საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63


1 ივნისს მუშაობას შეუდგა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო,[1] რომლის ფუნქცია არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, სოციალურ ქსელსა, თუ მედიაში საჯაროდ გავრცელებული შეურაცხმყოფელი, ადამიანის ღირსების შემლახველი, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა იქნება.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ბოლო წლებში ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მზარდად და მეთოდურად შეზღუდვის პროცესის მორიგი საგანგაშო შემთხვევაა, რომელსაც წინ უძღოდა საკანონმდებლო ჩარჩოს მკვეთრი გაუარესება, კანონმდებლობის აქტიური და შერჩევითი გამოყენება ჟურნალისტების, აქტივისტების, უფლებადამცველების თუ რიგითი კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მიმართ. ამასთან, კანონმდებლობის დონეზე გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების მკვეთრი გაუარესების მიუხედავად საქართველოში სიძულვილის ენა კრიმინალიზებული არ არის. შესაბამისად, ამგვარ გამოხატვაზე ფიზიკურ თუ ონლაინ სივრცეებში საპოლიციო მონიტორინგის სისტემის შემოღება საგანგაშო და თვითნებურია, კიდევ უფრო ზრდის ქვეყანაში საზოგადოების საპოლიციო კონტროლის მექანიზმებს და შეიცავს მოქალაქეებში გამოხატვაზე „მსუსხავი ეფექტის“ მასობრივად დამკვიდრების, საჯარო დებატებში მონაწილეობისგან თავშეკავებისა და პოლიტიკური ცენზურის საფრთხეებს.
გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციაში
საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რელევანტური პრაქტიკა, ისტორიულად, გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალ სტანდარტს განამტკიცებდა, რომელიც უფლების დაცვის მასშტაბებით უფრო ახლოს დგას ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციურ სტანდარტებთან, ვიდრე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებსა და სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან.
კონსტიტუციის მე-17 მუხლი ამომწურავად ჩამოთვლის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებს და ადგენს, რომ „შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“. მეტიც, თავად „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, 2017 წლის ოქტომბერში განხორციელებული მასშტაბური რეფორმის შედეგად, კონსტიტუციიდან ამოღებული იქნა „სხვათა ღირსების დაცვა“, როგორც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ერთ-ერთი საფუძველი და მოქმედ რედაქციაში მხოლოდ „სხვათა უფლებების დასაცავად“ გამოხატვის შეზღუდვის შესაძლებლობა დარჩა, სადაც თავისთავად კონსტიტუციით დაცული ადამიანის სხვა ძირითადი უფლებები მოიაზრება. შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებში არ ვხვდებით პასუხისმგებლობის, მორალისა და ეთიკის კატეგორიებს.
კონსტიტუციის სულისკვეთების შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ წლების განმავლობაში გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალი სტანდარტი ჩამოაყალიბა. სასამართლოს განმარტებით, „თავისუფალი საზოგადოება შედგება თავისუფალი ინდივიდებისაგან, რომლებიც ცხოვრობენ თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეში, თავისუფლად აზროვნებენ, აქვთ დამოუკიდებელი შეხედულებები და მონაწილეობენ დემოკრატიულ პროცესებში... კონსტიტუცია იცავს აზრის გამოხატვისა და გავრცელების პროცესს, მის შინაარსსა და ფორმებს“.[2] ამავე დროს, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფოს ჩარევა მკაცრად შეზღუდულ პირობებშია დასაშვები.[3]
სასამართლოს პრაქტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ე.წ. „მსუსხავი ეფექტის“ დოქტრინას. მისი განმარტებით, გამოხატვის თავისუფლება „მსუსხავ ეფექტს“ განიცდის, როდესაც პირი მოსალოდნელი სანქციის შიშით თავს იკავებს უფლების სრულყოფილი განხორციელებისგან, რაც შესაძლოა თვითცენზურასა და „საზოგადოების გაუმართლებელ ჩაკეტვას“ იწვევდეს.[4] შესაბამისად, გამოხატვის სფეროს რეგულირებისას კანონმდებელი ვალდებულია განსაკუთრებული სიფრთხილით შეაფასოს პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ნორმების გავლენა ამ უფლებაზე.[5]
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, გამოხატვა, თუნდაც კრიტიკული და საზოგადოებისათვის შემაშფოთებელი, უპირატესად დაცულ სიკეთეს წარმოადგენს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის შეიცავს მყისიერ და რეალურ საფრთხეს სხვა ინდივიდებისათვის, მუქარას ან ძალადობისაკენ მოწოდებას. 2011 წლის პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა იმსჯელა შეკრებისა და მანიფესტაციის დროს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლისკენ მოწოდების აკრძალვის კონსტიტუციურობაზე. [6] სასამართლომ განმარტა, რომ „კონსტიტუციით დაცულია კრიტიკული აზრი, მათ შორის ისეთიც, რომელსაც საზოგადოების ნაწილი შეიძლება ზედმეტად მკაცრად ან არადეკვატურად აღიქვამდეს“ და რომ „ხელისუფლების მიმართ გამოთქმული კრიტიკა, მათ შორის ... მმართველობის ფორმის შეცვლის მოთხოვნა ვერ გახდება გამოხატვის თავისუფლების, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვის საფუძველი“. ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალადობისკენ მიმართული გამონათქვამიც კი ავტომატურად არ იწვევს პასუხისმგებლობას. მისი განმარტებით, აუცილებელია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს გამონათქვამები, რომლებიც „შესაძლოა ძალადობის ენას შეიცავდეს, მაგრამ, ამავე დროს, უვნებელია და პოლიტიკური, სოციალური თუ სამეცნიერო დისკურსის ნაწილს წარმოადგენს“ და ისეთი მოწოდებები, რომლებიც რეალურად ისახავს მიზნად ძალადობრივი შედეგის დადგომას. შესაბამისად, სახელმწიფო უფლებამოსილია ჩაერიოს მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს ძალადობისკენ მოწოდებაც და მისი განხორციელების რეალური საფრთხეც. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით, ნორმა გამოხატვის თავისუფლებასთან შეუთავსებელი იქნება.[7]
საქართველოში მოქმედი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი, რომელიც ასევე ისტორიულად კონსტიტუციის სულისკვეთებით უფლების დაცვის მაღალ სტანდარტს ამკვიდრებდა და რომელშიც, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში არაერთი პრობლემური შესწორება შევიდა, მოქმედი რედაქციითაც კი მიუთითებს, რომ გამოხატვის ნებისმიერი შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით და შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატება შეზღუდვით მიყენებულ ზიანს. იმავდროულად შეზღუდვა „კრიტიკულად აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის“ და იყოს „არადისკრიმინაციული“ და „პროპორციულად შემზღუდველი“.[8]
ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებით ნათელია, რომ გამოხატვის თავისუფლება, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი არსებითი ქვაკუთხეთი, დაცვის მაღალი სტანდარტით სარგებლობს. გამოხატვის სტანდარტი განსაკუთრებით მაღალი უნდა იყოს, როდესაც ის ეხება პოლიტიკურ გამოხატვას და ზოგადადაც, როდესაც სახელმწიფოს გამოხატვის შინაარსში ჩარევის ცდუნება უჩნდება. გამოხატვის იმგვარი შემთხვევები, რომლებსაც პოლიტიკური შინაარსი გააჩნია, თუნდაც მისი გამოხატვის სტილი საზოგადოებისთვის აღმაშფოთებელი, უხამსობის შემცველი, ან შეურაცხმყოფელი იყოს, კონსტიტუციით დანახმად, დაცული უნდა იყოს. განმეორებით ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ ქვეყნის ძირითადი კანონი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვებთან მიმართებით ეთიკისა და მორალის კატეგორიებს არ იყენებს. უფლების შეზღუდვის საფუძვლები სასრული და მკაფიოდ განსაზღვრულია და ინდივიდების ინტერესებთან მიმართებით კონსტიტუცია მხოლოდ მათი სხვა ძირითადი უფლებების დაცვის ღირს ინტერესზე აპელირებს. ამ შემთხვევაშიც, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სახელმწიფოს მიერ არჩეული ფორმა მხოლოდ უკიდურესად აუცილებელი, მიზნის მისაღწევად გამოსადეგი და ყველაზე ნაკლებად მზღუდავი უნდა იყოს.
გამოხატვის თავისუფლება და მისი შეზღუდვები ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპის მასშტაბით
გამოხატვის თავისუფლების ამგვარი ფართო განმარტება, მეტად ემსგავსება ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციასა და მის საფუძველზე ფედერალური უზენაესი სასამართლოს განვითარებულ პრაქტიკას, რომელიც უშვებს გამოხატვის ნეიტრალური ფორმით, მისი „დროის, ადგილის ან ფორმის“ შეზღუდვას გარკვეულ შემთხვევებში, მაგრამ არ თავად გამოხატვის შინაარსის, მიუხედავად იმისა, რამდენად აღმაშფოთებელი შეიძლება ეს იყო. გამონალისი კი „რეალური“ და „მყისიერი“ საფრთხის ტესტია, რომელიც შეერთებული შტატების ფედერალური უზენაესმა სასამართლომ ჯერ კიდე 1969 წლის გადაწყვეტილებაში განსაზღვრა: „სახელმწიფო არ არის უფლებამოსილი შეზღუდოს გამოხატვა გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის მიმართულია მყისიერი უკანონო ქმედების წახალისების ან გამოწვევისაკენ და ამგვარი შედეგის დადგობის რეალური საფრთხე არსებობს“.[9]
უშუალოდ უხამსობასა და უცენზურო გამოხატვას რაც შეეხება, 1971 წელს მიღებულ პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში[10], რომელშიც განმცხადებელი მუნიციპალურ შენობაში საკუთარ მოსაცმელზე შეურაცხმყოფელი წარწერით აპროტესტებდა ვიეტნამის ომს, უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის პირველი შესწორება იცავს საჯარო შეურაცხმყოფელ გამოხატვას, როდესაც ის პოლიტიკური გამოხატვის ნაწილია. შესაბამისად, სახელმწიფოს არ აქვს უფლება შეზღუდოს გამოხატვა, მხოლოდ იმიტომ რომ ის შეურაცხმყოფელი ან ვულგარულია. მოსამართლე ჰარლანის ცნობილი სიტყვები, „ერთი ინდივიდის ვულგარულობა მეორე ინდივიდის ლირიკა შესაძლოა იყოს“, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ციტირებად ფრაზად იქცა გამოხატვის თავისუფლების დაცვისას, რამდენადაც ის ხაზს უსვამს, რომ ემოციური და პოლიტიკური გამოხატვა ხშირად ობიექტურ გამიჯვნას არ ექვემდებარება. სხვაგვარად, როდესაც გამოხატვის დომინანტური მიზანი პოლიტიკური შინაარსისაა, თუმცა ტერმინოლოგია შესაძლოა საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი იყოს, ის ამერიკის კონსტიტუციით დაცვას ექვემდებარება.
ანალოგიურად, კიდევ ერთ პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში[11], რომელმაც განსაზღვრა საჯარო პირების მიმართ ცილისწამების სტანდარტები, თუმცა იმავდროულად მათი კრიტიკის ძალზე ფართო ფარგლები, სასამართლომ ხაზგასმით მიუთითა ფუნდამენტურ პრინციპზე, რომ „საჯარო და საზოგადოებრივ პრობლემებზე დებატი უნდა იყოს შეუზღუდავი, ენერგიული და ფართოდ გახსნილი და რომ ასეთ დისკუსიებში ბუნებრივად შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ხელისუფლებისა და საჯარო თანამდებობის პირების მკვეთრ, დამცინავ, მკაცრ და ზოგჯერ შეურაცხმყოფელადაც კი აღქმულ კრიტიკას“.
ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ გამოხატვის თავისუფლების ამგვარი მაღალი სტანდარტები ეხება ინტერნეტს და სოციალურ პლათფორმებსაც. ერთადერთი რეგულაცია, რაც ამ მიმართულებით არსებობს შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღო 1996 წელს the Communications Decency Act (CDA)-ის სახელწოდებით. აქტის მიზანი იყო ონლაინ სერვისების მიმწოდებლების წახალისება საკუთარ პლათფორმებზე შინაარსის იმგვარ მოდერაციაზე, რომელიც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გარეშე, ამ პლათფორმებს უსაფრთხოს გახდიდა მათი მომხმარებლებისთვის. რეგულირება კერძო მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაბლოკონ მათთვის შეურაცხმყოფელი მასალები. თავად პროვაიდერები პასუხს არ აგებენ მესამე პირების მიერ გავრცელებულ შინაარსზე[12], თუმცა ისინი თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან, თუკი კეთილსინდისიერად (in good faith) მიიღებენ ზომებს იმგვარ შინაარსზე წვდომის შესაზღუდად, რომელიც არის „ბინძური, გადაჭარბებით ძალადობრივი, შემავისწორებელი ან სხვაგვარად აღმაშფოთებელი“. აღნიშულმა რეგულაციამ ინტერნეტ სერვისების მიმწოდებლებს შესაძლებლობა მისცა მიეღოთ ქცევის სტანდარტები და თვითრეგულირების წესები, რომელშიც სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა გამოირიცხება.[13]
საქართველოს კონსტიტუციის სტანდარტებთან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციასთან და მის საფუძველზე განვითარებულ ფედერალური უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასთან შედარებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გაცილებით ვრცელ საფუძვლებს ადგენს, რაც მათ შორის კონტინენტის მძიმე ისტორიული გამოცდილებით არის ნაკარნახევი. ევროპული მოდელის ჩამოყალიბებაზე განსაკუთრებული გავლენა იქონია მეოცე საუკუნის უმძიმესმა გამოცდილებამ, ფაშისტური და ნაცისტური რეჟიმების აღზევებამ, ჰოლოკოსტმა, ეთნიკურმა და რელიგიურმა დევნამ, აგრესიულმა ნაციონალიზმმა და პროპაგანდამ, რომლებიც ხშირად სწორედ საჯარო კომუნიკაციისა და მასობრივი პოლიტიკური მობილიზაციის მეშვეობით ვრცელდებოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპულ სახელმწიფოებში გაძლიერდა შეხედულება, რომ დემოკრატიის დაცვა ზოგჯერ მოითხოვს ისეთი გამოხატვის შეზღუდვასაც, რომელიც სიძულვილს, დისკრიმინაციას, ძალადობას ან დემოკრატიული წესრიგის განადგურებას ახალისებს. ამან საფუძველი ჩაუყარა ე.წ. „მებრძოლი დემოკრატიის“ (militant democracy) კონცეფციას, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა როგორც ევროპული კონვენციის, ისე შემდგომი ევროპული სამართლებრივი პრაქტიკის განვითარებაზე.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით კონვენციის მე-10 მუხლის გაგებით გამოხატვის თავისუფლება „განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისგან“ და შესაძლოა დაექვემდებაროს კანონით შეზღუდვებს, „რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთლობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან რეპუტაციის დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“. ამასთან კონვენცია კრძალავს კონკრეტული, უმეტესად ისტორიულად მოწყვლადი ჯგუფების ნიშნით დისკრიმინაციას, თუმცა იქვე მიუთითებს, რომ სახელმწიფოებს ეკრძალებათ განმტკიცებული უფლებების შეზღუდვა კონვენციაში მითითებული საფუძვლების მიღმა და სხვა მოტივებით.
კონვენციის საფუძველზე განვითარებული სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა, ზოგადად, აღიარებს გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ მნიშვნელობას დემოკრატიულ საზოგადოებაში. კონვენციის მე-10 მუხლით დაცულია არამხოლოდ ინფორმაცია და იდეები, რომლებიც საყოველთაოდ მისაღებია, არამედ ისინიც, რომლებიც „შეურაცხყოფს, შოკში აგდებს ან აწუხებს“ სახელმწიფოს ან საზოგადოების რომელიმე სეგმენტს. ასეთია პლურალიზის, ტოლერანტობისა და მიმღებლობის მოთხოვნები, რომელთა გარეშე არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება.[14] იმავდროულად, ნებისმიერი შეზღუდვა განსაზღვრული უნდა იყოს კანონით, რომელიც თავის მხრივ დააკმაყოფილებს კონვენციის ხარისხობრივ მოთხოვნებს, აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში და გამართლებული დასახული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად ანუ არსებობდეს შეზღუდვის „გადაუდებელი სოციალური საჭიროება“. სტრასბურგის სასამართლო იქვე აღიარებს, რომ სახელმწიფოებს აქვთ გარკვეული მიხედულების ფარგლები, თუმცა ის საბოლოოდ, კონვენციის თანახმად სუპერვიზიას ექვემდებარება.
ზოგადი სტანდარტების მიღმა, ცალკე ყურადღებას იმსახურებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვები სხვათა უფლებების, ჯანმრთელობის ანდა მორალის დაცვის მიზნებისთვის, რომლებიც, თავად სასამართლოს განმარტებით, ხშირად არის სახელმწიფოთა მხრიდან გამოხატვის შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად დასახელებული. შესაბამისად განსხვავებულია კანონმდებლობის სახეებიც, რომლითაც ადგილობრივ დონეზე ამ მიზნებით შეზღუდვებია დადგენილი და მათ შორის ეხება ვულგარულ შინაარსს, ამგვარ პუბლიკაციებს და სხვა სახის შეურაცხმყოფელ გამოხატვებს.[15]
საინტერესოა ის ფაქტი, რომ სხვათა მორალისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით დადგენილი შეზღუდვების შეფასებისას, ზოგადად, სასამართლო სახელმწიფოებს მნიშვნელოვან მიხედულების ფარგლებს ანიჭებს, რამდენადაც წევრ სახელმწიფოებში და იქ არსებულ კანონმდებლობებში არ არსებობს მორალის კონცეფციის ერთიანი გაგება და თითოეული საქმის განხილვისას საჭირო ხდება მოპასუხე სახელმწიფოში არსებული კულტურული, საზოგადოებრივი, ფილოსოფიური თუ სხვა სახის გავრცელებული მოსაზრებების მხედველობაში მიღება. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფოები და მათი სასამართლოები, პრინციპში, უკეთეს პოზიციაში არიან, ვიდრე საერთაშორისო მოსამართლეები, განსაზღვრონ მორალის მოთხოვნების კონკრეტული მახასიათებლები, ისევე როგორც შეზღუდვის საჭიროება და შესაბამისი სანქციები. თუმცა მიხედულების ფარგლები არ არის დიდი და უფლებრივი შეფასების ზოგად ტესტს ამგვარი საქმეები, სასამართლოს განმარტებით, ჩვეულებრივ ექვემდებარება. დამატებით სასამართლო ყურადღებას აქცევს კანონმდებლობის ხარისხსა და ადგილობრივი სასამართლოების დასაბუთებებს, გამოხატვის ბუნებასა და შინაარსს, მის გავლენას, გავრცელების ხარისხს და სამიზნე აუდიტორიას, ასევე პასუხისმგებლობის ზომის სიმკაცრეს.[16]
რაც შეეხება სიძულვილის ენას, სასამართლოს ზოგადი სტანდარტით, „თითოეული ადამიანის ღირსების თანაბრად პატივისცემა ასევე წარმოადგენს დემოკრატიული პლურალისტური საზოგადოების ერთ-ერთი საფუძველს. შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში ხანდახან აუცილებელია შეიზღუდოს გამოხატვა რომელიც აღვივებს, ახალისებს ან ამართლებს არატოლერანტულობით გამოწვეულ მოსაზრებებს, იმ პირობით რომ ამგარი შეზღუდვები ლეგიტიმური მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალება იქნება“.[17]
აღნიშნული სულისკვეთებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2022 წელს მიიღო რეკომენდაცია[18] სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, მათ შორის ონლაინ სივრცეში, რომლის თანახმადაც სიძულვილის ენად მიიჩნევა „ნებისმიერი სახის გამოხატვა, რომელიც ხელს უწყობს, აქეზებს, ავრცელებს ან ამართლებს ძალადობას, სიძულვილს ან დისკრიმინაციას კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ, ან მათ დამამცირებელ და ღირსების შემლახავ შეფასებას შეიცავს, მათი რეალური ან მათთვის მიკუთვნებული პირადი ნიშნების ან სტატუსის საფუძველზე - რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, მოქალაქეობის, ეროვნული ან ეთნიკური წარმოშობის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის, სქესის, გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით“. ამგვარ ენაზე პასუხისმგებლობის მასშტაბი დამოკიდებულია გამოხატვის სიმძიმეზე. თუმცა ამ პროცესში სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, მიყვნენ სტრასრბუგის სასამართლოს რელევანტურ პრაქტიკას და მხედველობაში მიიღონ გამოხატვის შინაარსი, გამოხატვის დროისთვის არსებული პოლიტიკური და სოციალური კონტექსტები, გამოხატვის ავტორის მიზნები, მისი როლი და საზოგადოებრივი სტატუსი, გამოხატვის გავრცელების ფორმა და მასშტაბი და გამოხატვის შესაძლებლობა, გამოიწვიოს საზიანო შედეგები, მათ შორის, მყისიერად, აუდიტორიის ზომა და ბუნება და გამოხატვის სამიზნე ჯგუფის მახასიათებლები. სხვაგვარად, ამ პროცესში სავალდებულოა ყოვლიმომცველი მიდგომები და მათი მაქსიმალურად ზუსტი და ნათელი გაწერა მათ შორის საკანონმდებლო დონეზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ამგვარი კანონმდებლობის ბოროტად გამოყენება და შედეგად საჯარო დებატების პროცესის დაზიანება, კრიტიკული ხმის, პოლიტიკური ოპონენტებისა და უმცირესობების წარმომადგენლების გამოხატვის გაუმართლებელი შეზღუდვა. ამასთან, მინისტრთა კომიტეტი სახელმწიფოებისგან მოთხოვს პროცესში თანასწორობის დაცვაზე მომუშავე უწყებების, უფლების დაცვის ეროვნული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას. ბოლოს, შეზღუდვები და სახელმძღვანელო პრინციპები ეხება და ცალკე გამოყოფს ამგვარი ენის რეგულირებას ონლაინ სივრცეში, თუმცა თანდართული წინაპირობების, კრიტერიუმების და ვალდებულებების გაწერით.
სიძულვილის ენის გაცილებით ფართოდ კრიმინალიზებას ახდენს ევროკავშირი 2008 წლის ჩარჩო გადაწყვეტილებით,[19] რომელიც კრძალავს საჯაროდ ძალადობისა და სიძულვილის წახალისებას პირთა ჯგუფის ან ამ ჯგუფის წევრის მიმართ რასის, კანის ფერის, რელიგიის, წარმომავლობის, ეროვნულ ან ეთნიკურ საფუძველზე. ამასთან, გადაწყვეტილება შეიცავს აკრძალვას გენოციდის, ომის დანაშაულებისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების საჯაროდ დაგმობაზე, უარყოფაზე ან ტრივიალიზებაზე, როდესაც ქმედება ჩადენილია იმგვარად რომ ახალისებს ძალადობას ან სიძულვილს კონკრეტული ჯგუფის ან ამ ჯგუფის წევრის წინააღმდეგ. აკრძალვა ეხება ონლაინ სივრცესაც. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ეს გადაწყვეტილება ეროვნულ კანონმდებლობებში დანერგეს, სხვა დამატებითი ნიშნებით სიძულვილის ენის აკრძალვა ეროვნულ დონეზეებზე არ ხდება. მეტიც თავად ჩარჩო გადაწყვეტილების კანონმდებლობაში დანერგვის მასშტაბებიც განსხვავებულია. [20]
ონლაინ სივრცესა და სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის რეგულირების საკითხს ევროკავშირში 2022 წელს მიღებული Digital Services Act (DSA) არეგულირებს, რომელიც ნაწილობრივ ზემოთ მიმოხილული შეერთებული შტატების კონგრესის აქტის მსგავსია, თუმცა გაცილებით შორს მიდის. აქტი მათ შორის ამგვარი სერვისების მიმწოდებლებს ავალდებულებს, დაუშვან ამ თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საჯარო დაწესებულებების მხრიდან მონიტორინგი ამ მიმართულებით, მიიღონ ზომები სიძულვილის ენაზე შეტყობინებებზე სწრაფი რეაგირებისთვის, გახადონ სისტემები მეტად გამჭვირვალე და სხვა.[21]
ამგვარად ნათელია, რომ ევროსაბჭო, ევროკავშირი, ასევე თავად ადამიანის უფლებათა კონვენცია გაცილებით ფართოდ არეგულირებს გამოხატვის შეზღუდვის საკითხებს. შეზღუდვის საფუძვლებში შემოდის მათ შორის ეთიკისა და მორალის ენა. რაც მთავარია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა გამოხატვის თავისუფლებაზე წევრ სახელმწიფოებს მიხედულების გარკვეულ ფარგლებს ანიჭებს გამოხატვის იმგვარ ფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც მათი კანონმდებლობით წარმოადგენს სიძულვილის ენას ან იმგვარი შეურაცხმყოფელი გამოხატვაა, რომელიც წინააღმდეგობაშია სხვათა უფლებებთან, საზოგადოებრივ მორალთან თუ ინდივიდის ღირსებასა და რეპუტაციასთან. სხვაგვარად, ამ მიმართულებით სასამართლოს მიერ დადგენილი უფლებრივი სტანდარტები ერთგვარი მინიმუმია და ცხადია, როდესაც წევრი სახელმწიფოს ადგილობრივი კანონმდებლობა, განსაკუთრებით კი კონსტიტუციური სტანდარტები გამოხატვას გაცილებით მაღალი სტანდარტით იცავს, უპირატესობა ამ უკანასკნელს უნდა მიენიჭოს.
ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ ევროსაბჭოსა და ევროკავშირის დონეზე სიძულვილის ენა მართალია რეგულირებულია, თუმცა რეგულირება ვიწროდ განსაზღვრულია და კონკრეტული ნიშნების მქონე საზოგადოებრივი ჯგუფების ან მათი წევრების წინააღმდეგ გამოთქმულ კონკრეტულ გამოხატვებს მიემართება, შესაბამისად, მისი პირველადი ინტერესი არადომინანტური, მარგინალიზებული ჯგუფების უსაფრთხოების, უფლებების და ღირსების დაცვაა. ამგვარი რეგულაციების საფუძველში დგას არა სახელმწიფოს ან დომინანტური პოლიტიკური ჯგუფების კრიტიკის შეზღუდვის მიზანი, არამედ არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფა და იმ სოციალური გარემოს შექმნა, სადაც ისტორიულად დისკრიმინირებული და მოწყვლადი ჯგუფები შეძლებენ საკუთარი უფლებებით სრულფასოვან და თანაბარ სარგებლობას. ევროპული მიდგომა ეფუძნება დაშვებას, რომ გარკვეულ შემთხვევებში სიძულვილის ენამ შესაძლოა არა მხოლოდ ინდივიდუალური ზიანი გამოიწვიოს, არამედ გაამყაროს სტრუქტურული უთანასწორობა, სოციალური გარიყულობა და კონკრეტული ჯგუფების მიმართ მტრული დამოკიდებულებები, რაც საბოლოოდ დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებებს აზიანებს. სხვაგვარად, სიძულვილის ენის ევროპულ რეგულირებას კონკრეტული ისტორიული საფუძვლები და საზღვრები გააჩნია, რომელიც თავის მხრივ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კონტროლსა და ზედამხედველობას ექვემდებარება და მისი განზოგადებულად და ბუნდოვანი ენით ფორმულირება არ ხდება. სწორედ ამიტომ, ევროპულ სამართლებრივ ჩარჩოში სიძულვილის ენის რეგულირება მჭიდროდ არის დაკავშირებული თანასწორობის, დისკრიმინაციის აკრძალვისა და უმცირესობათა დაცვის პრინციპებთან და არა ზოგადად სახელმწიფოს, საჯარო ინსტიტუტების ან პოლიტიკური ძალების მიმართ კრიტიკული, შეურაცხმყოფელი თუ უხეში გამოხატვის შეზღუდვასთან.
გამოხატვის თავისუფლების სისტემური ეროზია საქართველოში
გამოხატვის თავისუფლების მაღალი კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტანდარტების მიუხედავად, აღნიშნული უფლების მარეგულირებელი ორდინალური საკანონმდებლო ჩარჩო საქართველოში ბოლო წლებში მნიშვნელოვნად და სისტემურად გაუარესდა. 2024-2026 წლებში მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდრღვევათა კოდექსში შესული 77 ცვლილებიდან 19 ცვლილება ეხებოდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვებს. ამასთან ეს ცვლილებები არა ცალკეულ სამართალდარღვევებს, არამედ ქმედებათა მთელს პაკეტს მოიცავდა.
განსაკუთრებით მკვეთრი ავტორიტარული შემობრუნება ამ მიმართულებით 2025 წლის იანვრიდან მოხდა,[22] როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის გაზაფხულისა და შემდგომ ნოემბერ-დეკემბრის პროტესტების საპასუხოდ გაამკაცრა შეკრებისა და მანიფესტაციებისთვის ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები, გაზარდა ადმინისტრაციული ჯარიმების ოდენობები და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები. ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატა ახალი ნორმა (17316 მუხლი), რომელიც სახელმწიფო, პოლიტიკური თანამდებობის პირების, ასევე საჯარო მოხელეების მიერ მათ საქმიანობასთან დაკავშირებით სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ლანძღვა-გინებისათვის 4 000 ლარამდე ჯარიმას, ან 45 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს უკანასკნელი შემადგენლობით ფაქტობივად იმეორებს კოდექსში არსებულ ნორმას[23] სამართალდამცავების შეურაცხოფასთან დაკავშირებით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების აქტიური აღსრულება ინტენსიურად 2025 წლის ზაფხულიდან დაიწყო,[24] როდესაც არაერთი პირის, მათ შორის, ჟურნალისტების, უფლებადამცველების, აქტივისტების სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კრიტიკულ პოსტებზე შსს-მ ადმინისტრაციული დავები წამოიწყო.
მაგალითისათვის, ჟურნალისტების ეკა მიშველაძის, ნანუკა ჟორჟოლიანის და ვიკა ბუკიას ფეისბუქ პოსტები ეხებოდა პარლამენტის წევრის, მარიამ ლაშხის მიმართ სიტყვა „მონას“ გამოყენებას, რომელიც ორივე ინსტანციის სასამართლოებმა პარლამენტის წევრის პირად შეურაცხყოფად დააკვალიფიცირეს, რომელსაც არანაირი პოლიტიკური შინაარსი არ გააჩნდა.
იმავე პერიოდში ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც გორის საკრებულოს წინ გამართულ აქციაში მონაწილეობდა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აქციის სიახლოვეს მდგარი „უცხო“ მანქანის მძღოლის მხრიდან აშკარა სამართალდარღვევაზე იქვე მდგომი პოლიციის თანამშრომლების უმოქმედობას აკრიტიკებდა, წარწერით „ბევრი რომ არ ვწერო, უყურეთ ყველა ვიდეოს და მიხვდებით, რაც მოხდა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო, თქვენ ღირსება აყრილ დედას ****** p.s. ყველა ვიდეოში ერთი ეკიპაჟია და მანქანა“. შსს-ს განმარტებით აღნიშნული გამოხატვით ზიანი მიადგა როგორც კონკრეტული პოლიციელების პატივსა და ღირსებას, ასევე სამართალდამცავი ორგანოს ავტორიტეტს და გასცდა დასაშვები კრიტიკის ფარგლებს. სასამართლომ გაიზიარა შსს-ს პოზიცია და განმარტა, რომ ფბ პოსტის ავტორის ქმედება წარმოადგენს უხამსობას, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური შინაარსი, შესაბამისად ის „ვერ იქნება განხილული „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით დაცულ ქმედებად და მისი სათანადო რეაგირების გარეშე დატოვება თმენის ვალდებულების მოტივაციით მოკლებულია არათუ სამართლებრივ საფუძველს, არამედ ასევე ეწინააღმდეგება საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ პრინციპებს“.
ადმინისტრაციული წესით დააჯარიმეს იმ დროისთვის საქართველოში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვიც 2026 წლის 1 აპრილის ფეისბუქზე გამოქვეყნებულიი პოსტის გამო, სადაც ვიზუალურად ჩანდნენ პოლიციის თანამშრომლები და პოსტს თან ერთვოდა სადიგოვის სიტყვები: „სადაც არ უნდა იყოს დიქტატურა, პოლიციელები მზად არიან ხელფასის და პოლიციის ფორმის გამო ყველაფერი გაყიდონ და ამას აკეთებენ სიყვარულით, თავდადებით, სიამაყით“. პოსტი პოლიციის შეურაცხყოფად დაკვალიფიცირდა. სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული ტექსტი თავისი შინაარსით იწვევს სამართალდამცავების დისკრედიტაციას და ემსახურება თითოეული პოლიციელის ღირსების შეურაცხყოფას, ვინაიდან პოლიციელი, რომელიც თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ზრუნავს საზოგადოების უსაფრთხოებაზე, მისთვის შეურაცხმყოფელია, უწოდონ გამყიდველები ხელფასისა და პოლიციის ფორმის გამო. აღნიშნული შეუძლებელია მიჩნეულ იქნას გამოხატვის თავისუფლებად, ვინაიდან პოსტი თავისი შინაარსით ემსახურება სამართალდამცავების შეურაცხყოფას“. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სადიგოვის პოსტი აშკარად განზოგადებულ და მწვავე პოლიტიკურ კრიტიკას შეიცავდა, სასამართლომ მიუთითა, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ იცავს გამონათქვამებს, რომელიც მხოლოდ სიძულვილის, უხამსი შეურაცხყოფის და პიროვნების დამცირებისკენ არის მიმართული. ასეთი ფორმით პიროვნებაზე თადასხმა არ ემსახურება საზოგადოებისა და ქვეყნის კეთლდღეობას, რა დროსაც კანონმდებლობა, სახელმწიფოს მხრიდან ითვალისწინებს გარკვეული სახის რეაგირებას“. რელევანტურ პრაქტიკად კი მან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები მიუთითა სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი გამონათქვამების რეგულირებებზე.
საბოლოოდ, ცხადია, სასამართლოებმა ამ ინდივიდების ნაწილს მაქსიმალური ან მასთან მიახლოებული რაოდენობის ჯარიმები დააკისრეს, ნაწილის მიმართ კი ადმინისტრაციული პატიმრობები[25] გამოიყენეს როგორც აღინიშნა, საკუთარ გადაწყვეტილებებში სასამართლოები მიუთითებენ ერთი მხრივ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმადაც ინტერნეტი და სოციალური ქსელები საჯარო სივრცედ კვალიფიცირდება, სადაც საზოგადოებაში დამკვიდრებული ეთიკური და მორალური წესები ასევე მოქმედებს, მეორე მხრივ კი იშველიებენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებს, იმაზე მწყობრი მსჯელობის გარეშე, თითოეული მოცემული შემთხვევა ხომ არ წარმოადგენდა პოლიტიკურ გამოხატვას, მიუხედავად გამოხატვისას გამოყენებული თუნდაც უხამსი გამონათქვამებისა. გადაწყვეტილებებში ასევე ვხვდებით შაბლონურ მითითებებს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობასა და შეზღუდვის საფუძვლებზე, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს ზოგად მსჯელობას აღნიშნული უფლების მნიშვნელობაზე დემოკრატიულ საზოგადოებაში, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან კონკრეტული შემთხვევების თავსებადობის მსჯელობას სასამართლოები არ ავითარებენ. მსჯელობაში ვერ ვხვდებით ვერც იმის შეფასებას, რამდენად თავსებადია ეთიკისა და მორალის ენის გამოყენება იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში უმაღლესი სამართლებრივი ძალის მქონე აქტი -კონსტიტუცია, ამ საფუძვლებით გამოხატვის, მითუმეტეს პოლიტიკური შინაარსის გამოხატვის შეზღუდვას საერთოდ არ ითვალისწინებს.
„ქართული ოცნების“ მხრიდან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია
განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის, თუ როგორ იყენებს „ქართული ოცნება“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ცალკეულ გადაწყვეტილებებს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისა და გამოხატვის თავისუფლების შემდგომი შეზღუდვის გასამართლებლად. ამ მხრივ საყურადღებოა 2026 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“[26], რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ იქნა წარმოჩენილი როგორც იმის დასტური, რომ ევროპული სტანდარტები ამართლებს საჯარო პირების შეურაცხყოფისთვის მკაცრი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას და გამოხატვის თავისუფლების დამატებით შეზღუდვას. თუმცა თავად გადაწყვეტილების შინაარსი გაცილებით ვიწრო და კონკრეტულია, ვიდრე ის პოლიტიკური დასკვნები, რომლებიც მის საფუძველზე კეთდება.
მოცემული საქმე შეეხებოდა მოქალაქე ირაკლი მილაძის მიერ სოციალურ ქსელ TikTok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელშიც იგი თბილისის ურბანულ სატრანსპორტო პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებდა და ამავდროულად უცენზურო და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს იყენებდა თბილისის მერის, მერიის თანამშრომლებისა და სამართალდამცავების მიმართ. ვიდეოს დასაწყისში ავტორი მაყურებელს წინასწარ აფრთხილებდა, რომ ჩანაწერი შეიცავდა უცენზურო ლექსიკას და მათ, ვისთვისაც ეს მიუღებელი იყო, შეეძლოთ ყურება აღარ გაეგრძელებინათ.
მილაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო წვრილმანი ხულიგნობისა[27] და სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის[28] საფუძვლით. საქალაქო სასამართლომ მას 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ დაუმორჩილებლობის ნაწილში პასუხისმგებლობა მოხსნა და საბოლოოდ სანქცია 500 ლარამდე შეამცირა.[29] აქაც ეროვნული სასამართლოები მართალია ზოგადად მიუთითებდნენ კონსტიტუციურ სტანდარტებზე, საკონსტიტუციოს პრაქტიკაზე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, თუმცა საბოლოო ჯამში განმარტეს, რომ მოცემული გამოხატვა მხოლოდ იდენტიფიცირებადი საჯარო პირების მწვავე შეურაცხყოფას ისახავდა მიზნად.
სტრასბურგის სასამართლომ მოცემულ საქმეზე გამოხატვის თავისუფლების დარღვევა არ დაადგინა. პირველ რიგში, სასამართლოსთვის მისაღები აღმოჩნდა როგორც კანონის ხარისხი და განჭვრეტადობა, ასევე სხვათა უფლებებისა და მორალის დაცვის ლეგიტიმური მიზანი. შესაბამისად, გადაწყვეტილების მსჯელობა შეეხო დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად ჩარევის პროპორციულობას და აუცილებლობას დემოკრატიულ საზოგადოებაში.
საკუთარი პრაქტიკის სულისკვეთებით, სტრასბურგის სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადად შეურაცხმყოფელი გამოხატვა შესაძლოა არ იყოს დაცული გამოხატვის თავისუფლებით, როდესაც იგი წარმოადგენს მიზანმიმართულ და გაუმართლებელ დამცირებას (wanton denigration), მაგალითად, თუ გამოთქმის ერთადერთი მიზანი სხვა პირის შეურაცხყოფაა და არა რაიმე იდეის, მოსაზრების ან საზოგადოებრივი საკითხის შესახებ პოზიციის გამოხატვა. თუმცა, ვულგარული ფრაზების გამოყენება თავისთავად არ არის გადამწყვეტი საკითხი, რამდენადაც ის შესაძლოა ემსახურებოდეს სტილისტურ მიზნებს. სასამართლოსთვის სტილი კომუნიკაციის ნაწილია და ის დაცულია გამოხატვის შინაარსთან ერთად.
ამის შემდეგ სასამართლომ იმსჯელა კონკრეტულ საქმეზე და მიუთითა, რომ რამდენადაც საკითხი ეხებოდა გამოხატვას სოციალურ მედიაში, გასათვალისწინებელი იყო გამოხატვის შინაარსი, კონტექსტი როდესაც ის განხორციელდა, მისი გავრცელება და ამ გავრცელების გავლენის მასშტაბები, ეროვნული სასამართლოების დასაბუთება და დაკისრებული სანქციის პროპორციულობა.[30] ამ ნაწილში ყველაზე საინტერესო არის ის, რომ სასამართლომ მიიღო მოსარჩელის პოზიცია, რომ მის მიერ გავრცელებული ვიდეო თბილისის სატრანსპორტო რეფორმაზე საჯარო დისკუსიის ნაწილს წარმოადგენდა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ვიდეოს მოზრდილი ნაწილი წარმოადგენდა უკიდურესაც უხამს და სექსუალური ენით დატვირთულ ვერბალურ შეტევას ქალაქის მერზე და სამართალდამცავებზე და ეს ნაწილი არ შეიცავდა არგუმენტებსა და კრიტიკას, არამედ ვერბალურ აგრესიას, რომელიც დაცლილი იყო საინფორმაციო ღირებულებისგან. სასამართლოს მითითებით, ამგვარი შეურაცხმყოფელი შეტევა ამოცნობად ინდივიდებზე შესაძლოა არ ჯდებოდეს კონვენციით დაცულ უფლებაში, რომელიც არ იცავს პერსონალურ შეურაცხყოფებს. მეტიც, სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია საჯარო მოხელეებს ჩვეულებრივ მოქალაქეებთან შედარებით მეტი თმენის ვალდებულება აქვთ, თუმცა გაცილებით ნაკლები ვიდრე პოლიტიკოსებს.[31] შესაბამისად, ისინი უნდა სარგებლობდნენ საზოგადოების ნდობით, თუკი მათ სურთ წარმატებით განახორციელონ საკუთარი ვალდებულებები. შესაბამისად, მაშინაც კი როდესაც შეურაცხმყოფელი ენა გამოყენებულია ცხარე დისკუსიაში, საკუთარი საზოგადოების წევრების დაცვის გულწრფელი ინტერესით, ეს ავტორს არ ანიჭებს სრულ კარტ ბლანშს, საჯარო პირების მიმართ პერსონალური, მიზანმიმართული შეურაცხყოფის ენა გამოიყენონ.[32] შედეგად, ადგილობრივი სასამართლოების შეფასება გამოყენებული ენის სიმწვავეზე და მორალურ სტანდარტებზე მისაღები აღმოჩნდა, მათი უპირატესი კომპეტენციის არგუმენტით.
სასამართლომ ასევე იმსჯელა გამოყენებულ საშუალებაზე - სოციალურ ქსელზე და მიუთითა, რომ მათი ალგორითმის გათვალისწინებით ასეთი ქსელები შესაძლოა ექვემდებარებოდნენ უფრო მკაცრ რეგულირებას, რადგან ონლაინ მასალა მომეტებულ რისკებს ქმნის ადამიანის უფლებებით ჯეროვანი სარგებლობისთვის, მიუხედავად მომჩივანის მიერ ვიდეოს დასაწყისში გაკეთებული განმარტებისა. ამასთან, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ჯარიმის ოდენობა და ის, რომ სახელმწიფომ არ მოითხოვა ვიდეოს ინტერნეტიდან აღება, არ შეუზღუდავს მომჩივანის სოციალური მედიის ანგარიში ან რაიმე სხვა ტიპის უფრო ფართო ცენზურა არ დაუდგენია მომჩივანის პოლიტიკურ აქტივიზმზე, რაც პროპორციულობის დადგენისთვის მნიშვნელოვანია.
საბოლოოდ სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოებისთვის მინიჭებული მიხედულების ფარგლების, გამოხატვის აგრესიული ბუნების და ვულგარული ენის, ვიდეოს ფართო გავრცელების და ეროვნული სასამართლოების მხრიდან ინტერესთა დაბალანსების, ასევე სანქციის სიმცირის გათვალისწინებით მომჩივნის გამოხატვის თავისუფლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
როგორც გამოხატვის თავისუფლების ევროპული სტანდარტების მიმოხილვისას განიმარტა, აღნიშნული უფლება აქ რიგ შეზღუდვებს ექვემდებარება, მათ შორის სხვათა უფლებების, მორალისა და ღირსების დაცვის მიზნებისათვის. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევებში, სახელმწიფოებს, როგორც წესი, ფართო მიხედულების ზღვარი გააჩნიათ, განსაზღვრონ რას გულისხმობს მორალისა და ეთიკის გაგება მათ კონკრეტულ საზოგადოებებში. შესაბამისად, აშკარაა, რომ საქართველოს კონსტიტუციასთან მიმართებით, კონვენციის და სტრასბურგის სასამართლოს ამგვარი სტანდარტები ბევრად განსხვავებული და გაცილებით დაბალია. შესაბამისად, პირველ რიგში ადგილობრივი სასამართლოების ვალდებულება იყო, სწორად განემარტათ ქვეყნის ძირითადი კანონით დადგენილი გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტები და მისი შეზღუდვის კონსტიტუციური საფუძვლები. მეტიც, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვის საფუძვლები ზედმიწევნით ვიწროდ და ნათლად განსაზღვრავს იმ მაღალ სტანდარტს, რომლითაც ამ უფლებაში ჩარევა შესაძლოა განხორციელდეს.
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, თავისთავად პრობლემურია სტრასბურგის სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმადაც მან აშკარად დაინახა მომჩივნის გამოხატვის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ღირებულება, თუმცა საბოლოო შეფასებისას აქცენტი მთლიანად გამოხატვის ვულგარულ, საჯარო პირებისათვის შეურაცხმყოფელ გამოხატვაზე გადაიტანა. ამასთან, ისეთი ფაქტორების მხედველობაში მიღება, რომ სახელმწიფომ არ მოითხოვა ვიდეოს სოციალური ქსელიდან წაშლა ან სხვა დამატებითი შემზღუდველი ქმედების განხორციელება, ვერ გამოდგება უფლების შეზღუდვის გამართლების დამატებით ფაქტორად, მაშინ როდესაც ამგვარი ტიპის შეზღუდვებს ნაკლოვანი, თუმცა მაინც მოქმედი ქართული კანონმდებლობა საერთოდ არ ითვალისწინებს და არც უნდა ითვალისწინებდეს.
თუმცა მოცემულ კონტექსტში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა არის არა მხოლოდ თავად გადაწყვეტილების შინაარსი, არამედ მისი პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია საქართველოში. გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა იგი არაერთხელ გამოიყენეს როგორც საკუთარი საკანონმდებლო და პოლიტიკური ინიციატივების ლეგიტიმაციის ინსტრუმენტი და შექმნეს შთაბეჭდილება, თითქოს სტრასბურგის სასამართლომ ზოგადად დაადასტურა საჯარო პირების შეურაცხყოფის მკაცრი სანქცირების, გამოხატვის თავისუფლების დამატებითი შეზღუდვის ან სიძულვილის ენის რეგულირების გაფართოების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობა. ასეთი ინტერპრეტაცია თავად გადაწყვეტილების შინაარსს მნიშვნელოვნად სცდება, რადგან სასამართლოს არ უმსჯელია საჯარო პირების შეურაცხყოფის კრიმინალიზაციის, პოლიტიკური კრიტიკის დასჯის ან გამოხატვის თავისუფლების ახალი შემზღუდავი მექანიზმების კონვენციასთან შესაბამისობაზე. პირიქით, მან კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში შეაფასა მხოლოდ ადმინისტრაციული სანქციის კონვენციასთან შესაბამისობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ თავადვე აღიარა გამოხატვის პოლიტიკური ხასიათი და მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობა. შესაბამისად, გადაწყვეტილების ისე წაკითხვა, თითქოს იგი ამართლებს საჯარო პირების მიმართ კრიტიკული ან მკაცრი გამოხატვის ზოგად შეზღუდვას, წარმოადგენს მის შინაარსობრივ გაფართოებას და არ გამომდინარეობს თავად გადაწყვეტილებიდან. ამ ფონზე განსაკუთრებით პრობლემურია ის, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები საქართველოში გამოიყენება უკვე მიმდინარე საკანონმდებლო და პოლიტიკურ პროცესებში, სადაც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების რეგულირების გამკაცრება წარმოადგენს გაცხადებულ პოლიტიკურ მიზანს. ასეთ პირობებში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების შერჩევითი და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინტერპრეტაცია იქცევა დამატებით ინსტრუმენტად რეპრესიული პოლიტიკის ლეგიტიმაციისთვის.
ადამიანის უფლებათა კრიზისი საქართველოში და შექმნილი პოლიტიკური კონტექსტი
საქართველოში მიმდინარე ცვლილებები გამოხატვის თავისუფლების სფეროში არ შეიძლება შეფასდეს მხოლოდ დოგმატურ-სამართლებრივ ჭრილში, რადგან ისინი მიმდინარეობს უფრო ფართო და ავტორიტარული ტიპის ინსტიტუციური და პოლიტიკური ცვლილებების ფონზე. ეს გარემოება არსებითად ცვლის როგორც ნორმების შინაარსობრივ გაგებას, ისე მათი გამოყენების შედეგებს. ავტოკრატიული შემობრუნების პროცესი განსაკუთრებული სიმწვავით სწორედ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებს შეეხო და ეს შეფასებულია არაერთი ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაცბის,[33] ასევე ვენეციის კომისიის თუ ეუთო/ოდირის მხრიდან.[34] ამ კონტექტსში დამატებით აღნიშვნის ღირსია ეროვნული სასამართლოების სავალალო მდგომარეობა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან კავშირები, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის სრული ნაკლებობა, რომელიც ასევე მწვავედ არის შეფასებული ევროსაბჭოს, ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის თუ ევროკავშირის შესაბამის დასკვნებში.
ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონმდებლობის ყოველი მორიგი ტალღის მიღებისას „ქართული ოცნება“ გაცხადებულად მიუთითებს, რომ მათი მიზანი პროტესტში ჩართული და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების კონტროლი, დაშინება და გაჩუმებაა.[35] აღნიშნულ მიზანს ემსახურება არამხოლოდ გამოხატვის კონკრეტული ფორმების აკრძალვა, არამედ გაზრდილი ადმინისტრაციული ჯარიმები, პატიმრობის ვადები, რიგ საკითხებზე პასუხისმგებლობის ზომების დამძიმება ან/და ადმინისტრაციულიდან სისხლისსამართლებრივ ჩარჩოში გადატანა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნაც მორიგი ასეთი ნაბიჯია, რომელიც თავად სიძულვილის ენის პოლიტიზირებას და სათავისო პოლიტიკური მიზნებისთვის მისი არასწორად გამოყენების სერიოზულ საფრთხეებს ქმნის. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ჯერჯერობით სიძულვილის ენის საკითხი რეგულირებული არ არის, ხოლო ევროპაში მისი რეგულირების მიზანი ისტორიულად მოწყვლადი ჯგუფების დაცვით არის ნაკარნახევი, საქართველოში დომინანტურ პოლიტიკურ ჯგუფებზე და სამართალდამცავებზე ამგვარი რიტორიკის გავრცელება სხვა არაფერია თუ არა ავტორიტარული ლეგალიზმის მორიგი გამოვლინება - როდესაც საკანონმდებლო ტერმინები იცლება მისი ნამდვილი შინაარსისაგან და კრიტიკულად განწყობილი საზოგადოებისა და უმცირესობების დევნის იარაღი ხდება ავტორიტარული ხელისუფლების ხელში.
ბოლოს, „ქართული ოცნების მხრიდან“ გამოხატვის ფორმებზე აპელირება განსაკუთრებით ირონიულია იმ პირობებში, როდესაც თავად პარტიის წარმომადგენლები პროტესტის მონაწილეების, ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის თუ საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მუდმივად იყენებენ სიძულვილის ენას და ტერმინებს „უსამშობლო“, „აკაცუკი“[36], „მოღალატე“[37], „უსამშობლო“[38] „აგენტი“ და ა.შ. მეტიც, 2024 წლის გაზაფხულზე, „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის პერიოდში უცხო ნომრებიდან უცნობი ადამიანები სისტემურად ურეკავდნენ პროტესტის მონაწილეებს, მათ ოჯახის წევრებსა თუ ახლობლებს და არამხოლოდ ემუქრებოდნენ, არამედ აყენებდნენ მძიმე სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნულთან კავშირი მალევე არაპირდაპირ დაადასტურა[39] „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრმა დიმიტრი სამხარაძემ. თუმცა სამართალდამცავების მხრიდან აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირება დღემდე არ მომხდარა.
დასკვნა
წინამდებარე ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლების მარეგულირებელი კონსტიტუციური სტანდარტი ისტორიულად მაღალი ხარისხის დაცვას უზრუნველყოფდა და ამ მხრივ უფრო მეტად უახლოვდებოდა ამერიკული კონსტიტუციონალიზმის მიდგომას, ვიდრე გამოხატვის თავისუფლების ევროპულ მოდელს. საქართველოს კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა პოლიტიკური გამოხატვის დაცვას, თუნდაც მას საზოგადოებისთვის მიუღებელი ფორმა ჰქონოდა და სახელმწიფოს ჩარევას მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრულ, ვიწრო და გამონაკლის შემთხვევებში მიიჩნევდა დასაშვებად.
მიუხედავად ამისა, ბოლო წლების საკანონმდებლო ცვლილებები და მათი აღსრულების პრაქტიკა, რომელიც საქართველოს მკვეთრი ავტორიტარული შემობრუნების ერთი-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითია, მიუთითებს ტენდენციაზე, რომელიც ეტაპობრივად ცვლის ამ კონსტიტუციურ ბალანსს და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სისტემურ ეროზიას ახდენს. განსაკუთრებით თვალსაჩინოა პოლიტიკური და საჯარო საკითხების ირგვლივ გამოხატვის შეფასებისას ისეთი კატეგორიების გამოყენება, როგორიცაა ეთიკა, მორალი, ღირსება, სიძულვილის ენა ან შეურაცხმყოფელი ფორმა, მაშინ როდესაც საქართველოს კონსტიტუცია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებს გაცილებით უფრო ვიწროდ და ამომწურავად განსაზღვრავს. შედეგად, ადგილი აქვს რეალობას, როდესაც უფლების შეზღუდვის პრაქტიკა თანდათან შორდება იმ სტანდარტს, რომელიც ქვეყნის ძირითადმა კანონმა და საკონსტიტუციო სასამართლომ წლების განმავლობაში ჩამოაყალიბეს.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი გამოხატვისა და ონლაინ სივრცეში კომუნიკაციის რეგულირების ევროპული მოდელები მკაცრად განსაზღვრულ სამართლებრივ ჩარჩოებს, ზუსტ კრიტერიუმებსა და ეფექტიან ინსტიტუციურ გარანტიებს ეფუძნება. შესაბამისად, ადგილობრივ დონეზე მათი ცალკეული ელემენტების დანერგვა შესაბამისი კონსტიტუციური და ინსტიტუციური წინაპირობების გარეშე საგანგაშოა და ზრდის რისკს, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მექანიზმები გამოყენებულ იქნეს იმაზე ფართოდ, ვიდრე ამას დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპები მოითხოვს.
ამ ფონზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში სიძულვილის ენის მონიტორინგის ახალი მექანიზმის შექმნა უნდა შეფასდეს არა იზოლირებულად, არამედ გამოხატვის თავისუფლების მარეგულირებელი გარემოს საერთო ტრანსფორმაციისა და ეროზიის კონტექსტში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ახალი რეგულაცია ან ადმინისტრაციული პრაქტიკა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მაღალ სტანდარტს, გამორიცხავდეს თვითნებური ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და არ ქმნიდეს „მსუსხავი ეფექტის“ გაძლიერების საფრთხეს.
უფრო ფართო პოლიტიკურ ჭრილში, ავტორიტარული კონსოლიდაციისკენ მიმავალ სისტემებში გამოხატვის თავისუფლების სფეროში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან სწორედ თავისუფალი საჯარო დისკუსია და ხელისუფლების კრიტიკის შესაძლებლობა წარმოადგენს დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ გარანტიას. ამიტომ გამოხატვის თავისუფლების სფეროში მიმდინარე ცვლილებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ ცალკეული რეგულაციის შინაარსს, არამედ იმ ფართო ინსტიტუციურ და პოლიტიკურ გარემოს, რომელშიც ეს რეგულაციები მოქმედებს. აღნიშნული კი მხედველობაში უნდა იქნას მიღებული საერთაშორისო თუ რეგიონულ დონეზე თითოეული სამართლებრივი თუ პოლიტიკური შეფასების გაკეთების დროს.
[1] საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება, ხელმისაწვდომია: https://police.ge/news/sidzulvilis-enis-tsinaaghmdeg-brdzolis-akhlad-shekmnili-sammartvelo-punktsionirebas-sheudga/10969
[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, პარ. 2.13-2.14.
[3] იხილეთ სასამართლოს განმარტება სრულად: „... თავისუფალი საზოგადოება შედგება თავისუფალი ინდივიდებისაგან, რომლებიც ცხოვრობენ თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეში, თავისუფლად აზროვნებენ, აქვთ დამოუკიდებელი შეხედულებები და მონაწილეობენ დემოკრატიულ პროცესებში, რაც აზრთა გაცვლა-გამოცვლასა და პაექრობას გულისხმობს. ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს გამოხატოს თავისი აზრი, ან თავი შეიკავოს მისი გამოხატვისაგან. კონსტიტუცია ამ მიმართებით კატეგორიულია - ის კრძალავს ადამიანის დევნას აზრის გამო, ასევე მის იძულებას, რომ გამოთქვას აზრი. ეს არის მკაცრი დანაწესი სახელმწიფოს, მისი ორგანოების მიმართ, რომელიც გამონაკლისს არ უშვებს. კონსტიტუცია იცავს აზრის გამოხატვისა და გავრცელების პროცესს, მის შინაარსსა და ფორმებს, თუმცა, იმავდროულად, ამ უფლებათა შეზღუდვის ფორმალურ და მატერიალურ პირობებსაც ადგენს“.
[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, პარ. 2-8
[5] იხილეთ სასამართლოს განმარტება სრულად: „გამოხატვის თავისუფლების რეგულირებისას კანონმდებელი ვალდებულია, გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ნორმის გავლენა პირის უფლებაზე. საქართველოს კონსტიტუციის (ძველი რედაქციით 24-ე მუხლით) დაცული უფლება „მსუსხავ ეფექტს“ განიცდის, თუ პირი, მოსალოდნელი სანქციის შიშით, იძულებულია თავი შეიკავოს უფლების სრულყოფილად განხორციელებისაგან და თვითშეზღუდვა აისახება გამოხატვის თავისუფლების ნორმატიულად შეუზღუდავ ნაწილზეც. „მსუსხავი ეფექტის“ გავლენით ნორმის ზემოქმედება გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე შესაძლებელია გასცდეს მისი რეგულირების სფეროს და ფაქტობრივად შეზღუდოს ის ურთიერთობები, რომელთა მოწესრიგებაც კანონმდებლის მიზანს არც კი წარმოადგენდა. გამოხატვის თავისუფლების სფეროს ამგვარად რეგულირებამ შესაძლებელია გამოიწვიოს საზოგადოების გაუმართლებელი ჩაკეტვა, მისი მოქმედების თავისუფლების თვითშეზღუდვა, აიძულოს ადამიანები, მოახდინონ თვითცენზურა გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფეროს იმ ნაწილში, რომლის შეზღუდვის აუცილებლობაც არ არსებობს, რაც, თავისთავად, ამ უფლების არათანაზომიერად შეზღუდვის ტოლფასია.“
[6] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
[7] იხილეთ სასამართლოს განმარტება სრულად: „კონსტიტუციით დაცულია კრიტიკული აზრი, მათ შორის ისეთიც, რომელსაც საზოგადოების ნაწილი შეიძლება ზედმეტად მკაცრად ან არადეკვატურად აღიქვამდეს. ხელისუფლების მიმართ გამოთქმული კრიტიკა, მათ შორის, ზოგადად ხელისუფლების, მისი კონკრეტული წევრის ან მმართველობის ფორმის შეცვლის მოთხოვნა ვერ გახდება გამოხატვის თავისუფლების, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვის საფუძველი... განცხადება, რომელიც ძალადობრივი ან/და დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისკენ მოუწოდებს, ყველა შემთხვევაში არ უნდა იწვევდეს პასუხისმგებლობას. მნიშვნელოვანია რომ კანონი, ისევე როგორც მისი გამოყენების პრაქტიკა, განასხვავებდეს გამონათქვამებს, რომლებიც, ერთი მხრივ, შესაძლოა ძალადობის ენას შეიცავდეს, მაგრამ, ამავე დროს, უვნებელია და პოლიტიკური, სოციალური თუ სამეცნიერო დისკურსის ნაწილს წარმოადგენს, ხოლო, მეორე მხრივ, მოწოდებას, როდესაც მის ავტორს გააზრებული აქვს მოწოდების სავარაუდო შედეგი და მიზნად ისახავს ამ შედეგის დადგომას... ფორმალურად ძალადობისკენ მოწოდების შემცველი გამონათქვამები ან ისეთი გამონათქვამები, რომლებიც ერთეულ, იზოლირებულ შემთხვევას წარმოადგენს, ყველა შემთხვევაში არ ქმნის ძალადობის განხორციელების რეალურ საფრთხეს. ამავე დროს, საფრთხის რეალურობის განსაზღვრისათვის უნდა შეფასდეს ის, თუ რა კონტექსტში და რა ვითარებაში არის წარმოთქმული ასეთი მოწოდება. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უფლებამოსილმა ორგანომ (პირმა) უნდა შეაფასოს, წარმოადგენს თუ არა განცხადება დამხობისკენ, ძალადობით ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდებას და არის თუ არა ძალადობის საფრთხე. სახელმწიფო უფლებამოსილია, ჩაერიოს და შეწყვიტოს შეკრება (მანიფესტაცია) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწოდება ორივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ნორმა კონსტიტუციის შეუსაბამო იქნება, თუ ის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას შესაძლებელს ხდის ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გაუთვალისწინებლად
[8] „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი.
[9] Brandenburg v Ohio 395 U.S. 444 (1969)
[10] Cohen v. California, 403 U.S. 15 (1971). მოცემულ საქმეში განმცხადებელი - 19 წლის პოლ კოენი ლოს-ანჯელესის მუნიციპალურ შენობაში გამოცხადდა მოსაცმელზე შეურაცხმყოფელი წარწერით (რომელიც შეიცავდა გინებას - fuck the draft - სავალდებულო სამხედრო გაწვევაზე), რითაც აპროტესტებდა შეერთებული შტატების ომს ვიეტნამში.
[11] New York Times Co. v. Sullivan, 376 U.S. 254 (1964)
[12] გამონაკლისები და მასზე ადგილობრივი სასამართლოების პრაქტიკა ხელმისაწვდომია: https://itif.org/publications/2021/02/22/exceptions-section-230-how-have-courts-interpreted-section-230/
[13] European Parliament Briefing, Hate speech – Comparing the US and EU approaches, available at: https://www.europarl.europa.eu/RegData/etudes/BRIE/2025/772890/EPRS_BRI(2025)772890_EN.pdf
[14] Handyside v the United Kingdom (1976)
[15] European Court of Human Rights, Guide on Article 10 of the European Convention on Human Rights, Freedom of Expression, updated February 2026, pp. 116-122, available at: https://ks.echr.coe.int/documents/d/echr-ks/guide_art_10_eng
[16] Ibid.
[17] Erbakan v Turkey (2006)
[18] CM/Rec(2022)16 - Recommendation of the Committee of Ministers to member States on combating hate speech (Adopted by the Committee of Ministers on 20 May 2022 at the 132nd Session of the Committee of Ministers), available at: https://search.coe.int/cm#{%22CoEIdentifier%22:[%220900001680a67955%22],%22sort%22:[%22CoEValidationDate%20Descending%22]}
[19] Council Framework Decision 2008/913/JHA of 28 November 2008 on combating certain forms and expressions of racism and xenophobia by means of criminal law, available at: https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=celex%3A32008F0913
[20] European Parliament Briefing, Hate speech – Comparing the US and EU approaches, available at: https://www.europarl.europa.eu/RegData/etudes/BRIE/2025/772890/EPRS_BRI(2025)772890_EN.pdf
[21] იქვე.
[22] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების კრიტიკული ანალიზი, 13 თებერვალი, 2025, ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/kartuli-otsnebis-mier-dachkarebuli-tsesit-mighebuli-sakanonmdeblo-tsvlilebebis-kritikuli-analizi-1
[23] საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი
[24] რადიო თავისუფლება, "ეს არის სამართლებრივი აბსურდი" - როგორ იძიებენ და სჯიან ხალხს ჩინოვნიკების შეურაცხყოფისთვის, 13 ივნისი, 2025, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/33442360.html
[25] ტაბულა. მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, 30 მაისი, 2025, ხელმისაწვდომია: https://tabula.ge/ge/news/735975-mariam-lashkhis-sachivris-sapudzvelze-tatia
[26] CASE OF MILADZE v. GEORGIA, (Application no. 41585/23)
[27] ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი
[28] ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდესის 173-ე მუხლის პირველი ნაწილი
[29] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოში ცენზურის ინსტიტუციური რისკის ფონზე ევროსასამართლოს უახლესი გადაწყვეტილების მიმოხილვა, 19 მაისი, 2026, ხელმისაწვდომია: https://www.gyla.ge/post/GYLA-cenzurisinstituciuririskebi-evrisasamartlosgadatskvetileba
[30] for examples of this approach in comparable cases, Melike v. Turkey, no. 35786/19, §§ 46-54, 15 June 2021; Străisteanu v. the Republic of Moldova, no. 9989/20, §§ 66-75, 5 June 2025; Avagyan v. Russia, no. 36911/20, §§ 31-37, 29 April 2025; and Kilin v. Russia, no. 10271/12, § 71-94, 11 May 2021
[31] Mamère v. France, 2006, § 27, Radio Broadcasting Company B92 AD v. Serbia, 2023, § 78; Baena
Salamanca v. Spain, 2025, § 126
[32] Janowski v. Poland [GC], no. 25716/94, § 33, ECHR 1999‑I; and Wojczuk v. Poland, no. 52969/13, § 96, 9 December 2021
[33] მაგალითისათვის იხილეთ სამოქალაქო ორგანიზაციების ერთობლივი ანგარიში თემაზე “ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ“, ხელმისაწვდომია: https://admin.gyla.ge/uploads_script/publications/pdf/ადამიანის%20უფლებების%20კრიზისი%20საქართველოში.pdf
[34] OSCE/ODHIR, Georgia: Urgent Opinion on the Amendments to the Law on Assemblies and Demonstrations, the Code of Administrative Offences and the Criminal Code of Georgia (as adopted on 6 February 2025), available at: https://odihr.osce.org/odihr/587466
[35] 2025 წლის 6 თებერვალს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურებოდა „უცხო ძალების მიერ კარგად გაწვრთნილი აგენტურული ბირთვის“ წინააღმდეგ ბრძოლას, პოლიციელების, საჯარო მოხელეების და ხელისუფლების დაცვას და აღჭურვას ამ ბრძოლისთვის სათანადო ბერკეტებით. მისი განცხადებით, პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ამ გეგმის მხოლოდ პირველი ნაწილი იყო. - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, 03.02.2024 https://www.facebook.com/@GDMamukaMdinaradze/?locale=ka_GE
[36] მითების დეტექტორი, ვინ არიან აკაცუკები და რატომ ადარებს “ქართული ოცნება” აქციის მონაწილეებს მათ?, 14 ნოემბერი 2025, ხელმისაწვდომია: https://mythdetector.com/ka/vin-arian-akatsukebi/
[37] ტაბულა, კირცხალია: ქუჩის პროტესტი თავს ამოწურავს, რადგან ქვეყნის ღალატზე დგას, 26 ნოემბერი, 2025, ხელმისაწვდომია: https://tabula.ge/ge/news/743210-kirtskhalia-kuchis-protesti-tavs-amocuravs-radgan
[38] ტაბულა, კირცხალია: [...] ახლა დაიწყება სპეკულაციები, ცრუ ინფორმაციები. [...] ხელისუფლება ცდილობს, რომ დაიცვას თავისი ქვეყანა, ამ მესიჯების აგენტი ავტორებისგან, აი, იმ უსამშობლოებისგან, ქვეყნის მოღალატეებისგან, რომლებიც პირდაპირ ფინანსდებიან და პირგამომშრალი ელოდებიან... ნახეთ, როგორ იმოქმედა ჩვენმა კანონებმა, რომლებიც მივიღეთ. [...] ახლა სრულიად გამომშრალები, თანხაშეზღუდულები, ეს აგენტურა ელოდება, რომელი გზით წავიდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას ამ ბინძური სქემისგან, რომლის თვალდახუჭული აღმსრულებლები არიან, პატრიოტიზმის სახელით, ეს უსამშობლოები.“, 28 იანვარი, 2026, ხელმისაწვდომია: https://tabula.ge/ge/news/745010-kirtskhalia-nebismieri-shenighbuli-granti-tu
[39] რადიო თავისუფლება მტკიცებულებაა, რომ ამ ქმედებების უკან დიმიტრი სამხარაძე დგას - საიას თავმჯდომარე, მაისი 31, 2024, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/32974367.html
ინსტრუქცია