[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის განცხადება 2024 წლის 30 ნოემბერს დაკავებულების შესახებ

სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელი ხაზის ნომერზე გასული ღამის და მთელი დღის განმავლობაში, უწყვეტად შემოდიოდა დაკავებულების შესახებ ინფორმაცია. ამ დროისთვის თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიებზე 130-მდე პირის დაკავების შესახებ შემოვიდა ინფორმაცია. ამათგან, დადასტურებულად დაკავებულია 115-მდე პირი, რომლებიც უკვე მოინახულეს ადვოკატებმა. ასევე, ბათუმში გამართულ აქციაზე დააკავეს 8 პირი.
მთელი დღის განმავლობაში ქსელის ადვოკატები ცდილობდნენ დაკავებულების ადგილსამყოფელის დადგენას და მათ მონახულებას. ისინი ამ დროისთვის მოთავსებულები არიან თბილისის, მარნეულის, საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის, მცხეთის და დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ბათუმში დაკავებული პირები - ბათუმისა და ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში.
დაკავებულები მთელი ღამისა და ზოგიერთ შემთხვევაში, დღის განმავლობაში სამართალდამცველებს მანქანებსა და ავტობუსებში ჰყავდათ, რა დროსაც პოლიცია ადვოკატებს არ აძლევდა მათი ნახვის შესაძლებლობას. დაკავებულთა უმრავლესობას აღენიშნება დაზიანებები, რომლებიც მათ აქციაზე დაკავებამდე ან/და დაკავებისას მიიღეს. დაკავებულთა ნაწილის გადაყვანა საჭირო გახდა სამედიცინო დაწესებულებებში მათი დაზიანებების სიმძიმის გათვალისწინებით. რამდენიმე შემთხვევაში დაკავებულები მხოლოდ ადვოკატების დაჟინებული მოთხოვნის შედეგად გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებებში.
აღსანიშნავია, რომ დაკავებულები მიუთითებენ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან სასტიკ მოპყრობაზე. დაკავებულთა თანხმობით, ადვოკატებმა უკვე გააკეთეს შეტყობინებები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშიც. რამდენიმე დაკავებულმა აღნიშნა, რომ დაკარგული აქვთ პირადი ნივთები, რომლებიც მათ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა გამიზნულად გადაუყარეს დაკავების შემდეგ. ზოგიერთ შემთხვევაში დაკავებულებს დაკავებისას ჩამოართვეს მობილური ტელეფონები, თუმცა ისინი არ ინახება ჩამორთმეულ სხვა ნივთებთან ერთად.
სამედიცინო დაწესებულებებში დაკავებულების გადაყვანისას გამოიკვეთა, რომ პაციენტების შესვლა ფორმდება იმგვარად, თითქოს ისინი თვითდინებით შევიდნენ კლინიკაში, მაშინ როდესაც სამართალდამცავი პირებს შეყავთ ისინი. ეს იწვევს კი იწვევს იმას, რომ სამედიცინო მომსახურების თანხას დაწესებულება დაკავებულ პირებს სთხოვს, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ დაფაროს მათთვის გაწეული მკურნალობის ხარჯები.
  • ამ დროისთვის ადვოკატებისთვის უცნობია დაკავებულები 24 საათის განმავლობაში გათავისუფლდებიან, თუ ამჯერადაც, მაქსიმალური, 48 საათით დატოვებს უწყება მათ იზოლატორებში. ამასთან, არც ისაა ცნობილი, თუ როდის დაიწყება სასამართლოში მათი საქმეების განხილვა.
  • ამ დროისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს 29 ნოემბერს დაკავებული პირების სასამართლო პროცესები.
  • საერთო ჯამში სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატები მხოლოდ 28-30 ნოემბერს დაკავებულ/დაჯარიმებულ 200-მდე პირს უწევს სამართლებრივ დახმარებას.
  • ადვოკატები განაგრძობენ უკანონოდ დაკავებული პირების უფლებების დაცვას!

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“