საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შესავალი
გაეროს მონაცემებით, ბუნებრივი კატასტროფების შედეგად, მსოფლიოში ყოველწლიურად 25 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით ტოვებს საკუთარ საცხოვრებელ ადგილს (McAuliffe & Triandafyllidou, 2022). საქართველოში 1988 წლიდან 2013 წლამდე ქვეყანაში არსებული რთული გარემო პირობების გამო, სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად (2013), 130,000-ზე მეტი ადამიანი გახდა იძულებული შეეცვალა საცხოვრებელი ადგილი. საქართველოში ამ პირებს „ეკოლოგიურ მიგრანტებად“ ან უფრო შემოკლებით „ეკო-მიგრანტებად“ მოიხსენიებენ. სტიქიურ მოვლენათა უარყოფითი მოქმედების არეალში ძირითადად სასოფლო დასახლებები ექცევა, ამდენად ეკო-მიგრანტების უმრავლესობაც სწორედ სოფლად მცხოვრები ადამიანები და საოჯახო მეურნეობები არიან. წინამდებარე კვლევის მთავარი მიზანი, ადიგენისა და წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აჭარელი, სვანი და რაჭველი ეკომიგრანტების სოციალური და ეკონომიკური საჭიროებების შესწავლაა. კვლევისას, განსაკუთრებული ყურადღება სამიზნე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები აჭარიდან მიგრირებული ქართველი მუსლიმი თემის მდგომარეობას დაეთმო.
რთული მთიანი რელიეფისა და კლიმატური თავისებურებების გამო, საქართველო ბუნებრივი კატასტროფების მასშტაბურობითა და მათი ხშირი განმეორებადობით ხასიათდება. უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში, განსაკუთრებულ ინტენსივობას განიცდის ანთროპოგენური ჩარევით და ერთიანობაში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მოვლენები. მიწის მოხმარების არამდგრადი პრაქტიკები, ტყეების გაჩეხვა, დაუგეგმავი ურბანიზაცია, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის არასწორი დაგეგმვა, იმ წინაპირობათა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც მეწყრებს, წყალდიდობებს, ღვარცოფებს, ზვავებსა და გვალვებს იწვევს. ექსპერტების შეფასებით, წინარე ინდუსტრიულ დონესთან შედარებით, 2050 წლისთვის საქართველოში საშუალო ტემპერატურა 0,9°C – 1,9 °C-ით გაიზრდება (Government of Georgia, 2021). გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშებში აღნიშნულია, რომ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული სტიქიურ მოვლენებს შორის არსებული ინტერვალები მნიშვნელოვნად შემოკლებულია. რა თქმა უნდა, სტიქიურ მოვლენების აბსოლუტური პრევენცია შეუძლებელია, თუმცა, შესაძლებელია ამ სტიქიებთან დაკავშირებული რისკების მართვა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არამხოლოდ გარემოსდაცვითი, არამედ ადამიანური მსხვერპლის თავიდან აცილებისა და სავალალო სოციალური და ეკონომიკური შედეგების შემცირებისა და თავიდან არიდების თვალსაზრისითაც.
საერთაშორისო ნორმატიულ აქტებში „ეკო-მიგრაციის“ ნაცვლად ვხვდებით ტერმინებს: “environmental migration”, და „climate migration”, რაც აღნიშნავს მიგრაციას, რომელიც გამოწვეულია ისეთი გარემო ფაქტორებით, როგორებიცაა ბუნებრივი კატასტროფები, კლიმატის ცვლილება, გვალვა, მეწყრები და ა.შ. 1980-იანი წლებიდან კლიმატის ცვლილებისა და მიგრაციის კავშირი თანდათანობით გახდა მეცნიერთა ინტერესის საგანი. კლიმატის ცვლილების ექსპერტთა მთავრობათაშორისი პანელის (IPCC) პირველ შეფასებით ანგარიშში (IPCC, 1990) აღნიშნული იყო, რომ „კლიმატის ცვლილების ყველაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება შესაძლოა ადამიანთა მიგრაცია იყოს”. ამგვარად ჩამოყალიბდა ტერმინი climate migration. ამასთან, საერთაშორისო დისკუსიებში ტერმინ „ეკო-მიგრაციის“ გამოყენებისგან თავს იკავებენ იმ მიზეზითაც, რომ იგი ნეოლოგიზმად მიიჩნევა და შეიძლება აჩენდეს დაზუსტების საჭიროებას - ეკოლოგიურ მიგრაციაზე ვსაუბრობთ, თუ ეკონომიკურ მიგრაციაზე. საქართველოში, როგორც აკადემიურ, ისე საჯარო დისკუსიებში, „ეკო-მიგრაცია“ დამკვიდრებულ ტერმინად მიიჩნევა.
საქართველოში 2013 წელს შეიქმნა „სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო“ და „სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო დევნილთა და ეკომიგრანტთა საკითხების მიმართულებით“, 2019 წელს კი ამ ორი სააგენტოს გაერთიანებით (ბრძანება N01-109/n.2019 წლის 31 ოქტომბერი) შეიქმნა „სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო“. მოქმედების არეალად სააგენტოს განესაზღვრა: ზარალის ფაქტის დადგენა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და დოკუმენტაციის წარმოება; ეკომიგრანტთა ერთიანი მონაცემთა ბაზების წარმოება და ადმინისტრირება; საარსებო წყაროების შექმნა ეკომიგრანტთა სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ინტეგრაციის მიზნით; მიზნობრივი პროექტების/პროგრამების შემუშავება, განხორციელება და შეფასება; ამ პროექტებისთვის ფინანსური რესურსების მოძიება და მართვა; ეკომიგრანტთა ჩართულობის ხელშეწყობა სახელმწიფო პროგრამებში და მათი ინფორმირება იმ სახელმწიფო დაწესებულებების და საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს საარსებო წყაროების შექმნასა და მიწოდებას; განათლებისა და გადამზადების კურსებში ეკომიგრანტთა ჩართულობის ხელშეწყობა.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N473 დადგენილებაში ნათქვამია, რომ უნდა შემუშავდეს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა. სწორედ ამ მიზნების განხორციელებისთვის შეიქმნა 2019 წელს ახალი სტრუქტურული ერთეული „[სსიპ] დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო“ (Manvelidze, I., et all, 2024).
ასევე, ადგილობრივ თვითმმართველობებს ვალდებულება აქვთ მუნიციპალიტეტის მერებს პერიოდულად წარუდგინონ ინფორმაცია ეკომიგრანტთა რაოდენობისა და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ („ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42–ე მუხლის მე–4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი).
მანველიძის და სხვების კვლევაში აღნიშნულია, რომ ეკომიგრანტებს საქართველოს საგადასახადო კოდექსიც ითვალისწინებს. კერძოდ, კოდექსის 82-„ე“ მუხლის პირველი ნაწილის „მ“ პუნქტში აღნიშნულია, რომ „საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება მიწისძვრითა და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა დაზიანებული ბინების სანაცვლოდ უსასყიდლოდ მიღებული ბინების ღირებულება იმავე დასახლებულ პუნქტში ან ეკომიგრანტებით დასახლებულ სხვა პუნქტში” (Manvelidze, I., et all, 2024).
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებული ეკომიგრანტების ოჯახების განსახლებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ოჯახებზე „სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოა“ პასუხისმგებელი.
გასულ წლებში, შოვში, გურიასა და სხვა რეგიონებში მომხდარმა სტიქიებმა, კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში ბუნებრივი კატასტროფების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შემუშავებისა და დახვეწის აუცილებლობა. ეს გულისხმობს როგორც უშუალოდ სტიქიის ადგილზე ინფრასტრუქტურის გაძლიერებასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი და საარსებო პირობების შექმნას, ისე მდგრადი განსახლების პირობების უზრუნველყოფას, რაც ეკომიგრანტებისთვის მუდ-მივი საცხოვრებლის, საარსებო წყაროებისა და საზოგადოებრივ სერვისებზე ხელმისაწვ-დომობის უზრუნველყოფასა და ახალ გარემოში სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას გულისხმობს.
ინსტრუქცია