საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ტიგრან თარზიანის ბლოგი სომხურ ენაზე შეგიძლია იხ. მიმაგრებულ ფაილში
ამ თემაზე არსებული ყველა სტატიის ან რეპორტაჟის დასაწყისი ზუსტად ასე იწყება (“1+4” ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო პროგრამაა). ჩემიც არაა გამონაკლისი.
ეს პროგრამა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს მიიღონ უმაღლესი განათლება შეღავათიანი პირობებით.
კერძოდ, აბიტურიენტები მარტო ზოგადი უნარების გამოცდას აბარებენ მშობლიურ ენაზე. პროგრამის დადებით მხარეებზე საუბარი ამ შემთხვევაში ზედმეტია, რადგან პირველ რიგში აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი რამ: თავისი არსით პროგრამა უთანასწოროა და დისკრიმინაციული.
რაში მდგომარეობს პროგრამის უთანასწორობა და რატომაა ის დისკრიმინაციული? ბლოგში შევეცდები, დეტალური, დასაბუთებული პასუხი გავცე ამ კითხვას.
დავიწყებ პროგრამის უთანასწორობის პრობლემის მიმოხილვით:
იმისთვის, რომ ჩვენ ვისწავლოთ უმაღლეს სასწავლებელში, საჭიროა ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სომხურ ენაზე. სასკოლო განათლებით ამის მიღწევა შეუძლებელია. უნარების გამოცდა საკმაოდ რთულია. წარმატებით ჩასაბარებლად აუცილებელია მომზადება რეპეტიტორთან. ეს კი, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან.
მაგალითად, ჩემს სანაცნობოში საკმაოდ ბევრია ისეთი ახალგაზრდა, რომლებიც კარგად სწავლობს სკოლაში. მაგრამ უმრავლესობა დროის ან ფინანსური შესაძლებლობის არ არსებობის გამო ვერ დადის რეპეტიტორთან. სოფელში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის პრობლემაა ტრანსპორტიც. ჩვენთან არ არსებობს ადმინისტრაციულ ცენტრთან დამაკავშირებელი მუნიციპალური ტრანსპორტი. კერძო ტრანსპორტი დამატებითი ხარჯია ისედაც გაჭირვებული ოჯახებისთვის.
შედეგად ის ახალგაზრდები, რომლებიც არ დადიან კერძო მასწავლებელთან, უნარების გამოცდას დაბალ ქულებზე აბარებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსამზადებელი კურსი ერთი წლის განმავლობაში ფასიანი იქნება. პირველ კურსზე სტუდენტები სწავლას დიდი პასუხისმგებლობით და მონდომებით ეკიდებიან. მათი შრომისმოყვარეობის შედეგად სტიპენდიასაც იღებენ, რაც დაეხმარება სწავლის საფასურის გადახდაში ან მოაგვარებს ბინის ქირის პრობლემას.
დღეს ყველა ოჯახს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, ატაროს შვილი კერძო მასწავლებლებთან. მხოლოდ შეძლებული, მატერიალურად უზრუნველყოფილი ოჯახების შვილებს აქვთ იმის ფუფუნება, რომ ყოველდღიურად იმეცადინონ დამატებით და მოიპოვონ სახელმწიფო გრანტი. შედეგად, თითოეული ეთნიკური თემიდან ყველაზე მაღალქულიან 100-100 სტუდენტს სახელმწიფო ქართულ ენაში მომზადების ერთწლიან კურსს და სწავლის გაგრძელებას უფინანსებს. გამოდის ისე, რომ ამ 100 სტუდენტში ხვდებიან ისინი, ვისაც რეპეტიტორთან მომზადების შესაძლებლობა აქვს. ამასთან - იჩაგრებიან ისინი, ვისაც სურვილიც აქვს, მონდომებაც, დამოუკიდებლადაც ცდილობს მეცადინეობას, მაგრამ კონკურენციას ვერ უწევს კერძო მასწავლებელთან მომზადებულს.
განა სახელმწიფო თავად არ უნდა უზრუნველყოფდეს იმას, რომ გრანტი არა ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით გადანაწილდეს, არამედ მონდომების, შრომისა და აკადემიური წარმატების მიხედვით? რატომ ვერ უზრუნველყოფს საშუალო სკოლა იმას, რომ მოსწავლემ საჭირო ცოდნა მიიღოს? განათლების ხელმისაწვდომობა და ხარისხიანი განათლების მიღების უფლება ხომ ყველას უნდა ჰქონდეს?
უკვე ნათქვამს იმასაც დავამატებ, რომ სახელმწიფო გრანტი სახელმწიფო დაფინანსებით ბაკალავრიატში მოხვედრის გარანტიაც გახლავთ. ამასთან, ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან ის სტუდენტები, რომლებიც მაღალქულიანებისთვის განკუთვნილი კვოტის მიღმა რჩებიან.
უგრანტოდ დარჩენილები იძულებულნი არიან 1+4-ის პირველივე წელს ქართული ენის სწავლაში 2250 ლარი გადაიხადონ. ენის კურსის დასრულების შემდეგ მათთვის ნებისმიერი საბაკალავრო პროგრამაც ფასიანია.
ამიტომ ვამბობ, რომ აქ ჩვენ საქმე გვაქვს სისტემურ უთანასწორობასთან.
პროგრამა ფუნქციონირებს 2009-2010 წლებიდან, მაგრამ დღემდე არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა.
საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვის, ბოლო უმაღლესი განათლების ცვლილების თანახმად, ზოგადი უნარების გამოცდა არაა სავალდებულო. ისეთი განცდა მაქვს, რომ განათლების სამინისტროს შესწავლილიც არ აქვს პროგრამა. მარტო იმის გამეორებით შემოიფარგლებიან, რომ „1+4“ პროგრამა ერთ-ერთი წარმატებულიაო.
დღემდე „1+4“ პროგრამით მოსარგებლე სტუდენტებისთვის კანონით აკრძალულია უფასო პროგრამებზე სწავლა. თუ არ გჯერათ, წაიკითხეთ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის ბრძანება. მასში დღემდე არანაირი ცვლილება აღნიშნული მიმართულებით არ განხორციელებულა. ასეთ სახელმწიფო პოლიტიკა ეთნიკური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციულია. ეს ნიშნავს, რომ სტუდენტი, რომელიც „1+4-ის“ მოსამზადებელ კურსს დაასრულებს, უფასო პროგრამებზე უფასოდ ვერ ისწავლის.
ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, არაქართულენოვან სკოლებში მასწავლებლების/სპეციალისტების სერიოზული კრიზისია. მაგალითად 2021-2022 სასწავლო წლისთვის სახელმწიფოს მიერ დამტკიცებულ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებში (ე.წ. უფასო ფაკულტეტებში) შედის ისეთი პროფესიები, რომელთა დეფიციტი ნამდვილად არსებობს ჩვენს რეგიონში. ესენია: ქართული ფილოლოგია; ისტორია; არქეოლოგია; ფილოსოფია; დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა; მათემატიკა; ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია; ეკონომიკა. ადგილობრივ საჯარო უწყებებში კადრების პრობლემა ყველა სფეროშია - სკოლებში, სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სოფლის მეურნეობის დარგში და ა.შ.
დღეს არაქართულენოვან სკოლებში მუშაობენ მასწავლებლები, რომლებსაც არ აქვთ პედაგოგის კვალიფიკაცია. ეკონომიკის მასწავლებელი ასწავლის მათემატიკას ან ფიზიკას, სპორტის მასწავლებელი ასწავლის სამოქალაქო განათლებას ან ხელოვნებას, ხშირ შემთხვევაში მუსიკასაც კი. როცა ადგილზე არ გვყავს კვალიფიციური კადრები, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს განათლების ხელმისაწვდომობაზე და თავის მოქალაქეს არ უნდა მოეპყროს დისკრიმინაციულად. მარტო იმით დაკმაყოფილება, რომ 1+4 პროგრამაზე სტუდენტების რაოდენობა ყოველწლიურად გაიზარდა, არაა საკმარისი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ჩვენთვის ყველა პროგრამა ფასიანია. ზემოთ ჩამოთვლილი უფასო პროგრამები კონკურენციაში ვერ შედიან ე.წ. პრესტიჟულ პროფესიებთან. მაგალითად, ფიზიკის ან მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლაც ღირს 2250 ლარი და იგივე ღირს იურიდიული ან ბიზნეს მიმართულებით სწავლაც. ასევე ამ ყველაფერს დაემატება სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომა. აბიტურიენტი არჩევანს ყოველთვის აკეთებს პრესტიჟულ ფაკულტეტებზე, ვიდრე ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებისთვის არ არის უფასო.
მთავარი პრობლემა ზუსტად სახელმწიფოს უცნაური პოლიტიკაა უმცირესობების მიმართ. ერთი მხრივ, სახელმწიფო აღიარებს, რომ ეთნიკურ უმცირესობებს არ აძლევს სათანადო განათლებას, რადგან 1+4 პროგრამა ზუსტად ამ საჭიროების აღიარებაა. მეორე მხრივ, დისკრიმინაციულად ეპყრობა ჩვენს ახალგაზრდებს, რაც უფასო ფაკულტეტებზე სწავლის შეზღუდვაში გამოიხატება.
საშეღავათო პოლიტიკა შეზღუდვებით
12 წელი სკოლაში ვერ მიიღეს სათანადო განათლება, კიდევ ერთ წელს კარგავენ მოსამზადებელ კურსზე ენის სასწავლებლად და რაც მთავარია ე.წ. უფასო ფაკულტეტები 1+4 სტუდენტებისთვის აკრძალულია კანონით და ამ ყველაფერს უწოდებენ შეღავათიან პოლიტიკას?
შედარებისთვის გამოვიყენებ ჯერ 104 წლის წინ ეროვნული საბჭოს მიერ მიღებულ დეკლარაციას ეთნიკური უმცირესობების განათლების (და არა მარტო) საკითხზე. საქართველოს ეროვნული საბჭოს 1918 წლის 15 ივნისის დეკლარაციაში ვკითხულობთ:
“მთავრობა თავის მოვალეობად მიიჩნევს, ცხოვრებაში გაატაროს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში აღიარებული დებულება, რომლითაც საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე ეროვნულ უმცირესობათა მოქალაქეებს მიენიჭებათ ისეთივე პოლიტიკური, მოქალაქეობრივი და ეროვნულ-კულტურული უფლებები, რომლითაც აღჭურვილი იქნება თვით ქართველი მოქალაქენი.”
ეს კი დღევანდელი პირობებში მოქმედი 2013 წელს განათლების მინისტრის ბრძანებაა. ბრძანებაში ვკითხულობთ:
„დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ბაკალავრიატის / მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების სწავლის დაფინანსება“.
ეს ღია დისკრიმინაციის ნიმუშია. სისტემური პრობლემაა, როცა სახელმწიფო ვერ იაზრებს და არ იცნობს ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებულ გამოწვევებს.
აღნიშვნის ღირსია, რომ წლების განმავლობაში ეთნიკურ უმცირესობებს არ ჰქონდათ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის შესაძლებლობა და 1+4 ზუსტად ამ საჭიროებიდან გამომდინარე შეიქმნა.
რეალობა გვიჩვენებს, რომ გადაწყვეტილებების მიმღები პირები ან ავტორები სწორად ვერ აფასებენ არსებული სიტუაციის სიღრმისეულ მიზეზებს. შედეგად ვერ გვთავაზობენ ისეთ ცვლილებებს, რაც რეალური თანასწორობის შენებას შეუწყობდა ხელს.
ინსტრუქცია