[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / კვლევა

კონფლიქტის რეგიონების გაშუქება ქართულ ტელემედიაში

Library Thumbnail Image

გვერდების რაოდენობა:  51

გამოცემის წელი:  2025

მკვლევრები:  ლაშა ქავთარაძე

კონფლიქტის_რეგიონების_გაშუქება_ქართულ_ტელემედიაში_Geo_1748330972.pdf

შესავალი

„აფხაზეთის ამბებს ძალიან დაშორებულები ვართ, ჩემი გადაცემა, მე თვითონაც, ძალიან იშვიათად ვაშუქებ იმას, რაც იქ ხდება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა... პრინციპში ყველაფერი გვეხება, რასაკვირველია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, რომელიც ძალიან გვეხება და ვხედავთ ჩვენს მომავალს...“ - 2024 წლის 12 ნოემბერს, ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემის, „განსხვავებული აქცენტები“, წამყვანმა ეკა კვესიტაძემ, აფხაზეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების შესახებ გადაცემა სწორედ ამ შესავლით წარადგინა.

ჟურნალისტის ეს სიტყვები კარგად ასახავს ქართულ მეინსტრიმულ მედიაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონთან დაკავშირებული თემების გაშუქების ზოგად ტენდენციას. წამყვანი ქართული ტელევიზიები სხვადასხვა მიზეზის გამო — მათ შორის, შეზღუდული ადამიანური და ფინანსური რესურსების, თუ პოლიტიკური და სარედაქციო კონიუნქტურისა და კონფლიქტების თემაზე დომინანტური პოლიტიკური წარმოდგენების გამო — შესამჩნევად მცირე დროსა და ენერგიას ხარჯავენ კონფლიქტის რეგიონებში მიმდინარე შიდა ამბების გაშუქებაზე. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ დისკურსში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რეგიონი საქართველოს სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად არის მონიშნული, ტელემედიების სარედაქციო პოლიტიკა და პრაქტიკა ამ ორ რეგიონთან დაკავშირებული ამბების გაშუქების კუთხით არსებით წინააღმდეგობაშია ამ დისკურსთან. ეს, შესაძლოა, აიხსნას არაღიარების დომინანტური პერსპექტივით, რომელიც კონფლიქტებს, მათ ისტორიასა და სამშვიდობო პოლიტიკას, მეტწილად, გეოპოლიტიკური პერსპექტივიდან უყურებს. იგი ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს კონფლიქტის ქართულ-აფხაზურ/ქართულ-ოსურ განზომილებას და პრაქტიკულად ართმევს პოლიტიკურ აგენტობას ადგილობრივ პოლიტიკურ ელიტებსა და საზოგადოებებს.

შედეგად, ქართულ ტელეაუდიტორიას არ აქვს შესაძლებლობა, რომ სიღრმისეული წარმოდგენა შეიქმნას იმის შესახებ, თუ რა ხდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რა მოვლენებია წამყვანი იქაურ პოლიტიკურ, სოციალურ თუ კულტურულ ცხოვრებაში და როგორია ამ რეგიონებში მცხოვრებთა ყოველდღიურობა, წუხილები, შიშები და ინტერესები.

ეს პრობლემური ტენდენცია მედიაში დასაქმებულებსაც აქვთ გააზრებული. როგორც ლაშა ზარგინავას (2022) ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, თავად მედიამუშაკების მხოლოდ და მხოლოდ 6%-მდე ფიქრობს, რომ ქართული მედია სათანადოდ აშუქებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ თემებს. დაახლოებით 60% კი მიიჩნევს, რომ ეს თემები მედიაში არასათანადოდაა გაშუქებული. მეტიც, რესპონდენტთა 30%-მდე „ვერ იხსენებს, როდის გაშუქდა მის მედიასაშუალებაში, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული თემები“ (ზარგინავა, 2022, გვ. 8).

ეს ტენდენცია ხელს უწყობს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხსა და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ ხალხს შორის არსებული გაუცხოებისა და მტრული დამოკიდებულების კიდევ უფრო გაღრმავებას. ამგვარი გაუცხოების დაძლევაში მედიის როლზე საუბარი კი, უპირველეს ყოვლისა, არსებული პრაქტიკისა და ტენდენციების ემპირიული აღწერით უნდა დაიწყოს. შესაბამისად, წინამდებარე კვლევის მიზანი იყო, თვისებრივად შეგვესწავლა ქართულ ტელემედიაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონთან დაკავშირებული ამბების გაშუქება. აქედან გამომდინარე, მედიამონიტორინგი მიზნად ისახავდა ქართული ტელემედიების სარედაქციო პოლიტიკაში კონფლიქტის რეგიონებთან დაკავშირებული თემებისადმი ინტერესისა და გაშუქების ძირითადი ტენდენციების გაანალიზებას.

ანგარიშის მომდევნო თავში აღწერილია კვლევის თეორიული ჩარჩო, რომელიც ეფუძნება მშვიდობის ჟურნალისტიკის ცნებასა და კონფლიქტის მგრძნობიარე გაშუქების პრინციპებს. ეს თეორიული ჩარჩო, ამოსავალ წერტილად იღებს მედიის მნიშვნელოვან როლს განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებასა და წარმოდგენების ტრანსფორმაციაში. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან დაკავშირებული თემები კი ქართულ საზოგადოებაში სწორედ ასეთი თემებია. თეორიული ჩარჩოს მიმოხილვას მოსდევს კვლევის მეთოდოლოგიის აღწერა, რომელიც მოიცავს მედიასაშუალებების შერჩევის კრიტერიუმებს და მონიტორინგის დროს გამოყენებულ მიდგომას შესაბამისი მედიამასალების გამოვლენისა და შინაარსობრივი ანალიზისთვის. აღნიშნული ქვეთავი ასევე მიმოიხილავს კვლევის შეზღუდვებს, რომლებიც ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებებით იყო განპირობებული. მაგალითად, ამგვარ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ მკვლევრის იდენტობა, კვლევის ჩატარებისათვის შერჩეული პერიოდი, ჟურნალისტიკის როგორც პროფესიული პრაქტიკისა და სფეროს სპეციფიკა და ტექნიკური საკითხები, როგორიცაა სატელევიზიო ეთერების დაარქივების დროს არსებული არათანმიმდევრულობა. შემდგომი ორი თავი კვლევის მთავარ მიგნებებსა და მედიაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან დაკავშირებული თემების გაშუქების ტენდენციებს მიმოიხილავს და მათ საილუსტრაციო მაგალითებს უყრის თავს. კვლევის დასკვნით ნაწილში კიდევ ერთხელ არის შეჯამებული კვლევის მთავარი მიგნებები, რომლებსაც შემდგომ მედიებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები ეფუძნება.

კონფლიქტის_რეგიონების_გაშუქება_ქართულ_ტელემედიაში_Geo_1748330972.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“