საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63


31 მაისს საქართველოში პოლიციელის დღე აღინიშნება.
ეს თარიღი მხოლოდ პროფესიული დღესასწაული არ არის. ის შესაძლებლობას გვაძლევს, დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა როლი აქვს პოლიციას დემოკრატიულ საზოგადოებაში, ვის წინაშეა იგი ანგარიშვალდებული და რამდენად ემსახურება მისი საქმიანობა ადამიანის უფლებების, სოციალური სამართლიანობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნებს.
საქართველოს უახლესი ისტორია მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საზოგადოების დამოკიდებულებას უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის საკითხების მიმართ. 1990-იანი წლების პოლიტიკური კოლაფსი, შეიარაღებული კონფლიქტები, კრიმინალის მაღალი დონე და სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტე მრავალი მოქალაქისთვის დაუცველობის, ძალადობისა და სამართლებრივი ქაოსის გამოცდილებად იქცა. სწორედ ამიტომ, წესრიგის, უსაფრთხოებისა და ეფექტიანი სამართალდამცავი ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებრივი მოთხოვნა საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებით მაღალი იყო.
ამ ისტორიულ კონტექსტში პოლიციის რეფორმებმა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მხარდაჭერა მოიპოვა. თუმცა, საქართველოს გამოცდილებამ ასევე აჩვენა, რომ ეფექტიანობა და დემოკრატიულობა ყოველთვის ერთი და იგივე არ არის. ინსტიტუციური მოდერნიზაცია, კორუფციის შემცირება და დანაშაულთან ბრძოლა თავისთავად არ ქმნის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ სამართალდამცავ სისტემას.
სწორედ იმ პერიოდშიც, როდესაც ქართული პოლიციის რეფორმა საერთაშორისო დონეზე წარმატებულ მაგალითად მიიჩნეოდა, არსებობდა სერიოზული უფლებრივი პრობლემები. არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია მიუთითებდა არასათანადო მოპყრობის, იძულებითი აღიარებების, პოლიტიკური ნიშნით დევნის, გადაჭარბებული სახელმწიფო კონტროლისა და ძალოვანი ინსტიტუტების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე. ამ გამოცდილებამ ნათლად აჩვენა, რომ დემოკრატიული პოლიციის შექმნა გაცილებით რთული ამოცანაა, ვიდრე ინსტიტუციური განახლება ან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.
ბოლო წლების განვითარებამ ეს პრობლემა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა. საქართველოში სულ უფრო აშკარა გახდა ძალაუფლების კონცენტრაცია სამართალდამცავ სისტემაში, მისი მზარდი პოლიტიზაცია და პოლიციის გამოყენება პოლიტიკური პროცესების სამართავად. ასეთ პირობებში პოლიცია თანდათან კარგავს ნეიტრალური საჯარო ინსტიტუტის ფუნქციას და იზრდება რისკი, რომ იგი მმართველი პოლიტიკური წესრიგის დაცვის ინსტრუმენტად გადაიქცეს.
ამ პროცესების ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებად 2024-2025 წლების საპროტესტო აქციების დროს განვითარებული მოვლენები იქცა. სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის 15 აპრილიდან 2025 წლის 1 მარტამდე პერიოდში სახალხო დამცველმა და მისმა წარმომადგენლებმა მოინახულეს საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაშავებული 624 პირი. მათგან 360, ანუ 57.7%, არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა.
მონაცემები განსაკუთრებით მძიმე სურათს აჩვენებს 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან დაწყებული საპროტესტო ტალღის პერიოდში. 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე მონახულებული 442 პირიდან 267, ანუ 60%, აცხადებდა, რომ სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. კიდევ უფრო საგანგაშოა აქციების დაშლის პირველი დღეების მონაცემები: 2024 წლის 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე პერიოდში მონახულებული პირების 79.5% საუბრობდა არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 2025 წლის 2-3 თებერვალს მონახულებული 25 პირიდან 22, ანუ 88%, ძალადობის გამოცდილებაზე მიუთითებდა.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ამ მონაცემების ისტორიულ ჭრილში განხილვა. სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი შედარებითი მონაცემების მიხედვით, 2019 წლის 20-21 ივნისის აქციების შემდეგ მონახულებულ პირთა 30.2% საუბრობდა არასათანადო მოპყრობაზე, 2023 წლის 7-9 მარტის აქციების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 20.8%-ს შეადგენდა, 2024 წლის აპრილ-მაისის აქციებზე კი უკვე 51.1%-მდე გაიზარდა, ხოლო 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის მარტამდე 60%-ს მიაღწია. ეს დინამიკა მიუთითებს არა ცალკეულ შემთხვევებზე, არამედ მზარდ და სისტემურ პრობლემაზე.
როდესაც ვსაუბრობთ ამ მასშტაბის ძალადობაზე ცხადია, რომ საკითხი ვეღარ დაიყვანება მხოლოდ ინდივიდუალურ გადაცდომებზე ან ცალკეული თანამშრომლების პასუხისმგებლობაზე. ასეთ ვითარებაში პრობლემის წყარო უნდა ვეძებოთ ინსტიტუციურ კულტურაში, ძალის გამოყენების პრაქტიკაში, ზედამხედველობის მექანიზმების სისუსტესა და პოლიტიკური გავლენების ზრდაში.
ამავე კონტექსტში უნდა შეფასდეს გორში ბოლო დღეებში მომხდარი შემთხვევაც, რომელშიც მოქალაქის მიმართ სასტიკ ძალადობაში ათზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა. მნიშვნელოვანია, რომ საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რამდენიმე სამართალდამცავი დააკავეს. თუმცა, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის საკმარისი არ არის მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებზე რეაგირება. აუცილებელია ისეთი ინსტიტუციური გარემოს შექმნა, სადაც მსგავსი ფაქტები სისტემურად იქნება პრევენცირებული.
პოლიციისა და უსაფრთხოების შესახებ დისკუსია მხოლოდ ძალადობის შემთხვევებით არ ამოიწურება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ რა ტიპის სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს სახელმწიფო და როგორ ესმის მას დანაშაულთან ბრძოლა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლა მნიშვნელოვანწილად უკავშირდებოდა „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის კრიტიკას და სისხლის სამართლის სისტემის ლიბერალიზაციის დაპირებას. მმართველობის საწყის წლებში გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, მათ შორის ფართომასშტაბიანი ამნისტიის გზით. თუმცა, 13 წლის შემდეგ რეალობა სრულიად განსხვავებულ სურათს გვაჩვენებს.
2025 წლის მონაცემებით საქართველოში 22 767 მსჯავრდებულია, რაც თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ევროპის საბჭოს ბოლო მონაცემების მიხედვით კი საქართველო პატიმართა რაოდენობით, 100 000 მოსახლეზე გაანგარიშებით, ევროპის საბჭოს 46 წევრ სახელმწიფოს შორის მეორე ადგილზეა. ეს მონაცემები აჩვენებს, რომ მიუხედავად რიტორიკისა, სახელმწიფო კვლავ მნიშვნელოვანწილად სადამსჯელო და კონტროლზე ორიენტირებულ ლოგიკას ეყრდნობა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კითხვა, თუ რას პასუხობს ეს მკაცრი პოლიტიკა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში დანაშაულის ყველაზე დიდი ნაწილი საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ და ნარკოტიკულ დანაშაულებზე მოდის. 2025 წელს რეგისტრირებული დანაშაულების დაახლოებით 31% საკუთრების წინააღმდეგ იყო მიმართული. ამავე დროს, 22 767 მსჯავრდებულიდან 17 967, ანუ დაახლოებით 79%, უმუშევარია.
ეს მონაცემები მიუთითებს, რომ დანაშაულის მნიშვნელოვანი ნაწილი მჭიდროდ არის დაკავშირებული სოციალურ და ეკონომიკურ მოწყვლადობასთან. განსაკუთრებით საგანგაშოა ვითარება არასრულწლოვნებში. 2025 წლის მონაცემებით, განრიდებულ არასრულწლოვანთა 57%-ს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. საქართველოს პროკურატურის მონაცემებით, ამ კატეგორიის არასრულწლოვანთა დაახლოებით 17%-ის შემთხვევაში ერთი ან ორივე მშობელი ემიგრაციაში იმყოფებოდა, ხოლო 46%-ის შემთხვევაში მხოლოდ ერთი მშობელი იყო დასაქმებული. საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენ პირთა 37.3%-ის ოჯახური შემოსავალი მხოლოდ პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის არის საკმარისი.
ეს მონაცემები გვახსენებს, რომ უსაფრთხოების პოლიტიკა არ შეიძლება მხოლოდ პოლიციით, პროკურატურითა და ციხით შემოიფარგლებოდეს. როდესაც სოციალური პრობლემების პასუხად სახელმწიფო ძირითადად კრიმინალიზაციას, კონტროლსა და სასჯელის გამკაცრებას იყენებს, იქმნება ვითარება, სადაც სიღარიბე, სოციალური დაუცველობა და უთანასწორობა თანდათან სისხლის სამართლის სისტემის მართვის სფეროდ გადაიქცევა.
დემოკრატიული და უფლებებზე დაფუძნებული უსაფრთხოების პოლიტიკა დანაშაულის მხოლოდ შედეგებს კი არა, მის გამომწვევ, საფუძვლადმდებარე მიზეზებსაც. იგი მოითხოვს ხარისხიან განათლებას, სოციალური დაცვის ეფექტიან სისტემას, ახალგაზრდების მხარდაჭერას, ღირსეულ დასაქმებასა და იმ უთანასწორობების შემცირებას, რომლებიც დანაშაულის მნიშვნელოვანი ნაწილის საფუძველს ქმნის. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო მუდმივად ცდილობს სოციალური პრობლემების პოლიციური მეთოდებით მართვას, რაც არ ამცირებს დანაშაულს და ამავდროულად ასუსტებს საზოგადოებრივ ნდობას.
პოლიციის მიმართ ნდობა ვერ აშენდება მხოლოდ ძალაუფლებაზე, დისციპლინასა და იძულების შესაძლებლობაზე. ნდობა იქმნება მაშინ, როდესაც მოქალაქეები ხედავენ, რომ სამართალდამცავი სისტემა თანაბრად მოქმედებს ყველას მიმართ, ძალადობის შემთხვევები არ რჩება დაუსჯელი, პოლიცია პოლიტიკურად ნეიტრალურია, ხოლო ადამიანის ღირსება რეალურად არის დაცული უსაფრთხოება და თავისუფლება ერთმანეთის საწინააღმდეგო ღირებულებები არ არის. უსაფრთხოება, რომელიც ადამიანის უფლებების შეზღუდვას, ძალადობასა და დაუსჯელობას ეფუძნება, საბოლოოდ თავად საზოგადოების უსაფრთხოებას აზიანებს. მდგრადი უსაფრთხოება მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც სახელმწიფო ძალაუფლება მკაცრად არის შეზღუდული კანონით, ექვემდებარება დემოკრატიულ კონტროლს და ემსახურება საზოგადოების ინტერესებს.
პოლიციელის დღე სწორედ ამ პრინციპების შეხსენების დღე უნდა იყოს.
საქართველოს სჭირდება პოლიცია, რომელიც ემსახურება საზოგადოებას და არა პოლიტიკურ ძალაუფლებას, რომელიც საკუთარ წარმატებას შიშით კი არა, ნდობით ზომავს; რომელიც მოქალაქეში საფრთხეს კი არა, უფლებების მქონე ადამიანს ხედავს, რომელიც ძალას იყენებს მხოლოდ აუცილებლობისა და პროპორციულობის ფარგლებში, და რომელიც საკუთარ ლეგიტიმაციას კანონის უზენაესობიდან, ადამიანის ღირსების პატივისცემიდან და საზოგადოების ნდობიდან იღებს. მხოლოდ ასეთი პოლიცია შეიძლება იყოს დემოკრატიული სახელმწიფოს, თავისუფლებისა და უსაფრთხოების მყარი საფუძველი.
ინსტრუქცია