[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

სასამართლომ გოტა ჭანტურია გზის გადაკეტვისთვის 315 000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გოტა (გიორგი) ჭანტურია გზის სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის 315 000 ლარით დააჯარიმა. 18 ნოემბერს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ ძალაში დატოვა მის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  245 000 ლარის ოდენობით შედგენილი  ჯარიმები. 19 ნოემბერს კი იგივე გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე კობა ჩაგუნავამაც და გოტა ჭანტურია დამატებით, 70 000 ლარით დააჯარიმა.

გოტა ჭანტურია მარშში მონაწილეობისთვის შსს-მ 2025 წლის 11 თებერვლიდან  29 სექტემბრამდე პერიოდში  ჯამში 365 000 ლარით (73-ჯერ) დააჯარიმა. სხვადასხვა ეპიზოდზე მის  მიმართ შედგენილ ჯარიმები დამატებით ასევე უნდა განიხილოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ და ზვიად ცეკვავამ. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმის მასალების მიხედვით, მხოლოდ  1-ელ ოქტომბერს შსს-ს წარმომადგენელმა მისი იდენტიფიცირების მიზნით 11 საათის ხანგრძლივობის ვიდეო ჩანაწერი უწყვეტად დაათვალიერა და გოტა ჭანტურიას 6 საჯარიმო ქვითარი შეუდგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილულ ყველა ეპიზოდზე, მათ შორის, სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ვიდეო მასალიდან, ცალსახად იდენტიფიცირდებოდა, რომ გოტა ჭანტურია ე.წ. საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშთან ერთად უკვე გადაკეტილ რუსთაველის გამზირს ყოველდღიურად უერთდებოდა. პროტესტის კერის საწყის ლოკაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის  შენობა წარმოადგენდა, საიდანაც განხილული საქმეების ყველა შემთხვევაში, მარშს სამართალდამცავები მიყვებოდნენ. მსვლელობის დასრულების შემდგომ, მარშის მონაწილეები სოციალური თუ პოლიტიკური შინაარსის საპროტესტო გზავნილებს რუსთაველის გამზირზე აჟღერებდნენ, რაც მათი შეკრების უფლებით სარგებლობის და პროტესტის განუყოფელი ნაწილი იყო.

საქმის განმხილველ არც ერთ მოსამართლეს სათანადოდ არ შეუფასებია არც აქციის მონაწილეთა რაოდენობა და არც ის გარემოება, რომ ამ თვეების განმავლობაში, უმეტეს შემთხვევაში, პოლიცია თავად კეტავდა გზის სავალ ნაწილს, რის შემდეგაც აქციის, მათ შორის, მარშის მონაწილეები გზის სავალ ნაწილს იკავებდნენ. გარდა ამისა, სასამართლომ ამ დრომდე ვერ გასცა პასუხი შეკითხვას - ობიექტური დამკვირვებლისთვის რა შეიძლება ჩაითვალოს აქციის მონაწილეთა საკმარის რაოდენობად, რომელიც, სასამართლოს აზრით, საკმარისი იქნება სატრანსპორტო გზის გადაკეტვისთვის. ეს საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დგას, იმის გათვალისწინებით, რომ პოლიცია დისკრეციულ უფლებამოსილებას გზის სავალი ნაწილის სრულად ან ნაწილობრივ გახსნასთან დაკავშირებით, ობიექტური, აშკარა და თვალსაჩინო კრიტერიუმების გარეშე, თვითნებურად იყენებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ რეპრესიული მექანიზმის გამოყენება და  ერთგვაროვანი ქმედებების გამო პირის 315 000 ლარით დაჯარიმება პროტესტში აქტიურად ჩართული პირის მიმართ სამაგალითო დასჯის მორიგი დადასტურებაა.

არასაჭიროდ ან არაპროპორციულად მკაცრი სანქციებს აქვთ განგრძობითი მსუსხავი ეფექტი და მოქალაქეებს შეკრებაში მონაწილეობისგან თავის შეკავებისკენ უბიძგებს.[1] ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები მკაფიოდ უთითებს, რომ სანქციები მცირე მნიშვნელობის სამართალდარღვევისთვის, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს არ უქმნის საჯარო წესრიგს და სხვების უფლებებს და თავისუფლებებს, უნდა იყოს ისეთივე დაბალი, როგორიც იმავე მნიშვნელობის სამართალდარღვევებისთვის, რომელიც შეკრებას არ უკავშირდება.[2]

ჯერ კიდევ მარტში მიღებულ დასკვნაში ეუთო/ოდირი (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი), აღნიშნავს, რომ 5000 ლარიანი ჯარიმა, რომელიც საქართველოში ყოველთვიურ საშუალო ხელფასს მნიშვნელოვნად აღემატება, იქონიებს „მსუსხავ ეფექტს“ იმ პირებზე, რომლებიც  შეკრების უფლებით სარგებლობენ.  ოდირის თანახმად, ჯარიმების ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით პროტესტთან დაუკავშირებელი მცირე მნიშვნელობის სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებულ სანქციებს. შესაბამისად, მიმდინარე წლის მარტში ოდირმა საქართველოს მთავრობის მიმართ გასცა რეკომენდაცია, გადაეხედა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის კოდექსის 174¹ მუხლით დაწესებულ ჯარიმებისთვის  და არსებითად შეემცირებინა მათი ოდენობა, პროპორციულობის პრინციპის დაცვით. ამის ნაცვლად, მიმდინარე წლის ოქტომბერში მიღებული ცვლილებებით, კიდევ უფრო გამკაცრდა პასუხისმგებლობა შეკრებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის და მათი განმეორებითი ჩადენა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა. ამ ფონზე სასამართლო არ მსჯელობს უწყვეტი პროტესტის ფარგლებში მშვიდობიანი გამოხატვის ფორმების კრიმინალიზებას როგორი ეფექტი ექნება მოქალაქეების მიერ სამოქალაქო და პოლიტიკური კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობაზე.

“ქართული ოცნება” ყველა საშუალებით ებრძვის მშვიდობიან პროტესტს და შეკრების მონაწილეების მიმართ პრაქტიკულად სისხლისსამართლებრივ სასჯელთან გათანაბრებულ სანქციებს მიზანმიმართულად იყენებს. აშკარაა, რომ უკიდურესად მაღალი ჯარიმების მიზანი პროტესტში ჩართული ადამიანებისთვის არაპროპორციული სოციალური ტვირთის დაკისრება და შიშის ატმოსფეროს შექმნაა.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ODIHR-Venice Commission, Guidelines on Freedom of Peaceful Assembly, პარაგრაფი 222.

[2] იქვე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“