rights, A/HRC/WG.6/51/GEO/3, 2025, ლინკი.
[4] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად UPR-ის ფარგლებში 5 ანგარიში წარადგინა, 2025, ლინკი.
[5] ლუქსემბურგის, მალტის, მონტენეგროს, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ნორვეგიის, კორეის რესპუბლიკის, რუმინეთის, სლოვენიის, შვედეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს, ვენესუელის, ავსტრალიის, ავსტრიის, ბელგიის, ბულგარეთის, კვიპროსის, ჩეხეთის, დანიის, გერმანიის, ირლანდიის, იაპონიისა და ლიეტუვის წარმომადგენლები.
[6] შენიშვნა: თითოეული სახელმწიფოს რეკომენდაცია შესაძლოა, რამდენიმე საკითხს მიემართებოდეს, მაგალითისთვის, სამოქალაქო საზოგადოების მზღუდავი კანონმდებლობის გაუქმების რეკოემენდაციები რელევანტურია დამოუკიდებელი ონლაინ მედიასაშუალებებისთვისაც. ამასთან, სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა, მაგალთად, სოციალური დაცვის, განათლების, ჯანდაცვის და საცხოვრებლის უფლებები.
[7] მაგ., ირლანდია, გერმანია, ისლანდია, ჩილე, კანადა, ლატვია, პორტუგალია, ესტონეთი, ნორვეგია, ლიეტუვა, ბოლივია, ბრაზილია, ავსტრია, ავსტრალია, ალბანეთი, ლუქსემბურგი, ჩეხეთი და გაერთიანებული სამეფო.
[8] მაგალითად, გერმანიის რეკომენდაციაში დამატებით მითითებული იყო ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის რეკომენდაციების შესრულების საკითხიც.
[9] მაგ., ლატვია, რუმინეთი, პოლონეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, კოლუმბია, ესტონეთი, გერმანია, ირლანდია, ალბანეთი, ჩეხეთი, დანია, ნიდერლანდები, ბელგია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, შვედეთი და მექსიკა.
[10] მაგ., ფინეთი, ჩეხეთი, დანია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, სლოვენია, უკრაინა, ნორვეგია, ახალი ზელანდია, პოლონეთი, შვედეთი, შვეიცარია, ავსტრალია, კოლუმბია, იტალია, გერმანია, ისლანდია, ჩილე, კანადა და ლატვია.
[11] ჩეხეთი და შვეიცარია.
[12] ახალი ზელანდია და პოლონეთი.
[13] ფინეთი.
[14] მაგ., ჩეხეთი, იტალია, ჩილე, კანადა, ლუქსემბურგი, დომინიკელთა რესპუბლიკა, პორტუგალია, საფრანგეთი, და მოლდოვა.
[15] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ კანონში ინიცირებული ცვლილებები ძირს უთხრის მედიის და გამოხატვის თავისუფლებებს, 2025, ლინკი.
[16] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, “ქართული ოცნების” ახალი საკანონმდებლო ინიციატივა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სამართლებრივ დემონტაჟს ახდენს, 2025, ლინკი.
[17] მაგ., შვედეთი, ავსტრალია, გერმანია, ალბანეთი, კანადა, ჩეხეთი, საფრანგეთი, ჩილე, იტალია, ლუქსემბურგი, დომინიკელთა რესპუბლიკა და საფრანგეთი.
[18] მაგ., ფინეთი, ჩილე, კოლუმბია, ახალი ზელანდია, მექსიკა, ნორვეგია, მალტა, ავსტრალია, ესტონეთი, ისლანდია, შვედეთი და ბელგია.
[19] მაგ., კანადა, ურუგვაი და ესპანეთი.
[20] მაგ., ისლანდია, მექსიკა და ნორვეგია.
[21] მაგ., შვეიცარია, სლოვენია, მაროკო, რუმინეთი, ლუქსემბურგი, მონტენეგრო და ესპანეთი.
[22] მაგ., ინდოეთი, პოლონეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და თურქეთი.
[23] მაგ., პერუ, ინდოეთი, იტალია, ლიბანი, უზბეკეთი და იორდანია.
[24] მაგ., ლუქსემბურგი, ნიგერია, დომინიკელთა რესპუბლიკა, საბერძნეთი, ერაყი, პაკისტანი და რუმინეთი
[25] პოლონეთი, ბულგარეთი, პორტუგალია და თურქეთი.
[26] ესპანეთი, პორტუგალია და თურქეთი.
[27] კორეის რესპუბლიკა, ესპანეთი და კამერუნი.
[28] ესპანეთი და კამერუნი.
[29] ლუქსემბურგი.
[30] ნიგერია, კამერუნი, ლუქსემბურგი და პერუ.
[31] მაგ., უკრაინა.
[32] მაგ., თურქმენეთი, ხორვატია, ჯიბუტი და ლიხტენშტეინი.
[33] კოსტა-რიკა.
[34] ალჟირი.
[35] მაგ., ფილიპინები და ყატარი.
[36] მაგ., ომანი და მონტენეგრო.
[37] მაგ., სერბეთი, თურქეთი, უზბეკეთი და ომანი.
[38] სენეგალი და ჩინეთი.
[39] ისეთი დოკუმენტები, როგორიცაა, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის დამატებითი ოქმი, საერთაშორისო კონვენცია ყველა მიგრანტი მუშაკისა და მათი ოჯახის წევრების უფლებათა დაცვის შესახებ, იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენცია, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 189-ე კონვენცია ოჯახში დასაქმებულების შესახებ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183-ე კონვენცია დედობის დაცვის შესახებ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 190-ე კონვენცია შრომით სფეროში ძალადობისა და შევიწროების შესახებ და ოტავას კონვენცია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის შესახებ.
[40] მაგ., განა, სიერა-ლეონე, ტოგო, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ფილიპინები, ხორვატია, მალტა, მალავი, პარაგვაი, მოლდოვა და მარშალის კუნძულები.
[41] მაგ., გაერთიანებული სამეფო, კორეის რესპუბლიკა, ესტონეთი, კანადა, მოლდოვა, ესპანეთი და შვედეთი.
[42] მაგ., სომხეთი, ყაზახეთი, ბანგლადეში, ყაზახეთი და სინგაპური.
[43] UN, Georgia Review – 51st Session of Universal Periodic Review, 2026, ლინკი.
[44] საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა - 03.02.2026, ლინკი.
ინსტრუქცია