[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / ანალიტიკური დოკუმენტები

5-6 ივლისის მოვლენების სამართლებრივი შეფასება - პირველადი ანალიზი

შესავალი

2021 წლის 5 ივლისს, ულტრაკონსერვატორულმა ჯგუფებმა, წინასწარ ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებებით, რასაც თან ახლდა სახელმწიფოს აშკარა უმოქმედობა, ხელი შეუშალეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის“ გამართვას, რომლის ორგანიზატორიც იყო „თბილისი პრაიდი“ და სხვა სამოქალაქო/აქტივისტური ჯგუფები.

აღნიშნული მოვლენები იყო ულტრაკონსერვატორული ჯგუფების მხრიდან ძალადობის წახალისების, საზოგადოებრივი წესრიგის მოშლის და სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი ბაზისური ფუნქციების ვერგანხორციელების ერთგვარი კულმინაცია. სამწუხაროდ, წარსულში ლგბტქ+ პირების მიმართ სხვადასხვა სოციალური, რელიგიური თუ პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან გამოვლენილი აგრესია და ფიზიკური ძალადობა, არ აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის საკმარისი, გადაედგა უფრო ქმედითი ნაბიჯები მათი უფლებების დასაცავად.

„პრაიდის“ და „ღირსების მარშის“ მიმართ საზოგადოებაში არსებობს სხვადასხვა სიმძაფრის კრიტიკა, თუმცა ამ მოვლენებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, თუ რამდენად დაუცველები არიან საქართველოში ლგბტქ+ ადამიანები. 5-6 ივლისის მოვლენებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ სექსუალური უმცირესობების კეთილდღეობას და მშვიდობას საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ცალკეული რადიკალური ჯგუფები, არამედ სახელმწიფოს არსებული პოლიტიკა. 5 ივლისს, სიძულვილის ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებზე არანაკლებ საშიში იყო ძალადობის ეპიცენტრში განზე მდგომი პოლიცია და პოლიტიკური ლიდერების ჰომოფობიური და პოპულისტური განცხადებები.

ამ მოვლენებმა ასევე აჩვენა, რომ სახელმწიფოს მსგავსი არაეფექტიანობა საფრთხეს უქმნის არა რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს, არამედ მთლიანად საზოგადოებრივ წესრიგს და მშვიდობას. 5 ივლისის ძალადობის პირდაპირი ადრესატები ასევე იყვნენ მედია-საშუალებები და ჟურნალისტები, რომელთა მიმართ ძალადობას ასევე ჰქონდა წინასწარ ორგანიზებული ხასიათი. სამწუხაროდ, პოლიციამ ვერც ჟურნალისტების უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო. შედეგად, 5 ივლისს ათეულობით ჟურნალისტმა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის ფიზიკური დაზიანება.

5 ივლისს პოლიციის უმოქმედობა არ უნდა აიხსნას საფრთხეების არასათანადოდ შეფასებით, ან მოუმზადებლობით. ამ მოვლენებში ნათლად ჩანდა, რომ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები იმთავითვე არ აპირებდნენ „პრაიდისთვის“ მსვლელობის ჩატარების შესაძლებლობის მიცემას. ეს განსაკუთრებით ცხადი გახდა მას შემდეგ, როდესაც ღია ძალადობრივი ინციდენტების შემდეგაც კი, სახელმწიფოს არ აღმოაჩნდა საკმარისი პოლიტიკური ნება, გაეტარებინა სამართლებრივი ზომები უშუალოდ ძალადობის ორგანიზატორების მიმართ.

5 ივლისის მოვლენებიდან ორი თვის თავზე, კვლავაც არ არიან პასუხისგებაში მიცემული ძალადობის ორგანიზატორები, აგრეთვე გამოძიება არ არის დაწყებული მშვიდობიანი შეკრებისათვის ხელის შეშლის ფაქტზე. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული და სისხლისსამართალწარმოება უკავშირდება ათეულობით საპროცესო/საგამოძიებო ღონისძიებას, რასაც შესაბამისი დრო სჭირდება, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან კონკრეტული მიმართულებით გამოძიების არდაწყება, აგრეთვე ძალადობის ორგანიზების მიმართ არასაკმარისი ყურადღება უკვე აჩვენებს, რომ ზოგადად არ არსებობს ამ ინციდენტების სრულყოფილად გამოძიების ნება. აღნიშნულ მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს წარსული გამოცდილება, როცა ხელისუფლება სხვადასხვა მიზნით ახდენდა აღნიშნული ძალადობრივი და ულტრაკონსერვატორული ჯგუფების ინსტრუმენტალიზებას.

წარმოდგენილ დოკუმენტში გაანალიზებულია 5 ივლისის ძალადობრივი ინციდენტები, როგორ ვითარდებოდა ამ დღის მოვლენები და რა განცხადებები უძღოდა მათ წინ. აგრეთვე, საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების შუქზე, სამართლებრივად არის გაანალიზებული ულტრაკონსერვატორული ჯგუფების მოქმედებები და ის, თუ რამდენად შეიძლება ჩაითვალოს მათი მოქმედება მშვიდობიან კონტრ-დემონსტრაციად. დოკუმენტში კრიტიკულად არის შეფასებული სახელმწიფოს რეაგირება ძალადობრივ ინციდენტებზე, თუმცა დაზუსტებისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფაქტებზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

5 ივლისის მოვლენებიდან ორი თვის თავზე, ნათელია, რომ:

  • სახელმწიფოს არ გააჩნია ძალადობისა და ჰომოფობიის პრევენციის ეფექტიანი და ინკლუზიური პოლიტიკა და პრაქტიკა. აღნიშნულ პრობლემებს სახელმწიფო უყურებს მხოლოდ საპოლიციო პრიზმიდან, რაც უკიდურესად არაეფექტიანი და ხშირ შემთხვევაში, კონტრპროდუქტიულია;
  • 5 ივლისს „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ მობილიზებული ჯგუფების ლიდერების მიზანს წარმოადგენდა არა მშვიდობიანი შეკრება, არამედ ძალადობის გზით „ღირსების მარშის“ ჩატარებისთვის ხელის შეშლა, რაც იმთავითვე უნდა გამხდარიყო კონტრ-დემონსტრაციის დაგეგმილი ფორმითა და შინაარსით აკრძალვის საფუძველი;
  • 5 ივლისს, პოლიციამ არ უზრუნველყო მშვიდობიანი მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის უფლება, აგრეთვე მედიის უსაფთხოება;
  • სახელმწიფოს რეაგირება 5 ივლისის მოვლენებზე არაერთი მიმართულებით აჩენს კითხვებს, უპირველეს ყოვლისა კი პრობლემურია ძალადობრივი ინციდენტების უშუალო ორგანიზატორების დაუსჯელობა;
  • უკიდურესად არაეფექტიანი აღმოჩნდა საქართველოს პარლამენტიც, რომელმაც არ გამოიყენა არსებული მექანიზმები აღმასრულებელი ხელისუფლების, კონკრეტულად კი პოლიციის მოქმედებების სიღრმისეული შეფასებისთვის;

5_ივლისის_მოვლენების_სამართლებრივი_შეფასება_1630915639.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“