საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63


სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას 2026 წლის 18 ივლისს, ახალციხეში, მუსლიმი მესხის, ახალციხის მეჩეთის იმამის, შევქეთ დვალიძისა და მისი ოჯახის წევრებზე ჯგუფური ძალადობის შემთხვევის შესახებ და სახელმწიფოს დროული და ეფექტიანი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
“ბათუმელების” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც იმამ შევქეთ დვალიძისა შვილმა და თურქეთიდან სტუმრად ჩამოსულმა არასრულწლოვანმა ნათესავმა ერთმანეთთან თურქულ ენაზე ისაუბრეს. ამის შემდეგ მათ უცნობმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, აგრესიულად დაუპირისპირდნენ თურქულ ენაზე საუბრის გამო და დაპირისპირება მალევე ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა. დაზარალებულის ცნობით, კონფლიქტის დროს თავდამსხმელები დაზარალებულებს მათ საცხოვრებელ სახლში, მამის ეზოში, დაედევნენ, სადაც ათზე მეტი ადამიანი ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდა. თავდასხმის შედეგად განსაკუთრებული ძალადობის მსხვერპლი გახდა ახალციხის მეჩეთის იმამი, შევქეთ დვალიძე, რომელიც კლინიკაშიც იყო გადაყვანილი. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულების განცხადებით, თავდასხმაში 10-12 ადამიანი მონაწილეობდა და ოჯახის წევრები სამართალდამცავ ორგანოებს თავდამსხმელთა იდენტიფიცირებაშიც დაეხმარნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ მხოლოდ ორი პირი დააკავა. მოგვიანებით კი სასამართლომ ორივე მათგანი გირაოს შეფარდების საფუძველზე გაათავისუფლა. მედიის ცნობით, შევქეთ დვალიძეს პოლიციიდან საჩივარი გამოატანინეს.
აღნიშნული საქმის ფაქტობრივი გარემოებები ქმნის საფუძველს, რომ გამოძიებამ საქმე შეაფასოს არა მხოლოდ ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად, არამედ შესაძლო სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულად. არსებული გარემოებები, მათ შორის, კონფლიქტის დაწყება თურქულ ენაზე საუბრის შემდეგ, თავდამსხმელთა მიერ იდენტობასთან დაკავშირებული გამონათქვამები, დაზარალებულების დევნა საცხოვრებელ სახლამდე და ჯგუფური ძალადობა, მიუთითებს, რომ შესაძლო დისკრიმინაციული მოტივი არ არის საქმის მეორეხარისხოვანი გარემოება, არამედ მისი გამომწვევი მიზეზი. ასეთ ვითარებაში გამოძიებას ეკისრება ვალდებულება, აქტიურად გამოიკვლიოს ლინგვისტური და რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივი და მას სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცეს.
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სათანადო კვალიფიკაცია მხოლოდ სასჯელის სიმკაცრისა საკითხს არ უკავშირდება. იგი განსაზღვრავს, ხედავს თუ არა სახელმწიფო დანაშაულის რეალურ ბუნებას, აღიარებს თუ არა, რომ თავდასხმა მიმართული იყო არა მხოლოდ კონკრეტული პირების, არამედ მათი იდენტობისა და იმ ჯგუფის წინააღმდეგ, რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან. ამგვარი კვალიფიკაცია ასევე მნიშვნელოვანია დაზარალებულთა ნდობის აღსადგენად, დანაშაულის რეალური მასშტაბის აღრიცხვისა და ეფექტიანი პრევენციული პოლიტიკის დაგეგმვისთვის.
სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, შექმნას ისეთი ინსტიტუციური გარემო, სადაც სამართალდამცავი ორგანოები დროულად ამოიცნობენ დისკრიმინაციულ მოტივს, ეფექტიანად გამოიძიებენ მსგავს დანაშაულებს, უზრუნველყოფენ დაზარალებულთა დაცვას და საზოგადოებას მკაფიო გზავნილს გაუგზავნიან, რომ ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი ნიშნით ძალადობა განსაკუთრებული საზოგადოებრივი საფრთხის შემცველ ქმედებად მიიჩნევა. ამგვარი დანაშაულების იგნორირება ან მათი ჩვეულებრივ ყოფით კონფლიქტებად შეფასება არა მხოლოდ კონკრეტული საქმის შედეგზე ახდენს გავლენას, არამედ ასუსტებს საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების მიმართ, ამცირებს დაზარალებულთა მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან, ზრდის განმეორებითი ძალადობის რისკს და ასუსტებს სოციალურ შეჭიდულობას.
ბოლო პერიოდში მომხდარი არაერთი შემთხვევა აჩვენებს, რომ უმცირესობის ენაზე საუბარი ან ქართული ენის არასრულყოფილად ცოდნა პერიოდულად სიტყვიერი შეურაცხყოფის, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის საბაბად იქცევა. 2025 წლის სექტემბერში მარნეულში არასრულწლოვანს, სავარაუდოდ, ქართული ენის არცოდნის გამო სცემეს და „საკუთარ სამშობლოში დაბრუნებისკენ“ მოუწოდეს; რამდენიმე დღის შემდეგ თბილისში ეთნიკურად აზერბაიჯანელ დედა-შვილს ქართული ენის არცოდნის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და იარაღით დაემუქრნენ. 2026 წლის ივლისში კი თბილისში აზერბაიჯანულ ენაზე საუბრის გამო 15 წლის მოზარდზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ამ საქმეები აჩვენებს, რომ სამართალდამცავი უწყებები ხშირად არ გამოყოფენ ან საჯაროდ არ განმარტავენ შესაძლო შეუწყნარებლობის მოტივს.
ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფო ინტეგრაციას უმთავრესად უმცირესობებისთვის ქართული ენის ცოდნის მოთხოვნად წარმოაჩენს, თუმცა სათანადო პასუხისმგებლობას არ იღებს სახელმწიფო ენის ხარისხიანი, უფასო და ხელმისაწვდომი სწავლების პირობების შესაქმნელად. პარალელურად, არ ტარდება საკმარისი სამუშაო დომინანტურ საზოგადოებაში მრავალფეროვნების, თანასწორობისა და უმცირესობების უფლებების შესახებ ცნობიერების გასაზრდელად. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები განათლების ყველა საფეხურზე აწყდებიან სისტემურ ბარიერებს. უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არასაკმარისია სკოლამდელი განათლების დაწესებულებები, პრობლემურია კვალიფიციური პედაგოგების რაოდენობა და სახელმწიფო ენის სწავლების ხარისხი. მიუხედავად სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამოქალაქო თანასწორობის მიზნებისა, ქმედითი ცვლილებები წლების განმავლობაში არ განხორციელებულა. შესაბამისად, ეთნიკური უმცირესობების დადანაშაულება იმ პრაქტიკაში, რომელიც თავად სახელმწიფოს უმოქმედობით არის შექმნილი უსამართლოა და მიუღებელი.
ამასთან ახალციხეში მომხდარი შემთხვევის განხილვა შეუძლებელია მუსლიმი მესხების ისტორიული გამოცდილებისგან განცალკევებით. მუსლიმი მესხები არ არიან საქართველოში შემთხვევით აღმოჩენილი ან ქვეყნის სოციალურ და ისტორიულ ცხოვრებასთან კავშირის არმქონე ჯგუფი. ეს არის თემი, რომელიც 1944 წელს საბჭოთა რეჟიმმა სამხრეთ საქართველოდან იძულებით გადაასახლა. ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქისა და სხვა რაიონებიდან ათიათასობით ადამიანი იქნა დეპორტირებული, რის შემდეგაც თემის წარმომადგენლები ათწლეულების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ საკუთარ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას. საქართველოს სახელმწიფომ ევროპის საბჭოს წინაშე იკისრა დეპორტირებული მოსახლეობის ღირსეული რეპატრიაციისა და შემდგომი ინტეგრაციის ვალდებულება. თუმცა რეალურად განხორციელებული პოლიტიკა მეტწილად ფორმალური და მოჩვენებითი აღმოჩნდა. 2007 წელს მიღებულმა სპეციალურმა კანონმა რეპატრიაციის მსურველებს რთული ბიუროკრატიული პროცედურები, ათობით დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნა და არაგონივრული ვადები დაუწესა. დაბრუნებულ ოჯახებს არ დახვდათ ადეკვატური სოციალური, ეკონომიკური და ინსტიტუციური მხარდაჭერა. არაერთი მათგანი დღემდე მოქალაქეობის ან სტაბილური სამართლებრივი სტატუსის, ენობრივი მხარდაჭერისა და ბაზისური სოციალური გარანტიების გარეშე ცხოვრობს. ამ კონტექსტში მუსლიმი მესხების ოჯახის წევრებს თურქულ ენაზე საუბრის გამო თავდასხმა და მითითება რომ „აქ საქართველო არის“ მხოლოდ შეურაცხყოფა არ არის. ის განაახლებს თემის კოლექტიურ ტრავმას, რომელშიც მათ ისტორიულ სამშობლოში კუთვნილება მუდმივად ეჭვქვეშ დგას.
ინტეგრაცია არ ნიშნავს ადამიანისგან საკუთარი ენის, რელიგიის, კულტურის ან იდენტობის უარყოფის მოთხოვნას. ინტეგრაცია გულისხმობს თანასწორ მონაწილეობას, უფლებების დაცვას, საჯარო ინსტიტუტებისადმი ნდობასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც განსხვავებული იდენტობა საფრთხედ არ აღიქმება. ადამიანს უფლება აქვს, კერძო და საჯარო სივრცეში მისთვის სასურველ ენაზე ისაუბროს. ფრაზა „აქ საქართველო არის და ამიტომ სხვა ენაზე ვერ ილაპარაკებ“, არა პატრიოტიზმის, არამედ ძალადობრივი და გამომრიცხავი ნაციონალიზმის გამოვლინებაა.
განსაკუთრებით პრობლემურია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დუმილი და აშკარა უმოქმედობა მაშინ, როდესაც უმცირესობების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი შემთხვევები განმეორებით ბუნებას იღებს და პრაქტიკად ყალიბდება.
ახალციხეში მომხდარი შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეთნიკური, ენობრივი და რელიგიური ნიშნით მოტივირებული ძალადობა საქართველოში აღარ შეიძლება შეფასდეს იზოლირებულ ინციდენტებად. ბოლო წლებში მსგავსი შემთხვევების განმეორებადობა მიუთითებს სისტემურ პრობლემაზე, რომლის ეფექტიანი პრევენცია შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც სახელმწიფო თანაბრად უზრუნველყოფს როგორც ეფექტიან სისხლისსამართლებრივ რეაგირებას, ისე ინტეგრაციის, განათლებისა და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გაძლიერებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალადობის თითოეული ახალი შემთხვევა კიდევ უფრო აღრმავებს უმცირესობების დაუცველობის განცდას, ასუსტებს თანასწორი მოქალაქეობის იდეას და სოციალურ მშვიდობასა და შეჭიდულობას.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას:
საქართველოს მთავრობასა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს:
ინსტრუქცია