საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ადმინისტრაციული წესით დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი სამართალდამრღვევად სცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახედ და ზომად 14 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა.
აფგან სადიგოვი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2025 წლის 22 ოქტომბერს, ღამით, თბილისში, საცხოვრებელი სახლიდან გამოსვლისას ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შსს აფგან სადიგოვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავება, რაც საპროტესტო აქციაზე გზის სავალი ნაწილის სრულ ან ნაწილობრივ გადაკეტვას გულისხმობს და სახდელის სახით ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ითვალისწინებს.
აფგან სადიგოვი განმარტავს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის თანამშრომლებს რამდენიმე საათი ჰყავდათ ავტომობილში მოთავსებული და ხელებზე ძლიერად ჰქონდა მოჭერილი ხელბორკილი. პოლიციის თანამშრომლებმა მას არ მისცეს ადვოკატთან დარეკვის და გასაუბრების შესაძლებლობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული სასამართლო პროცესის დროს კი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მტკიცებულების სახით წარმოადგინეს ვიდეომასალა, სადაც ადგილზე მყოფ პირებს მოუწოდებდნენ გზის გათავისუფლებისკენ ქართულ ენაზე. მიუხედავად ადვოკატის განმარტებისა, რომ აფგან სადიგოვს არ ესმის ქართული ენა, მოსამართლემ აღნიშნული გარემობა არც კი შეაფასა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოიყენა ყველაზე მკაცრი ადმინისტრაციული სახდელი.
უკანასკნელი რამდენიმე დღის მანძილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მასობრივად აკავებენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვის ან გზის გადაკეტვის საფუძლით. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებს დაკავებულთა მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენას, მოსამართლეები ადმინისტრაციული სახდელის სახით პატიმრობას იყენებენ და უარს ამბობენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის გამოყენებაზე რაც სიტყვიერ შენიშვნას გულისხმობს.
როგორც ცნობილია, “ქართული ოცნების” ერთპარტიულმა პარლამენტმა გაამკაცრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევევისთვის პასუხისმგებლობა და უკანასკნელი ცვლილებები სწორედ ასკ-ის 174-ე პრიმა მუხლს შეეხო. განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საპროტესტო აქციაზე სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვისთვის ადმინისტარციული სახდელის სახით მხოლოდ ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული, აგრეთვე შეკრება-მანიფესტაციაზე ცეცხლსასროლი, ფეთქებადი, პიროტექნიკული და სიცოცხლისთვის საშიში საშუალებების ქონა დაისჯება 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით, ხოლო ხალხის ან ტრანსპორტის მოძრაობისთვის დაბრკოლებების შექმნა, მათ შორის გზის სავალი ნაწილის სრული ან ნაწილობრივი გადაკეტვისთვის აგრთვე უალტერნატივოდ გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა. ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით შსს-ის მიერ დაშლილ აქციაში მონაწილეობა, გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, ნიღბით სახის დაფარვა, დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ან ცრემლსადენი საშუალების ტარება იმავე ქმედებებისთვის სახდელდადებული პირის მიერ, გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამ ქმედებებისთვის მხოლოდ თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული რეპრესიული ცვლილებები და სასამართლო პრაქტიკა უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ფაქტობრივად ახდენს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კრიმინალიზებას საქართველოში. გაუმართლებლად მაღალი სახდელები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დაბალი პროცედურული სტანდარტების ფონზე, ქმნის ადამიანის თავისუფლებებში უხეში და აგრესიული ჩარევის მაღალ რისკებს და მოქალაქეს სრულიად დაუცველს ტოვებს რეპრესიული სახელმწიფო აპარატის წინაშე.
მოცემულ შემთხვევაშიც, აფგან სადიგოვის მიმართ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მისი მიზანი პროტესტში აქტიურად ჩართული აქტივისტის სამაგალითო დასჯა უფროა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ინსტრუქცია