საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ალექსანდრე თირქია 3 დეკემბერს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე მასობრივი მშვიდობიანი შეკრების სასტიკი დარბევის დროს მძიმედ დაშავდა. სავარაუდოდ, მას თავის არეში რობოკოპების მიერ გასროლილი ცრემლსადენი გაზის კაფსულა მოხვდა და უმძიმესი დაზიანებები მიიღო.
ამ დროისთვის ალექსანდრე, ექიმის თქმით, “მედიკამენტოზური ძილის” ქვეშ იმყოფება და გრძელდება რეანიმაციული მკურნალობა. კლინიკაში იგი სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლის და თვალბუდის ზედა კიდის მოტეხილობით და შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით მიიყვანეს. ექიმის თქმით, თვალის კაკლების მთლიანობა ტრავმული დაზიანების გარეშე ამ დროისათვის შენარჩუნებულია. თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევის გამო, იგი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საოპერაციო ბლოკში და დაზიანებული ფრაგმენტები ამოკვეთეს.
რამდენიმე ტელევიზიის პირდაპირ ეთერში კამერებმა დააფიქსირეს ინციდენტი, რომელიც, სავარაუდოდ თირქიას დაშავებას ასახავს. კადრებში ჩანს, როგორ ისვრიან რობოკოპები ცრემლსადენი გაზის კაფსულას უშუალოდ დემონსტრანტების მიმართულებით და სიმაღლეზე, რაც იმთავითვე კონკრეტული ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის მაღალ რისკებს შეიცავდა.
აღსანიშნავია, რომ ცრემლსადენი გაზისა და სხვა ქიმიური გამღიზიანებლების გამოყენება დაშვებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც დემონსტრაციაზე ძალადობის ხარისხი იმგვარ ინტენსივობას აღწევს, რომ ცალკეული ძალადობის შემთხვევების აღკვეთის ნაცვლად მთლიანი დემონსტრაციის დაშლაა საჭირო, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია და შეკრების მონაწილეების უდიდესი ნაწილი მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით დაცულ ფარგლებში რჩებოდა. ამასთან, გარდა სპეციალური საშუალებების გამოყენების საფუძვლების არარსებობისა, კადრებში ჩანს ისიც, რომ მისი გამოყენების წესი აშკარად უკანონოა: ადამიანის უფლებების სტანდარტი მოითხოვს, რომ მისი გაშვება უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, ხოლო გაზის შემცველი კაფსულა/კარტრიჯი არასდროს არ უნდა იქნეს პირდაპირ მიმართული ადამიანისკენ. ის მხოლოდ გარშემო პერიმეტრზე შეიძლება იყოს გამოყენებული და არც ერთ შემთხვევაში ინდივიდუალური ადამიანებისკენ და შეკრების მონაწილეების მასისკენ.
ამ დროისთვის ალექსანდრე თირქია ერთ-ერთია ყველაზე მძიმედ დაშავებული შეკრების მონაწილეთაგან და ეს შემთხვევა აჩვენებს, ბრუტალური დარბევის, შეკრების მონაწილეების დევნისა და დასჯის პრაქტიკამ რა მძიმე შედეგები შეიძლება მოუტანოს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს ალექსანდრე თირქიას უფლებების დაცვას და პროცესის მიმდინარეობისა და ალექსნადრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მივაწვდით.
ინსტრუქცია