[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / თვალსაზრისი

1978 წლის 14 აპრილი: საწყისი  გამარჯვების მოკლე ისტორია

1978 წლის 14 აპრილის დილას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტების არნახული თავყრილობა იყო. მახვილი თვალი თუ ახლოდან დააკვირდებოდა ხალხმრავლობას პროფესორ-მასწავლებლესაც დაინახავდა, თუმცა კი სტუდენტების რაოდენობა საგრძნობლად აღემატებოდა აკადემიური პერსონალის რიცხვს. სტუდენტი გოგოები და ბიჭები თეთრ კაბებსა და პერანგებში იყვნენ გამოწყობილი, ხელში კი ტრანსპარანტები და ქართულ ენაზე დაბეჭდილი წიგნები ეკავათ. გაზაფხულის სემესტრი ახალი დაწყებული იყო, სტუდენტების ასეთი შეკრება კი სიახლე იყო უძრაობის პერიოდის საბჭოთა საქართველოში.

1971 წელს საბჭოთა კავშირის პირველმა მდივანმა ლეონიდ ბრეჟნევმა კომუნისტური პარტიის რიგით XXIV ყრილობაზე ერთიანი საბჭოთა ხალხის არსებობა გამოაცხადა. ეროვნული დაახლოების საერთო-საკავშირო კომუნისტური იდეა ბრეჟნევის პერიოდის საბჭოთა კავშირში ხელახლა წამოიჭრა და ზოგიერთ რესპუბლიკაში ენობრივი რუსიფიკაციის პოლიტიკა განხორციელდა. ენობრივი რუსიფიკაცია ხდებოდა არათუ ძალადობრივი და რეპრესიული მექანიზმებით, არამედ სრულიად ლეგალური ფორმებით - საბჭოთა რესპუბლიკების კონსტიტუციებში შედიოდა ცვლილებები და სრულიად არაძალადობრივი მეთოდებით იცვლებოდა ან იკუმშებოდა ადგილობრივი ენების სტატუსები და მიჯნები.

1921 წლის ოკუპაციის შემდეგ საქართველოში სახელმწიფო ენის სტატუსი არ შეცვლილა. თუკი 1918 წლამდე ენა საქართველოში პოლიტიკური საკითხი იყო, 1918 წლიდან 1970-იან წლებამდე ის კულტურულ საკითხად გადაიქცა, რადგან ენის სტატუსი დაცული იყო კონსტიტუციითა და იმ ინსტიტუტებით, რომლებიც მუშაობდნენ და საქმიანობდნენ ქართული ენით.

1977 წელს ბრეჟნევისა და უძრაობის პერიოდის საბჭოთა კავშირში ახალი კონსტიტუცია მიიღეს. 1977 წლის საბჭოთა კონსტიტუციას უნდა დაფუძნებოდა ცალკეული საბჭოთა რესპუბლიკების კონსტიტუციები, მათ შორის ქართულიც. საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტი 1978 წლის 24 მარტს გამოქვეყნდა, თუმცა საკმაოდ დიდი ცვლილებით - 1922, 1927 და 1937 წლის კონსტიტუცებისგან განსხვავებით ახალ პროექტში აღარ იყო ფორმულირება ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებ.

კონსტიტუციის პროექტის 75-ე მუხლი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა ქართულის, როგორც ერთადერთი და შეუცველი სახელმწიფო ენის სტატუსს, მალევე უკმაყოფილების საგანი გახდა. ქართული ენა, რომელიც აქამდე კულტურული საკითხი და ეროვნული სიამაყის საფუძველი იყო, პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხად გადაიქცა. ენის საკითხის პოლიტიკურ საკითხად გადაქცევაში კი მთავარი როლი სტუდენტებმა შეიტანეს. 75-ე მუხლს მოყვა სტუდენტური პროტესტი.

სტუდენტური პროტესტის საწყის კერად იქცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტი. სტუდენტები არნახული სიზუსტითა და დაკვირვებით არჩევდნენ და აკრიტიკებდნენ საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციის ახალ პროექტს და წერდნენ მიმართვებს კომპარტიისა და უმაღლესი საბჭოს მისამართით. სტუდენტები მოითხოვდნენ ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის აღდგენას. სტუდენტთა ამ მოძრაობას მალევე შეუერთდნენ პროფესორ-მასწავლებლები, სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები და აკადემიური პერსონალი. სტუდენტების მოთხოვნებს მხარს უჭერდა ლიტერატორი აკაკი ბაქრაძე და მწერალი ნოდარ წულეისკირიც.

სტუდენტთა საპროტესტო მოძრაობამ პიკს 14 აპრილს მიაღწია. სწორედ ამ დღეს იმართებოდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომა, სადაც უნდა განხილულიყო 1978 წლის კონსტიტუციის პროექტი და მათ შორის სადავო 75-ე მუხლის საკითხიც.

14 აპრილის დილას სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა შეკრება დაიწყეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში. სტუდენტურ პროტესტს უერთდებოდა მოსახლეობაც - რიგითი მოქალაქეები, პროფესორები, მასწავლებლები, ინტელიგენციის წარმომადგენლები და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები. პროტესტს შეუერთდნენ საქართველოს ტექნიკური ინსტიტუტისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები და პროფესორებიც. სულ რამდენიმე საათში დემონსტრნატების რიცხვმა რამდენიმე ათასს გადააჭარბა. დემონსტრანტები უნივერსიტეტის ეზოდან მთავრობის სასახლისაკენ დაიძრნენ (დღევანდელი პარლამენტის შენობა). მათ გზადაგზა უერთდებოდნენ მოქალაქეები და ახალგაზრდები. შუადღისპირზე მომიტენგეების რაოდენობა 10 ათას ადამიანს გადასცდა. ისმოდა შეძახილები ქართული ენის შესახებ.

ახალგაზრდებს, რომლებიც 14 აპრილს აპროტესტებდნენ ქართული ენის სტატუსის ცვლილებას, არ ეშინოდათ საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის რეპრესიული და სადამსჯელო ინსტიტუტების, არადა სულ რაღაც 22 წელი იყო გასული 1956 წლის 9 მარტის ტრაგიკული მოვლენებიდან, როდესაც საბჭოთა ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს თბილისში შეკრებილ დემონსტრანტებს, რომლებიც სტალინის კულტის დაგმობას აპროტესტებდნენ. რა შეიცვალა ამ 22 წელიწადში? ამ კითხვაზე ვრცელი პასუხის გაცემა მარტივი არაა, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას რომ ერთ-ერთი გარდატეხა იყო ახალი თაობის გამოჩენა, რომელთაც არ ახსოვდათ 1920-1950-წლებს შორის მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიები. ისინი ახალ ფურცელს შლიდნენ წინააღმდეგობის ისტორიაში. წინააღმდეგობა კი უშედეგო არ ყოფილა.

1978 წლის 14 აპრილს საბჭოთა საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და საბჭოთა საქართველოს ფაქტობრივმა მმართველმა ედვარდ შევარდნაძემ უკან დაიხია. კონსტიტუციის 75-ე მუხლი შეიცვალა და აღდგა ძველი ფორმულირება - ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. ენის გარშემო დაწყებულმა პოლიტიკურმა მოძრაობამ გაიმარჯვა. გაიმარჯვა უსისხლოდ და მშვიდობიანად.

1978 წლის 14-მა აპრილმა დაასრულა წინააღმდეგობის ის ისტორია, რომელსაც შედეგად მსხვერპლი და ტრაგედიები ახლდა. 14-მა აპრილმა დაბადა ახალი საპროტესტო მუხტი. 1978 წლის გაზაფხულის სემესტრში დაწყებულმა საპროტესტო მოძრაობამ მნიშვნელოვანი საყრდენი გამოაცალა საბჭოთა საქართველოს ტოტალიტარულ სისტემას და ახალი ორიენტირები, შინაარსები და მიმართულებები მისცა მომავალ პროტესტებს.

14 აპრილს გამოჩნდა სტუდენტობა - ახალი თაობა, ახალი ხედვით, ენერგიითა და მხნეობით, რომელმაც მოიტანა პირველი გამარჯვება. 14 აპრილის მონაწილე სტუდენტები გახდნენ ახალი საქართველოს პირველი მერცხლები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო კი იქცა საჯარო და პოლიტიკურ სივრცედ, საიდანაც იწყებოდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური პროცესები.

***

როცა ამ ბლოგის წერას ვასრულებ 2025 წლის 13 აპრილია. 2025 წლის თბილისში არსებობს 14 აპრილის გარშემო შექმნილი მეხსიერების ადგილები - უნივერსიტეტის ეზო, საიდანაც დაიწყო სტუდენტების მსვლელობა და დედაენის ბაღი, სადაც აღმართულია 14 აპრილის მიძღვნილი მონუმენტი. 14 აპრილი კი დედაენის დღედ იწოდება.

14 აპრილი ორშაბათი დღე იქნება, სტუდენტები კვლავ შეიკრიბებიან უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, მათ კვალავაც შეუერთდებიან პროფესორები და მოქალაქეები. ისინი 45 წლის შემდეგ გაიმერეობენ იმ ისტორიულ მარშუტს, რომელიც 1978 წლის 14 აპრილს გაიარეს მათივე თანატოლებმა. სტუდენტური აქციის დევიზია: „გამარჯვება ჩვენშია, ძალა ერთობაშია“.

ჩვენი 14 აპრილები ყველაზე მღელვარე, ცოცხალი და იმედიანი 14 აპრილებია.
და ასეთი იქნება ხვალინდელი 14 აპრილიც.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“