[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

შსს აგრძელებს კონსტიტუციური უფლებების უკანონოდ შეზღუდვას

ფოტო: გურამ მურადოვი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება 2024 წლის 19 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დაშლას, რომლის დროსაც, პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებასა და დემონსტრანტებთან ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილი. ასევე, დაფიქსირდა ჟურნალისტზე ძალადობისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტიც.

მიგვაჩნია, რომ მოქალაქეების ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებაა დაიცვან თავიანთი საარჩევნო უფლება მშვიდობიანი შეკრების გზით. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ არსებობდა გზის სავალი ნაწილის გათავისუფლების ლეგიტიმური მიზანი - ამ შემთხვევაში ვერ გამოდგება აქციის დაშლის საფუძვლად. სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის ინტერესი ვერ გადაწონის არჩევნების დაცვის საბაზისო ინტერესს მაშინ, როდესაც შეკრება მშვიდობიანია. შსს-ს განცხადების საპასუხოდ აღვნიშნავთ, რომ ვერც ერთი სახელმწიფო უწყება ვერ განსაზღვრავს რა დროა საკმარისი “საკუთარი აზრისა და პროტესტის დასაფიქსირებლად”, რადგან შეკრების ფარგლებში პროტესტის ადგილის, დროისა და გამოხატვის ფორმის შერჩევა, მათ შორის, კარვისა და დროებითი კონსტრუქციების გამოყენება, დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. ამასთან, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციისას, შესაძლოა როგორც ავტოსაგზაო მოძრაობის, ასევე მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის შეფერხება.

სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მელიქიშვილის ქუჩის მიმდებარედ, უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 17 ნოემბრიდან მიმდინარეობს. საპროტესტო აქციები არც ერთ შემთხვევაში არ გასცდენია მშვიდობიანი გამოხატვის ფარგლებს და ჰქონდა არაძალადობრივი შინაარსი. აღსანიშნავია, რომ აქციებში, მათ შორის, მონაწილეობდნენ ხანდაზმული და არასრულწლოვანი მოქალაქეები.

გარდა ამისა, საპროტესტო აქციის დაშლის დროს, პოლიციამ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისას დააკავა ტელეკომპანია “მთავარი არხის” ოპერატორი, რომელიც აქციის დაშლის პროცესს იღებდა. ის მალევე გათავისუფლდა. მედიასთან საუბრისას, სერგი ბარამიძემ, აღნიშნა, რომ პოლიციამ მასზე იძალადა, რის შედეგადაც აღენიშნება დაზიანებები. ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ისევე, როგორც პოლიციელის მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება სისხლის სამართლის დანაშაულია, რომლის გამოძიების ვალდებულებაც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აქვს. მნიშვნელოვანია, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება როგორც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ასევე აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტებზე.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 19 ნოემბერის დილას ჯამში დააკავეს 16 მოქალაქე, რომელთაგან 12 კვლავ რჩება ადმინისტრაციულ პატიმრობაში. ამჟამად მიმდინარეობს დაკავებულთა ადგილმდებარეობის დადგენის პროცესი და ყველა მათგანს გაეწევა სამართლებრივი დახმარება.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • მისცენ საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობიანი შეკრების უფლება და ხელი არ შეუშალონ, რომ თავად შეარჩიონ შეკრების ადგილი, გამოხატვის ფორმა და საშუალება, რაც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით;
  • უარი თქვენ პროტესტის მონაწილეთა თვითნებურ დაკავებაზე და ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლონ დაკავებული პირები;
  • ზედმიწევნით დაიცვან სპეციალური საშუალებების გამოყენების წესი და პროცედურები და უარი თქვან უკანონო ბრძანების შესრულებაზე.

მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

  • დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სამართალდამცავთა მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე და ამ მიზნით, დროულად ამოიღოს შემთხვევის ადგილზე არსებული სამეთვალყურეო კამერებისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა სამხრე კამერების ჩანაწერები, ასევე, დროულად გამოკითხოს ფიზიკური დაზიანების მქონე მოქალაქეები და დაუყოვნებლივ დანიშნოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა;
  • განსაკუთრებული ყურადღებით მოეპყრას ჟურნალისტზე ანგარიშსწორებისა და ცემის ფაქტს და სასწრაფოდ მოახდინოს ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიკაცია და მათ მიმართ სათანადო საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელება.

ასევე გირჩევთ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“