საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ახალი სამართლებრივი დავა წამოიწყო და შსს-ში საჩივარი შეიტანა იმ პირების წინააღმდეგ, რომლებმაც პარტიის წევრებისადმი "შეურაცხმყოფელი ქმედებები განახორციელეს". როგორც ფრაქციის დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე განაცხადა, ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ საჯარო სივრცეებში მომხდარ ინციდენტებს, არამედ სოციალურ ქსელებში პარტიის კრიტიკის შემცველი განცხადებების ავტორებსაც შეეხებათ.[1] კირცხალიას თქმით, საჩივრის მიზანია, მომავალში ვერავინ შეძლოს საჯარო სივრცეში დესტრუქციული, უკიდურეს შეურაცხყოფაზე დამყარებული, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ზიზღის ენის პროპაგანდირება და ტერორის გავრცელება.[2]
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად 2025 წლის თებერვლის რეპრესიული საკონონმდებლო ცვლილებებებით იქცა.[3] ამ ქმედებისთვის არაპროპროპორციულად მაღალი საქნციაა (1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა) განსაზღვრული. ეს მუხლი, ისევე როგორც თებერვალში მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მთელი პაკეტი, კრიტიკულად შეაფასა არაერთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, მათ შორის, ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა, მიმდინარე წლის მარტში.[4]
პოლიტიკოსის შეურაცხყოფისთვის სასამართლომ უკვე არაერთ საქმეში გამოიყენა მკაცრი სანქცია აქტივისტების წინააღმდეგ. სწორედ ამ საფუძვლით შეეფარდათ ლიკა ლორთქიფანიძეს და თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი პატიმრობა. მაგდა მამუკაშვილს კი 4000-ლარიანი ჯარიმა. სამივე აქტივისტს “ქართული ოცნების” დეპუტატი, მარიამ ლაშხი ედავებოდა შეურაცხყოფას.[5]
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ეს მუხლი აშკარად არაკონსტიტუციურია და აქვს განჭვრეტადობის არსებითი პრობლემებიც. გარდა განუსაზღვრელობისა, კოდექსში თებერვალში დამატებული ახალი ნორმის ერთ-ერთი პრობლემა ისიც არის, რომ ერთ სიბრტყეში აყენებს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებსა (მაგალითად, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, პარლამენტის წევრი) და რიგით საჯარო მოხელეებს, რომლებსაც ნაკლები საჯარო პასუხისმგებლობა და ცნობადობა აქვთ თავიანთი ფუნქციებიდან გამომდინარე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, დასაშვები კრიტიკის ფარგლები საჯარო პირების მიმართ უფრო ფართოა, ვიდრე კერძო პირების მიმართ. შესაბამისად, პოლიტიკოსებსა და სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებს მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკის მიმართ თმენის გაცილებით მაღალი ვალდებულება აქვთ, ვიდრე სხვა ნებისმიერ მოქალაქეს.[6] სოციალური მედიის საშუალებით შეხედულებებისა და იდეების გავრცელების თავისუფლება, თავისი არსით, გაცილებით უფრო მეტადაა საჯარო ინტერესის საგანი, ვიდრე ცალკეული ინდივიდის უფლებების დაცვა. ამასთანავე, ეს არ ნიშნავს, რომ საჯარო პირების თითოეული სიტყვა და ქმედება ისეთივე განხილვას უნდა ექვემდებარებოდეს, როგორც პოლიტიკოსების ქმედებები, რადგან პოლიტიკოსები გაცნობიერებულად აქცევენ თავიანთ პიროვნებას საზოგადოების ყურადღების ცენტრში.[7]
როგორც უკვე აღინიშნა, ნორმის პრობლემურობასა და უფლებრივ სტანდარტებთან შეუსაბამობაზე კანონის ინიციირების პერიოდიდან მიუთითებდნენ სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციები და იმთავითვე ცხადია იყო, რომ ეს ცვლილება პოლიტიკური შინაარსის გამოხატვის შეზღუდვისა და მოქალაქეების დასჯის მიზნით იქნებოდა გამოყენებული. ამის მიუხედავად, ახალმა ნორმამ, რომლის პირველადი მიზანი ფიზიკურ სივრცეში მომხდარი შემთხვევების რეგულირება იყო, ამოქმედებიდან რამდენიმე თვეში, პრაქტიკაში, კიდევ უფრო პრობლემური და რეპრესიული შინაარსი მიიღო, ვიდრე მისი სიტყვასიტყვითი განმარტებით იყო შესაძლებელი და ონლაინ სივრცეში გამოხატვაზეც გავრცელდა.
უფრო ზუსტად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17316-ე მუხლი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ისეთი ქმედებებისთვის როგორიცაა: სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის/ მასთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან/საქმიანობასთან დაკავშირებით. აშკარაა, რომ სამართალდარღვევის შემადგენლობა ფართოა, თუმცა მისი შინაარსიდან სოციალურ ქსელებში გამოხატვის რეგულირება პირდაპირ არ გამომდინარეობს.
როგორც უკვე აღინიშნა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სოციალურ ქსელებში პოლიტიკურ გამოხატვას სიძულვილის ენის პროპაგანდის პრევენციის მიზნით ზღუდავენ, თუმცა შეურაცხმყოფელი გამოხატვა ყველა შემთხვევაში არ გულისხმობს სიძულვილის ენის გამოყენებას, მით უფრო, მაშინ, როდესაც მისი შინაარსი პოლიტიკური თანამდებობის პირს მიემართება და გამოხატვის ფარგლებიც შესაბამისად უფრო ფართოა. სოციალურ ქსელში პოლიტიკური თანამდებობის პირის მისამართით დაფიქსირებული პოზიცია, თუნდაც ის მწვავე კრიტიკის ან შეურაცხყოფის ფორმას ატარებდეს, არ უქმნის ადრესატს მყისისერ საფრთხეს და არც მის საქმიანობას აბრკოლებს. შესაბამისად, გამოხატვა, რომელიც არ მოიცავს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის მოწოდებასა და რეალურ მუქარას, არ უნდა ექვემდებარებოდეს შეზღუდვას და პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Özlü v. Türkiye თურქეთის ხელისუფლების მიერ სოციალური მედიის საშუალებით გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევა დაადგინა, რადგან ჟურნალისტის მიერ პლატფორმა - Twitter-ზე (ახლანდელ X-ზე) გამოქვეყნებული მკვეთრად კრიტიკული პოსტები, მიუხედავად სიმწვავისა, არ შეფასდა ძალადობის წამახალისებელ მოწოდებად ან სიძულვილის ენის გამოვლინებად. სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები მიემართებოდა სახელმწიფო ორგანოების თანამდებობის პირებს - ოფიციალურ წარმომადგენლებს, ხოლო პოსტების შინაარსი უკავშირდებოდა პოლიტიკურ და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელზეც არსებობდა მაღალი საჯარო ინტერესი.[8]
ინტერნეტ სივრცეში ცენზურის დაწესება ფიზიკურ სივრცეში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან შედარებით, კიდევ უფრო სახიფათო ტენდენციებს აჩვენებს, რადგან თანამედროვე სამყაროში სოციალური მედია პოლიტიკური აქტივიზმისა და საპროტესტო მოძრაობის ორგანიზების მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა. სოციალურ ქსელში პოლიტიკური გამოხატვისთვის მოქალაქეების დასჯა მასობრივი და ავტომატური კონტროლის განცდას აჩენს და მსუსხავი ეფექტი აქვს გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზებაზე.
აშკარაა, რომ სოციალური ქსელში გამოქვეყნებული პოსტების მიმართ ცენზურის დაწესება და ამ საფუძვლით მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოება გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს. ამ საქმეების წარმოების ტენდენცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ ყველა მექანიზმს იყენებს კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დევნისა და დასჯისთვის.
[1] On.ge -"ქართული ოცნება" იმ მოქალაქეებს უჩივის, რომლებიც სოციალურ ქსელში პარტიას აკრიტიკებენ. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/4rmdH2KD
[2][2] ფორმულა - „ფრაქცია ქართული ოცნება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო მოქალაქეებს უჩივის.“ ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/crmdJ9zy
[3] სოციალური სამართლიანობის ცენტრი - „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების კრიტიკული ანალიზი.ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/RrmTVZpI
[4] Georgia: Urgent Opinion on the Amendments to the Law on Assemblies and Demonstrations, the Code of Administrative Offences and the Criminal Code of Georgia (as adopted on 6 February 2025), 98-104. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/rrmdLVfF
[5] On.ge -"ქართული ოცნება" იმ მოქალაქეებს უჩივის, რომლებიც სოციალურ ქსელში პარტიას აკრიტიკებენ. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/4rmdH2KD
[6] UN, OSCE, 2021 JOINT DECLARATION ON POLITICIANS AND PUBLIC OFFICIALS AND FREEDOM OF EXPRESSION - “2021 JOINT DECLARATION ON POLITICIANS AND PUBLIC OFFICIALS AND FREEDOM OF EXPRESSION”. P.3.
[7] ECtHR, Chkhartishvili v. Georgia (application no. 31349/20) 2023, para 53.
[8] European Court of Human Rights: Özlü v. Türkiye and three other judgments v. Türkiye relating to content on social media. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/7rmRVyj1
ინსტრუქცია