საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

გვერდების რაოდენობა: 135
გამოცემის წელი: 2025
მკვლევრები: 
სახელმწიფო პასუხისმგებელია უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის, მათ შორის - ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებები, დისკრიმინაციისგან დაცვა და ინკლუზია.
საქართველო, როგორც სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციის ხელმომწერი ქვეყანა, ვალდებულია გადადგას ქმედითი ნაბიჯები და საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ცვლილებებით უზრუნველყოს ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების დაცვა და თანასწორობის პრინციპის რეალიზება.[1]
შესაბამის საერთაშორისო კონვენციებს შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია „ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ“ კონვენცია, რომელსაც საქართველო 2005 წელს შეუერთდა. ჩარჩო კონვენციის თანახმად, „აუცილებლობის შემთხვევაში, მხარეები იღებენ ვალდებულებას მიიღონ ადეკვატური ზომები იმისათვის, რომ ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში ხელი შეუწყონ მთლიანი და ეფექტური თანასწორობის დამკვიდრებას იმ პირებს შორის, რომლებიც მიეკუთვნებიან ეროვნულ უმცირესობას და მათ შორის, მიეკუთვნებიან უმრავლესობასაც.”[2] თუმცა, ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო ვალდებულების მიუხედავად, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებული პირების სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად განსხვავდება ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისგან.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არაერთ პრობლემას აწყდებიან ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის გზაზე. მათ წინაშე არსებულ დისკრიმინაციულ და უთანასწორო დამოკიდებულებებს ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის და დასაქმებასთან დაკავშირებული პრობლემები ადასტურებს.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, უმცირესობებისთვის საკვანძო მნიშვნელობის პრობლემაა ენობრივი ბარიერი. მიუხედავად იმისა, რომ „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები, პირველ წელს ქართულ ენაში მოსამზადებელ ერთწლიან კურსს გადიან, ამ ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ისინი ვერ ახერხებენ ენის იმ ხარისხით შესწავლას, რომ შემდეგ საბაკალავრო საფეხურზე სწავლა ქართულ ენაზე დაუბრკოლებლად შეძლონ. პრობლემური საკითხია, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მათ მიერ არჩეული პროფესიული მიმართულებებისა და დასაქმების ბაზარზე არსებული მოთხოვნების შეუსაბამობაც. განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს მთავრობა 2010 წლიდან ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის შეღავათიან პოლიტიკას (რომლის გამოხატულებაა „1+4“ პროგრამა), თუმცა, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ეთნიკური უმცირესობების სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებული განათლების სტრატეგია საქართველოში არასოდეს შექმნილა. მართალია, ამ მიმართულებით სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, განათლების მკვლევრებისა და ადგილობრივი თემის წარმომადგენლების ჩართულობით, 2015 წელს დაიწყო, თუმცა საბოლოოდ ეს სტრატეგია არ დამტკიცდა.[3]
ეთნიკური უმცირესობების სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებული სტრატეგიის არარსებობამ შექმნა მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ვაკუუმი. სახელმწიფოს არ გააჩნია გრძელვადიანი ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა საჭიროებებზე მორგებული განათლების სისტემის განვითარება. შედეგად, ქართული ენის სწავლების პოლიტიკა, პედაგოგთა მომზადება და სასწავლო რესურსების განვითარება ფრაგმენტულად ხორციელდება და ვერ უზრუნველყოფს თანმიმდევრულობას. კონცეპტუალურად, ეთნიკური უმცირესობების საჭიროებების გათვალისწინებით შემუშავებული განათლების სტრატეგია უნდა მოიცავდეს ისეთ კომპონენტებს, როგორებიცაა: სახელმწიფო ენის სწავლების სისტემური მოდელი სხვადასხვა საგანმანათლებლო საფეხურზე, მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერის მექანიზმები მრავალენოვან გარემოში მუშაობისთვის, სასწავლო მასალების შექმნა ეთნიკური უმცირესობების ენაზე, განათლების პოლიტიკისა და შრომის ბაზრის ინტეგრაცია, რათა თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება იყოს შესაძლებელი (დასაქმების გზით). [4]
წინამდებარე ანგარიში მომზადებულია „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა დასაქმებაში არსებული პრობლემებისა და ბარიერების შესწავლის მიზნით. კვლევის მიზანია, გაანალიზდეს ის ფაქტორები, რომლებიც აფერხებს პროგრამის კურსდამთავრებულთა პროფესიულ ინტეგრაციას და სრულფასოვან მონაწილეობას შრომის ბაზარზე. ანგარიში მიმოიხილავს „1+4“ პროგრამის კურსდამთავრებულთა ენობრივ კომპეტენციებს და მის გავლენას სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობაზე; ასევე, უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობასა და ამ კუთხით არსებულ სირთულეებს. ყურადღება გამახვილებულია დასაქმების ტენდენციებზე, ბარიერებსა და უთანასწორობებზე, დასაქმების სექტორებსა და გეოგრაფიულ განაწილებაზე. ამასთან გაანალიზებულია დისკრიმინაციული პრაქტიკები - როგორც სამსახურის ძიების პროცესში, ისე სამუშაო გარემოში ადაპტაციის ეტაპზე. გარდა ამისა, გაანალიზებულია დასაქმების სახელმწიფო პროგრამებისადმი მიმართვიანობა და პროგრამებით სარგებლობის გამოცდილება. საბოლოო ჯამში, კვლევა კომპლექსურად წარმოაჩენს „1+4“ პროგრამის კურსდამთავრებულ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა დასაქმების ტენდენციებს და მათ წინაშე არსებულ ენობრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო და ინსტიტუციურ ბარიერებს.
[1] “ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სოციალური ექსკლუზიის (გარიყვის) კვლევა” (2022, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი) https://www.issa-georgia.com/ge/non-entrepreneurial-non-commercial-legal-entity/fondi-ghia-sazogadoeba-saqartvelo/etnikuri-umtsiresobis-eqskluzia-garikva-saqartveloshi-2021/175?fbclid=IwAR1S7m7HddfVD2ECvkR6kSLUjDYBC9aXNfrqbRgyCpOPAH3h6ccC4_62S6g
[2] “ჩარჩო-კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ” (II ნაწილი, IV მუხლი, IV პუნქტი) (1995, სტრასბურგი) https://matsne.gov.ge/ka/document/view/1244853?publication=0
[3] „ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლა“ - თემატური მოკვლევის ანგარიში (2022, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი) https://web-api.parliament.ge/storage/files/shares/tematuri-mokvleva/ganatleba/etnikuri/etnikuri-umciresoba-angarishi.pdf
[4] „ეთნიკური უმცირესობების მიმართ განათლების პოლიტიკის სისტემური გამოწვევები“ (2020, სოციალური სამართლიანობის ცენტრი) https://socialjustice-org-ge.translate.goog/ka/products/etnikuri-umtsiresobebis-mimart-ganatlebis-politikis-sistemuri-gamotsvevebi?_x_tr_sl=ka&_x_tr_tl=en&_x_tr_hl=en&_x_tr_pto=sc
ინსტრუქცია