[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / კვლევა

სახელმწიფო, ეკლესია და პოპულიზმი: 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გამოყენებული პოლიტიკური და საეკლესიო ნარატივების კვლევა

Library Thumbnail Image

გვერდების რაოდენობა:  42

გამოცემის წელი:  2025

მკვლევრები:  სოფო ზვიადაძე

სახელმწიფო_ეკლესია_და_პოპულიზმი_1760438086.pdf

შესავალი

2021 წლის 5 ივლისს, მემარჯვენე რადიკალური ჯგუფების ძალადობრივი კონტრაქციის დროს, სახელმწიფოს დემონსტრაციული უმექმედობა[1], მისი მხრიდან, ეკლესიასთან და მემარჯვენე რადიკალურ ჯგუფებთან ალიანსის ახალი ეტაპის ნიშანი იყო. თუ ბოლო წლებში „ლგბტ-პროპაგანდის შიში“ და ოჯახისა და ტრადიციების დაცვა საეკლესიო დისკურსის ნაწილი იყო, 2021 წლიდან ამ ყოველივემ ამბიონიდან სამთავრობო ტრიბუნაზე გადაინაცვლა და საბოლოოდ სამთავრობო პოლიტიკურ დისკურსად ჩამოყალიბდა. ანტიგენდერულმა რიტორიკამ, ომის და მშიდობის ნარატივმა, სხვა თემებთან ერთად, დროთა განმავლობაში, მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში ცენტრალურ ადგილი დაიკავა. რადგან ანტიგენდერული რიტორიკა მმართველი პარტიის პოპულისტური პოლიტიკის ნაწილად და ზოგადად საქართველოში პოპულისტური შემობრუნების სიმპტომად მიგვაჩნია, კვლევაში მიმოხილულ პოლიტიკური ენის რელიგიურ სემანტიკას პოპულისტური პოლიტიკის წარმოების კონტექსტში განვიხილავთ. ამ მხრივ, 2024 წელი, არა მხოლოდ საარჩევნო წელი, არამედ პოლიტიკური კრიზისის კულმინაციური დროც იყო თანამედროვე საქართველოში.[2]  

ამ პერიოდის შესწავლისას, მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გლობალური საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენებიც, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ახდენენ გავლენას საქართველოზე: იქნება ეს რუსეთ-უკრაინის ომი, მემარჯვენე პოპულიზმის აღზევება ევროპაში, ე.წ. არალიბერალური დემოკრატიული სახელმწიფოების გაძლიერება, დამოკრატიის უკუსვლა თუ ავტორიტარული შემობრუნება აღმოსალეთ ევროპის ქვეყნებში.[3] მართლმადიდებლურ ქვეყნებში ამას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ემატება - რუსეთის „მორალის პოლიტიკა“ და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ტრადიციული ღირებულებების დაცვის პროპაგანდა.[4] როგორც კრისტინა შტოკლი აღნიშნავს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და რუსეთის სახელმწიფო დიდ როლს ასრულებენ გლობალურ კულტურულ ომებში, კერძოდ, გენდერული და რეპროდუქციული უფლებებისა და რელიგიური თავისუფლების შესახებ დისკურსის შექმნაში.[5] რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში, მოახერხა, რომ შეექმნა ცოდნა და გავლენა მოეხდინა მემარჯვენე ქრისტიანული ჯგუფების დინამიკასა და სტრატეგიებზე.[6] საქართველოსთვის, ეს მოვლენები არა უბრალოდ საერთაშორისო ფონი, არამედ ის ფაქტორებიცაა, რომლებიც უშუალო გავლენას ახდენს შიდაპოლიტიკურ და საზოგადოებრივ მდგომაროებაზე. როგორც აღვნიშნეთ, 2024 წელი საქართველოში კრიზისის წელი იყო. ქვეყანაში მიმდინარეობდა პროევროპული და პროდემოკრატიული საპროტესტო მოძრაობის მეორე ტალღა, რომელიც გამოიწვია ე.წ. რუსული კანონის მეორედ ინიცირებამ და მიღებამ.[7] მსგავსი კანონი მიიღეს ან მისი მიღება სცადეს სხვა არალიბერალურმა დემოკრატიებმაც და ის პოსტსოციალისტურ ქვეყნებში ავტორიტარული შემობრუნების ერთ-ერთი სიმპტოპია. როგორც მკვლევრები მიიჩნევენ, ეს პროცესი დეევროპეიზაციის პროცესის დასაწყისიცაა, რაც თავდაპირველად დისკურსულად გამოჩნდა პოლიტიკური ლიდერების განცხადებებში.[8] ფასადური პროევროპული  განცხადებების მიღმა, სამთავრობო ელიტამ,  განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გაამწვავა ანტიევროპული ენა და ამ დისკურსში მნიშვნელოვანი ადგილი ანტილგბტ თემატიკამ დაიკავა.[9] ამრიგად, 2021 და 2022 წლები გარდამტეხ პერიოდად უნდა მივიჩნიოთ[10] როგორც დეევროპეიზაციისთვისაც, ისე პოპულისტური შემობრუნეისთვის. ამ კონტექსტში, 2024 წელი პოლიტიკური ველის რადიკალური რეკონფიგურაციის კულმინაციური პერიოდია. ქართულ პოლიტიკურ დისკურსში, რელიგიური სემანტიკა, პოლიტიკური ენის სულ უფრო პოპულისტურად გახდომის ფონზე, ერთ-ერთ ცენტრალურ როლს ასრულებს. ერთი შეხედვით, ეს პოსტსაბჭოთა საქართველოში ჩამოყალიბებული პოლიტიკის და რელიგიის ურთიერთობის ფორმის ლოგიკურ გაგრძელებად შეგვიძლია მივიჩნიოთ: სახელმწიფოს და ეკლესიის სიახლოვე, მმართველი ძალების მხრიდან პოლიტიკური ლეგიტიმაციისთვის ეკლესიისა და პატრიარქისადმი ლოიალობის გამოხატვა, პოლიტიკური კრიზისის დროს რელიგიის და ეკლესიის მნიშვნელოვნების დემონსტრირება პოლიტიკაში.[11] და მაინც, არსებული მდგომარეობა უფრო კომპლექსურ და შედარებით ახალ კონტურებს გვიჩვენებს ძალაუფლების ამ ორი აქტორის ურთიერთობაში, ვიდრე ეს ეკლესიის და სახელმწიფოს კონტროვერსული სიახლოვე და სეკულარიზმის ნაცნობი პრობლემატიკაა. 

კვლევაში ორ კონცეპტუალურ ხაზს მივყვებით: ეკლესიის და სახელმწიფოს ურთიერთობა წინასაარჩევნო პერიოდში, ანუ პოლიტიკური კრიზისის პერიოდში, რომელიც არჩევნების მასობრივი გაყალბების, აგრესიული ავტორიტარიზმის მშენებლობისა და საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულების ცვლილების ფონზე მიმდინარე აქტიურ პროტესტებს და პოლიტიკურ მოძრაობას უკავშირდება. მეორე ხაზია, მემარჯვენე პოპულიზმის დაჩაქარებული ათვისება ერთ დროს მემარცხენე ცენტრისტული პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ. ამ ორი პერსპექტივით გვსურს გავიგოთ, რა ახალ ტენდენციებს აჩენს კრიზისული პერიოდი სახელმწიფოსა  და ეკლესიის ურთიერთობაში და რას გვიჩვენებს სამთავრობო პოლიტიკურ ნარატივში გაჩენილი რელიგიური სემანტიკა; რა ადგილს იკავებს წინასაარჩევნო პოპულისტურ პოლიტიკურ დისკურში ამომრჩეველთა მობილიზაციისთვის რელიგიის თემატიკა, რელიგიური სიმბოლოები და როგორ არის რელიგიური რიტორიკა დაკავშირებული სხვა პოპულისტურ ნარატივებთან მორალური დიქოტომიის შესაქმნელად.

კვლევაში, ტრადიციების, მორალურის საკითხების და რელიგიის თემების პოლიტიზებას განვიხილავთ არა იმდენად სეკულარიზმის პარადიგმის ჭრილში, არამედ უფრო როგორც მმართველი პარტიის მხრიდან მემარჯვენე პოპულისტური დისკურსის შეთვისების მცდელობად ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბების გზაზე. კვლევაში ასევე გავაანალიზებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოლიტიკურ შეხედულებებს წინასაარჩევნო პერიოდში და მის სავარაუდო სინქრონიზაციას სამთავრობო პოლიტიკურ ნარატივთან. 

სახელმწიფო_ეკლესია_და_პოპულიზმი_1760438086.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1]„5-6 ივლისის მოვლენების სამართლებრივი შეფასება - პირველადი ანალიზი“, სოციალური სამრთლიანობის ცენტრი, 6 სექტემბერი 2021, https://socialjustice.org.ge/ka/products/5-ivlisis-movlenebis-samartlebrivi-shefaseba-pirveladi-analizi

[2] რონალდ გრიგორ სუნი: „საქართველოს ისტორიაში ეს გარდამტეხი ეტაპია“, ინტერვიუ, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 3 სექტემბერი 2024, https://socialjustice.org.ge/ka/products/ronald-grigor-suni-sakartvelos-istoriashi-es-gardamtekhi-etapia  

[3] Bernhard, Michael: Democratic Backsliding in Poland and Hungary, Slavic Review, Volume 80 , Issue 3 , Fall, 2021, 585 – 607, Vachudova, M. A., Dolenec, D., & Fagan, A.: Civic Mobilization against Democratic Backsliding in Post-Communist Europe, East European Politics and Societies, 38(4), 2024, 1144-1165; Cianetti, Dawson & Hanley (eds.):  Rethinking‘Democratic Backsliding’ in Central and Eastern Europe, 2019.

[4] Stoeckl, Kristina and Dmitry Uzlaner: The Moralist International. Russia in the Global Culture Wars. New York: Fordham University Press, 2022.

[5] Stoeckl, Kristina: „The Russian Orthodox Church as moral norm entrepreneur“, Religion, State & Society,, Vol. 44, No. 2, 2016, 132–151; Stoeckl / Uzlaner 2022.

[6] Stoeckl, Kristina and Dmitry Uzlaner 2022.

[7] კანონის შესახებ იხ.  „რა არის რუსული კანონი და რა საფრთხეს უქმნის საქართველოს?“, აი ფაქტი,  30.05.2024, https://tinyurl.com/2wdmw9wb; კვინცხაძე, ხათუნა: კანონის შესახებ იხ. რატომ ეწინააღმდეგება რუსული კანონი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და კანონის უზენაესობის პრინციპებს? , სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 09.05. 2024, https://tinyurl.com/8t87akka

[8]Tsuladze, Lia, Nino Abzianidze, Mariam Amashukeli, and Lela Javakhishvili: „De-Europeanization as Discursive Disengagement: Has Georgia ‘Got Lost’ on Its Way to European Integration?“ Journal of European Integration, 46 (3), 2023, 297–319.

[9] Tusladze et al. 2023.

[10] Tsuladze et al 2023.

[11] Serrano, Silvia: De-secularizing national space in Georgia, Identity Studies, Revue der Ilia State University, Vol. 2, Tbilisi, 2010, 37-58,  Serrano, Silvia: Orthodox Mobilizations and Political Identities in Post-Soviet Georgia, , Journal of Religion in Europe, December 2021, 14 (3-4):225-245; Chitanava, Eka: 2016. Georgia’s Politics of Piety, Open Democracy, 30 September 2016. https://www.opendemocracy.net/od-russia/eka-chitanava/georgia-s-politics-of-piety, Zviadadze, Sophie: State, Church and Post-Soviet Political Theology of the Georgian Orthodox Church, in: Vasilios N. Makrides/Mihai-D. Grigore (eds.): Orthodoxy in the Agora. Orthodox Christian Political Theologies Across History, Vandenhoeck & Ruprecht: Göttingen, 2024, 323-352.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“