[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

ალექსანდრე თირქიას დაშავებიდან 1 წელი გავიდა, თუმცა პასუხისმგებელი პირები დღემდე არ გამოვლენილან

დღეს,1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს, გამთენიისას, ალექსანდრე თირქიამ სპეცრაზმის მიერ გასროლილი ცრემლსადენი გაზის კაფსულის შედეგად უმძიმესი დაზიანებები მიიღო. პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება არაეფექტიანად მიმდინარეობს და ამ დრომდე არ არიან გამოვლენილი არც გასროლაზე პასუხისმგებელი კონკრეტული სპეცრაზმელი, და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებელი თანამდებობის პირები.

ალექსანდრე თირქია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიან დემონსტრაციაში მონაწილეობისას დაშავდა. ცრემლსადენი გაზის კაფსულის მოხვედრის შემდეგ ალექსანდრე თირქია ინგოროყვას კლინიკაში თავის ქალას და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობებით, ტრავმული სუბდურული სისხლჩაქცევით, თავის ტვინის კეროვანი ტრავმით, სკალპის ღია ჭრილობით, ქუთუთოსა და პერიოკულური მიდამოს სხვა ზედაპირული ტრავმებით, და კონიუქტივური სისხლჩაქცევით. მიღებული უმძიმესი დაზიანებების გამო, მას გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა და დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ხელოვნური ძილის მდგომარეობაში იმყოფებოდა.

დემონსტრანტების მიმართ განხორციელებული მასობრივი ძალადობის ფონზე, კრიტიკული მნიშვნელობა შეიძინა მათი ჯანმრთელობის გრძელვადიანი დაცვის ინტერესმა, რომელიც, სახელმწიფოს მხრიდან, დიდწილად, იგნორირებულია. ალექსანდრე თირქიას ამ დროისთვის ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ტრავმის შედეგად დაზიანებულ თვალში დღემდე მხედველობა მკვეთრად შეზღუდული აქვს. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში, მას რეაბილიტაციის პროცესში დამატებითი ოპერაციები დასჭირდება შუბლის ძვლის იმპლანტის და თვალის სამწვერა ნერვის აღდგენის მიზნით, თუმცა აღნიშნული ოპერაციების სირთულიდან გამომდინარე, რეკომენდებულია მათი საზღვარგარეთ ჩატარება.

გარდა ფიზიკური დაზიანებებისა, ალექსანდრე თირქიამ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ურთულესი ერთი წელი გაიარა, ვინაიდან მიღებული დაზიანებების გამო, დაკარგა სამსახური, პროფესია და ჩვეული ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა. დღემდე იგი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროცესს გადის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფომ მხოლოდ მისთვის ჩატარებული ოპერაციების თანხა აანაზღაურა. შესაბამისად, მხოლოდ ჰოსპიტალური სერვისებით სარგებლობა, ალექსანდრე თირქიას  მიმართ გამოყენებულ საშუალებები  და მეთოდები აჩენს ლეგიტიმურ შეშფოთებას გამოუსწორებელი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმების რისკებთან დაკავშირებით.

მედია საშუალებების მიერ გადაღებული კადრებით დაფიქსირდა 2-3 და 3-4 დეკემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დიდი რაოდენობით გაზის კაფსულების დამიზნებით სროლის, მათ შორის, მიმდებარე შენობების სახურავებიდან სროლის ფაქტები,[1] რაც იმთავითვე კონკრეტული ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის მაღალ რისკებს შეიცავდა. სპეციალური საშუალებების მსგავსი ფორმებით გამოყენება უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლით დადგენილ სტანდარტებს და არღვევს პროპორციულობის მოთხოვნებს. კერძოდ, Amnesty International-ის თანახმად, ქიმიური სპეციალური საშუალებების ჭურვით გასროლას, თუ ის ადამიანს პირდაპირ მოხვდა, შეუძლია გამოიწვიოს გამჭოლი ჭრილობები, ტვინის შერყევა, სხვა დაზიანებები და სიკვდილიც კი.[2] ამ მძიმე საფრთხეების გათვალისწინებით, ამ კაფსულებისთვის ადამიანებისთვის დამიზნება დაუშვებელია. უნდა აღინიშნოს, რომ შსს-ს მიერ გამოყენებული ცრემლსადენი გაზის კაფსულის, GL 202-ის მწარმოებლის ინსტრუქციებშიც მსგავსი მითითებაა გაცემული: ეს საშუალება გასროლილი უნდა იყოს 45 გრადუსიანი დახრით, რადგან ადამიანის მიმართ ამ იარაღის პირდაპირ გასროლამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დაზიანება ან სიკვდილი.[3]

ამ მოვლენიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, გამოძიება არსებითად ხარვეზიანია და ამ დრომდე არ გამოვლენილა თირქიას წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულზე პასუხისმგებელი პირები. კერძოდ, მართალია, მას დაზარალებულების სტატუსი 2024 წლის 30 დეკემბერს მიენიჭა და ჩატარდა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები (მათ შორის, გამოიკითხნენ თირქიას ახლობელი პირები და გამოთხოვილ იქნა სამედიცინო მტკიცებულებები, დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა), თუმცა გამოძიება ამ დრომდე  შედარებით მსუბუქი  მუხლით  მიმდინარეობს და ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად პროკურატურამ უარი თქვა გამოძიების სისხლის სამართლის კოდექსის 144 3-ე კვალიფიკაციით გაგრძელებაზე,  რაც დამამძიმებელ გარემოებში  დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად, ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით.

გარდა ამისა, დაუყოვნებლივ განსახორციელებელ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიების წინაშე დავაყენეთ არაერთი შუამდგომლობა, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების გამოკითხვის, პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების გამოვლენის და დასჯის მიზნით, რაზეც პროკურატურას რეაგირება არ მოუხდენია. მეტიც, 2025 წლის 1 ივლისს, პარლამენტმა გააუქმა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რაც გამოძიების დამოუკიდებლობის, რეალური შედეგების დადგომის პერსპექტივებს კიდევ უფრო ამცირებს.

ალექსანდრე თირქიას შემთხვევა აჩვენებს საქართველოს კანონმდებლობაში სპეციალური საშუალებების გამოყენების მარეგულირებელ კანონმდებლობაში სისტემურ ხარვეზებს და სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულების ჩავარდნებს. ამასთან, ალექსანდრე თირქიას საქმე საგამოძიებო ორგანოების უკიდურესი პოლიტიზების კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა. იმ ფონზე, როდესაც სამართალდამცავი და საგამოძიებო ორგანოები სრულ პარტიულ კონტროლს ექვემდებარებიან, ძალოვანი სტრუქტურების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების და პასუხისმგებელი პირების დასჯის პოლიტიკური ნების არარსებობის პირობებში, სამწუხაროდ, არ არსებობს მოლოდინი, ეს საქმე სათანადოდ იქნება გამოძიებული.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს ალექსანდრე თირქიას სამართლებრივ დახმარებას და მისი ინტერესების დასაცავად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს უახლოეს მომავალში მიმართავს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სხვები, „ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ,“2025, გვ. 39 https://socialjustice.org.ge/ka/products/adamianis-uflebebis-krizisi-sakartveloshi-2024-tslis-saparlamento-archevnebis-shemdgom 

[2] Amnesty International, Chemical Irritants in Law Enforcement, 2021, p. 7 https://www.amnesty.nl/content/uploads/2021/07/Amnesty-position-paper-chemical-irritants.pdf?x84346

[3] ტვ ფორმულა, „რით გვარბევს და გვწამლავს ივანიშვილის რეჟიმი?!“, 09.12.2024 https://www.facebook.com/DroebaOfficial/videos/1251722559435075

ასევე: https://www.condornaoletal.com.br/gl-202/?lang=en

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“