საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63


დღეს, 12 ნოემბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში აფგან სადიგოვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა გაიმართება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აფგან სადიგოვს ამჯერად 2025 წლის 19-21 ოქტომბერს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გადაკეტვას ედავება. [1]
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აფგან სადიგოვი გზის გადაკეტვის საფუძველზე ერთხელ უკვე იქნა სამართალდამრღვევად ცნობილი და მას სახდელის სახით 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრა.
საგულისხმოა, რომ 22 ოქტომბერს, როდესაც შსს-მ აფგან სადიგოვი დააკავა და ადმინისტრაციული საქმის განხილვის მიზნით სასამართლოს მიმართა, უწყებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ სადიგოვი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 19-21 ოქტომბერსაც იმყოფებოდა და გზის სავალ ნაწილზე იდგა. ეს ფაქტი თავად შსს-ს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი საქმის მასალებით დასტურდება. მიუხედავად ამისა, შსს-მ პირველ ეტაპზე მხოლოდ 18 ოქტომბრის ფაქტის განხილვა მოითხოვა, და მხოლოდ მას შემდეგ, რაც სადიგოვი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და ის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა, უწყებამ კვლავ მიმართა სასამართლოს.
ეს გარემოება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ შსს-მ განზრახ არ მიმართა სასამართლოს დანარჩენ დღეებთან დაკავშირებით, რათა სასამართლოს ორჯერ ჰქონოდა შესაძლებლობა აფგან სადიგოვის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა გამოეყენებინა. აშკარაა, რომ შსს ცდილობს სასამართლოს მეშვეობით პროტესტში აქტიურად ჩართული აქტივისტი სამაგალითოდ დასაჯოს.
ამასთან, აფგან სადიგოვს წარმოების არც ერთ ეტაპზე მისთვის გასაგებ ენაზე არ გადასცემია ადმინისტრაციული საქმის მასალები, რაც არღვევს მისი, როგორც სამართალწარმოების მონაწილის, საპროცესო უფლებებს.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სათანადოდ არ აფასებს რეპრესიული კანონების შინაარსს და მათ აშკარა შეუსაბამობას ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან, იმედი გვაქვს, რომ სასამართლო იმსჯელებს ორმაგი დასჯის პრინციპის აკრძალვაზე მოცემულ შემთხვევაში, რაც შსს-ს საქმის მასალებითაც კი დასტურდება.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს აფგან სადიგოვის ინტერესების დაცვას და სასამართლო პროცესის შემდეგ საზოგადოებას დამატებით მიაწვდის განახლებულ ინფორმაციას.
[1] საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რაც საპროტესტო აქციაზე გზის სავალი ნაწილის სრულ ან ნაწილობრივ გადაკეტვას გულისხმობს, სახდელის სახით, 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
ინსტრუქცია