ალექსანდრე თირქია 3 დეკემბერს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე მასობრივი მშვიდობიანი შეკრების სასტიკი დარბევის დროს მძიმედ დაშავდა. სავარაუდოდ, მას თავის არეში რობოკოპების მიერ გასროლილი ცრემლსადენი გაზის კაფსულა მოხვდა და უმძიმესი დაზიანებები მიიღო.
ამ დროისთვის, ალექსანდრე ექიმის თქმით, "მედიკამენტოზური ძილის" ქვეშ იმყოფება და გრძელდება რეანიმაციული მკურნალობა. თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევის გამო, იგი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საოპერაციო ბლოკში და დაზიანებული ფრაგმენტები ამოკვეთის მიზნით, ოპერაცია ჩაუტარდა.
კადრებში ჩანს, რომ ალექსანდრე თირქიას დაშავების ინციდენტში გაზის კაფსულა უკანონოდ იყო გამოყენებული. გაზის კაფსულის გაშვება უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, ხოლო გაზის შემცველი კაფსულა/კარტრიჯი არასდროს არ უნდა იქნეს პირდაპირ მიმართული ადამიანებისკენ, როგორც ეს ამ შემთხვევაში მოხდა.
ამ დროისთვის ალექსანდრე თირქია ერთ-ერთია ყველაზე მძიმედ დაშავებული შეკრების მონაწილეთაგან და ეს შემთხვევა აჩვენებს, ბრუტალური დარბევის, შეკრების მონაწილეების დევნისა და დასჯის პრაქტიკამ რა მძიმე შედეგები შეიძლება მოუტანოს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს ალექსანდრე თირქიას უფლებების დაცვას და პროცესის მიმდინარეობისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მივაწვდით.