საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე, საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება. ეს დღე ფემინისტური მოძრაობის ისტორიული ბრძოლების მიღწევებისა და გამოწვევების ხაზგასმის შესაძლებლობაა, რომლებიც ქალთა უფლებების, კეთილდღეობისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის გზაზე კვლავაც აქტუალურია. 8 მარტს მსოფლიოს არაერთ კონტექსტში ყურადღებას ამახვილებენ ქალთა უფლებებზე, შრომით პირობებზე, ოჯახში ძალადობის პრობლემაზე და გენდერული თანასწორობის მისაღწევად აუცილებელ სტრუქტურულ ცვლილებებზე.
ბოლო წლებში საქართველოში 8 მარტი აღარ აღიქმება მხოლოდ სიმბოლურ თარიღად, ამ დღემ პოლიტიკური შინაარსი შეიძინა. ადგილობრივი ფემინისტური მოძრაობებისთვის და აქტივისტური ჯგუფებისთვის ის ქალთა საჭიროებებზე მსჯელობის, პროტესტისა და სოლიდარობის გამოხატვის პლატფორმად იქცა.
წელს ქალთა საერთაშორისო დღეს გლობალურად ვხვდებით განგრძობადი კრიზისების, ღრმა პოლარიზაციისა და მიმდინარე, მოუგვარებელი სამხედრო კონფლიქტების ფონზე. ამასთან, ბოლო წლებში კიდევ უფრო მძლავრი გახდა დემოკრატიული ღირებულებების ჩამოშლის ტალღა: გლობალურად ძლიერდებიან ანტიდემოკრატიული ძალები, არაერთ ქვეყანაში ძალაუფლებას ავტორიტარული რეჟიმები იგდებენ ხელში, ხოლო ოლიგარქიული სტრუქტურები/მმართველობა კიდევ უფრო აფერხებს სამართლიანობისა და თანასწორობის მიღწევას. ამ კონტექსტში აღსანიშნავია ანტიგენდერული მოძრაობების გაძლიერებაც, ვინაიდან სწორედ ამგვარ პოლიტიკას ეყრდნობიან ავტორიტარული რეჟიმები. ამ ინსტრუმენტს ანტიდემოკრატიული მმართველობები სოციალური კონტროლის გაძლიერებისთვის, კრიტიკული სოციალური მოძრაობებისა და ჯგუფების დასუსტებისთვის იყენებენ.
აღნიშნული გლობალური ძვრები ლოკალურად სხვადასხვა ფორმას იღებს და საფრთხეს უქმნის ქალთა და უმცირესობების უფლებებს, აფერხებს ფემინისტური მოძრაობების პროგრესს, უარყოფით გავლენას ახდენს გენდერულ ნორმებსა და ურთიერთობებზე.
საქართველოზე განსაკუთრებით მძაფრად აისახა აღნიშნული ანტიდემოკრატიული ტენდენციები. ბოლო რამდენიმე წელია “ქართული ოცნების” მიერ ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის მზარდ პროცესში, გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის საკითხების პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებასთან ერთად, უკვე გამოჩნდა ანტიგენდერული პოლიტიკის ნიშნები. წელს ხელისუფლებამ ანტიგენდერული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი წარადგინა, რომლის საფუძველზეც, ქართული კანონმდებლობიდან გაქრება ცნება „გენდერი“, მას ჩაანაცვლებს ბიოლოგიური სქესის აღმნიშვნელი ტერმინები. სახელმწიფოს მიერ მხოლოდ ბიოლოგიურ სქესზე აქცენტის გადატანა კი თანასწორობის პოლიტიკის საფუძველს აქრობს, რადგან ის საფუძველშივე უგულებელყოფს ქალთა მიმართ სოციალური უთანასწორობის გამომწვევ სტრუქტურულ, ისტორიულ და კომპლექსურ მიზეზებს.
ამგვარი საკანონმდებლო ცვლილებები ასევე ასუსტებს გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის პოლიტიკას, ვინაიდან გენდერული ძალადობა ხშირად პატრიარქალურ წესრიგში ქალების სოციალურ როლებთანაა დაკავშირებული და არა მხოლოდ ბიოლოგიასთან. როდესაც გენდერის ცნება კანონმდებლობიდან ქრება, გენდერულ ძალადობაზე რეაგირება რთულდება, რადგან აღარ არსებობს სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის პროცესში სოციალური უთანასწორობისა და იერარქიზების პრაქტიკებს დაუპირისპირდება.
გენდერის სამართლებრივი ენიდან გაქრობა ნიშნავს, რომ ტრანსგენდერი, არაბინარული და გენდერულად არაკონფორმული ადამიანები სამართლებრივად უხილავები ხდებიან. ამგვარი ცვლილებით ისინი კარგავენ დაცვას დისკრიმინაციის, ძალადობისა და სოციალურ გარიყვისგან. დღესდღეობით საქართველოში ტრანსგენდერი ქალების მიმართ განსაკუთრებით ხშირია სიძულვილით მოტივირებული ძალადობა.
თანასწორობისა და დემოკრატიიდან მნიშვნელოვანი უკანდახევა იყო წინა წლის 4 აპრილს, საქართველოს პარლამენტის მიერ სავალდებულო გენდერული კვოტების გაუქმება. იმ ფონზე, როდესაც ქალები არ არიან საკმარისად წარმოდგენილები გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში, სათანადო დასაბუთების გარეშე ხელისუფლებამ ქალებს პოლიტიკური მონაწილეობის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა წაართვა. ქალების არათანაბარი რეპრეზენტაცია პოლიტიკაში არ არის მხოლოდ რაოდენობრივი ასიმეტრიის საკითხი, პროპორციული პოლიტიკური რეპრეზენტაცია უპირველესად დემოკრატიის საწყის პრინციპებთანაა დაკავშირებული, რომელიც პოლიტიკაში ყველა ჯგუფის სამართლიან რეპრეზენტაციას ითხოვს.
ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის დემოკრატიის უკუსვლის, მძაფრი ავტორიტარული და ანტიევროპული გეოპოლიტიკური შემობრუნების ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენდა საქართველოში ჰომოფობიური კანონის მიღება. ბოლო წლებში ჰომოფობია, ხელისუფლების პოლიტიკური მართვის და ოფიციალური პოლიტიკური დისკურსის ღერძი გახდა და ამჯერად, “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის” სახელით, ის ფუნდამენტურ ჰუმანისტურ პრინციპებს, თანასწორობისა და ღირსების იდეას დაუპირისპირდა და ინსტიტუციურ დონეზე გააძლიერა ლგბტ(ქ)ი ადამიანების ჩაგვრა, რითაც ქვეყანაში კიდევ უფრო გაამყარა ანტიდემოკრატიული პოლიტიკურ რეჟიმი.
დემოკრატიის ეროზიის პასუხად აღმოცენებულ გლობალურ თუ ლოკალურ წინააღმდეგობის მოძრაობებში ქალები აქტიურად არიან ჩაბმული, მიუხედავად მათ მიმართ გაზრდილი რეპრესიებისა. საქართველოს არაერთ რეგიონსა თუ ქალაქში, სხვადასხვა ჯგუფისა და ასაკის ქალები აქტიურად არიან ჩართული რეპრესიულ რეჟიმთან მიმდინარე წინააღმდეგობის მოძრაობაში. ხანგრძლივ და უწყვეტ პროტესტში, რომელიც არ არის იერარქიული, არაერთი ქალი აქტივისტი გამოიკვეთა. პროტესტის ყველა შრეში, სხვადასხვა პროფესიული ჯგუფის მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციებზე ხმამაღლა ისმის ქალების ხმა. თანამებრძოლებთან ერთად, ისინი თანაბარი პასუხისმგებლობით, სიმამაცითა და შემართებით პროტესტის წინა რიგებში დაუღალავად დგანან.
“ქართული ოცნების” მსგავსი ავტოკრატიული რეჟიმები ცდილობენ პატრიარქალური რწმენებისა და გენდერულად მკაცრად სეგრეგირებული როლების განმტკიცებას, ისინი ქალების აქტივიზმს ემტერებიან, ვინაიდან ის არსებულ სტატუს-კვოს, რეჟიმის სიხარბეს, მმართველი ელიტების ხელში ძალაუფლების კონსოლიდაციას უპირისპირდება.
რეპრესიული რეჟიმები აქტივიზმისთვის გადამწყვეტ ინსტრუმენტებს - სიტყვის და შეკრების თავისუფლებებს ზღუდავენ, ხოლო აქტივისტი ქალები, რომლებიც სამართლიანობისთვის, გენდერული თანასწორობისთვის, ადამიანის უფლებებისთვის და ზოგადად, პოლიტიკური ცვლილებებისთვის იბრძვიან, ხშირად დაშინების, პატიმრობის, ცენზურის და ძალადობის სამიზნე ხდებიან. ეს ტენდენცია განსაკუთრებით ძლიერია თანამედროვე პოპულისტური პარტიებისთვის, რომლებიც ანტიფემინიზმს ავტორიტარიზმის იდეოლოგიურ იარაღად იყენებენ.
რეპრესიული მმართველობის სტრუქტურები ხშირად პატრიარქალურ პრინციპებს ეფუძნება: ძალაუფლების ვერტიკალური კონცენტრაცია, მორჩილების მოთხოვნა, ძალადობაზე დაფუძნებული იერარქიები. ისტორიულად, ქალების საჯარო სივრცეში აქტიური ჩართულობა, ყოველთვის არყევდა პატრიარქალურ წესრიგსა და ნორმებს, ქალის როლისა და ადგილის შესახებ ტრადიციულ, დომინანტურ აღქმებს.შესაბამისად, ავტორიტარული პოლიტიკური სისტემებისთვის დამახასიათებელია ქალების წინააღმდეგობის ჩახშობის ინსტინქტი. საქართველოში მიმდინარე წინააღმდეგობის მოძრაობაში პოლიციის მხრიდან ქალების მიმართ სექსუალური ძალადობის მუქარა, დამცირება და ღირსების შელახვა ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია – ეს არის არა უბრალოდ ძალაუფლების დემონსტრირება, არამედ ქალის საჯარო სივრციდან განდევნის მცდელობა.
არსებული რეალობა მოითხოვს ისეთი ფემინისტური დღის წესრიგის შექმნას, რომელიც, დემოკრატიული უკუსვლის პასუხად, ქალთა სხვადასხვა ჯგუფების ორგანიზებით ააშენებს ძლიერ სოლიდარობის ქსელებს (ტრანსნაციონალურს და ლოკალურს), რათა ერთი მხრივ ეფექტიანი წინააღმდეგობა გაუწიოს რეპრესიულ რეჟიმს, ხოლო მეორე მხრივ, განგრძობითი კრიზისების ფონზე სიცოცხლისუნარიანობა და მედეგობა შეინარჩუნოს.
ინსტრუქცია