[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ქალთა უფლებები / განცხადება

ავტოკრატიაში ის, რაც ქალებს გვრჩება, ისევ წინააღმდეგობა და ბრძოლაა ღირსებისთვის, სამართლიანობისთვის და თანასწორობისთვის

ჩვენ კიდევ ერთ 8 მარტს ვხვდებით ქვეყანაში, სადაც ავტორიტარული ძალაუფლება ყოველდღიურად ავიწროებს თავისუფლებებს და საჯარო სივრცეს. ქვეყანაში, სადაც კანონმდებლობა სულ უფრო ნაკლებად ემსახურება ადამიანის უფლებების დაცვას და სულ უფრო მეტად იქცევა კონტროლისა და დისციპლინის ინსტრუმენტად. ქვეყანაში, სადაც ადმინისტრაციული და რეპრესიული პრაქტიკა მოქალაქეებს მასობრივად მონიშნავს ეჭვმიტანილებად და პოტენციურ დამნაშავეებად; სადაც სახელმწიფო აპარატი პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის გამოიყენება; სადაც პოლიტიკური პოლარიზაცია ხელოვნურად გაღრმავებულია, ხოლო ძალაუფლებაზე, რესურსებზე და ინსტიტუციებზე წვდომა სრულად არის კონცენტრირებულია მმართველი პარტიის ხელში.

ამ რეალობაში 8 მარტი მხოლოდ სიმბოლური დღე აღარ არის. ის წინააღმდეგობის დღეა.

საქართველოში დღეს ქალები პროტესტის ყველაზე დიდი და ყველაზე აქტიური მონაწილეები არიან. ქუჩებში, სასამართლოსთან, პოლიციის წინ, უნივერსიტეტებში, სამუშაო ადგილებზე ქალები საკუთარი სხეულებით ატარებენ წინააღმდეგობის გამოცდილებას. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც პირველ რიგში დგანან ძალადობრივი სახელმწიფოს წინაშე და საკუთარ თავზე იღებენ იმ პოლიტიკური რეალობის სიმძიმეს, რომელიც ავტორიტარულმა მმართველობამ შექმნა.

ქალები არიან პოლიტიკური პატიმრები, არ შეიძლება არ ვახსენოთ მზია ამაღლობელისა და ელენე ხოშტარიას პატიმრობის უმძიმესი გამოცდილებები.

ქალები არიან პოლიტიკური პატიმრების დედები, ცოლები, დები და შვილები.

ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად გადიან დამცირების, შიშის, გაურკვევლობისა და ტკივილის გზას. თუმცა სასამართლოების დერეფნებში, ციხის კარებთან, საჯარო კამპანიებში და პროტესტის სივრცეებში ისინი ქმნიან თავისუფლებისთვის ბრძოლის ახალ გამოცდილებას. სახელმწიფოს რეპრესიული მანქანა ხშირად სწორედ ქალების ცხოვრებას ამძიმებს ყველაზე მეტად, მაგრამ ამავე დროს სწორედ ქალები ქმნიან ყველაზე გამძლე სოლიდარობის ქსელებს.

ქალები არიან მიგრაციაშიც. ათიათასობით ქალი ტოვებს ქვეყანას იმისთვის, რომ შორიდან შეინარჩუნოს საკუთარი ოჯახები, იზრუნოს შვილებზე, მშობლებზე, ახლობლებზე. ისინი მუშაობენ უცხო ოჯახებში, უცხო ეკონომიკებში და საკუთარი შრომით ინარჩუნებენ აქ დარჩენილი ადამიანების სიცოცხლეს. მაგრამ მიგრაცია მხოლოდ ეკონომიკური რეალობა არ არის, ის ასევე არის უხილავი პოლიტიკური გამოცდილება, სადაც ქალები ერთმანეთის მხარდაჭერის, თვითორგანიზებისა და გადარჩენის ქსელებს ქმნიან.

ქალები არიან ისინი, ვინც საქართველოში ძალადობის, დისკრიმინაციისა და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ ყოველდღიურ ბრძოლას აგრძელებენ მათ ყოველდღიურობაში, ხშირად სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე და ხშირად სახელმწიფოს წინააღმდეგაც.

განსაკუთრებით მტკივნეულია ის, რომ ეს ყველაფერი ხდება ქვეყანაში, რომელიც წლების განმავლობაში ითვლებოდა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ინსტიტუციონალიზაციის ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად რეგიონში. საქართველოში არსებობდა მექანიზმები, კანონები, ინსტიტუტები და პოლიტიკები, რომლებიც ქალთა უფლებების დაცვისთვის შეიქმნა და რომელიც მართალია არასრულყოფილი იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი. დღეს ეს ინსტიტუციური მიღწევები სისტემურად იშლება “ქართული ოცნების” მიერ.

მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ბოლო წლებში ფაქტობრივად გააუქმა ან მნიშვნელოვნად დაასუსტა ის ინსტიტუტები, რომლებიც გენდერული თანასწორობის პოლიტიკას ქმნიდა. შემცირდა პოლიტიკური ნება, დაიშალა ანგარიშვალდებულების მექანიზმები და ქალთა უფლებების დაცვის პოლიტიკა სულ უფრო მეტად გადაიქცა ფორმალურ დეკლარაციად.

ამ პროცესის ყველაზე საგანგაშო გამოხატულება არის ხელისუფლების მხრიდან სტამბულის კონვენციის შესაძლო დენონსაციის შესახებ გაკეთებული გუშინდელი განცხადებები. სტამბულის კონვენცია არ არის მხოლოდ საერთაშორისო ხელშეკრულება. ის არის სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც სახელმწიფოებს ავალდებულებს სისტემურად ებრძოლონ ქალთა მიმართ ძალადობას: პრევენციის, დაცვის, სამართლებრივი რეაგირების და პოლიტიკის შექმნის გზით. მისი გაუქმება ნიშნავს არა მხოლოდ საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, არამედ ქალთა უსაფრთხოების წინააღმდეგ გადადგმულ პირდაპირ ნაბიჯს. ეს იქნება სიგნალი, რომ სახელმწიფო აღარ იღებს პასუხისმგებლობას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაზე და მზად არის უარი თქვას იმ სტანდარტებზე, რომლებიც ქალთა სიცოცხლესა და ღირსებას იცავს.

პარალელურად, ხელისუფლება ცდილობს დემოგრაფიული კრიზისის ახსნას არა ეკონომიკური რეალობით, არამედ იდეოლოგიური კამპანიებით. ქალებს ეუბნებიან, რომ დაბალი შობადობის მიზეზი თითქოს „ღირებულებების კრიზისია“, „ტრადიციული ოჯახის დასუსტება“ ან „ფემინიზმი“. მაგრამ ეს ნარატივი მიზანმიმართულად ფარავს რეალურ მიზეზებს: ეკონომიკურ არასტაბილურობას, შრომის ბაზრის უთანასწორობას, სოციალური დაცვის სისუსტეს, მიგრაციას, საცხოვრებლის კრიზისს და გაურკვეველ მომავალს. როდესაც სახელმწიფო ვერ ქმნის პირობებს ღირსეული ცხოვრებისათვის, ის ცდილობს პასუხისმგებლობა ქალების სხეულებზე გადაიტანოს.

ქალებს ეუბნებიან, რომ მათი მთავარი ფუნქცია რეპროდუქციაა. რომ მათი სოციალური ღირებულება განსაზღვრულია შვილების რაოდენობით. რომ ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემები ქალების პირად არჩევანზეა დამოკიდებული. ეს არის პოლიტიკური მანიპულაცია. ქალების სხეულები არ არის სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის ინსტრუმენტი. ქალების სიცოცხლე, შრომა, თავისუფლება და არჩევანი არ შეიძლება იყოს იდეოლოგიური ბრძოლის ველი.

გარდა ამისა, დღევანდელი პოლიტიკური რეალობა ქალებისთვის მომავლის განსაკუთრებულად გაურკვეველ განცდას ქმნის. ავტორიტარული პოლიტიკის, საერთაშორისო იზოლაციისა და დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტების პირობებში სულ უფრო რთულია იმის წარმოდგენა, როგორი იქნება ხვალინდელი დღე არა მხოლოდ ქალებისთვის, არამედ მათი ოჯახებისთვისაც. ქალები ცხოვრობენ ქვეყანაში, სადაც ვერავინ პასუხობს კითხვას: როგორი იქნება მათი შვილების მომავალი, ექნებათ თუ არა უსაფრთხო გარემო განათლებისთვის, შრომისთვის და თავისუფალი ცხოვრებისათვის. ეს გაურკვევლობა ყოველდღიური შფოთვისა და დაუცველობის გამოცდილებად იქცა.

ამავდროულად, საქართველოს გამოცდილება ვერ განიხილება გლობალური პროცესებისგან განცალკევებით. დღეს მსოფლიო გადის მძიმე კრიზისების პერიოდს: ომებს, სამხედრო კონფლიქტებს, ეკონომიკურ არასტაბილურობას და ავტორიტარული რეჟიმების გაძლიერებას. ამ პროცესებს ყოველთვის აქვს გენდერული განზომილება. ომებისა და კონფლიქტების დროს ქალები ხშირად ხდებიან იძულებითი გადაადგილების, სექსუალური ძალადობისა და ეკონომიკური დაუცველობის მსხვერპლები. ეკონომიკური კრიზისები პირველ რიგში აზიანებს სწორედ იმ ადამიანებს, ვინც ისედაც უთანასწორო მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო ქალების შრომა ხშირად ხდება ყველაზე დაუცველი და ყველაზე იაფად ექსპლუატირებადია.

ამ რეალობაში ჩვენთვის სულ უფრო ცხადი ხდება: უფლებები არ არის გარანტირებული. ინსტიტუტები შეიძლება დაიშალოს. კანონები შეიძლება გადაიწეროს. სახელმწიფო შეიძლება იქცეს ძალადობის წყაროდ. და მაშინ ქალებს გვრჩება ის, რაც ისტორიულად ყოველთვის გვქონდა, ეს წინააღმდეგობაა.

ქალების წინააღმდეგობა არ არის მხოლოდ პროტესტი ქუჩაში. ის არის სოლიდარობა, ზრუნვა, ერთმანეთის მხარდაჭერა, კოლექტიური ძალა, რომელიც ჩნდება მაშინ, როდესაც სახელმწიფო ვერ ან არ იცავს მოქალაქეებს.

ეს წინააღმდეგობა არის ცოდნა, რომელიც ქალებმა თაობების განმავლობაში შექმნეს. ეს არის გამოცდილება, რომელიც იზრდება ყოველ სასამართლო პროცესზე, ყოველ პროტესტზე, ყოველ კამპანიაში, ყოველ ოჯახში, სადაც ქალები ერთმანეთის გადარჩენისთვის იბრძვიან.

ამიტომ 8 მარტი დღეს საქართველოში მხოლოდ დღესასწაული არ არის. ეს არის წინააღმდეგობის დღე! ეს არის სოლიდარობის დღე!

და სანამ ძალაუფლება ცდილობს ჩვენი ხმების ჩახშობას, ჩვენი სხეულების კონტროლს და ჩვენი უფლებების გაუქმებას, ქალები გავაგრძელებთ ბრძოლას.

ასევე გირჩევთ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“