[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / ანალიტიკური დოკუმენტები

მუსლიმი მესხების რეპატრაციის მოჩვენებითი პოლიტიკა საქართველოში

მუსლიმი მესხების დევნის გამოცდილება მაშინ დაიწყო, როდესაც 1944 წელს, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 31 ივლისის დადგენილებით გადაწყდა, რომ „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის პირობების გაუმჯობესების“ მიზნით სსრ-ს სასაზღვრო ზოლიდან  ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ბოგდანოვკის რაიონებიდან და აჭარის ასსრ-დან 86,000 მოქალაქე, უნდა გადასახლებულიყო. [1]   

მას შემდეგ, გადასახლებულმა მესხებმა არაერთხელ, უშედეგოდ, სცადეს სამშობლოში დაბრუნება.  დაბრკოლებებით სავსე დაბრუნების პროცესში, იმედისმომცემი გახდა საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის რატიფიცირება, რითაც  საქართველო იღებდა კანონისმიერ ვალდებულებას, რომ მოკლე ვადაში უზრუნველყოფდა საბჭოთა რეჟიმის მიერ დეპორტირებული მესხი მოსახლეობის ღირსეულ რეპატრიაციასა და შემდგომ ინტეგრაციას. თუმცა, სახელმწიფოს მიერ გატარებული ზომები, მხოლოდ და მხოლოდ  საერთაშორისო ვალდებულების ფორმალურად შესრულებას ჰგავდა,  რაზეც ისიც მეტყველებს, რომ რეალურად, სამშობლოში დაბრუნება დეპორტირებული მოსახლეობის კრიტიკულად მცირე რაოდენობამ მოახერხა. ხოლო, ჩამოსულ პირებს კი მათ მიმართ არაკეთილგანწყობილი ხელისუფლება, უამრავი ფორმალური ბარიერი და ეკონომიკური სირთულე დახვდათ.

რატიფიცირებული რეზოლუციის ფარგლებში საქართველომ საკუთარი ვალდებულებების შესრულება საკანონმდებლო რეგულაციებით შესრულებით დაიწყო. 2007 წელს საქართველოში ამოქმედდა კანონი „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ.“ თუმცა, ის გამოწვევები და სირთულეები, რომელსაც რეპატრაციის მსურველი პირები აწყდებიან, ცხადყოფს, რომ არსებული სამართლებრივი სისტემა არაეფექტიანი და უსამართლო იყო. მეტიც,  კანონმდებლობამ რეპატრაციის მსურველ პირებს არასაჭირო ფორმალური ბარიერები შეუქმნა - მაგალითად, რეპატრიანტის სტატუსის მიღების პროცედურად განსაზღვრა ათობით დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება და  არაგონივრული ვადები დაადგინა, რამაც ცალსახად შეაფერხა გადასახლებული პირების სამშობლოში  დაბრუნების პროცესი. დამატებით, პრობლემა გახდა, ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკაც. სახელმწიფოს არ  უფიქრია, რომ იძულებით გადასახლებაში მყოფ პირებს, რომლებიც, საქართველოში, ერთგულებისა და  ენთუზიაზმის დასამტკიცებლად დაბრუნდნენ, ჩამოსვლის შემდგომ, ფაქტობრივად ცხოვრების ხელახალი დაწყება მოუწევდათ. შესაბამისად, სახელმწიფომ სრულად უგულებელყო მათთვის არათუ სპეციალური, არამედ ბაზისური სოციალური გარანტიების  მინიჭების საჭიროების საკითხი.

სწორედ სახელმწიფოს მიერ გამოჩენილი გულგრილობისა და უყურადღებობის შედეგია, რომ დღეს მუსლიმი მესხების თემში მძიმედ დგას საქართველოში მყოფი, თუმცა მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი ოჯახების ყოფა, რომლებიც ენის ბარიერისა და უკიდურესი სოციალური პრობლემების წინაშე, მარტოდ არიან დარჩენილნი.

წინამდებარე დოკუმენტი მიმოიხილავს რეპატრირებული პირების უფლებრივ მდგომარეობას და იმ ძირეულ ხარვეზებს, რომელიც რეპატრიაციის კანონმდებლობასა და პროცესს ახლდა თან. დოკუმენტში ასევე განხილულია სხვა რელევანტურ ქვეყნებში რეპატრიაციის გამოცდილება, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართული გამოცდილების მოჩვენებითობას და დემონსტრაციულ არაეფექტიანობს. 

მუსლიმი_მესხების_რეპატრაციის_მოჩვენებითი_პოლიტიკა_საქართველოში_1678798510.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის №6279сс დადგენილება საქართველოს სსრ სასაზღვრო რეგიონებიდან თურქი მესხების, ქურთების და ჰემშინების გადასახლების შესახებ. 1944 წლის 31 ივლისი, 1-ელი პუნქტი, ხელმისაწვდომია:https://idfi.ge/public/upload/Blog/official_documents_of_1944_on_the_deportation_of_ethnic_minorities_living_in_southern_georgia.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“