საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
გვერდების რაოდენობა: 77
გამოცემის წელი: 2025
მკვლევრები: 
სამი მართლმადიდებელი ეკლესიისა და ბათუმის ,,ორთა ჯამეს“ მეჩეთის რელიგიური და სოციალური პრაქტიკების ეთნოგრაფიული კვლევა 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში
თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში, ნდობა რელიგიური ორგანიზაციების მიმართ, სულ უფრო იზრდება. ,,კავკასიის ბარომეტრის“ 2021 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 63% ენდობოდა რელიგიურ ინსტიტუტებს,[1] ხოლო 2024 წლის მონაცემებით,[2] საქართველოს მოსახლეობის 73% ენდობა[3] იმ რელიგიურ ინსტიტუტს, რომელსაც მიეკუთვნება. დღეს, რელიგიური ორგანიზაციები, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ყველაზე სანდო და ავტორიტეტულ ინსტიტუტად მიიჩნევა, მაშინ როცა ნდობა აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი,[4] პარლამენტისადმი,[5] პრეზიდენტისადმი,[6] სასამართლო სისტემისა[7] და პოლიტიკური პარტიებისადმი[8] მნიშვნელოვნად დაბალია.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად, 25 მლნ. ლარით ფინანსდებოდა.[9] 2024 წლის მარტში კი, სახელმწიფო ბიუჯეტში, საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებისთვის, დამატებით 35 მილიონი გამოიყო.[10] შესაბამისად, 2024 წელს, საქართველოს საპატრიარქოს მთლიანი დაფინანსება 60 მილიონ ლარს შეადგენდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დაფინანსების ზრდა, „არჩევნებთან არ არის დაკავშირებული“.[11] თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ფინანსური პრივილეგიების მინიჭება, პოლიტიკური ლეგიტიმაციისთვის, რელიგიის ინსტრუმენტალიზების რისკებს აჩენს და, შესაძლოა, საფრთხეს უქმნიდეს ეკლესიის ინსტიტუციონალურ ავტონომიას. საყურადღებოა, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანახმად, 2024 წლიდან, ოთხი სხვა რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსება 1 მლნ. ლარით გაიზარდა და 6.5 მლნ ლარი შეადგინა.[12]
გარდა ამისა, 2024 წელს, საქართველოს მთავრობა განაგრძობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიწის ნაკვეთების სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაცემის პრაქტიკას.[13] ამ დროს კი, ბათუმში, ახალი მეჩეთის მშენებლობა, წლებია, ჭიანურდება,[14] რაც ქვეყანაში რელიგიური უმცირესობების პრობლემებსა და მათ არათანასწორუფლებიან მდგომარეობაზე მიანიშნებს.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ქვეყანაში არსებულ სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან შედარებით, ფინანსურად პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფება. რეალურად, 2002 წლიდან, როცა „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმება[15] გაფორმდა, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, როგორც დომინანტურმა რელიგიამ, სახელმწიფოსთან ურთიერთანამშრომლობის აქტზე ხელის მოწერით, დამატებითი პრივილეგიები მოიპოვა (Wheatley 2005).
საქართველოს საპატრიარქოს პრივილეგირებული სტატუსის და საზოგადოებრივი ნდობის მაღალი მაჩვენებლის ფონზე, მნიშვნელოვანია პოლიტიკასა და რელიგიურ ინსტიტუტებს შორის ურთიერთმიმართების დადგენა, განსაკუთრებით ქვეყნისთვის ისეთ კრიტიკულ ეტაპზე, როგორიც არჩევნების პერიოდია. კერძოდ, საჭიროა რელიგიურ დღის წესრიგში პოლიტიკის გავლენის განსაზღვრა, დადგენა, თუ როგორ მონაწილეობენ რელიგიური ინსტიტუტების წარმომადგენლები პოლიტიკურ დისკურსში. მმართველი პარტიის წარმომადგენლების შემთხვევაში კი იმის შეფასება, თუ როგორ ცდილობდნენ საარჩევნოდ, რელიგიური ორგანიზაციების რესურსის და ავტორიტეტის გამოყენებას.
წინამდებარე ანგარიში, 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდის საქართველოში, რელიგიურ ინსტიტუტებში არსებული გარემოს ეთნოგრაფიულ კვლევას წარმოადგენს. ნაშრომი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიების და ბათუმის ორთა ჯამეს მაგალითით, აღწერს რელიგიურ ინსტიტუტებში არსებულ განწყობებს და პოლიტიკურ ნარატივებს. ანალიზის მთავარი ფოკუსია საკვირაო ქადაგებები, რასაც, რელიგიური დოქტრინების განხილვასთან ერთად, თან სოციალური და პოლიტიკური საკითხების შესახებ კომენტარები ახლავს. ქადაგებები მომლოცველების ცნობიერების ფორმირების მედიუმად გვევლინება. შესაბამისად, კვლევაში აღწერილია, ქადაგებების დროს, რელიგიური ინსტიტუტების წარმომადგენლების რეფლექსია ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებზე. აგრეთვე, შესწავლილია ის ხერხები, რომელთა მეშვეობითაც რელიგიური ნარატივები პოლიტიკურ გზავნილებთან არის გადაჯაჭვული. კერძოდ, ქადაგებების ლატენტური თუ აშკარა გზავნილები, რომლებიც მმართველი პარტიის მთავარ საარჩევნო ნარატივებს ეხმიანება. ანგარიშში აგრეთვე აღწერილია ქადაგებებისადმი მორწმუნეების რეფლექსია (აღქმები და ინტერპრეტირება).
[1]იხ. წყარო: კავკასიის ბარომეტრი. (2021). CRRC-ის მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდი.
https://caucasusbarometer.org/ge/cb2021ge/TRURELI/ გაერთიანდა პასუხები ,,უფრო ვენდობი, ვიდრე არ ვენდობი“ - 36% და ,,სრულად ვენდობი“ - 27%. (ბოლო ნახვა: 14.04.2025).
[2]იხ. წყარო: კავკასიის ბარომეტრი. (2024). https://caucasusbarometer.org/ge/cb2024ge/codebook/ (ბოლო ნახვა: 14.04.2025).
[3]იხ. წყარო: კავკასიის ბარომეტრი. (2024). https://caucasusbarometer.org/ge/cb2024ge/TRURELI/ გაერთიანდა პასუხები ,,უფრო ვენდობი, ვიდრე არ ვენდობი“ - 34% და ,,სრულად ვენდობი“ - 39%. (ბოლო ნახვა: 14.04.2025).
[4]იხ. წყარო: კავკასიის ბარომეტრი. (2024). https://caucasusbarometer.org/ge/cb2024ge/TRUEXEC/ ენდობა 31%. გაერთიანდა პასუხები ,,უფრო ვენდობი, ვიდრე არ ვენდობი“ - 21% და ,,სრულად ვენდობი“ - 10%. (ბოლო ნახვა: 14.04.2025).
[5]იხ. წყარო: კავკასიის ბარომეტრი. (2024). https://caucasusbarometer.org/ge/cb2024ge/TRUPARL/ ენდობა 22%. გაერთიანდა პასუხები ,,უფრო ვენდობი, ვიდრე არ ვენდობი“ - 15% და ,,სრულად ვენდობი“ - 7%. (ბოლო ნახვა: 14.04.2025).
[6]იხ. წყარო: კავკასიის ბარომეტრი. (2024). https://caucasusbarometer.org/ge/cb2024ge/TRUPRES/ ენდობა 26%. გაერთიანდა პასუხები ,,უფრო ვენდობი, ვიდრე არ ვენდობი“ - 20% და ,,სრულად ვენდობი“ - 6%. (ბოლო ნახვა: 14.04.2025).
[7]იხ. წყარო: კავკასიის ბარომეტრი. (2024). https://caucasusbarometer.org/ge/cb2024ge/TRUCRTS/ ენდობა 23%. გაერთიანდა პასუხები ,,ძირითადად ვენდობი“ - 16% და ,,სრულად ვენდობი“ - 7%. (ბოლო ნახვა: 14.04.2025).
[8]იხ. წყარო: კავკასიის ბარომეტრი. (2024). https://caucasusbarometer.org/ge/cb2024ge/TRUPPS/ ენდობა 12%. გაერთიანდა პასუხები ,,ძირითადად ვენდობი“ - 9% და ,,სრულად ვენდობი“ - 3%. (ბოლო ნახვა: 14.04.2025).
[9]იხ. წყარო: სამოქალაქო საქართველო. (2024, მარტი 19). მთავრობამ საპატრიარქოს დაფინანსება გაუზარდა https://civil.ge/ka/archives/587946 (ბოლო ნახვა: 2025 წლის 20 აპრილი)
[10]იხ. წყარო: საქართველოს მთავრობა. (2024, მარტი 15). საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ზოგიერთი დაწესებულებისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ https://www.gov.ge/files/602_87825_512495_375.pdf (ბოლო ნახვა: 2025 წლის 20 აპრილი)
[11]პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ეს დაფინანსება შარშან ჩაიდო წლევანდელ ბიუჯეტში. ამიტომ, არჩევნებთან კავშირი არ აქვს. ეს არ არის ახლახანს, არჩევნებამდე მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ შეძლოს საკუთარი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროში“. წყარო: https://civil.ge/ka/archives/587946 (ბოლო ნახვა: 19.04.2025).
[12]იხ. წყარო: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო. (2024, თებერვალი 2). რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება გაიზარდა. https://religion.gov.ge/siaxleebi/religiuri-organizaciebis-dafinanseba-gaizarda (ბოლო ნახვა: 2025 წლის 20 აპრილი)
[13]იხ. წყარო: საქართველოს მთავრობა. (2024, მარტი 12). სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ https://www.gov.ge/files/602_87760_818879_354.pdf?fbclid=IwAR2C5fvsPX2yF16YGZmqOEKPstb1P0TvYNMuaaIg6PPvrbp9te9DyjIh9zU (ბოლო ნახვა: 2025 წლის 20 აპრილი)
[14]იხ. წყარო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი. (2023, ივნისი 28). ბათუმის ახალი მეჩეთის საქმე. https://socialjustice.org.ge/ka/products/batumis-akhali-mechetis-sakme (ბოლო ნახვა: 2025 წლის 20 აპრილი)
[15]იხ. წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. (2002, ოქტომბერი 10). „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ“ https://matsne.gov.ge/ka/document/view/41626?publication=0 (ბოლო ნახვა: 2025 წლის 20 აპრილი)
ინსტრუქცია