[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

შეკრების თავისუფლების კრიმინალიზება საქართველოში უპრეცედენტო ფორმებს იღებს

2025 წლის 8 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დააინიცირეს. პროექტი დაჩქარებული წესით მიიღება და ითვალისწინებს ცვლილებებს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში.[1] კანონპროექტების განმარტებითი ბარათები ფაქტობრივად დაუსაბუთებელია და ცვლილებების საჭიროებას მხოლოდ „პროპორციული პასუხისმგებლობის“ დადგენის აუცილებლობით  ხსნის.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (შემდგომში: ასკ) შესატანი ცვლილებებით,[2] პასუხისმგებლობა მკაცრდება რამდენიმე სამართალდარღვევისთვის.  მათ შორისაა:

  • საპროტესტო აქციაზე სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა (ასკ-ის 1741 მუხლის მე-7 პუნქტი). თუ ამჟამინდელი რედაქციით ეს ქმედება 2000 ლარის ოდენობის ჯარიმას ან 7 დღემდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს, კანონპროექტის მიღების შემდეგ, სახდელის სახით მხოლოდ ადმინისტრაციული პატიმრობა დარჩება. ამავდროულად იზრდება მისი მაქსიმალური ვადა 15 დღემდე.[3]
  • შეკრება-მანიფესტაციაზე ცეცხლსასროლი, ფეთქებადი, პიროტექნიკული და სიცოცხლისთვის საშიში საშუალებების ქონა (ასკ-ის 1741 მუხლის მე-5 ნაწილი).[4] თუ მოქმედი რედაქციით ეს სამართალდარღვევა 5000 ლარის ოდენობის ჯარიმას ან 15 დღემდე ვადის პატიმრობას ითვალისწინებს, კანონპროექტით იგივე ქმედებისთვის მხოლოდ ერთი სახის სახდელი (ადმინისტრაციული პატიმრობა მაქსიმალური 60 დღიანი ვადით) არის გათვალისწინებული.[5]
  • დროებითი კონსტრუქციის (მაგალითად სცენა, გენერატორი, კარავი და ა.შ.) მოწყობა (ასკ-ის 1741 მუხლის მე-5 ნაწილი).[6] მოქმედი კოდექსი ამ სამართალდარღვევისთვის 5000 ლარის ოდენობის ჯარიმას ან 15 დღემდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს, კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ კი ამ ქმედებისთვის სახდელის სახით გათვალისწინებული იქნება მხოლოდ პატიმრობა (15 დღემდე, ხოლო ორგანიზატორის შემთხვევაში - 20 დღემდე ვადით).
  • ხალხის ან ტრანსპორტის მოძრაობისთვის დაბრკოლებების შექმნა, მათ შორის გზის სავალი ნაწილის სრული ან ნაწილობრივი გადაკეტვა (ასკ-ის 1741 მუხლის მე-5 ნაწილი).[7] როგორც წინა შემთხვევაში, ამ სამართალდარღვევისთვისაც საჯარიმო სახდელი უქმდება და იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ზედა ზღვარი.

სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებებით:[8]

  • არსებითად იცვლება სსკ-ის 347-ე მუხლის შემადგენლობა - მოქმედი კანონმდებლობით, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა მხოლოდ ორგანიზატორისთვის ქმნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, თუ ამან მძიმე შედეგი გამოიწვია. კანონპროექტი კი ცალკეულ შემთხვევებში შეკრების მონაწილეებსაც აქცევს ამ დანაშაულის შემადგენლობაში. ინიცირებული ცვლილებით, შსს-ის მიერ დაშლილ აქციაში მონაწილეობა, გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, ნიღბით სახის დაფარვა, დროებითი კონსტრუქციის მოწყობა ან ცრემლსადენი საშუალების ტარება იმავე ქმედებებისთვის სახდელდადებული პირის მიერ, გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამ ქმედებებისთვის მხოლოდ თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.
  • იქმნება ახალი დანაშაულის შემადგენლობა - კანონპროექტით დანაშაულის შემადგენლობას ქმნის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ან სხვა საჯარო მოხელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან მათი შეურაცხყოფა, თუ ამ პირს 173-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის[9] ჩადენისთვის უკვე აქვს სახდელი დადებული. სასჯელის სახით ამ შემთხვევაშიც მხოლოდ თავისუფლების აღკვეთაა  (ერთ წლამდე ვადით) გათვალისწინებული.
  • მკაცრდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორის მიერ შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის. მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი ამ ქმედებისთვის რამდენიმე ალტერნატიულ არასაპატიმრო სასჯელს ითვალისწინებს (თავისუფლების აღკვეთა გათვალისწინებულ არ არის). კანონპროექტი კი ორგანიზატორისთვის მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესაძლებლობა ითვალისწინებს (ოთხ წლამდე ვადით).

აშკარაა, რომ ინიცირებული ცვლილებები თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის ჩახშობის მიზნით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. კანონპროექტების ინიცირებამდე ორი დღით ადრე ირაკლი კობახიძემ დაანონსა შეკრების მონაწილეების მიმართ „მეთოდური და სისტემური ნაბიჯების გადადგმა და ნული თანაგრნძობა ამ ადამიანების მიმართ.“[10] რეპრესიული და ადამიანის უფლებების სტანდარტების საწინააღმდეგო საკანონმდებლო მექანიზმების შემოღება ამ სისტემური მიდგომის  პირველი ნაბიჯი აღმოჩნდა.

ქვეყნის მასშტაბით, 320 დღეზე მეტია მოქალაქეები უწყვეტად იკრიბებიან ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. ყოველდღიური პროტესტის ფონზე, ათი თვის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პარლამენტმა რამდენიმე ეტაპად მიიღო შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი საკანონმდებლო ცვლილებები. 2024 წლის 13 დეკემბრის,[11] 2025 წლის 6 თებერვლისა[12] და 2 ივლისის[13] ცვლილებებით, რამდენჯერმე გაიზარდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისა და დანაშაულებისთვის გათვალისწინებული სანქციის ოდენობა, შემოღებულ იქნა უკიდურესად რეპრესიული საპოლიციო მექანიზმები, რომლებიც სამართალდამცველებს მოქალაქეების კონტროლის ფაქტობრივად შეუზღუდავ უფლებამოსილებას ანიჭებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა შემთხვევაში საკანონმდებლო ცვლილებები მიღებულ იქნა რამდენიმე დღეში,  დაჩქარებული წესით - დემოკრატიული კანონშემოქმედების პრინციპების დარღვევით, არგუმენტირებული განმარტებითი ბარათის გარეშე და ოპოზიციისა თუ სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გარეშე.

2025 წლის 6 თებერვლის საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ გამოქვეყნდა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მოსაზრებები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების შემზღუდველ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.[14] ორივე მათგანი მკაფიოდ აფიქსირებს, რომ შეკრების მარეგულირებელი წესების დარღვევისთვის გაზრდილი პასუხისმგებლობის ზომები არაპროპორციულია და არაპირდაპირ იწვევს შეკრების/გამოხატვის თავისუფლების უფლებებში ჩარევას. ამის მიუხედავად, უკანასკნელი რამდენიმე თვის პერიოდში „ქართული ოცნების“ პარლამენტმა უკვე მეორედ კიდევ უფრო გაამკაცრა პასუხისმგებლობა იმავე სამართალდარღვევებისთვის, რაც აჩვენებს, რომ მმართველი გუნდი სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და სტანდარტებს.

როგორც უკვე აღინიშნა, 2025 წლის 8 ოქტომბერს ინიცირებული კანონპროექტით სანქცია მკაცრდება ბევრ ისეთ სამართალდარღვევაზე, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში რამდენჯერმე უკვე შეეხო პასუხისმგებლობის ზომის გამკაცრება. მაგალითად, 2024 წლის 28 ნოემბრამდე გზის სავალი ნაწილის დაკავებისთვის, 500 ლარის ოდენობის ჯარიმა ან 15 დღემდე ვადით პატიმრობა იყო გათვალისწინებული. ამ ქმედებისთვის პირველ ეტაპზე 4-ჯერ გაიზარდა ჯარიმის ოდენობა, კანონპროექტის მიღების შემთვევაში კი გზის სავალი ნაწილის დაკავება სახდელის ყველაზე მკაცრი ზომით - ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება.

ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები მოითხოვს, რომ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენება აქციის მონაწილის ან ორგანიზატორის მიმართ უნდა იქნას განხილული როგორც უკიდურესი ზომა, პროპორციულობის მკაცრი ტესტის დაცვით. სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენების შემთხვევაშიც კი მაქსიმალურად უნდა იქნას არიდებული თავისუფლების აღკვეთის შეფარდება პროტესტის მონაწილეების მიმართ. ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს შეკრების მნიშვნელობა როგორც კონკრეტული ინდივიდისთვის, ისე მთელი საზოგადოებისთვის.[15]

რამდენიმე ეტაპად განხორციელებული რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, კიდევ ერთი საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება მკაფიოდ აჩვენებს, რომ ქართული ოცნება ყველა საშუალებით ებრძვის მშვიდობიან პროტესტს და შეკრების მონაწილეების მიმართ ფაქტობრივად სრულად საპატიმრო სანქციებზე ორიენტირებულ დასჯის მეთოდებს ირჩევს. განსაკუთრებულად პრობლემურია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ინსტრუმენტალიზების შემდეგ სულ უფრო და უფრო აქტიურად იყენებს სისხლისსამართლებრივ მექანიზმებს პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ. დანაშაულის შემადგენლობის გაფართოება აშკარად აჩვენებს, რომ მმართველი გუნდის მიზანია არამხოლოდ შეკრების ორგანიზატორებსა და განსაკუთრებულად აქტიურ მონაწილეებზე, არამედ პროტესტის თითოეულ მონაწილეზე ზემოქმედება და მათი დასჯა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესატანი ცვლილებები უხეშად ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ნაცვლად ლეგიტიმური მიზნებისა, მმართველი გუნდის პოლიტიკური ინტერესების გატარებას ემსახურება. სრულად მიტაცებული და პარტიულ დღის წესრიგს დაქვემდებარებული სახელმწიფო ინსტიტუტების, პირველ რიგში კი, სასამართლო ხელისუფლების პირობებში, რომელიც ძალაუფლების შეკავების და გაწონასწორების ფუნქციას ვერ ასრულებს, რეპრესიული კანონები კიდევ უფრო მძიმე შედეგებით ემუქრება საპროტესტო პროცესებში ჩართულ მოქალაქეებს. 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] პუბლიკა, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/kr93R4mT

[2] „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/ur93TTgg

[3] კანონპროექტის პირველი  მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნტი.

[4] “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „მე-2 პუნქტის ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები.

[5] კანონპროექტის პირველი მუხლის  პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.

[6] “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი.

[7] “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და მე-111 მუხლი.

[8] “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/xr93TSIK

[9] ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის ან სხვა საჯარო მოხელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ან შეურაცხყოფისთვის.

[10] პუბლიკა, 06.10.2025. ხელმისწვდომია: https://cutt.ly/ar93OPMa

[11]სოციალური სამართლიანობის ცენტრი, პროტესტების წინააღმდეგ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების სისტემური ანალიზი, 27.12.2024. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/vrTFK0Dh

[12] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების კრიტიკული ანალიზი, 13.02.2025. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/nrTFJIER

[13] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი რეპრესიული ცვლილებებით, "ქართული ოცნება" მოქალაქეთა დასჯისა და ტერორისთვის კიდევ უფრო გამარტივებულ პირობებს ქმნის, 02.07.2025. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/rr98J1Kv

[14] IDFI -  ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის შეფასებები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების შემზღუდველ რეპრესიულ ცვლილებებზე, 20.03.2025. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/lrTF2Avu

[15] Amnesty International  - GUIDELINES ON THE RIGHT TO FREEDOM OF PEACEFUL ASSEMBLY, P. 10.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“