[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

რეპატრირებული მესხების მოქალაქეობის და უფლებების დაცვის საკითხი კვლავ პრობლემურია

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სოციალური ღონისძიებების გატარებისკენ საქართველოდან გადასახლებული მესხებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მხარდაჭერისა და მათი უფლებებისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობისთვის.

XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებული მესხების ნაწილი, რომელიც სხვადასხვა დროს და გზებით უკვე 2000-იან წლებში საქართველოში დაბრუნდა, დღემდე მოქალაქეობის გარეშე ცხოვრობს და მოკლებულია ბაზისურ პოლიტიკურ და სოციალურ უფლებებს. ეს რეალობა გარდა იმისა, რომ მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი ოჯახების უფლებააყრილობასა და სოციალურ მოწყვლადობას განაპირობებს, ისტორიული დევნისა და შევიწროების გამოცდილების მქონე ხალხის მიმართ სოციალური უსამართლობის აღიარებისა და მისი აღდგენის პოლიტიკის სისუსტეზე მიუთითებს.

როგორც ცნობილია, 2000-იანი წლებში, სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების კვალდაკვალ, საქართველომ მიიღო სპეციალური კანონი XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ. კანონის შესაბამისად, რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადი წარდგენილი უნდა ყოფილიყო არა უგვიანეს 2009 წლის 1 ივლისისა. რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირებს კი სტატუსის მინიჭებიდან 2 წლის ვადაში უნდა მიემართათ უფლებამოსილი ორგანოსთვის მოქალაქეობის მოთხოვნით, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ბრძანებულების გამოცემიდან 5 წლის ვადაში დაეტოვებინათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

სამწუხაროდ, კანონით გათვალისწინებული შეზღუდული მექანიზმები, ვადები და რეპატრიაციის პროცესთან დაკავშირებული სუსტი სოციალური და სხვა პროგრამები, არ აღმოჩნდა რეპატრიაციისა და სამართლიანობის აღდგენის რეალური ინსტრუმენტი. ნიშანდობლივია, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან 2021 წლის 2 ივნისს მიღებული ინფორმაციის თანახმად, რეპატრიანტის სტატუსი მიენიჭა 1998 სრულწლოვან პირს. რეპატრიანტის მოწმობის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობა კი გამოიყენა მხოლოდ 496 პირმა.

აღნიშნული სტატისტიკა და მესხების უფლებრივი და სოციალური მდგომარეობის ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ სახელმწიფოს მიერ შექმნილი რეპატრიაციის სისტემა და პოლიტიკა არ აღმოჩნდა ქმედითი და სამართლიანი და რეალურად ვერ მიაღწია ისტორიული სამართლიანობის აღდგენის მიზანს. როგორც ზემოთაც ითქვა, რეპატრიაციის სისტემის არაეფექტუიანობა რამდენიმე ფაქტორით შეიძლება აიხსნას: კანონით დადგენილი ვადების არაგონივრულობა, სტატუსის მოპოვების გამარტივებული პროცედურის და საჭირო დოკუმენტაციის მოპოვების ხელშეწყობის მექანიზმების არარსებობა, სუსტი სოციალური გარანტიები, დაბრუნებისა და რეინტეგრაციის პროაქტიული მხარდაჭერის პროგრამებისა და ინსტრუმენტების არარსებობა.

დღეს მუსლიმი მესხების თემში ყველაზე მძიმედ დგას საქართველოში მყოფი, (ძირითადად შემთხვევაში) რეპატრიანტის სტატუსის მქონე, თუმცა მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი რამდენიმე ოჯახის მდგომარეობა. აღნიშნული ოჯახები ვერ ახერხებენ მოქალაქეობის მიღებას, რადგან მათ უკვე გაუშვეს მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებული პროცედურით სარგებლობის ვადა, მოქალაქეობის მინიჭების სხვა არსებული პროცედურა კი მათთვის გადაულახავ ბარიერებს ქმნის, მათ შორის, ენის არცოდნის, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის, საქართველოში მუდმივად და უწყვეტად ცხოვრების გამოცდილების არ ქონის პირობები.

ამ პირობებში მნიშვნელოვანია გამოიძებნოს სპეციალური სამართლებრივი, ადმინისტრაციული და სოციალური მექანიზმები ამ ჯგუფის მხარდასაჭერად. მათ შორის, ეს შეიძლება გულისხმობდეს:

  • მათი უფლებრივი და სოციალური მდგომარეობის შესწავლას და ბაზისური სოციალური, ჯანდაცვის, ეკონომიკური და სხვა პროგრამების მათზე გავრცელების პირობების შექმნას;
  • მოქალაქეობის მინიჭების საგამონაკლისო წესისა და შესაბამისი პრაქტიკის შექმნას, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული გადასახლებული მესხების სოციალურ ინტერესებთან და იდენტობასთან;
  • მათთვის სახელმწიფო ენის სწავლებასთან დაკავშირებული დამატებითი და პროაქტიული პროგრამების შექმნას.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სათანადო რეაგირების მოთხოვნით უკვე მიმართა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს (მათ შორის, მთავრობას, იუსტიციის მინისტრს). ჩვენი შეფასებით, ისტორიული დევნის, შევიწროებისა და ტრავმატული გამოცდილების ფონზე, გადასახლებული მესხებისთვის სამართლიანი უფლებრივი და სოციალური პირობების შექმნა ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა და ინკლუზიური, თანასწორი საზოგადოების მშენებლობის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

იმედი გვაქვს, სახელმწიფო უწყებებს გააზრებული აქვთ ამ საკითხის მნიშვნელობა და უმოკლეს ვადებში მიიღებენ ადეკვატურ ზომებს მესხების რეპატრიაციის და მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, ასევე სოციალური და უფლებრივი გარანტიების შექმნის პროცესის განახლების მიზნით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“